ისტორია

როგორ ისარგებლეს მტრებმა ელჩის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, გიორგი მეორის წინააღმდეგ

№10

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 17.03, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

გიორგი მეორემ 1161 წლის ზაფხულში აიღო სომეხთა ერთ-ერთი ძველი დედაქალაქი – ანისი. ანისი კვლავ შემოუერთდა საქართველოს. მეფემ ანისის ამირად დანიშნა ივანე ორბელი, მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი. თანაშემწედ სარგის მხარგრძელი დაუნიშნა. ქალაქის მცველად ორი ათასი მეომარი დატოვა. შემდეგ ანისი გადაეცა სარგის მხარგრძელს და მას ებოძა ამირას წოდება.

გახარებული იყო გიორგი მეორე, ანისის დასაბრუნებლად წამოსული ხლათის მბრძანებლის (შაჰარმენის), სომხეთის სხვა მაჰმადიანი მფლობელების, დიარბექირის, შამის (დამასკოს), არზრუმისა და სხვა, არაბთა და თურქთა ზოგიერთი მთავრის გაერთიანებული ლაშქრის დამარცხების გამო. ქართველებმა ძალიან მცირე დანაკარგებით სძლიეს გაცილებით მრავალრიცხოვან მტერს.

ერთი სომეხი ისტორიკოსის ცნობით, ქართველებს დაუმარცხებიათ ოთხმოცი ათასი მაჰმადიანი. შვიდი ათასი მეომარი მოუკლავთ და ორი ათასი ტყვედ აუყვანიათ. ტყვეთა შორის ყოფილა ექვსი დიდი მთავარი და ამირა.

აღივსო საჭურჭლით ქართული ჯარი – დიდებულებიც და უბრალო ჯარისკაცებიც. მეფემ დიდძალი საბოძვარი გასცა. სომხურივე ცნობით, ანისის მოქალაქეებს, განურჩევლად ეროვნებისა, ქართველმა მეფემ საჩუქრად დაურიგა ორმოცი ათასი დრაჰკანი (ოქროს ფული). ანისიდან ადრე ტყვედწაყვანილი ქრისტიანები და მაჰმადიანებიც მტრების ტყვეობიდან გამოისყიდა და გაათავისუფლა.

გახმაურდა ამბავი ხლათის, დიარბექირის, არზრუმისა და სხვა მაჰმადიანთა მფლობელების ლაშქრის დამარცხების შესახებ. შეიტყვეს ეს ამბავი „ხორასნისა და ერაყის სულტანმა“, მაჰმადიანთა სასულიერო ლიდერმა – ხალიფამ, სპარსეთის ათაბაგმა ელდიგუზმა, შეკრიბეს დიდი კოალიცია და გამოემართნენ საქართველოსკენ.

გამარჯვებისთვის სპარსელ მაჰმადიანებს ჯადოქრობისთვისაც კი მიუმართავთ და გაუხსენებიათ წინაპრების ღმერთი, ზოროასტრი (ზარატუსტრა), რომელიც იყო პირველი მეფე და ვარსკვლავთმრიცხველი მათი. მისი ძვლების ძებნა დაუწყიათ, რადგან გადმოცემა არსებობდა – „ვიდრე გექნებათ ზოროასტრის ძვლები, არ მოაკლდება მეფობა სპარსელებსო“.

შეიკრიბნენ რანში, შემოვიდნენ ქვემო ქართლში, აიღეს გაგის ციხე და მოაოხრეს საქართველოს საზღვარი.

ეს რომ გაიგო საქართველოს მეფემ, მოუწოდა საქართველოს შვიდივე სამეფოს ლაშქარს, იმერიდან და ამერიდან, გადმოიყვანა კავკასიის გადაღმიდან ოსები, სხვა მთიელები და დიდი ძალით გაემართა მაჰმადიანთა უთვალავი ჯარის წინააღმდეგ.

როცა მაჰმადიანთა კოალიციის სარდლებმა იხილეს, ქართველებს არ შეეშინდათ და მოგვადგნენო, თავად შეშინდნენ, ითათბირეს და თქვეს: „არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა“, გავერიდოთო.

დაიხიეს უკან და მოერიდნენ ჩვენს ჯარს. მიატოვეს სანოვაგე, კარვები, საჭურველი და გაცლას ცდილობდნენ.

წამოეწივნენ ჩვენები და დაუწყეს ცხენებიდან ჩამოყრა მათ უკანა რიგელებს. ეს რომ გაიგო სვეგანდიდებულმა გიორგი მეფემ, გააფთრებულმა გაიწია შეტევაზე გადასასვლელად. მაგრამ, რამდენიმე დიდებულმა სადავე დაუჭირა მის ცხენს და არ გაუშვა. შეიძლება, დიდებულები მოერიდნენ ზედმეტ სისხლისღვრას, გამარჯვებას ისედაც მიაღწიეს, მტერი უკან გაბრუნდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს შეცდომა იყო, რადგან ქართველთა მხრიდან არ მოჰყვა შესაბამისი ნაბიჯები.

მეფე იყო ბრძენი და მომსმენი, დამორჩილდა დიდებულების რჩევას და აღარ გაეკიდა მტერს.

გაუშვა გიორგიმ ჯარი და არხეინად შეუდგა ისევ გართობას, სიხარულსა და ნადირობას.

სამწუხაროდ, დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სისტემა აღარ მუშაობდა კარგად. სიფრთხილე აკლდათ ქართველებს.

სულთანმა, ათაბაგმა და მათმა ჯარმა, ამასობაში, გელაქუნის ოლქი გადაიარეს, შემდეგ მოულოდნელად გადაუხვიეს, რეიდი განახორციელეს და სწრაფად მივიდნენ ქალაქ ანისთან. მოირთვეს სხვა მაჰმადიანი მფლობელებიც, ადრე დამარცხებულები.

ანისს მართავდა დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე თორელი. გაამზადა თორელმა საბრძოლო მანქანები.

მეფე, მცირერიცხოვანი ძალებით, სანადიროდ და გასართობად ლორესა და დმანისს შორის იდგა. მასთან ვითომ მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა სულთნის ელჩი, რომელიც დაზვერვასაც ახორციელებდა, „კაცი მოგï და ტრელი, მეცნიერი საქმისა, ამხილველი და გამომხილველი ლაშქართა დგომისა.“ „ელჩი“ სწრაფად გაემგზავრა სულთანთან და ათაბაგთან და აცნობა, გიორგი მეფე მცირე ამალით დგას არხეინადო.

მიატოვეს ანისი მაჰმადიანებმა და სწრაფი მარშით დაიძრნენ მეფის სამყოფლისკენ. დილაადრიან თავს დაესხნენ მძინარეებს, მეფესა და მის მცირერიცხოვან მეომრებს. ძლივს მოასწრეს ქართველებმა ჩაცმა და აბჯრის ასხმა. ძალები უთანასწორო იყო.

ივანე ამირსპასალარმა და სხვა დიდებულებმა ძლივს დაითანხმეს დაუმარცხებელი გიორგი მეფე, უკან დაეხია. ეუბნებოდნენ: „არის დრო ომისა და არის დრო გაქცევისა. ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. ჩვენ გავიქცეთ ახლა და შემდეგში კვლავ შევძლებთ ჩვეულებისამებრ გამარჯვებასო“. იძულებით მოჰყავდათ მეფე. არიერგარდის მეომრები კი შიგადაშიგ მოუბრუნდებოდნენ მტერს და ბრძოლას უმართავდნენ, რათა ხელმწიფე სამშვიდობოს გაეყვანათ.

ისეთი სიმხნე და სიჩაუქე გამოიჩინეს ქართველებმა, რომ არცერთი აზნაური, არც ვარგი, არც აზნაურის ყმა არ მომკვდარა, გარდა ერთი ჯვარისმტვირთველი ქანისძისა და ერთი უიღბლო აზნაურისა. სალაშქრო ჯვარიც მშვიდობით გამოარიდეს მტერს.

მაჰმადიანთა კოალიციის მეთაურებმა თქვეს: „ვინათგან უგრძნეულოდ დამსხმელთა ვერ üელთ ვიგდეთ, აწ გრძნობილისა დევნა-დევნა არს აჩრდილთა და წიაღითა პყრობა ქართა. აწ უკუნ ვიქცეთ, რომელი მოგუცა ღმერთმან ამისნი მმადლობელნი, თïსადვე მამულად“.

ეს მოხდა 1162 წელს. ამის მერეც კარგა ხანს გაგრძელდა დაპირისპირება ქართველებსა და მაჰმადიანებს შორის ანისის გამო.

შემოეხვეწა ელდიგუზ ათაბაგი და ჩადგა შუამავლად მეფესა და სულთანს შორის და ითხოვა ზავი. დედოფალი რუსუდანი, ჩვენი მეფის დაც, ხორასნის (ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქვეყნის) ყოფილი სულთნის ქვრივი, შუამავლად ჩადგა თავის ძმასა და მაჰმადიან მფლობელებს შორის და დაიდო ზავი.

ამ მარცხისა და მუდმივი საომარი მდგომარეობიდან გამოსვლის სურვილის გამო, დაახლოებით 1165 წელს, გიორგი მეფე იძულებული გახდა და ანისი ისევ უბოძა ძველ მფლობელს, მაჰმადიან ქურთ შედადიანს (შადადიანს) და ითაყვანა ყმადნაფიცობის პირობით, ანუ შედადიანი კვლავ ქართველთა მეფის ვასალი გახდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი