ისტორია

როგორ ქრისტიანდებოდნენ ქართლში სპარსელები და რატომ აწამეს ევსტათი მცხეთელი

№36

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 13.09

ისტორია
დაკოპირებულია

ხოსრო პირველი ანუშირვანის ბატონობისას, 541 წელს, ირანის ქალაქ განძაკიდან ქართლში მოვიდა ერთი სპარსი ახალგაზრდა, სარწმუნოებით მაზდეანი, მოგვის, მაზდეანთა მღვდელმსახურის შვილი, სახელად გვირობანდაკი. დასახლდა მცხეთაში. მისი პროფესია გახლდათ მეხამლეობა ანუ ხარაზობა – კერავდა ფეხსაცმელს.

ქართლში მაშინ ბევრი იყო წარმოშობით სპარსი. ციხეებშიც სპარსთა გარნიზონები იდგა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მეფობა გაუქმებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოგვის, ანუ სპარსთა სასულიერო პირის შვილი იყო, გვირობანდაკი ინტერესდებოდა ადგილობრივი ხალხის, ქართველების, ქრისტიანების ცხოვრებით.

გავიდა ხანი, გვირობანდაკმა მიიღო ქრისტეს სჯული და ქრისტიანი ცოლი მოიყვანა. შესაძლოა, მისი მეუღლე ქართველი ყოფილიყო. სპარსელთა სარწმუნოების ღალატი დამპყრობლების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. სპარსელებს სურდათ, აღმოეფხვრათ ქრისტიანობა დაპყრობილ ქვეყანაში და მაზდეანობით განემტკიცებინათ თავიანთი ბატონობა ქართლში.

ერთხელაც მცხეთაში მაზდეანთა დღესასწაული – ტოზიკობა გაიმართა. მცხეთელმა ხელოსანმა სპარსებმა თავისი თანამემამულე გვირობანდაკიც, აწ უკვე ევსტათი, მიიწვიეს ტოზიკობაზე. მან გაიცინა და უთხრა, ჭეშმარიტი სარწმუნოება ქრისტიანობაა და მე კარგა ხანია, ქრისტეს ვაღიარებო. სპარსელებმა იწყინეს და ევსტათის მცხეთის ციხის სპარსული გარნიზონის უფროსთან, ციხისთავ უსტამთან უჩივლეს. უსტამმა ევსტათი დაიბარა.

თავიდან შეცბა ახალგაქრისტიანებული, თუმცა, შემდეგ რწმენით ძალა მოიკრიბა და ეახლა ციხისთავს. უსტამმა გამოკითხა სადაურობა და მიზეზი წინაპართა სარწმუნოებიდან განდგომისა. ევსტათი მცხეთელმა უამბო თავისი თავგადასავალი.

ციხისთავი დაემუქრა, გაწამებ თუ არ დაუბრუნდები ჩვენს სარწმუნოებასო.

ევსტათიმ მტკიცედ განუცხადა, რომ ქრისტეს სიყვარულით ტანჯვისთვის განმზადებული იყო.

მაზდეანებმა ამცნეს უსტამს, მცხეთაში სხვებიც ცხოვრობდნენ, რომელთაც ქრისტიანობა მიიღესო. ჩამოუთვალეს მათი სახელებიც: გუშნაკ, ბახდიად, ბურზო, პანაგუშნასპ, პეროზაკ, ზარმილ და სტეფანე.

ისინიც დაატყვევებინა მცხეთის ციხისთავმა და რვავე ქრისტიანექმნილი ქართლის მარზპანთან, არვანდ გუშნასპთან გააგზავნა, რადგან ციხისთავს არ ჰქონდა მათი დასჯის უფლება.

ევსტათიმ ყველას მაგიერ განუცხადა არვანდ გუშნასპს – ქრიატიანობა ჭეშმარიტი სარწმუნოებაა და ამიტომ გავხდით ქრიასტიანებიო.

როგორც ჩანს, მაზდეანობაზე გაცილებით კულტურული ქრისტიანობა ფეხს იკიდებდა ქართლში მცხოვრებ სპარსელებსა და სხვა უცხოელებს შორის. ამგვარი მაგალითები სხვა ქალაქებშიც იქნებოდა, ეს კი კატეგორიულად მიუღებელი იყო ირანის პოლიტიკისთვის. ამიტომ, ქართლის მარზპანი მკაცრად მოეპყრო დატყვევებულებს. ბრძანა, მათთვის თმა და წვერი მოეპარსათ, გაეხვრიტათ ცხვირები, ქედზე ჯაჭვი დაედოთ და ფეხებზე ბორკილები. ეცემათ და საპყრობილეში ჩაეგდოთ. იქვე განაცხადა: თუ რომელიმე მოინანიებდა და დაუბრუნდებოდა მაზდეანობას, დიდ საჩუქარს მისცემდა.

ბახდიადი და პანაგუშნასპი შეშინდნენ და უარყვეს ქრისტიანობა. სხვები მტკიცედ ერთგულობდნენ ქრისტეს. მაშინ მარზპანმა ბახდიადი და პანაგუშნასპი გვერდით მოისვა, საჩუქრებს შეჰპირდა, დანარჩენ ექვსს კი, მარზპანის ბრძანება აუსრულეს. აქვე გამოჩნდა არვანდ გუშნასპის დაპირების სიყალბე, სპარსულ სარწმუნოებაზე დაბრუნებულები კი გაათავისუფლა, თუმცა ერთი ფსირიდიც (ფულის უმცირესი ერთეული) კი არ მისცა.

ექვსი თვე საპყრობილეში ისხდნენ გაქრისტიანებული სპარსები.

სპარსეთის შაჰმა არვანდ გუშნასპი თავისთან იხმო. გამგზავრების წინ მასთან მივიდნენ ქართლის კათალიკოსი სამოელ მეორე, ქართლის მამასახლისი გრიგოლი, ქართლის პიტიახში არშუშა, სხვა დიდებულები და სთხოვეს, გაეთავისუფლებინა ტყვე ქრისტიანები.

არვანდ გუშნასპი დათანხმდა. სპარსელებს, როგორც ჩანს, არ უნდოდათ, გაემწვავებინათ სიტუაცია.

ბახდიადს და პანაგუშნასპს ცხოვრება გამწარებიათ. ბახდიადი გაგიჟებულა, ხოლო პანაგუშნასპმა მათხოვრობაში გალია ცხოვრება.

სამი წლის მერე ქართლში მოვიდა ახალი მარზპანი – ვეჟან ბუზმირი. მასაც ეახლნენ დამსმენი სპარსები და მოითხოვეს გაქრისტიანებულების დასჯა.

ახალგაქრისტიანებულთაგან ზოგიერთი უკვე გარდაცვლილიყო. სტეფანე და ევსტათი კი, ალბათ, ყველაზე მეტად აღიზიანებდათ მაზდეანებს.

როცა მცხეთიდან ტფილისს მიჰყავდათ წმიდა ევსტათი, მან იწინასწარმეტყველა, რომ თავს მოკვეთდნენ და დაემშვიდობა ცოლს, შვილებს, სიდედრს და ახლობლებს. მცხეთის ჯვარს რომ გაუსწორდნენ, შესთხოვა უფალს, მაზდეანთა წესისამებრ, მხეცთა საჯიჯგნად არ გაემეტებინა მისი ცხედარი და დაეფლათ მცხეთაში, სადაც გაქრისტიანდა. ოჯახის წევრები უკან მისდევდნენ და მისტიროდნენ ნეტარს.

ტფილისში მარზპანს ეახლნენ ასურელები და აუხსნეს, რომ სტეფანე მათი დაბიდან იყო, დედა, მამა, ძმები და დები ქრისტიანი ჰყავდა. ამიტომ, ვეჟან ბუზმირმა იგი გაათავისუფლა.

ვეჟან ბუზმირის წინაშე გაიმართა ევსტათის საქმის განხილვა. მან უამბო მარზპანს თავისი ცხოვრების შესახებ. მამა მოგვობას ასწავლიდა, მას კი სხვა სარწმუნოებების შესწავლაც უნდოდა. ამჩნევდა, რომ ცეცხლის თაყვანისცემა არ იყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, რადგან ღმერთის შექმნილია ცეცხლიც, რომელიც წყალს შეუძლია, ჩააქროს. ძიების დროს სინაგოგაშიც დადიოდა და სწავლობდა ებრაელთა სარწმუნოებას. შემდეგ ქრისტიანთა ეკლესიაშიც შევიდა. სამოელ არქიდიაკონი დაინტერესდა მისით და გააცნო ქრისტიანობა ჭეშმარიტების მძებნელს. შემდეგ სპარსი მოინათლა სამოელ მეორის, ქართლის კათალიკოსის მიერ (სამოელ არქიდიაკონი და სამოელ კათალიკოსი, შეიძლება, ერთი და იგივე პიროვნებაა).

ევსტათი, როგორც მოგვის შვილი, განათლებული გახლდათ. რწმენის ძებნაში კი კიდევ უფრო გაიზარდა მისი ცოდნის თვალსაწიერი. ამიტომ, ძალიან კარგად უხსნიდა მარზპანს ქრისტიანობის არსს და გაქრისტიანების მიზეზს.

ქართლის მარზპანი ცდილობდა, ევსტათი მცხეთელის დარწმუნებას, არ დაეობლებინა შვილები და დაბრუნებოდა მაზდეანობას, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ბრძანა, წაეყვანათ და ღამით მოეკვეთათ თავი, რომ ქრისტიანებს თაყვანი არ ეცათ მისთვის. ცხედარი კი მხეცებისა და ფრინველთა საჯიჯგნად ქალაქგარეთ გაეტანათ.

ჯალათებმა სიკვდილის წინ ლოცვა მაინც აცალეს წმიდანს. არ უნდოდათ მისი მოკვლა, მაგრამ მაშინ ვეჟან ბუზმირი მათ დასჯიდა სიკვდილით. მოკვეთეს თავი წმიდა ევსტათის, ქალაქგარეთ გაიტანეს და დატოვეს.

სტეფანეს გაფრთხილებული ჰყავდა ქრისტიანები. ისინი გაჰყვნენ და ნახეს წმიდა ევსტათის ცხედარი. გადაასვენეს მცხეთაში და აუწყეს სტეფანეს. მან კი კათალიკოს სამოელს ამცნო, რომელმაც წმიდა ევსტათის ნეშტი სვეტიცხოვლის საკურთხეველში დააკრძალინა, დაახლოებით 550 წელს.

წმიდა ევსტათის ქრისტიანობისადმი ერთგულებამ ქრისტიანობაში განამტკიცა ქართველები.

გაიოზ მამალაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა