ისტორია

როგორ მოატყუეს მტრებმა გიორგი მესამე და მისი სარდლები და მიაღწიეს თუ არა მიზანს

№1

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 12.01

ისტორია
დაკოპირებულია

ჩვენმა ძლევამოსილმა ხელმწიფემ, გიორგი მესამემ, 1161 წელს აიღო სომეხთა ერთ-ერთი დედაქალაქი ანისი. მეფე გიორგიმ დიდი თანხა გააგზავნა მაჰმადიან მფლობელებთან, რომელთაც გატაცებული ჰყავდათ სომხები და სხვები, უამრავი ადამიანი გაათავისუფლა ტყვეობიდან და ანისში დააბრუნა. შემდეგ წელს გიორგი მესამე გაემართა სომეხთა სხვა დედაქალაქისკენ – დვინისკენ და ისიც აიღო. გზად, ჩვენმა წინაპრებმა დაარბიეს განძის მიდამოები და გამარჯვებული დაბრუნდნენ.

ვერ შეეგუა ანისის დაკარგვას ხლათის მბრძანებელი, შაჰარმენი. შეკრიბა დიდი ჯარი, მოიმხრო სომხეთის სხვა მაჰმადიანი მფლობელები, ასევე დიარბექირის, შამის (დამასკოს), არზრუმისა და არაბთა და თურქთა ზოგიერთი მთავარი და დიდი კოალიციით გამოემართა ქართველების წინააღმდეგ.

ჩვენი წინაპრები შეებრძოლნენ მტერს და სასტიკად დაამარცხეს.

ხლათის, დიარბექირის, არზრუმისა და სხვა მაჰმადიანთა მთავრების ლაშქრის დამარცხების გამო მაჰმადიანთა ღირსების აღდგენა და გიორგი მესამის ექსპანსიონური პოლიტიკის შეჩერება სცადეს სხვა მაჰმადიანმა მბრძანებლებმაც: „ხორასნისა და ერაყის სულტანმა“, მაჰმადიანთა უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა – ხალიფამ და სპარსეთის ათაბაგმა ელდიგუზმა. უფრო დიდი ჯარი შეკრიბეს და გამოაგზავნეს საქართველოში. მათთან იყო შაჰ-არმენი და სხვა მთავრებიც.

მაჰმადიანთა კოალიციური ჯარი მოულოდნელად შემოიჭრა საქართველოში. ქვემო ქართლში გაგის ციხე აიღეს და იქაურობა მოარბიეს. მაჰმადიანების თქმით, თითქოს გიორგი მეფე კვლავ აპირებდა სამაჰმადიანოზე შეტევას და ისინი წინ დახვდნენ. მაგრამ, თუ ასე იყო საქმე, მაჰმადიანები ქვემო ქართლში კი არ შემოიჭრებოდნენ, არამედ საქართველოს საზღვრების გარეთ დახვდებოდნენ, მათ დასარბევად გამგზავრებულ ქართულ ჯარს. მაშასადამე, უფრო სწორი უნდა იყოს, რომ ინიციატივა შემოჭრისა და ომისა მაჰმადიანებს ეკუთვნოდათ და ისინი შემოიჭრნენ საქართველოში.

ეს რომ დავით აღმაშენებლის დროს მომხდარიყო, როდესაც ჩვენი დაზვერვა ძალიან კარგად მუშაობდა, ქართველთა ლაშქარი საქართველოში შემოჭრამდე დახვდებოდა წინ მტერს. თუმცა, მეფე გიორგიმ მაინც სწრაფად შეკრიბა ჯარი და გაგის ციხეს მიადგა.

ქართული ცნობით, მაჰმადიანებმა ვერ გაუბედეს ჩვენს წინაპრებს შებრძოლება, ახლა მეფე გიორგის ვერავინ შეებმება პირისპირო და უკან დაიხიეს. მეფეს უნდოდა მათი გადევნება, მაგრამ, ზოგიერთმა დიდებულმა ხელით დაუჭირა აღვირი მეფის ცხენს და ურჩია ხელმწიფეს, მაინც გარბიან დამარცხებულნი, ნუ გამოვცდით ღმერთს, ისედაც გამარჯვებული ვართ, დაე, გაიქცნენო.

დამჯერი იყო მეფე გიორგი, შეწყვიტა ბრძოლა.

მაჰმადიანური წყაროები ამტკიცებენ, თითქოს მაჰმადიანებმა გაგის ციხესთან დაამარცხეს ქართველები და დიდი ნადავლით წავიდნენ უკანო. მაგრამ, ასე არ ყოფილა, სომეხი ისტორიკოსები, ვარდანი და სტეფანოს ორბელიანი, ადასტურებენ, რომ მაჰმადიანებმა დატოვეს ტყვეები, კარვები, საჭურველი, სანოვაგე და ისე გაიქცნენ. ჩანს, ქართული ცნობა უფრო სწორია, მაჰმადიანები მოერიდნენ პირისპირ მეფე გიორგისთან შებმას. გარკვეულწილად, შურიც იძიეს დამარცხებების გამო, გაგის ციხე აიღეს, სანამ მეფე გიორგი მოვიდოდა ჯარით და რაც მთავარია, რაღაც მანევრი ჩაიფიქრეს. გადაწყვიტეს ჩვენი ხელმწიფის მოტყუება.

სულთანს ელჩი გამოუგზავნია ჩვენი ხელმწიფისთვის, თითქოსდა მოსალაპარაკებლად, მშვიდობის დასამყარებლად. სინამდვილეში, „მოციქული“ აკვირდებოდა, რა ხდებოდა ქართველთა ბანაკში და ცნობებს უგზავნიდა პატრონებს. მეფე გიორგიმ და ქართველმა პოლიტიკოსებმა გულუბრყვილოდ დაიჯერეს, საბოლოოდ გავიმარჯვეთო. გაუშვეს ლაშქარი და მეფე, დიდებულებთან ერთად, ლორესა და დმანისს შორის დაბანაკდა და უდარდელად ნადირობდა.

ამასობაში, მაჰმადიანთა ლაშქარმა შემოუარა გელაქუნის ტბას და ისე წარმოაჩინა, თითქოს ქალაქ ანისისკენ მიემართებოდა. ეს ამბავი შეიტყო ანისის მცველმა, დიდმა და სახელგანთქმულმა მებრძოლმა თორელმა და გამართა საბრძოლო მანქანები და მოემზადა საომრად. მემატიანე ამბობს, რომ ანისზე შესაძლო თავდასხმის შესახებ შეუტყვია მეფეს, მაგრამ, მეტი არაფერი იცოდა მხიარულად მონადირემ.

უყვარდა ნადირობა მეფე გიორგის, ერთ მონეტაზე შევარდენით ხელშიცაა გამოხატული ჩვენი მორჭმული ხელმწიფე. ალბათ, ბრძანებაც გასცა, კვლავ შეკრებილიყო და ანისისკენ დაძრულიყო ჩვენი ჯარი, რომელიც, ალბათ, სადმე სამცხეში იკრიბებოდა, თვითონ მეფე კი მცირერიცხოვანი ნაწილით მშვიდად იდგა გარგართან, ლორეს სამხრეთით.

აგენტმა ელჩმა სასწრაფოდ აცნობა მაჰმადიანთა მეთაურებს, მეფე გიორგი ჯარის გარეშე დგასო. ელდიგუზმა ანისისაკენ მიმავალი ჯარი მოატრიალა და სწრაფი სვლით ლორესკენ დაიძრა.

მაჰმადიანები მალულად მიუახლოვნენ მეფის ბანაკს და ღამით, მძინარეებს, მოულოდნელად დაესხნენ თავს ჩვენს ხელმწიფეს, მის ვაზირებს და მხლებლებს. „ღამესა მას, ჟამსა განთიადისასა, მძინარეთა ზედა-დამსხმელ ექმნეს ესრეთ, რომელ მეფემან ძლითღა იხუმია სწრობა შეჭურვისა და ამხედრებისა ჰუნესა ზედა“.

არ უნდოდა დაუმარცხებელ მეფე გიორგის გაქცევა, მაგრამ ამირსპასალარმა ივანე ორბელმა და სხვა დიდებულებმა ძალით შესვეს ცხენზე და გამოარიდეს უეჭველ ტყვეობას. „ივანე ამირ-სპასალარმან და სხუათა დიდებულთა კნინღა და შეპყრობისა სახედ წარმოიყუანეს”.

მეფის დაცვა არიერგარდად დადგა, მოუბრუნდებოდნენ მტერს, შეებრძოლებოდნენ, აკავებდნენ და ასე მისცეს საშუალება ხელმწიფეს, სამშვიდობოს გამოსულიყო.

„ისტორიანი და აზმანის“ უცნობი ავტორი წერს: „იძულებითა წარმოყუანილი და გამომართებული მრავალ-გზის იგი და მისნი მოყმენი რაზმსა-ვე შინა იპოვნეს, გარე-უკუნ-მქცეველნი და დამხოცნი და დამხოცველნი სპათა მისთანი (ე. ი. სულტნისა)“.

მშვიდობით გამოასწრო მეფემ. მისი მცირერიცხოვანი მეომრებიც მშვიდობით გამოვიდნენ განსაცდელიდან, მხოლოდ ორი ადამიანი დაიღუპა მეფის ამალიდან: „ესე-ვითარი სიმხნე, უცხო და განსაკრთომელი საქმე (აჩუენეს, რომელ) არა დიდებული, არა აზნაური, არა ვარგი და საცნაური აზნაურის ყმაცა დაკლებულ იქმნა მათ ლაშქ[ა]რთა შინა. თვნიერ ერთისა ჯუარის-მტვირთუელისა და ერთისა ბედითის კაცის აზნაურის კიდე, გარნა ჯუარი წარმოყუანებულ იქმნა მშვიდობით“.

უცხოური წყაროებით, მეფის ბანაკის მდიდარი აღჭურვილობა ხელში ჩავარდნიათ მაჰმადიანებს. ისინი ყვებიან, ქართველმა უღალატაო მეფეს.

მტრებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, ვერც ქართული ჯარი გაანადგურეს და ვერც ჩვენი მეფე დაატყვევეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

19-25 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი