ისტორია

როგორაა გადმოცემული ქართლელთა და ეგრისელთა ერთიანობის განცდა „ფარნავაზის ცხოვრებაში“

№12

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 03.04

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

ზოგიერთი ამბობს, რომ ქუჯი და ფარნავაზი ზღაპრული პიროვნებები არიან, ლეონტი მროველმა გამოიგონაო. ფარნავაზის ცხოვრება ზღაპრულიაო.

„მოქცევაè ქართლისაèს“ მიხედვით, აშკარად ჩანს, ფარნავაზი და აზო(ნი) რეალური პიროვნებანი იყვნენ. ახლა ვიმსჯელოთ ქუჯის შესახებ.

დასავლეთ საქართველოში ფარნავაზის გავლენის გავრცელება სელევკიდების ინტერესიც იყო, რომლების ვასალიც გახდა ჩვენი მეფე. მანამდე, „მოქცევაè ქართლისაèს“ მიხედვით, აზო იყო ალექსანდრეს (სარდლის) ინტერესების გამტარებელი სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრში და ცხადია, აზოს დასავლეთ საქართველოშიც ექნებოდა გავლენა. ამ გავლენის გამტარებელი ადამიანიც ეყოლებოდა. თუმცა, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით აზო ტირანი იყო და მისგან გათავისუფლებას ცდილობდა ქუჯი.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქუჯის დაარსებულია ციხეგოჯი. სკეპტიკოსები ამბობენ, რომ აღნიშნულ ციხეს ჰქვია ჯიხა-ქვინჯი, რაც დაბლა, ქვემოთა ციხეს ნიშნავს მეგრულად და არა ქუჯის ციხეო. სახელი ქუჯი გამოგონილიაო.

თუმცა, დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავრების ცხოვრებაში, მოხსენებულია ქალაქი ჯიხან-ქუჯი. ცხადია, აღნიშნული თხზულების ავტორს, რომელიც დასავლეთ საქართველოში განვითარებულ ამბებს გვიამბობს, დასავლეთ საქართველოს სინამდვილეც კარგად ეცოდინებოდა და ვინაიდან ციხის მეგრულ შესატყვისს, ჯიხანს წერს, ციხის სახელწოდების მეორე ნაწილსაც ისე დაწერდა, როგორც იქნებოდა მაშინ სწორი – ქუჯი. სავსებით შესაძლებელია, ციხეს მართლაც ერქვა ჯიხან-ქუჯი და შემდეგ ხალხურ მეტყველებაში ქუჯი ქვინჯით შეიცვალა.

არის კიდევ ერთი სკეპტიკური მიდგომა – არც ერთი ადამიანი არ დათმობდა თავის ბატონურ თანამდებობას (იგულისხმება ქუჯი), მეფობას, ერისთავობას, პატრიკობას, სხვის (იგულისხმება ფარნავაზი) სასარგებლოდ და არ გამოაცხადებდა თავს ქვეშევრდომადო. ანუ ქუჯის მიერ ფარნავაზის უპირატესობის აღიარება ტყუილიაო. ესეც ვერ არის მძლავრი არგუმენტი.

ისტორიამ იცის ასეთი დიდებული პიროვნებები, რომლებმაც რაიმე დიადი იდეის გამო დათმეს თანამდებობა, მაგალითად: იოანე მარუშისძე, რომელმაც უარი თქვა ქართლის ერისთავობაზე, რაც ფაქტობრივად, აფხაზეთის მეფისნაცვლობას ნიშნავდა ქართლში, ანუ ძალიან დიდ თანამდებობას, დიდ შემოსავალს და დიდ გავლენებს გულისხმობდა და თავის მაგიერ აფხაზთა მეფე თეოდოსს და მეფე დავით დიდ კურაპალატს ქართლის ერისთავად დაანიშნინა, ქართველთა მეფის შვილიშვილი ბაგრატ ბაგრატიონი. ანუ ეს გააკეთა სამშობლოს ერთიანობისათვის, უანგაროდ.

ერთიანობის განცდა ქართლისა (ქართლელთა) და ეგრისის (მეგრელთა, ლაზთა და სვანთა) პოლიტიკური ლიდერებისთვის არ იყო უცხო არც ერთ ეპოქაში. მაგალითად ქართული დამწერლობისა და ქართულენოვანი ეკლესიის დიდი მოამაგენი, პეტრე იბერი და იოანე ლაზიც გამოდგება, რომლებიც უცხოეთში აშენებდნენ ქართულ ტაძრებს და ზედ ქართულ ტექსტებს აწერდნენ, ქართულ კულტურას ავრცელებდნენ, როგორც ყოველთა ქართველთა ერთიანობის სიმბოლოს.

რომ არა ერთიანობის განცდა ქართლელთა, მეგრელ-ლაზთა და სვანთა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში, რომელიც ადრე ერთიან ეგრისად, მანამდე კოლხეთად იწოდებოდა), არც გაერთიანდებოდა საქართველო ერთ სახელმწიფოდ და ნათესავით ქართველნი – ერთ ერად. ამას ვერ შეძლებდა ვერც ვახტანგ გორგასალი, ვერც ბაგრატ მესამე და ვერც დავით აღმაშენებელი, ვიმეორებთ, ეს რომ არ სდომოდათ თავად ქართლელებს, ეგრისელებს (მეგრელ-ლაზებს) და სვანებს, რომლებიც ეგრისში და მანამდე კოლხეთში დიდ როლს ასრულებდნენ, მეგრელ-ლაზებთან და სხვა ქართველებთან ერთად (გურია, რაჭა, სამოქალაქო, არგვეთი...).

„თბილისელების“ წინა ნომრებში ვწერდით, რომ ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ქუჯი არის „ქართლოსანი“ ანუ ქართლოსის შთამომავალი. ფარნავაზი უფროსი შტოდანაა, ქუჯი – უმცროსი შტოდან. მეფობა კი ეკუთვნის უფროსი შტოს წარმომადგენელს.

თუ ბატონიშვილი ვახუშტი „ქართლოსანში“ გულისხმობს ნათესავით ქართველს, ზოგადად ქართველს, რომელშიც იგულისხმება ეგრისელიც, სვანიც და სხვა, მაშინაც ფარნავაზს ეკუთვნოდა უპირატესობა. თუნდაც, ქუჯი პირდაპირ მამამთავარ ეგროსის შთამომავალი ყოფილიყო, რადგან, ძმების, ქართლოსის, ეგროსისა და ჰეროსის შთამომავლებმა შექმნეს ქართველი ერი. ქართლოსი კი უფროსი ძმა იყო მათ შორის და მეფობა უფროსი ძმის შტოს წარმომადგენელს ეკუთვნის (ჰაოსზე სხვა დროს).

სხვისი უპირატესობის აღიარებისა და ძალაუფლებაზე უარის თქმის შემთხვევები არსებობს, მაგალითად, თვით ოდიშში. გიორგი პირველმა ლიპარტიანმა თავისი ძმისწულის, ლევანის არასრულწლოვანებისას მართა ოდიში ხუთი წელი და მერე კი არ მიითვისა ოდიშის მთავრის ტახტი, არამედ გადააბარა ლევან მეორე დადიანს.

რაც შეეხება სხვისი საგვარეულოს უპირატესობის განცდას – ლიპარიტ ბაღუაშმა დაამარცხა ბაგრატ მეოთხე. მეფე გაემგზავრა კონსტანტინოპოლს. გამგზავრებამდე თავისი მცირეწლოვანი მემკვიდრე, გიორგი, მეფედ გამოაცხადა. ლიპარიტ ბაღუაშმა არასრულწლოვანი გიორგი მეფედ აკურთხებინა რუისში და თვითონ მზრდელად დაუდგა. სულ ადვილად შეეძლო მოეკლა ის ბავშვი ან სულაც არ მოეკლა, დაეპატიმრებინა, ვერავინ შეუშლიდა ხელს მეფეზე გამარჯვებულს, მეფის გარეშე დატოვებულ ქვეყანაში და თავი მეფედ გამოეცხადებინა, მაგრამ, არა, რადგან გრძნობდა ბაგრატიონთა უპირატესობას სამეფო ტახტზე. როგორც, ქუჯი გრძნობდა, ალბათ, ქართლოსიანთა უფროსი შტოს უპირატესობას ტახტზე.

გარდა ამისა, სავსებით შესაძლებელია, ქუჯი ძალიან შევიწროებული იყო აზონის მიერ და სუზერენის შეცვლა უნდოდა.

წყაროებში ქუჯი ეგრისის ერისთავად იხსენიება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფარნავაზი და ის დაამარცხებენ აზონს, ფარნავაზი გახდება მეფე და ქუჯის ჩააბარებს ეგრისის ერისთავობას. მანამდე ქუჯის თანამდებობის (მეფობის, ერითავობის) შესახებ არაფერი წერია. ეგებ, აზონის დამარცხებამდე ქუჯი მხოლოდ გავლენიანი პიროვნება იყო ეგრისში და არა მისი მმართველი ან ერისთავი და ფარნავაზთან დაკავშირებით მოიპოვა ერისთავობა?

ვთქვათ, სახელი ქუჯი გამოგონილია, მაგრამ, ვინმე აუცილებლად იქნებოდა მეგრელ-ლაზთა შორის, ვინც მხარს დაუჭერდა ყოველთა ქართველთა ერთიანობას და ვინც მიიღებდა ეგრისის ერისთავობას.

ქართლელთა, სვანთა, მეგრელ-ლაზთა (მაშინ გაუყოფელი იყო ჯერ კიდევ ლაზები და მეგრელები) ერთიანობა ეჭვქვეშ არ დამდგარა არასდროს, რუსული სპეცსამსახურების პროექტებამდე. ამის შესანიშნავი მაგალითია ყველაზე ძლიერი ხელმწიფე ოდიშისა, ქართული კულტურის დიდი მოამაგე ლევან მეორე დადიანი, მანამდე ცოტნე დადიანი და სხვები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი