როგორ ზრუნავდა ლაშა-გიორგი უბრალო ადამიანებზე და რა მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა ის
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 27.10

საკუთარი თხზულების ბოლოს ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, რომელიც მეფის გარდაცვალებას მოესწრო, წერს: „ვიტყოდით ქებასა მისსა წინაშე ყოველთა კაცთა, არა ვტყუოდეთ, არცა გურცხუენოდეს. მეფედ დაჯდა ნერგი, კეთილი მოზარდი და ყვავილი, ყოველთა ფერთაგან შემკობილი, უმანკო გონებითა“.
ასიოდე წლის მერე დაცემული საქართველოს მომსწრე, მონღოლთა დროინდელი ჟამთააღმწერელი სულ სხვაგვარად ახასიათებს თამარის ძეს: „იყო ლაღი, ამპარტავანი, თავხედი, სახეობის მოყუარე, ღვინის მოყუარე, გემოთ-მოყუარე, სმასა და ჭამას შექცეული“... „იყო ძლიერი აღნაგობის, მამაცურად მოისარი, ნადიმების მოტრფიალე, ლაღი და თავნება“. რადგან, დედამისის დამსახურებით, გარშემო ყველა მეზობელი ხარკს უხდიდა – „იშვებდა, იხარებდა და ყველგან იყო განცხრომა და მხიარულება“.
ჟამთააღმწერელი განაგრძობს: „ლაშა-გიორგი იყო მხნე, ახოვანი, ძლიერი, ლაღი, ამპარტავანი, თავხედი, თავნება; როგორც ვთქვი, უხვი, გართობის, ღვინისა და ნაყროვანების მოყვარე… სიძვისა და სიმთვრალის უწესოებაში ჩაეფლნენ უგუნური ადამიანები, რომელნიც მეფის კარზე იყვნენ და არ იყვნენ ღირსნი იქ ყოფნისა. რადგანაც ორივე კათალიკოსს და ამ სამეფოს თავადებს, განსაკუთრებით ივანე ათაბაგს, ემძიმებოდათ ეს საქმე, არ ინებეს მეფესთან სამუდამოდ ყოფნა, განშორდნენ და თავ-თავიანთთვის იყვნენ. ცოდვათა სიმრავლის გამო გაჩნდა მიზეზები საქართველოს მოოხრებისა“.
იოანე ბაგრატიონის „ისტორია ქართლისას“ მიხედვით, რომელიც მისი ენციკლოპედიური თხზულების, „კალმასობის“ ნაწილია და საიდანაც მხოლოდ ნაწყვეტები გამოაქვეყნა კორნელი კეკელიძემ: „ლაშა-გიორგი დადიოდა პროვინციებში და ამოწმებდა მოხელეების საქმიანობას, ეკითხებოდა უბრალო ადამიანებს, ხომ არავინ ძალადობდა მათზე, თან, სხვადასხვა ტაძრებში დღესასწაულებს ესწრებოდა. გამოიკითხავდა მოსახლეობის მდგომარეობას და მოხელეებს, რომლებსაც უსამართლოდ შეეწუხებინათ ვინმე, ხსნიდა თანამდებობიდან.
მეფე ქრისტიანობის გავრცელებაზეც ზრუნავდა. კორნელი კეკელიძე წერს: „იოანე ბაგრატიონი გადმოგვცემს დაწვრილებით ლაშა-გიორგის სამისიონერო მოგზაურობას ფშავ-ხევსურეთში, იქ ეკლესიებისა და ჯვრების აღმართვას. „ჟამთა ამათ შინა ადგილ-ადგილ იყო ფშაველთა შინა ქრისტიანობა, გარნა ვერა ეპყრათ რიგიან, ქურდობდენ და ესხათ ოროლი და სამ-სამი ცოლი და იქცეოდენ არაწმინდებით. მაშინ მეფე გიორგი წარვიდა ფშავს და წარიღო მოჭედილი ჯვარი და ნაწილი წმიდისა გიორგისა; მოეგებნენ ფშაველნი, მეფემან შეიწყნარნა კარგად და უჩვენა გზა ჭეშმარიტებისა და დაუდგინა მღვდელნიცა და ქადაგნიცა. ქმნა მცირე ეკლესია და დაასვენა მუნ ჯუარი იგი; და დაასვენა ნაწილიცა იგი და მიუბოძა ბავრაყი (საეკლესიო დროშა) და აგრეთვე, ხევსურეთსა შინაცა მიბრძანდა და მათცა მისცა ჯუარი და ბავრაყი, და იგინიცა მხიარულ იქმნეს და ნათელ იღეს. ხოლო ფშაველნი უწოდებენ ჯუარსა მას „ლაშარის ჯუარად“, ხოლო ხევსურნი „გუდანის ჯუარად“, და მოძმედ ბაგრატიონთა უწოდებენ „გიორგის და ჯუართა მათ ბაგრატოანთა მოძმის ჯუარად“...
კორნელი კეკელიძე განაგრძობს: „ლაშა-გიორგის შესახებ კი ფშავ-ხევსურეთში უამრავი გადმოცემა არსებობს. ჯერ კიდევ ვახუშტი ამბობდა თავის გეოგრაფიაში: „ფშავსა შინა არს ეკლესია მეფის ლაშასაგან აშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯუარნი ოქრო-ვეცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი, და უწოდებენ ლაშას ჯუარსა“. ამ ცნობის გამოძახილია იოანეს ინტერპრეტაცია „ლაშარის ჯუარისა“. ასეთი გაგება ამ სახელისა ადგილობრივაც გაბატონებულია. ვაჟა-ფშაველა „ლაშარის ჯუარის“ შესახებ წერდა: „ამ ადგილს წინათ ყოფილა აშენებული ლაშა-გიორგისაგან ეკლესია წმიდის გიორგის სახელზე, რომლისათვისაც მშვენიერი ხატი წმიდის გიორგისა შეუწირავს. ხალხს ეს გარემოება დავიწყებია, შეწირული და შემწირველი გაუერთებია და კიდევაც გაუღმერთებია. მეორე გორაზე არის აშენებული თამარის სალოცავი, რომლის დღეობას „ღელეობა“ ეწოდება. როგორც ამ სალოცავს, ისე ლაშარის ჯვარს ერთად „მოდე-მოძმეს“ ეძახიან, როგორც თამარი და გიორგი და-ძმად ჰყავთ წარმოდგენილი“. ამ უკანასკნელ გადმოცემას ეხმაურება იოანეს ცნობა, რომ „გიორგის მოძმედ ბაგრატოანთა უწოდებენ“ და მის მიერ შეწირული გუდანისა და ლაშარის ჯვარს – „ბაგრატოანთა მოძმის ჯვარსო”...
... „ნ. ურბნელის (ნიკო ურბნელი – ნიკოლოზ ხიზანაშვილი) აზრით, „ლაშარის ჯვრის“ დაკავშირება ლაშა-გიორგის სახელთან შეცდომაა, აქ ჩვენ გვაქვს, მისი სიტყვით, არა ლაშას (აქედან ვითომცდა ლაშარის) სახელი, არამედ ფშავ-ხევსურთა სამხედრო პრაქტიკით შექმნილი სახელწოდება „ლაშარის” ჯვარი. ეს, შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო არაა“.
არის შეხედულება, რომ ლაშარის ხატი უძველესია და ის ლაშა-გიორგის კულტს მერე შეერწყა. თუმცა, ეს მთავარი არ არის.
მთავარი ისაა, რომ, ჩვენ წინაშე ლაშა-გიორგის მორალური სახის ორი განსხვავებული პორტრეტია. ლაშა-გიორგის მემატიანისა და იოანე ბაგრატიონის გადმოცემები მეფეს პიროვნულად დადებითად ახასიათებს, განსხვავებით ჟამთააღმწერლისგან და ვახუშტი ბატონიშვილისგან, რომელიც ჟამთააღმწერლის მონათხრობით ხელმძღვანელობს. იოანე ბატონიშვილის გადმოცემით, ლაშა-გიორგი სარწმუნოების გამავრცელებელია და განმამტკიცებელი.
რა მოხდა შემდეგ, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, ახალგაზრდა ხელმწიფეს უნდოდა აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ, თამარ მეფის დროიდან, მეფის ხელისუფლება შეზღუდული იყო, მეტად, ვიდრე გიორგი მესამის თუ დიმიტრი პირველის დროს. ხოლო დიდებულების ხელისუფლება არ იყო წარმომადგენლობითი, დიდი ძალაუფლება ხელში ჰქონდა რამდენიმე ოჯახს. ეს ბუნებრივი კონფლიქტის წყარო იყო მეფესა და დიდებულებს შორის, ასევე, დიდ ძალაუფლებიან დიდებულებსა და სხვა საგვარეულოთა წარმომადგენლებს შორის. ეს სახელმწიფოსთვის სახიფათო იყო, რაც, დადასტურდა გარნისის ბრძოლის დროსაც.
ლაშა-გიორგი უფრო მეომარი ჩანს, ვიდრე მეფე. საქართველომ კი შეწყვიტა ექსპანსია, ახალი მიწების შემოერთების მცდელობა. მას მერე, რაც ლაშამ, გამეფების პირველ წლებში, რამდენიმე გამდგარი სამთავრო დაიმორჩილა და კვლავ ხარკი დაადო, სახელმწიფო დამშვიდდა, დაწყნარდა. მეფემ დაიწყო ცხოვრებით ტკბობა. ეს კი იმდროინდელი სამყაროსთვის ნაადრევი იყო. გარშემო პოლიტიკური ცხოვრება დუღდა, აღმოსავლეთით ძლიერდებოდა ხორეზმი, უფრო აღმოსავლეთით დიდი მონღოლური იმპერია წარმოიშვა...
ქართველები კი ლხინსა და უდარდელობას მისცემოდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან