ისტორია

როგორი იყო დავით აღმაშენებლისა და სასულიერო პირების ურთიერთობა

№2

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 22.01

ისტორია
დაკოპირებულია

ძალიან რთულ ვითარებაში მოუწია გამეფება დავით აღმაშენებელს. ქვეყანა იყო დაშლილი, სამეფო კარი აკონტროლებდა მხოლოდ აფხაზეთს, სამხრეთ-დასავლეთის საქართველოს ნაწილს და აღმოსავლეთ საქართველოში – მხოლოდ შიდა ქართლს.

ტფილისში არაბები ბატონობდნენ. კახეთი და ჰერეთი ცალკე სამეფო იყო. ქალდეა-ტრაპიზონ-ლაზეთი ბიზანტიას ჰქონდა მიტაცებული. სამეფოშიც არაერთი დიდებული ცდილობდა, მეფეს არ დამორჩილებოდა. ზოგიერთ დიდებულს სურდა „საკუთარ“ საბრძანებლოში საკუთარი „მღვდელმთავარი“ ჰყოლოდა.

ათიოდე წლის ასაკში დავითი თანამეფედ გამოაცხადა მამა-მეფემ, როცა ისპაანში გაემგზავრა სულთანთან ზავის სათხოვნელად და არ იცოდა, დაბრუნდებოდა თუ არა. დაბრუნდა მშვიდობით გიორგი მეორე, მაგრამ, ექვსიოდე წელიწადში 16 წლის ვაჟს ქვეყნის აქტიური მართვა გადააბარა. თვითონ, ფაქტობრივად, მრჩევლისა და მეფეთ მეფის როლს დასჯერდა, რადგან ხვდებოდა, მის ჭაბუკ შვილს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. იყო ძალიან ენერგიული, დაუღალავი, შრომისა და ლაშქრობის მოყვარე...

ახალგაზრდა მეფის პიროვნული თვისებები ხიბლავდა ყველა პატიოსან ადამიანს. იმდენად კეთილშობილი იყო ჩვენი ხელმწიფე, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში უძღვნიდნენ ქებას.

მალე არეულობა დაიწყო სასულთნოში, დაიწყო ჯვაროსნული ომიც... 1099 წელს 26 წლის მეფემ ისარგებლა ჯვაროსნების მიერ მაჰმადიანური სამყაროს დასუსტებით, იერუსალიმის აღებით და ხარკი შეუწყვიტა სულთანს. ეს პირდაპირ ომის გამოცხადებას ნიშნავდა სასულთნოსთვის. მართალია, როგორც ვთქვით, სასულთნო შიდა დაპირისპირებაში იყო ჩაფლული, მაგრამ, მაინც ძალიან დიდი ძალები ჰქონდა, ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანი. 1104 წელს დავით მეფემ აიღო კახეთ-ჰერეთი და შემოუერთა ერთიან საქართველოს. ამის გამო მოუწია დიდი ბრძოლის გადახდა სელჩუკებთან და მოღალატეებთან ერწუხში, სადაც ბრწყინვალედ გაიმარჯვა გაცილებით მრავალრიცხოვან მტერზე, რომლებმაც ბრძოლაში სამი ცხენი მოუკლეს ჩვენს ხელმწიფეს.

ასეთი წარმატების მიუხედავად, მოსაგვარებელი იყო შიდა საქმეები. ჩვენს მეფეს და მის ერთგულ სასულიერო პირებს კარგად ესმოდათ, სახელმწიფოს სიმყარე დიდად იყო დამოკიდებული ეკლესიის სიწმინდეზე. როგორც აღვნიშნეთ, ზოგიერთ ფეოდალს თავისი გავლენის გავრცელება სურდა მის საფეოდალოში არსებულ საეპისკოპოსოზე. ზოგიერთი სასულიერო პირი არღვევდა საეკლესიო წესებს. ეს ცუდად მოქმედებდა საზოგადოებაზე. საჭირო იყო ერისა და ბერის ერთიანობა. ჩვენი ხელმწიფის გუნდის წევრების დიდი ნაწილი სასულიერო პირები იყვნენ.

1104 წელს მეფემ და პატიოსანმა სასულიერო პირებმა მოიწვიეს საეკლესიო კრება რუის-ურბნისში. კრებამ გადააყენა უღირსი სასულიერო პირები, გააგზავნა ისინი მონასტრებში, მათ მაგიერ გამოარჩია დამსახურებულები. მეფემ და მისმა გუნდმა დახვეწილი და სამართლიანი ქმედებებით, კრების საშუალებით, საქართველოს ეკლესიის ცხოვრება კვლავ მთლიანად დაუქვემდებარეს საეკლესიო წესებს, კრების დადგენილებებისთვის სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენეს „დიდი სჯულისკანონი“, რომელიც იმ დროისთვის სრულად თარგმნა არსენ ბერმა. მანამდე საქართველოში მოქმედებდა ეფთვიმე მთაწმინდელის მიერ შედგენილი „მცირე სჯულისკანონი“, რომლითაც მერეც ხელმძღვანელობდნენ.

კრებამ მიიღო დადგენილებები, რომლებიც ასახულია კრების ძეგლისწერაში, მსგავსად მსოფლიო და ადგილობრივი კრებების აქტებისა. შედგენილა 15 კანონი.

ყველა, მათ შორის, მეფის უახლოესი გარემოცვა, კათალიკოსი იოანე, მოძღვარი (მრჩეველი) არსენ ბერი, არსენ იყალთოელი (თუ არსენ ბერი და არსენ იყალთოელი სხვადასხვა პიროვნებაა), იოანე პეტრიწი, მეფის აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, კრების მონაწილეები და სხვები ამჩნევდნენ მეფის ნიჭს, სიბრძნისმოყვარეობას, თავმდაბლობას, გონიერებას, კეთილ გულსა და აღფრთოვანებულები იყვნენ ხელმწიფის საქმიანობით, მათ შორის, პოლიტიკური, სამხედრო წარმატებებით და რუის-ურბნისის კრების შედეგით. იოანე პეტრიწი აღნიშნავდა: „დავითის გამგონეობისა (შემმეცნებლობის, გონისეულ მჭვრეტელობის) და წყალობათა და თანადგომისა მინდობილი” ვმუშაობდიო.

საეკლესიო კრების დასრულებისას არსენ ბერმა შეადგინა რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, სარწმუნოების ისტორია, საფუძვლები და კრების გადაწყვეტილებანი და ძეგლისწერას დაურთო შესხმა, ხოტბა, დავით აღმაშენებლისა, „მეფესა დავითს – მონაზონი არსენი“ – ქართული მხატვრული შემოქმედების ერთ-ერთ უბრწყინვალესი ნიმუში.

არსენ ბერი გახლდათ ხელმწიფის თანამოაზრე, თანამოღვაწე, თანამებრძოლი, მეგობარი და მოძღვარი (მრჩეველი, მასწავლებელი. ხოლო სულიერი მოძღვარი ყოფილა ბერი იოანე). ზოგი მკვლევრის აზრით, არსენ ბერი შეიძლება, იყოს იგივე არსენ იყალთოელი (ზოგს მიაჩნია, რომ ასე არაა). ღირსი არსენი ძალიან მრავალმხრივი მოღვაწე გახლდათ, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი.

აღნიშნულ შესხმაში კარგად ჩანს, როგორი ბრწყინვალე ერუდიცია და პოეტური ნიჭი ჰქონდა მის ავტორს. კარგად ჩანს, როგორი აღფრთოვანებულები იყვნენ მეფის ქრისტიანული ტალანტებით, როგორი ერთგულების განცდა ჰქონდათ მამულიშვილ საეკლესიო მოღვაწეებს დავით მეოთხისადმი.

დავით მეფისადმი პატივისცემა, რომელსაც გამოხატავდნენ მეფის თანამედროვე მოღვაწეები, არ ყოფილა ცალმხრივი. მეფეც ძალიან აფასებდა ბრძენ და პატიოსან სასულიერო პირებს: „სასომან და განმანათლებელმან ჩემმან, ბერმან არსენი, მიბრძანა“, „მიბრძანა სასომან ჩემმან ბერმან არსენი და თვით სულიერმან ბერმან, მოძღვარმან ჩემმან იოანე“, ამბობდა ხოლმე მეფე და მათ ყველა თხოვნას ასრულებდა. სიყვარულით აღნიშნავდა ხელმწიფე არსენ ბერის საქმიანობასაც – „არსენისსა მისრული მღïმეს იტყïს დავით მეფე: მე მაშინდელი კაცი ვარ, ოდეს არსენი დაროჯიდი (გახუხული პური) ჭამა; მარჯუენესა გუერდსა ზედა წვა, ნოსელსა იკითხვიდა და დოღმატიკონსა აწამებდა და ცïლისა სოფიაწმიდასა იგივე მარტოè იქმოდა“. უსაზღვრო იყო მეფის ნდობა არსენ ბერისადმი, მას ხშირად ებარა დიდი თანხა.

არსენ ბერს შიომღვიმის ტიპიკონის ღამისთევის განგებაში შეუტანია ლოცვა საქართველოსთვის და მეფისთვის, რადგან ეს ერთი და იგივე იყო, მეფე თუ გაიმარჯვებდა, საქართველო იქნებოდა გამარჯვებული, „აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი; მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და სიტკბოებით... მერმეცა გევედრებით კეთილად მსახურისათვის და ღმრთივ-დაცვულისა მეფისა ჩუენისა სიმტკიცისა, ძლევისა დამყარებისა, სიმრთელისა, ცხორებისა და ცოდვათა მიტევებისა მისთვის; და რათა უფალი ღმერთი ჩუენი უმეტეს შეეწიოს და წარუმართოს ყოველსა შინა და დაუმორჩილნეს ქუეშე ფერხთა მისთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი