ისტორია

როგორი ღიმილი, როგორი მზერა ჰქონდა დავით აღმაშენებელს და რა იყო მისი გამარჯვებების საფუძვლები

№46

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 25.11, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შედეგები და გამარჯვებანი დიდ სასწაულს ჰგავს... დამარცხებული, გაპარტახებული, გაუერთიანებელი, ტერიტორიებოკუპირებული ქვეყნის ერთ-ერთ პატარა სამეფოში გამეფდა და წლების მერე შეეძლო ეთქვა ანდერძში „განბჭო მართლადმსაჯულობამან ღმრთისამან და, ესერა, მიწოდა მე, და უწოდა მაგას მეფობაბ, მამული და ახლად მოგებული ღვაწლითა ჩემითა და თქვენითა:

ნიკოფსითგან დარუბანდისა ზღვადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს (თანამედროვე ქართულად თარგმნილი): „შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამქვეყნიური საქმეებით (სამეფოს მართვა, ომები) ასე დაკავებულს და წარმატებით წარმმართველს, როგორ უნდა მოეცალა საღმრთო და სულიერი სათნოებების არათუ ხორცშესასხმელად, არამედ მათზე საფიქრალადაც კი: ერთი ადამიანისათვის ფრიად საკმარისია იმის გაკეთება, რაც დავითმა შეძლო და წარმართა – როგორი განადგურებული სამეფო რა სიმაღლემდე აიყვანა, ქვეყნის საზღვრები სადამდე გადასწია, დამარცხებულნი გამარჯვებულებად აქცია!“

რა იყო წარმატებების საფუძველი?

პირველი, რაც შეიძლება ითქვას – კარგად იყო აღზრდილი.

მეორე, იყო პატიოსანი პიროვნება, მორწმუნე, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს: „სოლომონი ამბობს: „სიბრძნის დასაბამი სიბრძნეა”, ხოლო დავითი (დავით წინასწარმეტყველი, დავით აღმაშენებლის წინაპარი), მამა ღვთისა – „სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია”. უფლის შიში ჰქონდა დავითს სიყრმიდან და ასაკის მატებასთან ერთად უძლიერდებოდა: თავის დროზე ამან ისეთი ნაყოფი გამოიღო, რომ ორმხრივ შეამკო ის – მეფემ ისეთი საქმეები მოიმოქმედა, რომლითაც დაამშვენა თავისი როგორც ხორციელი, ასევე სულიერი ცხოვრება“. იყო გულისხმიერი მეფე, როგორც მისი წინაპარი სოლომონ ბრძენი.

მესამე, იყო დაუზარელი ადამიანი, მუდმივად მოქმედებდა, გაუჩერებლად. დროსტარებისთვის, გართობებისათვის, არ ეცალა, მხოლოდ მოვალეობებზე ფიქრობდა და სხვებსაც წესრიგით აცხოვრებდა.

მეოთხე, იყო კარგი ორგანიზატორი და რეფორმატორი, სამეფოს მართვისთვის მოაგროვა და დააწინაურა ერთგული და ნიჭიერი ადამიანები, შექმნა შესანიშნავი გუნდი.

მეხუთე, ნელ-ნელა, აუჩქარებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა მიზნების შესრულებისკენ.

მეექვსე, მუდმივად კითხულობდა და იძიებდა სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთა ცხოვრებას, წარსულის გამოცდილებებს. ისტორიკოსი წერს (თანამედროვე ქართულად): „თავისი გონიერების წყალობით დავითმა სიბრძნის დედად უფლის შიში მიიჩნია, ღმერთად – საღმრთო წერილი. რაც კი მოიპოვებოდა წიგნები სხვა ენათაგან ქართულად თარგმნილი, ყველაფერს თავი მოუყარა, ძველსა და ახალს, როგორც მეორე პტოლემეოსმა“. იგულისხმება ეგვიპტის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დამაარსებელი პტოლემეოსი.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მეფის შესახებ განაგრძობს: „მხოლოდ ამის (ბიბლიოთეკის, წიგნების) იმედი ჰქონდა და იმდენად შეიყვარა და შეითვისა, რომ თავისთვის სიცოცხლისა და გეზის მიმცემად აღიარა. ეს იყო მისი საუკეთესო საზრდელი, ტკბილი და საწადელი სასმელი; შვება, რომელიც მისთვის ერთდროულად განცხრომაც იყო და სარგებლობის მომტანიც, ჭკუის სასწავლებელი. დღედაღამ განუწყვეტელ მიმოსვლასა და მოუწყენელ ლაშქრობებში, დაუსრულებელ გარჯაში მყოფს მუდამ თან დაჰქონდა ჯორთა და აქლემთა სიმრავლეზე აკიდებული წიგნები. სადაც კი ჩამოქვეითდებოდა, პირველ რიგში, წიგნს იღებდა ხელში და არ წყვეტდა კითხვას, სანამ არ დაასრულებდა“.

დავითის ისტორიკოსი ობიექტური ადამიანი იყო, წერდა, ტყუილის მთქმელს წარწყმედს უფალიო. იგი დავით მეფის წარმატებების საფუძვლად მეფის განათლებულობას მიიჩნევს, რწმენის მერე, რა თქმა უნდა. წარსულის კარგად შესწავლით, შეიძლება მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებაო:

„თუ არა ცოდნა წიგნებისა და იმისა, რამაც გარდასულ დროთაგან მოაღწია, თუ არა გათვალისწინება, რაც წინა მეფეებმა სწორად მოიმოქმედეს ან ვერ აღასრულეს გარკვეულ მიზეზთა გამო, როგორც სოლომონი ამბობს: „იცის ჟამთა ცვალებადობის შესახებ, შეუძლია იგავთა ახსნა და მომავლის განჭვრეტა წარსულზე დაყრდნობით”, რომ არა ეს, როგორ მოახერხებდა ასე დამდაბლებული მეფობის კვერთხის, ასეთი დაცემული და ძნელად აღსადგენი ქვეყნის ისეთ სიმაღლეზე აყვანას, როგორზეც სხვამ ვერავინ შეძლო?“

მეშვიდე, დავით აღმაშენებლის პიროვნება, მისი დიდებული ხასიათი, მისი ადამიანობა, მისი მომხიბვლელობა და შემწყნარებლობა. ისტორიკოსი წერს (თანამედროვე ქართულად თარგმნილი): „აი, ნიმუში არა შეუფერებელი, არამედ მეფობის ღირსი პიროვნებისა! სიტყვებით არის გამოთქმული ჩვენ მიერ დანახული! მისი სიტკბოების, სიკეთისა და სიბრძნის ხილვის მსურველნი ქვეყნის კიდეთაგან იკრიბებოდნენ მის წინაშე. ვინ იყო მისებრ ტკბილი შეხვედრათა ჟამს, მოსაწონი თავისი განზრახვებითა და თავშეკავებით, მშვენიერი სახით, წარმოსადეგი, ახოვანი ტანით, სხეულის აწყობილი აღნაგობით, ღონით ძლიერი, უძლიერესი თავისი შემართებით, მომხიბლავი ღიმილით, დარდით იმაზე, რაც სადარდებელი იყო, მოწყალე მზერით, შიშის ზარის დამცემი თავისი ლომებრივი სისხარტით, ბრძენი გონებით, უბრძნესი თავისი გადაწყვეტილებებით, უბრალო ქცევით, მრავალგვარად წარმმართავი საქმეთა, სიმშვიდით დამსჯელი, შემქებელი საქმის ცოდნით, ყველანაირი სიკეთისათვის გზის მიმცემი; მაღალი უმაღლესთათვის და მდაბალი უმდაბლესთათვის; თვით მტრებისთვისაც კი საწადელი, საყვარელი და მათი შემარცხვენელი გამოჩენილი ლმობიერების გამო. ვის ახასიათებს ერთი მაინც ამ სიკეთეთაგანი?

ვინ მოუყარა ყველა მათგანს ერთად თავი? ეს წარმოსადგენადაც კი ძნელია, არათუ მისაბაძად. ისე იყო იგი აღსავსე ყველაფერ ამით, როგორც ნავი სათნოებათა უძვირფასესი ტვირთით და შეუძლებელი იყო ამაზე ზემოთ აღსვლა“.

დაბოლოს, შეუძლებელია დავით აღმაშენებლის პიროვნების სიდიადის და ღვთისმიერი ტალანტების ბოლომდე გააზრება და გადმოცემა. ტალანტები, რა თქმა უნდა, ღვთისგან ჰქონდა. განსაკუთრებული ადამიანი იყო, რჩეული ღვთისა. საგანგებოდ გამოგზავნილი ქართველების შესაკრებად, შესადუღაბებლად და ქართველი ერისთვის სასიცოცხლო ენერგიის მისაცემად. თუმცა, ალბათ, ყველაზე დიდი ნიჭი არის ტალანტების გამრავლება, რაც შესანიშნავად შეძლო ჩვენმა გვირგვინოსანმა პატიოსნებით, ერთგულებით, რწმენითა და შრომისმოყვარეობით.

მისი თანამებრძოლი ისტორიკოსი წერს (თანამედროვე ქართულად თარგმნილი): „რომელ გონებას შეუძლია ჩასწვდეს მის ღვთიურ სათნოებებს და სულიერ საქმეებს, ან, თუ ჩასწვდა, რომელმა ენამ შეძლოს ღირსეულად თხრობა მათ შესახებ!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი