ისტორია

როგორი პოლიტიკური და ბუნებრივი კატაკლიზმები უძღოდა წინ დავით აღმაშენებლის გამეფებას

№25

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 01.07, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

1083 წელს გიორგი მეორემ ვერ ისარგებლა მელიქ-შაჰის დახმარებით, დაეკავებინა და აფხაზთა და ქართველთა სამეფოსთვის შეეერთებინა კახეთ-ჰერეთი, მიატოვა ვეჟინის ციხის ალყა კახეთ-ჰერეთში და აფხაზეთში გადავიდა, თავის სამეფოში. სულთან მელიქ-შაჰთან წავიდა კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართან მეორე, დაუმტკიცა ერთგულება, მაჰმადიანობა კვლავ აღიარა (ჯერ კიდევ 1068 წელს ჰქონია მიღებული) და თურქ-სელჩუკთა სულთნისგან განიმტკიცა მეფობა კახეთ-ჰერეთში.

მაგრამ, ქვეყანა ვერ დამშვიდდაო, წერდა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი.

როგორ დამშვიდდებოდა ქვეყანა, როცა ლაზეთ-ქალდეა-ტრაპიზონი, ძველი კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, ბერძენ-ბიზანტიელებს ჰქონდათ მითვისებული.

მის აღმოსავლეთით, ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის მეორე ნაწილი, ტაო, ბასიანი, თორთუმი, სპერი, ბიზანტიელების მიერ მიტაცებული, მაშინ უკვე სელჩუკთა ხელში გადასულიყო.

საქართველოს გულის გულში, კავკასიის გეოსტრატეგიულ ცენტრში, არაბები ისხდნენ. მართალია, აღარ ჰქონდათ ძველი ძალმოსილება, ხანდახან აფხაზთა მეფეების ვასალებადაც აღიარებდნენ თავს, მაგრამ, ხშირად, მაინც, ანტიქართული პოლიტიკის გამტარებლებს ეხმარებოდნენ. რაც მთავარია, უკვე ოთხასი წელი იყო გასული, ტფილისი წართმეული იყო და ვეღარ დედაქალაქობდა ქართველთათვის. ეს კი დიდი შემაფერხებელი ვითარება გახლდათ ქართული პოლიტიკისა და კულტურისთვის.

ტფილისის სამხრეთით ქართული ტერიტორიები, ქვემო ქართლი და ლორე, სომეხ ბაგრატუნებს ჰქონდათ მითვისებული და დაკავებული სელჩუკებს.

როგორ დამშვიდდებოდა ქვეყანა, იმდროინდელი მსოფლიოს თურქ-სელჩუკთა უძლიერესი იმპერია გაუმეზობლდა ჩვენს სამშობლოს, შემოიჭრა ჩვენს მიწებზე, დაიკავა ქართული მიწების ნაწილი, ყმად და მოხარკედ აქცია ქართული ქვეყნების მეფეები, გიორგი მეორე და აღსართან მეორე, ჩვენს მინდვრებში და ყანებში სელჩუკთა რემები, ჯოგები და ფარები ძოვდნენ...

ამ ყველაფერს მოსახლეობის სხვადასხვა ფენების უღმერთობას აბრალებდა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი: „ამათ ესე-ვითართა ჟამთა არა-ვე დამშïდნა ქუეყანა, არ-ცა-რა იქმნა ლხინება კაცთა უკეთურებისათჳს მკჳდრთა მისთასა, რამეთუ ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა, და ბუნებით მოწყალე და სახიერი ღმერთი“ განარისხესო.

თერთმეტი წელი გაგრძელებულა საქართველოს ტანჯვა, 1078 წლიდან დიდი განსაცდელი მოწეულა ჩვენს წინაპრებზე, თურქთა განუწყვეტელი თარეში, რომელიც „დიდი თურქობის“ დროს გამანადგურებელი იყო.

მიუხედავად გიორგი მეორისთვის მელიქ-შაჰის მიერ მშვიდობის შეპირებისა, ჩვენს მიწებზე მაინც შემოიჭრებოდნენ ხოლმე სელჩუკ მომთაბარეთა ტომები, რბევისა და საძოვრების ძიებისთვის. სულთანი ვერ აკონტროლებდა მათ.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თქმით: „ესე ყოველი მოიწია, და თუალითა ჩუენითა ვიხილეთ და ფრიად უფროს ამათ წარმოთქმულთასა, რამეთუ ვითარ-მცა ვინ გამოთქუა თითოეულად რომელი დღეთა ჩუენთა მოიწია ჭირი. ამას ყოველსა ზედა არა-ვე დასცხრა გულის-წყრომა უფლისა ჩუენ ზედა, რამეთუ არა შევინანეთ, არ-ცა გულის-ხმა ვყავთ, არ-ცა ჯეროვნად მოვიქეცით გზათა მიმართ უფლისათა. ამისთïს-ცა ქუეყანით მავალთა ბოროტთა ზედა სხუანი-ცა საშინელებანი ზეგარდამონი, ღმრთისა მიერ მოვლინებულნი გუემანი მოიწივნეს ქუეყანასა ჩუენსა ზედა“.

მეთორმეტე წელს ამას დამატებია მიწისძვრა, თან აღდგომის ღამეს: „ამისთïს-ცა დღესა აღვსებასა, თჳთ მას აღდგომასა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, რომელსა შინა სიხარული და განსუენება ჯერ იყო, მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქუეყანა საფუძველითურთ“. მიწისძვრა ისეთი ძლიერი ყოფილა, ჩამოშლილა მთები და კლდეები, დანგრეულა ქალაქები და სოფლები, წაქცეულა ეკლესიები, დაშლილა სახლები და მრავალი ადამიანი მოყოლილა ნანგრევებში: „ესე-ოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს, და სახლნი დაინთქნეს და დაზულეს, და იქმნეს საფლავ მას შინა მკჳდრთა“.

დანგრეულა თმოგვის ციხე-ქალაქი: „თმოგï-ცა დაიქცა და დაიპყრნა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლითურთ“.

მიწის რყევები გაგრძელებულა მთელი წელიწადი და უამრავი ადამიანი დაღუპულა: „და განგრძელდა ესე-ვითარი ძრვა ქუეყანისა საშინელი ვიდრე წელიწდამდის, რომელსა შინა მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ“.

მაგრამ, როგორც გვამცნობს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი და გვიდასტურებს ისტორია, ღმერთს არ გაუწირია საქართველო და წყალობა მოუვლენია ჩვენი ქვეყნისთვის: „მაშინ რისხვასა შინა მოიჴსენა წყალობა მან, რომელი სწავლის ყოველსა შვილსა, რომელი უყუარს, მოაკუდინებს და აცხოვნებს“, რომელი მზა არს წყალობად, უფროს მამისა მოწყალისა“.

იმ 1089 წლიდან: „იწყეს ნიავთა ცხოვრებისათა მობერვად და ღრუბელთა მაცხოვარებისათა აღმოჭჳრობად, ვინათგან ათორმეტ წელ ამათ თïთო-სახეთა ჭირთა განგრძობითა ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან“.

„მზე ყოველთა მეფობათა“ ანუ ყველა მეფეზე მეტად ბრწყინვალე, ყველა მეფეზე აღმატებული მეფე ყოფილა სახელით დავით, წინასწარმეტყველისა და მეფსალმუნის, წმიდა მეფისა და მაცხოვრის მამად წოდებულის, ძველი ღვთის რჩეული ხალხის მეფის – დავითის, სამოცდამეთვრამეტე შთამომავალი და სეხნია:

„დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგამმან დავით, ღმრთისა მამისამან, და თïთ სამეოცდამეათურამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით“.

იმ 1089 წელს, თექვსმეტი წლის ყოფილა მამისერთა უფლისწული. მამამ, მეფე გიორგიმ თავად გამოაცხადა მეფედ და გადაულოცა სახელმწიფოს მართვა და დაადგა გვირგვინი:

„მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი სამას და ცხრა. ამას მარტოდ შობილსა გიორგისგან თჳთ მამამან დაადგა გჳრგჳნი მეფობისა.“

შემდეგ, დავით აღმაშენებლის თანამოაზრე, თანამებრძოლი და მეგობარი – მისი ისტორიკოსი იმეორებს დავით მეფსალმუნის 88-ე ფსალმუნიდან სიტყვებს, რომლითაც უფალი ლოცავს დავით წინასწარმეტყველ მეფეს:

„და, უჭეშმარიტესი ვთქუათა, „თჳთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თჳსი, და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას რამეთუ ჴელი მისი შეეწეოდა მას, და მკლავმან მისმან განაძლიერა იგი“; „წყალობა და ჭეშმარიტება შეემოსებოდა მას“; და „უზეშთაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა“ ვიდრემდის „დავსდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი“.

თუმცა, ეს ყველაფერი მრავალწლიანი დიდი შრომითა და მონდომებით იქმნა, როგორც ჩემი მონათხრობით ვნახავთო: „გარნა შრომითა ფრიადითა და ღუაწლითა ძლიერითა მრავალთა დღეთა შემდგომად იქმნა ესე, ვითარცა წინამდებარემან სიტყუამან ცხად ყოს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი