ისტორია

როგორ მიმართა გიორგი მესამემ მრავალრიცხოვანი მტრის წინაშე მდგარ ქართველებს

№49

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 13.12

ისტორია
დაკოპირებულია

მეფე გიორგი მესამე, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორის თქმით, ყოფილა გორგასლის ღირსეული შთამომავალი, მაგარი მეომარი და სხვა წინაპრის, წინასწარმეტყველ დავითის მსგავსად, მპყრობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა.

გვირგვინოსანი და პორფიროსანი, მეფეთ-მეფე გადავიდა შეტევაზე სახელმწიფოს საზღვრების გასაფართოებლად, რეგიონში მაჰმადიანების სრულად დასამარცხებლად და სომხური ქვეყნების მთლიანად შემოსაერთებლად საქართველოს სამეფოსთვის.

ქვეშევრომებისადმი სიკეთით სავსე მეფემ, რომელიც დიდ პატივს სცემდა მეომრებს, მხედართმთავრებს, შინაურებსა და უცხო ქვეშევრდომებს, ბრძანა და შეკრიბა ჯარი ქალაქ კაღზევანზე და აშორნიის პროვინციაზე გასალაშქრებლად.

ქალაქი კაღზევანი არმენების იყო ოდესღაც, ასევე მთელი აშორნია. ადრე ეს ტერიტორიები დავით აღმაშენებელმა დალაშქრა და გაანადგურა იქ მდგომი თურქმანული ტომები.

აშორნიის თემი წარმატებით დალაშქრეს ქართველებმა.

შემდეგ გიორგი მეფემ უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ სომეხთა ერთ-ერთი ძველი დედაქალაქისკენ, დვინისკენ გაეშურა. დვინი არარატის მთაგრეხილების ძირში მდებარეობს. გიორგი მესამის პერიოდში, რადგან სომხური სახელმწიფოებრიობა კარგა ხნის გაუქმებული იყო, დვინში, ძირითადად, მაჰმადიანები მკვდრობდნენ. სომხები კი ცდილობდნენ, საქართველოს შეეერთებინა მათი მიწები, რათა რელიგიური და ეროვნული ჩაგვრისგან დაეღწიათ თავი.

დვინის მაჰმადიანმა მოსახლეობამ გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია ჩვენს წინაპრებს, მაგრამ ქართველებმა მაინც აიღეს ქალაქი. ჯარს დიდი განძი ერგო. ტყვეები ტფილისში წამოასხეს. ტყვე იმდენი იყო, რომ ტფილისის ბაზარზე ფასი დავარდა და თითო ტყვე დრამად და ფუკადაც კი იყიდებოდაო, – წერს მემატიანე.

დრამა ვერცხლის ფულის ერთეული იყო. მისი (და დიჰრემის) სახელი მომდინარეობს ბერძნული დრაქმისგან. საქართველოში ამ დროს დიჰრემს დრამას უწოდებდნენ. გარკვეული პერიოდი დრამა და თეთრი ჩვენს ქვეყანაში ერთდროულად იხმარებოდა (სხვათა შორის, დღევანდელ სომხეთში ფულის ერთეულს დრამი ჰქვია). ამ ისტორიაში დრამა ფულის უმცირეს ერთეულადაა ნაგულისხმები. ფუკი ხისგან გამოთლილ ჭურჭელს ნიშნავს. ანუ იმდენად ბევრი იყო ტყვე, რომ ბაზარზე ძალიან გაიაფდა, ერთ დრამად იყიდებოდა ან ხის ჭურჭელშიც კი იცვლებოდაო, გვამცნობს მემატიანე. დრამის ფასი ნიშნავს დაბალ ფასს, დაახლოებით ასე – „გროშია მისი ფასი“...

გიორგი მეფემ გაილაშქრა სომხური ქალაქის, ანისის დასალაშქრად. ის ოდესღაც ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო სამხრეთ კავკასიაში. მემატიანე წერს, მასში ათას ერთი ეკლესია იდგაო. ანისი თავის დროზე დავით აღმაშენებელმა შემოუერთა საქართველოს, თუმცა დემეტრე მეფის დროს ის ქურთული წარმოშობის მაჰმადიანმა დიდგვაროვნებმა, შადადიანებმა მიიღეს ყმადნაფიცობის პირობით.

მეფე გიორგი არ იყო კმაყოფილი შადადიანებით და ამიტომ შეუტია ანისს. სამი დღე მიმდინარეობდა ქალაქის ალყა და ბრძოლები.

შადადიანები გაიქცნენ. მეფემ თავად ჩაიბარა ქალაქი. შემდეგ ანისი ჩააბარა ივანე ორბელს, მანდატურთუხუცესსა და სპასალარს და თანაშემწედ სარგის მხარგრძელი დაუნიშნა.

1162 წელს ანისი გადაეცა სარგის მხარგრძელს და ებოძა ამირას წოდება. რამდენიმე წლის შემდეგ მეფე გიორგი იძულებული იყო, ანისი ისევ შადადიანებისთვის დაეთმო კვლავ ყმადნაფიცობის პირობით.

ანისის კამპანიის შემდეგ მეფე გიორგის დიდებულებმა სანადიროდ და გასართობად წასვლა სთხოვეს, რაზეც მეფემ თანხმობა განუცხადა.

მაჰმადიანური კოალიცია – შაჰარმენი, დიარბექირის ამირა და არზრუმის ამირა, სხვა მთავრებთან ერთად, რომლებმაც საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯარს, 80 000 მეომარს მოუყარეს თავი – დაიძრა გიორგისათვის ანისის წასართმევად. როცა მეფეს მტრის შემოსევის შესახებ აუწყეს, ის ნაჭარმაგევის დასასვენებელ, „გასართობ“ სასახლეში იმყოფებოდა.

მეფე ვერ დაელოდა სრულიად საქართველოს ლაშქრის შეკრებას, არ დაელოდა ლიხთიმერელი სახელგანთქმული მეომრების მოსვლას და მხოლოდ ლიხთამერელთა მცირე ნაწილების ამარა გადაწყვიტა, შირაკისკენ დაძრულიყო.

მეფეს ნაჭარმაგევში თან ახლდნენ იოანე მწიგნობართუხუცესი და სუმბატ-სვიმონი. სუმბატი უშლიდა მეფეს – მცირე ძალებით ხარ და ნუ გარისკავ მთელი ჯარის მოსვლამდეო. „მხნეთა-მხნე და გოლიათთა-გოლიათმა“ მეფემ არ დაუჯერა. „ისტორიანის და აზმანის“ უცნობი ავტორი გვეუბნება, მეფე თავისი სეხნია წმინდა გიორგის მიმსგავსებული გახლდათ და მიმღები იყო მოწამეთა ღვაწლისა და გვირგვინისაო. თუ წმიდა გიორგიმ ერთი ვეშაპი მოკლა, მეფემ ბევრზე-ბევრი ასპიტისა და იქედნეს მსგავსები დაამარცხაო. მართლაც გადაჭარბებული პანეგირიკაა, მაგრამ ქართული სახელმწიფო რომ ძლიერი იყო იმ დროს, დავით აღმაშენებლის დამსახურებით და ინერციით, ეს ნამდვილია.

ბრძოლის წინ გიორგი მეფემ მოაბრძანებინა ძელიცხოველი და ცხენზე ამხედრებულმა მიმართა თავის მეომრებს:

„კაცნო, ძმანო ერთსულნო და ერთრჯულნო!

რაზომ სასურველია საღმრთო რჯულისა და ქრისტეს სახარებისათვის სიკვდილი, ჩვენთვის, რომლებიც შევნატრით ქრისტეს გზაზე შემდგართ და ქრისტესთვის გარდაცვლილებს, და რაოდენ სასახელოა მეომრული სიკვდილი ავადმყოფობის გამო გარდაცვალებასთან შედარებით, რადგან სახელი დარჩება საუკუნეების განმავლობაში.

გსმენიათ ძველი მწერლებისგან, რამდენი ბრძოლა გადაიტანეს საღმრთო სჯულისათვის ებრაელთა ტომმა არტაქსერქსესთან, ელინებმა, როცა თემისტოკლე სარდლობდა მათ არტაქსერქსეს წინააღმდეგ ზღვაზე, და გმირული ბრძოლით ერთი ქალაქის, ათენის მკვიდრებმა დაამარცხეს უამრავი სპარსელი.

ჩემო ფრთიანო ლომებო, აიღეთ ხმლები და შუბები და ღვთის შეწევნით, შემუსრეთ ურჯულოები!“

ლოცვა წარმოთქვა მეფემ და ამირახორ სუმბატ ლიპარიტის ძეს, ბექა სურამელს, ქირქიშ აბულეთის ძეს და მათთან ერთად მტრებზე გაცილებით მცირერიცხოვან თავის მეომრებს ღიმილითა და სიცილით მოუწოდა:

„ჩვენ იმითაც ვჯობთ, რომ უსწრაფესად დავეჯახებით დროშის მატარებლებს და მისი დაცემით დავცემთ მტრის ბანაკს“.

ქართველნი დაუცხრომლად სცემდნენ მტრებს და დიდი ზიანი მიაყენეს. თვით მეფე გიორგი ალექსანდრე მაკედონელის მსგავსად იბრძოდა, თვითონ წარუძღვა თავის მეომრებს და თვითონ დასცა მტრების მთავარი დროშა.

ეს რომ დაინახეს მაჰმადიანებმა, მიბრუნდნენ და გაიქცნენ, როგორც ცხენები.

დიდი ნადავლი ჩაუვარდა ქართულ მხედრობას, კარვები, უამრავი თვალ-მარგალიტი, ოქროჭედილი და დაუმუშავებელი ოქრო, აქლემები, ცხენები, ჯორები და სხვა გარდარეული განძი. ათასობით მაჰმადიანი ტყვედ აიყვანეს ჩვენმა მეომრებმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა