ისტორია

როგორ შეანგრიეს ქართველმა მეომრებმა სახალიფოს დედაქალაქ ბაღდადის კედლები

№29

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 26.07

ისტორია
დაკოპირებულია

ჩინგიზ ყაენმა დიდი ამბიციები გაუღვიძა მონღოლებს – მთელი მსოფლიოს დაპყრობა. მისი სიკვდილის შემდეგ, მონღოლები, კარგა ხანს მიიჩნევდნენ, რომ ყველა ქვეყანა მათ ეკუთვნოდათ და უნდა დაეპყროთ.

დასავლეთის მიმართულებით, ჩრდილოეთში, მონღოლებმა აღმოსავლეთ ევროპის არაერთი ქვეყნის ჯარი დაამარცხეს და აღმოსავლეთ გერმანიაში, საქსონიის ქალაქ მეისენამდე მიაღწიეს.

სამხრეთში, დასავლეთის მიმართულებით, მცირე და წინა აზიაშიც იგივე ამბიციები ჰქონდათ. მონღოლთა ჯარის ნაწილებს ჩვენს რეგიონში (კავკასია, წინა აზია, ირანი, ერაყი და სხვა) ხელმძღვანელობდა ჩინგიზ ყაენის შვილიშვილის, მანგუ ყაენის ძმა, ჰულაგუ.

მაჰმადიანთა ხალიფის ქმედებებით უკმაყოფილო მანგუ (მუნქე) ყაენმა გადაწყვიტა, დაეპყრო აბასიდების სახალიფო. ხალიფა საჩუქრებს უგზავნიდა დიდ ყაენს, მაგრამ, მონღოლები ითხოვდნენ, სხვადასხვა ქვეყნების მბრძანებლები მათთან ჩასულიყვნენ და პირადად მოეხარათ ქედი ყაენის წინაშე და ეკისრათ ყმადნაფიცობა. ყოველთა მაჰმადიანთა სულიერი მამა, ხალიფა, ლიდერი ამას არ კადრულობდა.

სახალიფო საკმაოდ ძლიერი იყო, მისი დაპყრობა რთული იქნებოდა, ხალიფას, მაჰმადიანთა უმაღლეს სასულიერო ლიდერს, შესაძლოა, სხვა მაჰმადიანური მბრძანებლები დახმარებოდნენ.

1258 წელს დიდი ყაენის ბრძანებით, ბაღდადის ასაღებად გაემართა მონღოლთა ასორმოცდაათი ათასი მეომარი. შეიძლება, ციფრი ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ, ძალიან არა, მონღოლებს უამრავი მეომარი ჰყავდათ და ძალიან ბევრი ვასალი მებრძოლიც.

ჰულაგუს გვერდით ედგნენ გამოცდილი ნოინები: ჯალაირთა ტომის წარმომადგენელი ელგონი (ელკე); ბაიჯუ, რომელსაც საქართველოს საქმეები ებარა უმეფობის პერიოდში; არღუნ აღა, რომელმაც აღწერა რუსეთი, საქართველო, სპარსეთი და სხვა ქვეყნები მონღოლთა იმპერიაში; ბუღა თემური – ჩაღატაის სახანოს მომავალი ყაენი; ჩინური წარმოშობის გუო ხანი (გო ხანი), რომელიც ხელმძღვანელობდა ჩინელი არტილერისტების (ლოდსატყორცნების სპეციალისტების) სამხედრო ნაწილს, კიტბუღა, რომელიც თავს ქრისტეს მიმდევრად მიიჩნევდა და წმიდა მიწიდან მაჰმადიანთა განდევნა უნდოდა და სხვა გამოცდილი მხედართმთავრები.

ჰულაგუს ჯარში იყო ჩვენი მეფე დავით მეშვიდე ულუ, თავისი მეომრებით. ანტიოქიის ჯვაროსნული სამთავროს ჯარიც ეხმარებოდა მონღოლებს. მცირე რაოდენობით კილიკიელი სომხებიც იყვნენ.

ყაენის ბრძანებით – თუ სახალიფო დაემორჩილებოდა მონღოლებს და ხარკს იკისრებდა, არ ააოხრებდნენ, ხალიფას კი მონღოლთა ყაენის ვასალად გამოაცხადებდნენ და ტახტზე დატოვებდნენ, როგორც ყმადნაფიცი ქვეყნის ხელმძღვანელს.

იმ დროს ბაღდადში იჯდა აბასიდების დინასტიის წარმომადგენელი, ხალიფა აბუ აჰმად აბდულაჰ ალ-მუსთასიმ ბილაჰი. არაბმა ჯეროვნად ვერ შეაფასა მონღოლთა და მათი მოკავშირეების ძალები და მტრის შეთავაზებაზე, დამორჩილებოდა და ხარკი ეკისრა, უარითა და შეურაცხყოფებით უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ ჯარი სათანადოდ შეგროვებული და ორგანიზებული არ ჰყავდა.

11 იანვარს მონღოლები ბაღდადს მიადგნენ. ჰულაგუმ თავისი ჯარის ნაწილი მდინარე ტიგროსზე გადაიყვანა და დაიწყო ქალაქის ალყის ორგანიზება. ბაღდადის დასავლეთით ხალიფას ჯარებმა მოიგერიეს მონღოლების შეტევა. მაგრამ, შემდეგ მონღოლებმა ხერხი იხმარეს, შეიტყუეს მაჰმადიანები დაბლობებში და მოულოდნელად გაანგრიეს წყლის ჯებირები. წყალმა წალეკა იქ მდგარ მაჰმადიან მეომართა დიდი ნაწილი. არაბული არმია, მხედართმთავარ ფათჰ ად-დინ იბნ ქერას ხელმძღვანელობით, დამარცხდა ტიგროსის ნაპირებთან.

სახალიფოს ჯარი გამოსვლას კვლავ აპირებდა ქალაქიდან, მაგრამ მონღოლების ჩასაფრებულმა ნაწილებმა ისევ დიდი ზიანი მიაყენეს არაბებს.

29 იანვარს ხალიფას სხვა აღარაფერი დარჩენოდა, ქალაქში ჩაკეტილიყო თავის ჯართან ერთად. ჩინელმა ინჟინრებმა (გადმოცემით ათასი ჩინელი იყო მონღოლთა არმიაში) დაიწყეს ლოდსატყორცნების, დიდი ისრების სასროლი მოწყობილობებისა და შეტევითი კოშკების აგება.

ჰულაგუმ სამ ნაწილად გაყო ჯარი და სამი მხრიდან დაიწყეს ქალაქზე შეტევა. ერთ-ერთი მხარე ჩვენს მეფეს ჰქონდა ჩაბარებული. მეორე ნაწილს ხელმძღვანელობდა ელგონ (ელკე) ნოინი, მესამე ნაწილს კი – თვითონ ჰულაგუ.

5 თებერვალს ხალიფამ მოლაპარაკება ითხოვა, მაგრამ, მონღოლები უკვე ძალიან გაბრაზებულები იყვნენ და უარი შეუთვალეს მოლაპარაკებაზე.

იმ დროს ბაღდადი უდიდესი და სახელგანთქმული ქალაქი იყო, ცნობილი თავისი ბიბლიოთეკებით, სამეცნიერო სახლით, ბრწყინვალე არქიტექტურით, სიმდიდრით...

თორმეტი დღე მიმდინარეობდა ალყა. ალ-მუსთასიმ ბილაჰმა სცადა ნავით გაპარვა, მაგრამ ელგონ ნოინის ნაწილებმა, რომლებიც მდინარე ტიგროსის გადაღმა იდგნენ, უკან შეაბრუნეს თავის სასახლეში.

დავით ლაშას ძემ ქალაქის ზღუდის გარღვევა ბრძანა. ჩვენს წინაპრებს ჯერ კიდევ ჰქონდათ შემორჩენილი ცოდნა ზღუდეების ნგრევისა. 10 თებერვალს ქართველებმა გაარღვიეს ზღუდე და ერთ-ერთი პირველები შეიჭრნენ ქალაქში. ქართველებმა და თათრებმა გააღეს ქალაქის კარიბჭეები და ბაღდადში ძირითადი ჯარიც შეიჭრა. ქართველებზე ამბობდნენ, გააფთრებული იბრძოდნენ, შურს იძიებდნენ რამდენიმე ათეული წლის წინ ჯალალედინის მაჰმადიანური ურდოების მიერ ტფილისელების განადგურების გამოო. ალბათ, ჩვენი წინაპრების აზრით, მონღოლების ხელით სხვა მტერს იშორებდნენ. ქალაქში ბრძოლები სამი დღე მიმდინარეობდა. მერე ჰულაგუმ ბაღდადი შვიდი დღით საძარცვავად უბოძა თავის მეომრებს.

არბევდნენ და ძარცვავდნენ დამპყრობლები ბაღდადს. ჰულაგუს ცოლის მოთხოვნით, ქრისტიანებისა და ებრაელებისთვის ხელი არ უხლიათ, მაჰმადიანების დიდი უმრავლესობა კი გაწყვიტეს. ქუჩები სავსე იყო დახოცილი მაჰმადიანებით. სხვადასხვა მონაცემით, იმ დღეებში ასი ათასიდან მილიონამდე ბაღდადელი მოკლეს.

გახრწნილი გვამების სუნმა შეაწყუხა ჰულაგუ და კარავი გაატანინა ქალაქიდან.

მონღოლებმა გაძარცვეს და დაანგრიეს ბიბლიოთეკები, სახელგანთქმული სიბრძნის სახლი. წიგნები მდინარეში გადაყარეს. მდინარე ტიგროსი წიგნების შავი მელნითა და ადამიანთა წითელი სისხლით შავ-წითლად იყო შეღებილი.

რასაც არაბები საუკუნეების განმავლობაში სჩადიოდნენ სხვა ქვეყნებში, იგივე საკუთარ თავზე იწვნიეს.

მონღოლებმა ხელთ იგდეს იგავმიუწვდომელი სიმდიდრე, რაც საუკუნეები გროვდებოდა დიდი იმპერიის, სახალიფოს დედაქალაქში. უბრალო მეომრებს ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი თვლები, აბრეშუმი, ჩინური, ქაშანური (ირანული) და ადგილობრივი ჭურჭელი, ძვირფასი ნაკეთობები ჩაუვარდათ ხელში.

ჩვენმა ხელმწიფემ და ქართველმა მეომრებმაც დიდი ქონება მიიღეს საჩუქრად ჰულაგუ ილხანისგან – თავდადებისა და ერთგულებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული