ისტორია

როგორი სამსახური გაუწია საქართველოს ბაგრატ მეოთხის დის, გურანდუხტის ასულმა, მარიამმა, ორჯერ

№45

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 19.11, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ძველად პრინცესების ცხოვრება ძალიან რთული იყო, შეიძლება, გაეთხოვებინათ შორეულ ქვეყნებში, სხვა რელიგიისა და კულტურის სამეფო ოჯახებში, უფროსზე... მეორე, მესამე, მეოთხე ცოლად და ასე შემდეგ.

არაერთმა პრინცესამ უცხოეთში მტერზე იძულებითი გათხოვებითა და პატრიოტული საქმიანობით სამსახური გაუწია და შედარებითი მშვიდობა მოუტანა სამშობლოს.

1064 წელს საქართველოს შემოესია სულთანი ალფ-არსლანი. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალქალაქი აიღო. ალფ-არსლანმა ჩვენს ხელმწიფეს მოსთხოვა დამძახლება – ჩვენი მეფის დის ასული ცოლად. „მოუვლინა ახალქალაქით მოციქული სულტანმან ბაგრატ მეფესა და აჰკიდა მზახობა, სთხოვა ასული მისის დისა და მიიქცა სულტანი ანისად“. როგორც ჩანს, ბაგრატ ბაგრატიონთან დამძახლება პრესტიჟული იყო, მისი ქალიშვილი ბიზანტიის კეისარს ჰყავდა ცოლად. დამძახლებაზე უარს ვერ ეტყოდა ჩვენი ხელმწიფე სულთანს. პოლიტიკური ქორწინებები იმ დროს მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა იყო და ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ.

ბაგრატ მეფის და, გურანდუხტი იყო ქართლის ტერიტორიაზე არსებული სომეხი ბაგრატუნი (კვირიკიანი) მეფე კვირიკეს ძმისა და თანამმართველის, სუმბატის მეუღლე. ქალიშვილს მარიამი რქმევია. საინტერესო ისაა, რომ სულთანმა ბაგრატს სთხოვა დამძახლება და არა პირადად მარიამის მამას, სომეხი მეფის ძმას, სუმბატს. იცოდა სულთანმა, ვინ იყო ნამდვილი ხელმწიფე.

კვირიკემ უარი განაცხადა სუმბატის ქალიშვილის სელჩუკთა სასულთნოში გათხოვებაზე. ბაგრატ მეფემ შეაპყრობინა კვირიკე მეფე და სუმბატი, მიადგა სამშვილდეს, რომელიც მაშინ დაპყრობილი ჰქონდათ სომხებს და ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქად იყო გამოცხადებული. ციხეში გამაგრებული იყო კვირიკეს კიდევ ერთი ძმა, ადარნასე. ბაგრატის ბრძანებით, ციხის წინ ძელი აღმართეს და ჩამოკიდეს სომეხი მეფე კვირიკე. ითხოვეს სომხებმა მშვიდობა და დაცალეს სამშვილდე. სამშვილდე ქართულ მიწა-წყალზეა და სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო. სიძე, სუმბატი, ჩვენს ხელმწიფეს უთმობდა ასევე ციხეებს: „ოფრეთს და კოშკსა და ვარზაქარს“. მაგრამ, ბაგრატ მეფეს შეეცოდა სიძე და არ წაართვა აღნიშნული ციხეები. იქნებ ძალიან უყვარდა მის დას, გურანდუხტს თავისი ქმარი და იქნებ ეს ჩვენმა მეფემ გაითვალისწინა. სომეხმა კვირიკიანებმა მიათხოვებინეს ბაგრატ მეფეს მარიამი სულთნისთვის და თავი ჩვენი ხელმწიფის ყმებად გამოაცხადეს: „და ეგრეთ-ვე მონებდეს სომეხნი“. აქვე აღვნიშნოთ, დავით აღმაშენებელი ხელიდან არ გაუშვებდა შემთხვევას, გააუქმებდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს და ქართულ მიწებს მთლიანად შეუერთებდა საქართველოს. ბაგრატ მეფე კმაყოფილდებოდა მეზობლების დამორჩილებით, დახარკვით და არ უუქმებდა სამთავროებს.

მართალია, მარიამი მამით სომეხი იყო, მაგრამ, ქართველი დედის გაზრდილი, თან საქართველოში, ქვემო ქართლში, შეიძლება, მართლმადიდებელიც (თუმცა, ეს ვარაუდია). ასეთი მაგალითები არსებობს: მეოცე საუკუნეში, თანამედროვე თურქეთის სამეფო ოჯახში, ერთ მართლმადიდებელ რძალს, საქორწინო ხელშეკრულებით, მისცეს თანხმობა, ქალიშვილი ქრისტიანად აღეზარდა, ვაჟი კი მაჰმადიანად აღზარდეს. რუსუდან მეფემ, ქალიშვილი, თამარი, რუმის სულთანზე გაათხოვა, შეთანხმებით მის ასულს შეეძლო შეენარჩუნებინა სარწმუნოება და თან მღვდელიც ახლდა...

სულთანთან ჩვენი მეფის დამძახლებამ მცირედი შვება მოუტანა ქვეყანას, დროებით, მაგრამ, მაინც. ბაგრატ მეფემ არ იკისრა ხარკი და მოიგო ცოტა დრო.

1072 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა ბაგრატ მეოთხე. იმავე დღეებში სულთანი ალფ-არსლანი მოკლეს. სულთნის ქვრივი, მარიამი ცოლად შეირთო სულთნის დიდმა ვაზირმა ნიზამ ალ-მულქმა. გარდაცვალების წინ, სულთანმა ალფ-არსლანმა დიდ ვეზირს ჩააბარა 13 წლის მემკვიდრე, მელიქ შაჰი. სულთნის მცირეწლოვანობისას ვეზირი რეგენტის მოვალეობას ასრულებდა და განაგებდა სასულთნოს. როცა სრულწლოვანი გახდა მელიქ შაჰი, ნიზამ ალ-მულქის რჩევებით მართავდა ქვეყანას. ვეზირს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა სახელმწიფოში.

1079 წელს სულთან მელიქ შაჰის ჯარი სამხრეთ კავკასიას, სომხეთსა და საქართველოს კუთხეებს შემოესია. გიორგი მეორე ვაჟკაცი მეფე იყო, ცდილობდა, გამკლავებოდა ურიცხვ მტერს, ერთხელ დაამარცხა კიდეც ფარცხისში სელჩუკთა სარდლის, სარანგისა და განძელთა, დმანისისა და დვინის ამირათა გაერთიანებული ჯარი. მაგრამ, მერე, მტრის მრავალრიცხოვნობამ თავისი გაიტანა. საქართველოს კუთხეებს მოედვნენ უკონტროლო სელჩუკი ამირების ბანდები და დაიწყო „დიდი თურქობა“, რომელმაც უამრავი ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მეფე სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა, გარდა სულთანთან გამგზავრებისა და მორჩილების გამოცხადებისა. ეს სარისკო იყო, რადგან, შესაძლოა, გიორგი მეფისადმი სულთანს რაიმე პრეტენზია წაეყენებინა და მოეკლა ან გამაჰმადიანება მოეთხოვა, უარის თქმის შემთხვევაში კი, ასევე მოეკლა, თან წამებით.

1083 წელს გაემგზავრა ჩვენი ხელმწიფე ისპაჰანში. რა თქმა უნდა, დარბაზობასა და მოლაპარაკებებზე დაესწრებოდა დიდი ვაზირი, გიორგის სიძე, რა თქმა უნდა, საყვარელი ცოლის ბიძაშვილის ინტერესებსაც გაითვალისწინებდა, რა თქმა უნდა, ასევე ესიამოვნათ ჩვენი ხელმწიფის ვაჟკაცური გამოცხადება სულთანთან.

ჩვენი მემატიანე აქებს სულთან მელიქ შაჰს, გიორგი მეორესთან მისი კეთილი დამოკიდებულების გამო: „ნახა სულტანი და შეწყნარებულ იქმნა მისგან ვითარცა შვილი საყუარელი. რამეთუ იყო კაცი იგი მალიქ-შა ვითარცა სიდიდითა კიდეთა მპყრობელობისათა შეუსწორებელ, ეგრეთ-ვე სახითა სიტკბოებისათა და სახიერებითა აღმატებულ ყოველთა კაცთასა, რომლისანი მრავალ არიან და სხუანი-ცა ურიცხუნი საცნაურებანი, მართლ-მსაჯულობანი, მოწყალებანი, ქრისტიანეთა სიყუარულნი, და, რათა არა განვაგრძოთ სიტყუა, ყოვლად უბოროტო რა-მე გონება ყოვლით-კერძო აქუნდა ამისთïს-ცა ყოველი სათხოველი აღუსრულა მეფესა გიორგის, უმეტეს-ცა სასოებისა და სამეფო მისი განათავისუფლა ზედა-მარბეველთაგან“.

ეს სიტყვები ქართველი მემატიანის ობიექტურობას გვიჩვენებს. ამბობენ, რომ სუნიტი მელიქ შაჰი პატივს სცემდა შიიტი იმამების საფლავებს და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს (გარდა ისმაილიტებისა) არ ანადგურებდაო.

დიდი დიპლომატიური წარმატება შეიძლება ყოფილიყო გიორგი მეორის ვიზიტი ისპაჰანში, რადგან, მას თავისი თავდადებით, ხარკის აღთქმით, გავლენიანი სიძის, ნიზამ ალ-მულქისა და მამიდაშვილის, მარიამის დახმარებით და სულთნის კეთილი ხასიათის წყალობით, მელიქ-შაჰმა „მოსცა კახეთი და ჰერეთი“, ანუ სულთნის გადაწყვეტილებით, კახეთი და ჰერეთი, სულთნისვე ჯარით, უნდა შეეერთებინა გიორგი მეორეს ერთიანი საქართველოსთვის და უნდა შეწყვეტილიყო საქართველოში სელჩუკთა თარეში.

მოლაპარაკების შედეგი ამგვარი იყო.

ასეთი დიდი სამსახური გაუწია საქართველოს გურანდუხტ დედოფლის ასულმა მარიამმა, ორჯერ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი