ისტორია

როგორი მფარველები ჰყავდა სუმბათ ორბელიანს და რატომ დააბრუნა მან ყაენის მიერ მისთვის მიცემული მამულების ნაწილი

№19

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 20.05, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

სუმბათ ორბელიანისთვის მუნქე (მანგუ) ყაენთან მეორედ გამგზავრება და აუდიენცია იყო ძალიან შედეგიანი. მან მოახერხა დაერწმუნებინა ყაენი, რომ მისგან, მონღოლთა მსოფლიო იმპერიის მპყრობელისგან გაცემულ ბრძანებებს ჯეროვნად არ აფასებდნენ საქართველოს სამეფოში დიდებულები, რომ მსოფლიო მბრძანებელ ყაენისგან გაცემულ ოქროს იარლიყს არად მიიჩნევდნენ და ყაენის ბრძანების შესრულებას არ აპირებდნენ.

ყაენმა ხელახლა დაუწერა წყალობის სიგელი, იარლიყი და დაუდასტურა ყველა ტერიტორია, რაც ადრე დაუმტკიცა. ჩააბარა სუმბათ ორბელიანი ადამიანს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გადაარჩინა სუმბათმა ცილისწამების გამო სიკვდილს და მისი მფარველობა დაავალა, ამიერკავკასიაში და შეიძლება ითქვას, მთელ მონღოლთა იმპერიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საჭირო კაცს, ჩინგიზიდების სიძეს, უგანათლებულეს პიროვნებას, ქვეყანათა აღმწერს, გადასახადების ამკრეფ ბასკაკთა მთავარს, სარდალ-ნოინს, ამირას – არღუნ აღას.

უდიდესი წარმატება იყო ეს. პოლიტიკური ხელუხლებლობა, ქონების დაცვა და საგადასახადო შეღავათი. საგადასახადო შეღავათის მისაღებად თვით საქართველოს მეფე, დავით ულუც კი ცდილობდა არღუნის გულის მოგებას და უდიდეს დათმობებზე მიდიოდა არღუნ აღასთან (ამაზე სხვა დროს). არღუნ აღას ეს ყველაფერი შეეძლო.

გამარჯვებული გამოემართა სუმბათ ორბელიანი ყარაყორუმიდან კავკასიისკენ. არღუნ აღაც მასთან ერთად მოემგზავრებოდა საქართველოსკენ და ჩვენი რეგიონისკენ, რომლის ზედამხედველობა კვლავ დაავალეს. არღუნ აღა სუმბათის მოვალე გახდა, სუმბათმა ხომ სიკვდილს გადაარჩინა. არღუნი წესიერი კაცი იყო და დიდად აფასებდა ასეთ რამეს, პატივისცემა იცოდა, ვალში არ დარჩებოდა, როგორც ყველა უიღური და მონღოლი.

საქართველოს სამეფოში დაბრუნებულმა სუმბათმა და რაც მთავარია, არღუნ ამირმა, ყველას გააგებინეს, რომ ამიერიდან სუმბათ ორბელიანის დაჩაგვრა აღარავის შერჩებოდათ, რომ სუმბათი ყაენისა და არღუნის რჩეული ადამიანი გახლდათ. ორბელიანს დაუბრუნეს ყველა მამული, რაც მას ლაშას დროს ჰქონდა და რაც მერე მისცეს მონღოლებმაც, სხვისი მამულებიდან. სუმბათ ორბელიანის ძმისწული, სომეხთა მიტროპოლიტი და ისტორიკოსი სტეფანოს ორბელიანი მოგვითხრობს: „ხოლო ოდეს მოვიდა სუმბატ სირცხïლეულ იქმნენ მტერნი და წინააღმდეგნი მისნი, რომელ კუალად დაიპყრა ყოველნი ყასაბანი და სოფელნი თïსნი“.

თუმცა, სუმბათი ჭკვიანი კაცი იყო, ფრთხილი. იცოდა, უამრავი რამ შეიძლება მომხდარიყო, დროება შეცვლილიყო, მის წინააღმდეგ რაიმე შეიძლება გაეხლართათ ან მისთვის რაიმე დაეშავებინათ, მიუხედავად ყაენისა და არღუნ აღას მფარველობისა და ამიტომ, თავისი დამტკიცებული მამულებიდან ნაწილი გასცა, ეტყობა, დაუბრუნა ძველ მფლობელებს, ხოლო დარჩენილებიდან ორბელიანთა სახლი, მამული, სამკვიდრო, საერისთავო, სამთავრო კვლავ ჩამოყალიბდა. სტეფანოსი ბიძის საქციელს ალამაზებს და მხატვრულად გადმოგვცემს: „გარნა შემდგომად ნებითა თïსითა სიყუარულისა და ერთობისათჳს ზოგიერთი მამულთაგანი დაანება სხვათა და სხვა დაიმკჳდრა სამკვდრო მამულად გვართა და ძეთა თჳსთათჳს“.

სტეფანოს ორბელიანის თქმით, ბიძამისი, სუმბათი ყარაყორუმში გამგზავრებულა ჯერ 1251 წელს, მერე 1256 წელს.

იმ ხანებში მუნქე ყაენმა თავის ძმას, ჰულაგუს დაავალა ირანის მთლიანად დამორჩილება, ერაყის დაპყრობა და ეგვიპტისკენ გალაშქრება. გავიხსენოთ, ვინ იყვნენ მუნქე და ჰულაგუ.

ჩინგიზ ყაენს არაერთი ცოლი ჰყავდა და ბევრი შვილი, თუმცა, უფლისწულის სტატუსი, სახელისუფლო მემკვიდრეობა და დიდი საუფლიწულო ულუსები შეეძლოთ მიეღოთ მხოლოდ საყვარელ ცოლთან, ბორტესთან შობილ ოთხ ვაჟს: ჯუჩის, ჩაღატას, უგედეის და თოლუის და მათ შთამომავლებს. სხვა შვილებსაც მიენიჭათ პატარ-პატარა ულუსები, შემოსავლისათვის.

1227 წელს, ჩინგიზ ყაენის სიკვდილის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში იმპერიას უმცროსი შვილი, თოლუი მართავდა, როგორც კერიის, ოჯახის, კარვის მცველი. მონღოლთა შორის ოჯახის, იურტის (კარვის) მმართველად მიიჩნეოდა უმცროსი ვაჟი, მას რჩებოდა ხოლმე იურტა, კარავი, ოჯახი. ჩინგიზ ყაენს მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული მესამე შვილი, უგედეი. 1229 წელს შეიკრიბა ყურულთაი – უფლისწულებისა და დიდებულების კრება და უგედეი ყაენის ტახტზე აიყვანეს.

1241 წელს უგედეი მოკვდა. 1246 წლამდე იმპერიას მისი ცოლი რეგენტობდა. შემდეგ ყაენად აირჩიეს უგედეის ვაჟი, გუიუქი. 1251 წელს მოკვდა გუიუქი და მისი ქვრივის სამწლიანი რეგენტობის მერე დიდი ყაენი გახდა თოლუის ვაჟი, მუნქე. რომელიც სუმბათ ორბელიანის მფარველი გახდა. მუნქე ყაენს ჰყავდა ძმები – ყუბილაი, ჰულაგუ (ქართული წყაროთი – ულო) და აღრი-ბუღა.

ყაენის ტახტზე მუნქეს ასვლის შემდეგ, როგორც ვთქვით, ჰულაგუს დაევალა დიდი ტერიტორიების დაპყრობა. ირანი, ერაყი, თურქმენეთისა და ავღანეთის უდიდესი ნაწილები, ტაჯიკეთის, პაკისტანის ნაწილი, ჰულაგუმ დაიკავა. 1258 წელს ჰულაგუმ დაამხო აბასიდების სახალიფო, მისი ბრძანებით მოკლეს ხალიფა ალ-მუსთასიმი, დახოცეს მთელი აბასიდების საგვარეულო. მონღოლთა ვასალები – საქართველოს სამეფო, ტრაპიზონის საკეისრო და რუმის სასულთნო – ჰულაგუს, როგორც სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მონღოლთა მთავარსარდალს, ემორჩილებოდნენ. ჰულაგუს არმიაში იწვევდნენ საქართველოს მეფეებს, დავითს და დავითს. ბაღდადის აღებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართველმა მეომრებმაც, დავით ულუს მეთაურობით. ჰულაგუს საყვარელ ცოლად ესვა ნესტორიანელი დოქუზ ხათუნი, რომელიც ძალიან აფასებდა ბაგრატიონებს. ჰულაგუს ჰყავდა 14, 15 ან 17 ვაჟი და არაერთი ქალიშვილი.

1259 წელს მოკვდა სუმბათ ორბელიანის მფარველი მუნქე ყაენი, ტახტზე ავიდა მუნქესა და ჰულაგუს ძმა, ყუბილაი.

1261 წელს ძმამ, დიდმა ყაენმა, ყუბილაიმ ჰულაგუ გამოაცხადა მისივე დაპყრობილი ტერიტორიების ილხანად (ილყაენად), რაც ნიშნავს ხალხთა ყაენს, აღნიშნულ ტერმინს და მის მნიშვნელობას სხვადასხვა დროში სხვადასხვანაირად განმარტავდნენ, თუმცა, ჰულაგუსთან დაკავშირებით მას გარკვეულწილად მეფისნაცვლის, ვიცე მეფის, ყაენის ნაცვლის, ვიცე ყაენის, უფრო თუ დავაზუსტებთ, დიდი საყაენოს ერთი ნაწილის ყაენის უფლებები გადაეცა. ჰულაგუს კარზე მის ქვეშევრდომად, მის ამირად, სარდალ-ნოინად დამკვიდრდა არღუნი. არღუნმა არ დაიტოვა ვალი და ჰულაგუს წინაშე წარადგინა, რეკომენდაცია გაუწია და დააწინაურა სუმბათ ორბელიანი, მისი სიცოცხლის გადამრჩენი.

სტეფანოს ორბელიანი გვამცნობს: „ესე დიდითა დიდებითა პატივცემული და

შეყუარებულ იქმნა ჰულაგუ ყაენისა მიერ და დაადგინა მან იგი მრავალთა

საქმეთა თჳსთა ზედა“.

ასე აღზევდა სუმბათი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი