ისტორია

როგორი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გრიგოლ ხანძთელისა და აშოტ კურაპალატის შეხვედრა ბაგრატიონებისთვის

№3

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 28.01, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

მერვე-მეცხრე-მეათე საუკუნეებში საქართველოში რამდენიმე დინასტია უპირისპირდებოდა ერთმანეთს უპირატესობის მოსაპოვებლად, მათ შორის იყვნენ ბაგრატიონებიც.

საგვარეულოებისა და სამთავროების ქიშპობაში, სამხედრო საქმის გარდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იდეოლოგიას, პროპაგანდასა და ეკლესიის მხარდაჭერას.

შემდეგში, მეთერთმეტე საუკუნეში მოღვაწე სუმბატ დავითის ძის მიხედვით, ბაგრატიონები მომდინარეობენ ბიბლიური მეფე დავით წინასწარმეტყველის შთამომავლის, მართალი იოსების ძმის, კლეოპასაგან. მაშასადამე, მათი დინასტია ძალიან პრესტიჟული შეიძლება ყოფილიყო – ყველაზე პრესტიჟული საქართველოსა და კავკასიაში, მეტიც, მსოფლიოშიც, რადგან, სისხლის ნათესაობით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უკავშირდებოდნენ, რომელიც ასევე, დავით მეფსალმუნის შთამომავალი გახლდათ და, ამგვარად, განკაცებული მაცხოვრისაც.

მაგრამ, ამ თეორიას აღიარება სჭირდებოდა საქართველოში, კონკრეტულად კი, ქართული ეკლესიის მხრიდან. ეს იყო აუცილებელი...

სუმბატ დავითის ძემდე, ბაგრატიონთა დავითიანობის თეორია გავრცელებული იყო საქართველოში, როგორც ამას გვამცნობს, მაგალითად, გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, 951 წელს დაწერილ თავის თხზულებაში: „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.

786 წელს ქართლის ერისმთავარი გახდა აშოტ პირველი ბაგრატიონი. ცოტათი ადრე ქართლის ერისმთავარი გახლდათ სტეფანოზ მეორე, მანამდე – მისი ბიძა, დედის ძმა ნერსე მეორე. ნერსე ერისმთავრის კარზე იზრდებოდა საქართველოს ეკლესიის მომავალი ვარსკვლავი გრიგოლ ხანძთელი.

აშოტ ერისმთავარი ებრძოდა დამპყრობ არაბებს, მაგრამ დამარცხდა. 809 წელს მოუწია ქართლის დატოვება და შავშეთ-კლარჯეთში გადასვლა. იქ არაბების გავლენა ნაკლები იყო. აშოტმა აღადგინა ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული არტანუჯის ციხე, მოიწყო დედაქალაქი და შეუდგა ძლიერი სამეფოს ჩამოყალიბებას. ეს ხელს აძლევდა არაბების კონკურენტ ბიზანტიას და ამიტომ, აშოტს კურაპალატის ტიტული ბიზანტიის იმპერატორმა მიანიჭა.

მერვე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს კლარჯეთში ქართლიდან გადავიდა და სამონასტრო ცხოვრების გავრცელება დაიწყო ნერსე მეოთხე ერისმთავრის მეუღლის ძმისშვილმა – გრიგოლ ხანძთელმა.

გრიგოლ ხანძთელმა და აშოტ კურაპალატმა უმნიშვნელოვანესი მისია შეასრულეს საქართველოს ისტორიაში. გრიგოლ ხანძთელს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა აშოტ დიდთან. ისინი თანამებრძოლები და მეგობრები იყვნენ. თანამებრძოლობა, მით უმეტეს, ქვეყნის ძლიერებისთვის მოღვაწეობის საქმეში, ხალხის სამსახურში, ძალიან აახლოებს ადამიანებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ არ აქვთ ბელადობის ამბიცია და პატივმოყვარეობით არ არიან შეპყრობილნი.

აშოტი ხელმწიფე იყო. მას არ სჭირდებოდა ვინმესთვის რაიმეს მტკიცება, ამბიციების გამოვლენა და ასე შემდეგ. თან, ძალიან მორწმუნე გახლდათ.

გრიგოლ ხანძთელი არქიმანდრიტი იყო, უარი თქვა მღვდელმთავრობაზე... იგი გამოირჩევა ზოგადად ბერების აბსოლუტური უმრავლესობისგანაც კი, როგორც ცხოვრების წესით, ისე ბერად აღკვეცის მიზნითაც. ეს ქართულმა აგიოგრაფიამ კარგად გადმოგვცა. როგორც აღნიშნავდა რევაზ სირაძე: „უნივერსალობა უმთავრესი ნიშანია აგიოგრაფიულ სახე-იდეათა. ჩვეულებრივ, აგიოგრაფიული უნივერსალიზმი არ გულისხმობს პიროვნების მრავალმხრიობას, პირიქით, ეს ნიშნავს მაქსიმალისტურ განდეგილობას, ან მაქსიმალურ მორჩილებას, ან არადა, თავგანწირვას სხეულებრივი მარტვილობისთვის, თუ სარწმუნოებრივი ქადაგებისთვის.

გრიგოლ ხანძთელის სახემ გვიჩვენა ქართული აგიოგრაფიის სულ სხვაგვარი შესაძლებლობა: საერო და სასულიერო ინტერესთა შერწყმა, ცხადია, სულიერის უპირატესობით, ცხოვრების გასულიერებით“.

ანუ, გრიგოლ ხანძთელისნაირი ბერები, დიდი მოღვაწეები, შემდგომში იოანე ათონელი, მისი ვაჟი, საქართველოს ეკლესიის მნათობი ეფთვიმე ათონელი, ასევე, ჩვენი ეკლესიის სხვა მნათობი – გიორგი მთაწმინდელი და სხვები მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენისთვის კი არ იღვწოდნენ, არამედ სამშობლოსთვის. კარგად ესმოდათ, სამშობლოსა და ხალხის სამსახური არის ღვთის სამსახურთა შორის გამორჩეული. ისინი სრულიად თავისუფალი იყვნენ პირადი ინტერესებისგან, პირადი ეგოიზმისგან, რა თქმა უნდა, თუ შეიძლება, ასე ითქვას.

ქართულმა იდეოლოგიამ კარგად გადმოსცა უმთავრესი ინტერესი ქართული საზოგადოებისა, სასულიერო და საერო მოღვაწეებისა – ქვეყნის აღორძინება. რადგან ძლიერ სახელმწიფოში ეკლესიაც უფრო ძლიერია და რწმენაც.

გრიგოლ ხანძთელი და აშოტ კურაპალატი ერთ მიზანს ემსახურებოდნენ და ორივემ კარგად იცოდა თავისი საქმე.

მათი ურთიერთობა კი ასე დაიწყო. აშოტ კურაპალატის კარზე მოღვაწეობდა დიდებული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. მან და მისმა მეუღლემ, კეთილმორწმუნე მარიამმა დიდი დახმარება აღმოუჩინეს მამა გრიგოლის საძმოს წევრებს მონასტრების მშენებლობაში.

შემდგომ გაბრიელ დაფანჩულმა აუწყა თავის სუზერენს გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების სიწმიდისა და მოღვაწეობის შესახებ. ხელმწიფემ მოინდომა, გაეცნო მამა გრიგოლი, თავისი ხელით წერილი მისწერა და შეხვედრა სთხოვა. „უდაბნოს ვარსკვლავი“ დიდი სიხარულით ეწვია ხელმწიფეს სასახლეში.

მეფემ გააცნო თავისი შვილები – ადარნასე, ბაგრატი და გუარამი. გიორგი მერჩულე გვამცნობს, რომ ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებას ასე მიუმართავს აშოტ ბაგრატიონისთვის:

„დავით წინაისწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო! მეფობა და სათნოებანიც მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა, ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“.

ეს ნიშნავდა ქართული ეკლესიის მხრიდან ბაგრატიონების აღიარებას დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად, ქრისტეს ხორციელი ბიძაშვილის შთამომავლებად, ღვთისმშობლის ნათესავებად, უფლის ნათესავებად.

ეს პირველი წყაროა (თუ სხვა დაკარგული არ არის), სადაც ჩანს, რომ ქართული ეკლესიის წარმომადგენელი აღიარებდა ბაგრატიონებს უფლის ნათესავებად. თან, კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა მოძღვარი და აღმზრდელი, წმიდა გრიგოლ ხანძთელი.

გარდა ამისა, გრიგოლ ხანძთელის სიტყვებში ჩანს სხვა რამეც. ის, ფაქტობრივად, იმეორებს დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს 88-ე ფსალმუნიდან, სადაც წმიდა მეფე ამბობს, რომ უფალმა იგი გამოარჩია სხვა მეფეთა შორის და აღთქმა მისცა, რომ მისი შთამომავლობა იმეფებს მუდამ.

ეს იყო აღიარებაც და დალოცვაც ქართული ეკლესიის მხრიდან უდაბნოს ვარსკვლავის – გრიგოლ ხანძთელის პირით.

გრიგოლ ხანძთელი შემთხვევით არც არაფერს ამბობდა და არც არაფერს აკეთებდა. მას ამ აღიარებისთვის უსათუოდ ექნებოდა საფუძველი, ძველი წყაროები, გადმოცემა, ტრადიცია – უკვე დამკვიდრებული და რაც მთავარია, რწმენა, რომ ბაგრატიონები მართლაც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები არიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა