ისტორია

როგორ მოექცა მონღოლი ყაენი ივანე ახალციხელის ვაჟს, ხოლო თურქთა სულთანი კი შალვა ახალციხელის ძეს

№49

ავტორი: გია მამალაძე 17:04 10.12

მონღოლთა ყაენი
დაკოპირებულია

როცა მონღოლები შემოვიდნენ საქართველოში, რუსუდან მეფემ კვლავ მიატოვა ტფილისი და ქუთათისს შეაფარა თავი.

ამირსპასალარი ავაგი კაენის ციხეში ჩაიკეტა.

შემდეგ ავაგ მხარგრძელმა მიბაძა გასომხებულ ორბელიანებს, გამოვიდა ციხიდან და მორჩილება გამოუცხადა მონღოლებს.

რუსუდან მეფე მიუხედავად მონღოლთა შეთავაზებისა, არ დაბრუნდა ტფილისში. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველო დამორჩილდა თათარ-მონღოლებს.

მონღოლები ყველა დამორჩილებული ქვეყნის მმართველს აგზავნიდნენ ურდოში, რათა ახალ ვასალებს ჩინგიზ ყაენის ოჯახისათვის გამოეცხადებინათ მორჩილება პირადად. 

დაახლოებით, 1240 წელს, საქართველოს დამპყრობელთაგან ერთ-ერთმა, ჩინგიზ ყაენის ყოფილმა აბჯრის მტვირთველმა, ჩაღატანოინმა, ავაგი, როგორც საქართველოს მეფის წარმომადგენელი, ჩინგიზ ყაენის უფროსი შვილის ვაჟთან, ბათო ყაენთან გაგზავნა, რომელიც იმ დროს ბატონობდა ჩრდილოეთ კავკასიაზე, რუსეთზე, ხაზარეთსა და ყივჩაღთა სტეპებზე და სხვა ტერიტორიებზე.

ამირსპასალარს ახლდა ამალა, მათ შორის იყო დავით ახალციხელი, გარნისის ბრძოლაში დაღუპული ივანე ახალციხელის ვაჟი, რომელიც ამირსპასალარის ეჯიბის, სამსახურებრივი ქვეშევრდომის მოვალეობას ასრულებდა.
იმ დროს დიდებულების ახალგაზრდა ვაჟები სამხედრო კარიერას ასე იწყებდნენ – რომელიმე სარდლის ეჯიბი, მეაბჯრე, თანაშემწე ხდებოდნენ. ასეთი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში იყო. თუმცა, ცოტაოდენი უცნაურობა მაინც ახლდა ამ ვითარებას – საქართველოში მიიჩნევდნენ, რომ გარნისის ბრძოლაში ივანე მხარგრძელმა სპეციალურად, შურის გამო, არ მიაშველა სამხედრო ძალა ჯალალედინის მრავალრიცხოვანი წინამბრძოლების წინააღმდეგ მეომარ შალვა და ივანე ახალციხელებს და მესხებს, რამაც გამოიწვია ივანეს დაღუპვა და შალვას ტყვედ ჩავარდნა.
მაგრამ, სახელმწიფოსა და სამხედრო სტრუქტურას თავისი წესები ჰქონდა – მიუხედავად იმისა, რომ რუსუდანისა და მხარგრძელების ხელში, ფაქტობრივად, ჩვენი საომარი მანქანა მოშლილი იყო – ვისაც უნდოდა სამხედრო სამსახური, უნდა დამორჩილებოდა სამხედრო წესებს.
შესაძლოა, ავაგს ეჯიბად სპეციალურად დაუნიშნეს ივანე ახალციხელის ვაჟი, რათა კიდევ უფრო დაემცირებინათ ახალციხელთა გვარი.
როცა ურდოში ჩავიდნენ, ეჯიბმა შესთავაზა ამირსპასალარს:
„რადგან უცხო ხალხს შორის ვართ და არ ვიცით, რას გვიპირებენ, გირჩევ, ისე მოვაწყოთ, თითქოს მე ვარ შენი პატრონი და უფროსი, შენ კი – მსახური. თუ შენი მოკვლა ენდომება ყაენს, მე მომკლავს და არა შენ. ბატონის მოკვლის შემდგომ, ყმებს, ალბათ, აღარ დახოცავსო“.
ავაგი თავიდან უარზე იყო, მაგრამ, დავითმა და დელეგაციის წევრებმა დაარწმუნეს. როცა ქართველები შევიდნენ ბათოსთან, ეჯიბი ამირსპასალარზე წინ წავიდა, თითქოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო და წარუდგა ბათოს, როგორც ამირსპასალარი ავაგი. 
ბათოს გაუხარდა ქართველთა დელეგაციის მისვლა და კარგად მიიღო ისინი. როცა ქართველები დარწმუნდნენ ბათოს კეთილგანწობაში, გადაწყვიტეს, სიმართლე გაემჟღავნებინათ. როდესაც, ბათო ყაენმა კიდევ მიიწვია ქართველთა დელეგაცია თავისთან, ამჯერად ავაგი წარუძღვა წინ დავითსა და სხვებს. ბათო ყაენმა გაკვირვებულმა უთხრა ავაგს:
„შენ არ იცი, ვინაა შენი პატრონი, რომელიც უკან გიდგას და შენ კი წინამძღოლივით წინ მოდიხარო?“
დავით ახალციხელმა ღიმილით უპასუხა:
„დიდო გამარჯვებული ხელმწიფეო! ეს არის ჩემი პატრონი და მე კი მისი მსახური.“
გაკვირვებულმა ყაენმა იკითხა, რა ხდებაო, დავით ახალციხელმა კი უთხრა:
„ასე იმიტომ მოვიქეცით – არ ვიცოდით შენი სიკეთის შესახებ და არ ვიცოდით, რას გვიპირებდი. თუ მოკვლას მოისურვებდი, მე მოვკვდებოდი და არა ჩემი მეთაური“.
ძალიან გაუკვირდა ყაენს, შეაქო დავითი და განაცხადა:

„რადგან ასეთი კეთილშობილია ქართველი ხალხი, ვბრძანებ: ყველა ხალხს შორის, რომლებიც ჩვენ გვემორჩილებიან, ისინი საუკეთესოდ და წარჩინებულად გამოცხადდნენ და საუკეთესო მხედართა შორის ჩაირიცხონ. მათი მამული და საქონელი მათივე საკუთრებაში დარჩეს და ყველასგან სანდოდ მიიჩნეოდნენ“. დაწერა ბრძანება და გაავრცელა. შემდეგ კი ქართული დელეგაცია დიდ ურდოში გაგზავნა მანგუ ყაენთან.

დავით ივანეს ძე ახალციხელის ბიძაშვილი – ფარადავლა შალვას ძე სამშობლოდან წავიდა და მონღოლების წინააღმდეგ საბრძოლველად რუმის (იკონიის) სულთანს, ყიასად-დინ ქეიხუსრევ მეორეს, ქართული წყაროთი – ყიასდინს, რუსუდან მეფის სიძეს, ეახლა. მასთან ერთად, რუმის სულთნის დასახმარებლად იყო აფხაზეთის ერისთავი დარდინ შერვაშიძე.

არ არის გამორიცხული, დარდინი და ფარადავლა, მესხებისა და აფხაზების (დასავლეთის ქართველების) სამხედრო შენაერთებთან ერთად, საქართველოს სამეფო კარმა გააგზავნა რუსუდანის სიძესთან, მონღოლების დამარცხებისა და დასუსტების მიზნით. ან, შეიძლება, ფარადავლა ახალციხელი გარნისში მამამისის გაწირვისა და მხარგრძელების ძალიან აღზევების გამო ყოფილიყო გადახვეწილი ქვეყნიდან.

ოდესღაც ძლიერი რუმის სასულთნო დასუსტებული იყო სამოქალაქო ომით. ყიასდინმა შეკრიბა დიდი ჯარი, მოიხმო ვასალები, ალეპოს მმართველი და ტრაპიზონის იმპერატორი. დაიქირავა ორი ათასი ევროპელი და ათასი მეომარი ნიკეის იმპერიიდან.

მონღოლებმა გაიარეს არზრუმი და მიადგნენ ერზინკას (ერზინჯანს). ერზინჯანთან ახლოს, სივასის, ერზინჯანსა და არზრუმს შორის, ქოსე-დაღის (ქოსამთის) მახლობლად დადგნენ. მათ საქართველოს, როგორც ვასალი ქვეყნის ჯარის ნაწილებიც ახლდნენ.
სულთანმა თავის ჯარს სათავეში ჩაუყენა ქართველი დარდინ შარვაშიძე. ქართველები წინამბრძოლებად დააყენეს, როგორც მონღოლებმა, ისე თურქებმა.

1243 წლის ზაფხული იდგა. სასტიკი ბრძოლა გაიმართა. მონღოლების მხარეს მებრძოლმა ქართველებმა დიდი ზიანი მიაყენეს თურქთა ჯარის მარჯვენა ფლანგს. თურქების მხარეს მეომარი ქართველებიც თავგანწირულად ებრძოდნენ საქართველოს მონღოლ დამპყრობლებს.

უცებ, ბრძოლის დროს მონღოლები მოტრიალდნენ და გაიქცნენ. თურქები გამოეკიდნენ და გაიშალნენ. მონღოლთა ჩასაფრებულმა ნაწილებმა მოულოდნელად საფარიდან დაუშინეს ისრები გაშლილ თურქებს. „გაქცეულებიც“ მოტრიალდნენ და ორი მხრიდან შეუტიეს მტერს. ბრძოლაში დაიღუპა თურქ-სელჩუკთა არმიის მხედართმთავარი დარდინ შარვაშიძე. არეულობა დაიწყო თურქების ჯარში. სულთანი და თურქები გაიქცნენ. მონღოლები და ქართველები გამოეკიდნენ, ბევრი თურქი დახოცეს ან შეიპყრეს.

გადარჩენილმა ყიასდინმა მონღოლთა მხარეს მებრძოლ ჩვენს წინაპრებს დააბრალა მონღოლთა გამარჯვება და ამიტომ მოაკვლევინა ფარადავლა ახალციხელი.

ასეთი ბედი ეწიათ დიდი საქართველოს გმირების, შალვა და ივანე ახალციხელების, ასევე ვაჟკაც ვაჟებს, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ვერ უპატრონა სამეფო კარმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...