ისტორია

როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, დავით მეექვსესა და დავით მეშვიდეს

№40

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 14.10, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1223 წელს, გარდაცვალების წინ, საქართველოს მეფე გიორგი მეოთხე ლაშამ, ანდერძით, თავისი და, რუსუდანი, მეფედ გამოაცხადა, ასევე, დატოვა ანდერძი – რუსუდანს უნდა გაეზარდა მისი ვაჟი, დავითი, რომელიც იმ დროს ექვსი-შვიდი წლის იქნებოდა და როცა დავითი გახდებოდა სრულწლოვანი, მისთვის ტახტი უნდა დაეთმო. ფაქტობრივად, ლაშას ანდერძის მიხედვით, რუსუდანი გამოდიოდა დროებითი მეფე. ამგვარ თვალსაზრისს ამტკიცებს არმენოლოგ ალექსანდრე აბდალაძის მიერ გამოქვეყნებული იმდროინდელი ერთი სომხური ცნობა: „დაიწერა ეს სახარება სომეხთა წელთაღრიცხვის ,,ოძა“-ს (1232 წელი) კაიენის მხარეში, სახელგანთქმულ გეტიკის წმიდა მონასტერში, წმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა გრიგორ განმანათლებლის შეწევნით, ცოდვილი სტეფანოსის ხელით, ერისთავთერისთავის ათაბაგ ივანესა და მისი ძის, ავაგის მთავრობის ჟამს და რადგან ქართველებს მეფე არ ჰყავდათ, მეფის მაგივრობას თამარის ასული ასრულებდა“… იმ დროს, სომხეთის დიდი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოში შემოდიოდა.

ლაშას გარდაცვალების შემდგომ რუსუდანი ზრდიდა თავის ძმისშვილს – დავითს. რუსუდან მეფეს შეეძინა ქალ-ვაჟი, რომელთაც თავისი მშობლების სახელები დაარქვა, თამარი და დავითი.

რუსუდანის მეფობის დროს ჩვენს ქვეყანას შემოესია მონღოლთაგან დევნილი ხვარაზმის ყოფილი შაჰი, სულთანი ჯალალედინი. უვარგისი მეთაურობისა და სახელმწიფოს მოშლილი ორგანიზაციის გამო ჩვენი წინაპრები დამარცხდნენ გარნისის ბრძოლაში. ვერც მეორე გენერალური ბრძოლა გაუმართეს ჯალალედინს, ტფილისი და სხვა ქალაქები გაამაგრეს მხოლოდ. რუსუდან მეფემ კი ქუთათისს შეაფარა თავი.

ჯალელედინმა აიღო ტფილისი და აღმოსავლეთ საქართველოს არბევდა. რუსუდანმა ქუთათისში ტახტის მემკვიდრედ და თანამეფედ გამოაცხადა თავისი ხუთიოდე წლის ვაჟი, დავითი. რუსუდანი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს – აფხაზეთს აკონტროლებდა. რუსუდანის ძის თანამეფედ გამოცხადებას ვერ დაესწრნენ (ალბათ, არც დაუდასტურებიათ) მცხეთელი კათალიკოს-პატრიარქი და სრულიად საქართველოს დიდებულები, მათ შორის სარგის თმოგველი, კაცი „ფილასოფოსი“. შემდეგ, რუსუდანმა ძმისწული მაყრად გააყოლა რუმის სულთანზე გათხოვილ თავის ასულს, თამარს. ასე გადაწყვიტა მისი მოშორება. დავით ლაშას ძე რუმის სულთანმა ციხეში გამოკეტა, სადაც რამდენიმე წელი დაჰყო.

ამასობაში, მონღოლებმა დაიპყრეს საქართველო. რუსუდან მეფე იძულებული გახდა, მონღოლებს დაზავებოდა, მათი ბატონობა ეცნო და მეფედ დასამტკიცებლად თავისი მცირეწლოვანი ძე მონღოლებთან გაეგზავნა. მონღოლმა სარდლებმა დავით რუსუდანის ძე ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში ბათო ყაენთან გააგზავნეს, ბათომ – ყარაყორუმში, დიდ ყაენთან მიავლინა.

ამასობაში, 1245 წელს, გარდაიცვალა რუსუდან მეფე. დადგა უმეფობის ხანა. ქართველებს გაახსენდეთ დავით ლაშას ძე. ინფორმაცია მოიპოვეს, რომ ცოცხალი იყო. მოსთხოვეს მონღოლებს მისი გათავისუფლება ტყვეობიდან. ჩამოიყვანეს ტფილისში და ისიც მეფედ დასამტკიცებლად გაუდგა გზას, ჯერ ბათო ყაენისკენ, მერე, მამიდაშვილის მსგავსად ყარაყორუმისკენ.

ყარაყორუმში ერთმანეთს შეხვდა საქართველოს ტახტის ორი კანდიდატი, ბიძაშვილ-მამიდაშვილი, დავითი და დავითი. მემატიანე ამბობს, ერთმანეთისადმი კარგი დამოკიდებულება ჰქონდათო. იქნებ უყვარდათ კიდეც ერთმანეთი ბიძაშვილ-მამიდაშვილს, ორივე კარგი ადამიანი ყოფილა, თუმცა, ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ. დავით რუსუდანის ძეს მხარს უჭერდნენ მისი თანააღზრდილები, გურკლელი მახუნჯაგის ძე, ქართლის ერისთავის გრიგოლ სურამელის ძე ბეგა, ამირეჯიბი ბეშქენ. ხოლო დავით გიორგის ძეს ძველი და გამოცდილი მეომარი, ქართველი მწერალი, პოეტი და ფილოსოფოსი სარგის თმოგველი უჭერდა მხარს ყარაყორუმში.

სარგის თმოგველი წინააღმდეგი იყო რუსუდანის ძის გამეფების და ეუბნებოდა მის თანააღზრდილ მეგობრებს: „არ არის წესი, დედაკაცის მემკვიდრეობით ავიდეს ადამიანი ტახტზე და არა მამაკაცის მემკვიდრეობითო“.

რუსუდანის ძის მომხრეები პასუხობდნენ: „მართალია, დავითი ქალის მემკვიდრეა, მაგრამ მეფე იყო რუსუდანი, ძმის მიერ მეფედ დატოვებული, ამგვარად მეფის ძე არის ისიცო”.

მონღოლებიც, რომლებსაც არ სჩვეოდათ სიტყვის გატეხა, რთულ ვითარებაში იყვნენ. რუსუდანის ძეს შეჰპირდნენ მეფობას, დედამისისთვის ფიცი ჰქონდათ მიცემული. ახლა რუსუდანის უფროსი ძმის, მეფე გიორგის ძეც გამოჩნდა. მისი განაწყენებაც არ შეიძლებოდა. კარგა ხანს გაგრძელდა კამათი. მონღოლები თუ ბრძოლებში ფიცხები და სწრაფები იყვნენ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ხშირად ნელ-ნელა იღებდნენ. გადაწყვიტეს მონღოლებმა, საქართველოს ერთი მეფე არ ჰყოლოდა. ორივეს გულს მოიგებდნენ. საქართველოს სამეფოც არ იქნებოდა ერთიანი მეფის ქვეშ დარაზმული. საბოლოოდ მონღოლებმა მეფედ ცნეს ორივე დავითი, „უპირატესი პატივი და ზედაჯდომა ლაშას ძეს ეპყრა ლაშას ძეობისათვის“ და ასაკით უფროსობისთვის. ლაშას ძეს ულუ (უფროსი), რუსუდანის ძეს (ნარინი) უწოდეს.

ერთი პერიოდი ერთად განაგებდნენ მთელ საქართველოს ტფილისიდან დავითი და დავითი. მერე დავით ნარინი აუჯანყდა მონღოლებს, მართალია დამარცხდა, მაგრამ, დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში გადავიდა და ქუთათისის ტახტი დაიკავა. იგი არ ემორჩილებოდა მონღოლებს. დავით ნარინმა, შესანიშნავმა მეფემ, ჯერ ილაშქრა ტრაპიზონში, მერე კი კეისრის ტახტზე პროქართულად განწყობილი პიროვნება დასვა, მართალია, დროებით, მაგრამ მაინც უძველესი ქართული მხარე დაუბრუნა საქართველოს გავლენას.

დავით ლაშას ძეც აუჯანყდა მონღოლებს, პირველ ბრძოლაში გაიმარჯვა კიდეც მისმა ჯარმა, მაგრამ ქართველი დიდებულების ღალატით, მონღოლთა ჯარმა შეძლო მისი ერთგული ჯარის დამარცხება, რომელსაც სარგის ჯაყელი სარდლობდა. დამარცხებული დავით მეშვიდე ულუ ქუთათისში გადავიდა თავის მამიდაშვილთან. ორივე მეფეს ჰყავდა თავ-თავისი მომხრეები, მათ შორის, დავით ნარინის ქუთათისში ყოფნის დროს. ქუთათისი და ტფილისი, ორივე საერთო სატახტოდ ითვლებოდა ორივე მეფისათვის. თუმცა, მტრობამდე და სისხლის ღვრამდე საქმე არ მისულა. საბოლოოდ გაიყვეს საქართველო და ქვეყნის შენახული განძის დიდი ნაწილი.

შემდეგში, დავით მეშვიდე, ხანდახან კვლავ არ ეპუებოდა მონღოლებს და მონღოლების დიდი თანამდებობის პირი, ხოჯა აზიზი, რომელიც უკონტროლო გადასახადებით ძარცვავდა ხალხს და მეფის სასახლესაც კი, სასიკვდილოდ გააწირვინა მონღოლებს, ჩამოაყვანინა ტფილისში და სახალხოდ დასაჯა, როგორც საქართველოს მტერი.

დავით ნარინის დამორჩილება ვერ შეძლეს მონღოლებმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №6

6- 12 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი