ისტორია

როგორ ღალატობდა ჯალალედინი მაჰმადიანურ სამყაროს ინტერესებს და ვისთან გაექცა მას ცოლი

№27

ავტორი: გია მამალაძე 22:00 16.07

ისტორია
დაკოპირებულია

ჯალალედინს ერთ-ერთ ცოლად ჰყავდა სელჩუკი ქალი, სახელად მალიქა. ძალიან ჰყვარებია მალიქა, ძალიან და ამიტომ მალიქას ხელთ ყოფილა სულთნის ხაზინის დიდი ნაწილიც. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჯალალედინი სხვაგან იყო, მალიქა გაიქცა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული სომხეთის მიწაზე არსებულ ხლათის სამთავრო-სასულთნოში, ერთ კაცთან, ხლათის მელიქის ჰაჯიბთან – ჰუსამ ალ-დინ ალისთან და გადასცა მას რამდენიმე ციხესიმაგრე და ჯალალედინის ქონება.

მელიქ აშრაფი ეგვიპტის აუბიდთა დინასტიის მეხუთე სულთნის, კაიროს, იერუსალიმისა და დამასკოს მბრძანებელის, ალ-ადილ პირველის მეექვსე ვაჟი და ახალი სულთნის, ალ-კამილის ძმა იყო. მელიქ აშრაფი ჯალალედინის ხლათზე შეტევების დროს ძმასთან იმყოფებოდა სამსახურში, შამში (დამასკოში, სირიაში). იმ ხანებში, 1228-1229 წლებში მიმდინარეობდა მეექვსე ჯვაროსნული ომი. დიდი ბრძოლები იყო ეგვიპტის სასულთნოსა და საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიჰ მეორე ჰოჰენშტაუფენს შორის. ჯვაროსნებს დაკავებული ჰქონდათ ეგვიპტის საპორტო ქალაქი დამიეტა (დუმიატა), ნილოსის დელტაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეგვიპტის აიუბიდი სულთანი ალ-კამილი რთულ ვითარებაში გახლდათ, რამდენჯერმე სთხოვა ჯვაროსნებს ზავი და არაერთ დათმობაზე მიდიოდა. ამ დროს მისი ერთმორწმუნე ჯალალედინი, რომელსაც მაჰმადიანთა მცველად მოჰქონდა თავი, საქართველოზე შეტევის წინ, ზურგიდან უტევდა ეგვიპტის სასულთნოს და, საერთოდ, მაჰმადიანურ ინტერესებს, ასუსტებდა სამაჰმადიანოს – ანადგურებდა თავრიზის, განჯისა და სხვა მაჰმადიანური ქალაქების მოსახლეობას და რაც მთავარია, ეგვიპტის სულთნის ძმის, მელიქ აშრაფის სამფლობელოებს აწიოკებდა და ამგვარად, აიუბიდებს ასუსტებდა.

1229 წელს, ეგვიპტის სულთანმა შეთანხმებას მიაღწია ჯვაროსნებთან, დაუთმო იერუსალიმი, ბეთლემი და სხვა ტერიტორიები. მართალია, ეგვიპტემ ზავი დადო ჯვაროსნებთან, მაგრამ, დასუსტებული იყო და ვერ ახერხებდა ხლათში ჯარის გაგზავნას. თუმცა, ცდილობდა, დიპლომატიური გზებით მოეგვარებინა ურთიერთობა ჯალალედინთან. ჯალალედინს კი არც ისლამი აინტერესებდა, არც ღირსება, მდიდარი ხლათის ქალაქის ქონება სურდა ჩაეგდო ხელში.

ხლათში სარდლად იყო ჰუსამ ალ-დინ ალი, ხლათის ფაქტობრივი მმართველი გახლდათ თამთა მხარგრძელი – საქართველის გარდაცვლილი ათაბაგისა და ამირსპასალარის ივანეს ასული. ჯალალედინის ხლათზე მესამე შეტევის დროს ჩვენი სამეფოს ამირსპასალარი ივანეს ვაჟი, ავაგი იყო.

დიახ, ჯალალედინს ცოლი გაექცა. თან გაექცა არა რომელიმე მბრძანებელთან, რაც ქალის ამბიციების, პატივმოყვარეობის გამოხატვა იქნებოდა, არამედ ხლათისა და სხვა ტერიტორიების მბრძანებლის, მელიქ აშრაფის მოადგილე-ნაცვალთან, ჰაჯიბთან, ვაზირთან.

ისე სძულდა მალიქას ჯალალედინი, ისე გამწარებული ყოფილა მალიქა, რომ უცნობ, უნახავ კაცს გაეკიდა, ოღონდ ჯალალედინს მოსცილებოდა.

მალიქას მხრიდან ეს დიდი რისკი იყო. ჯალალედინი ჯერ კიდევ ძლიერი გახლდათ. ადარბადაგანში მბრძანებლობდა, ირანის ნაწილიც ემორჩილებოდა, ქართველები დაემარცხებინა და აღმოსავლეთ საქართველოში დათარეშობდა, გარშემო რამდენიმე მაჰმადიანური სასულთნოც დარბეული ჰქონდა, ჯარი მრავალრიცხოვანი ჰყავდა.

მაინც გარისკა მალიქამ და მიატოვა ნარცისი და უვარგისი, მდიდარი სულთანი, ახალგაზრდა ადამიანი. გაიქცა ვაზირთან, ჯალალედინზე დაბალი სოციალური წარმოშობისა და მდგომარეობის ადამიანთან, მაგრამ, ჯალალედინზე უკეთესთან.

ალბათ, ძალიან აუტანელი იყო საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისი და სადისტი ჯალალედინი. ჯალალედინის მაქებელი სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინიც კი ვერ მალავს, რომ სულთანი სამელნეს ურტყამდა ხოლმე საკუთარ ვაზირს თავში. დაპყრობილ ქვეყნებში მოსახლეობას, როგორც ეპყრობოდა, ყველასთვის ცნობილია. არა მხოლოდ ქრისტიანებს, ქართველებს ექცეოდა სადისტურად, არამედ მაჰმადიანებსაც, ძარცვავდა მათ, იპყრობდა, ხოცავდა...

შესაძლოა, სადისტურად ექცეოდა მალიქასაც. ადამიანს, რომელიც ათეულ ათასობით ადამიანს არ ინდობდა, აწამებდა, ხოცავდა, თავშეკავების უნარი ექნებოდა?

შეიძლება სხვა რამის გამო იყო მალიქა უკმაყოფილო. ეგება ჯალალედინს ღამღამობით მონღოლები ელანდებოდა, მისი სამშობლოს ამკლებნი, მისი დამამარცხებელნი და შიშით გული მისდიოდა იქნებ...

ასეა თუ ისე, სულთანსა და შაჰს, მრავალრიცხოვანი ჯარის პატრონს, ჯალალედინს ცოლი გაექცა არაშაჰური, არასულთნური წარმოშობის მამაკაცთან...

მალიქას ეს საქციელი ნიშნავდა: ჯალალედინ, შენ კაცი არ ხარო!..

ცოლის წამრთმევზე შურისძიება ცხოვრების ერთ-ერთ მიზნად დაისახა ქართველების წინააღმდეგ საღვთო ომის გამომცხადებელმა შაჰმა, რომელიც მაჰმადიანთა შორის ყველაზე აღმატებულად მიიჩნევდა თავს...

ამიტომ შეუტია ხლათს, უკვე მესამედ.

ხლათის კარებთან დაბანაკებულს, არზრუმის სულთანი ეხმარებოდა სურსათ-სანოვაგით.

როგორც ტფილისში, ხლათშიც იპოვა მოღალატეები და მათი დახმარებით აიღო ქალაქი. რასაც ვერ დაუკარგავ ჯალალედინს, მისი ვერაგული, გაქნილი მეთოდები გახლდათ, კარგად პოულობდა მოღალატეებს, იცოდა მათი მოსყიდვის ხერხები, არ იშურებდა დაპირებებს ამისთვის, თუმცა, ატყუებდა და სიტყვას არ ასრულებდა.

ჯალალედინის ხლათზე მესამედ შეტევის დროს ჯალალედინისგან გაქცეული ცოლის ახალი კაცი, ჰაჯიბი ჰუსამ ალ-დინ ალი მოულოდნელად გარდაიცვალა. მაგრამ, ამან მაინც არ დააკმაყოფილა რქებდადგმული ჯალალედინი.

ერთი წელი იყო გასული, რაც ჯალალედინს ცოლი გაექცა და, როგორც იქნა, აიღო ხლათი... თუ მას ცოლი გაექცა ხლათის მელიქის ჰაჯიბთან, ჯალალედინმა „შური იძია“ ხლათის მელიქზე და შევიდა თუ არა ხლათში, ღამე ხლათის მელიქის ცოლთან, თამთა მხარგრძელთან გაატარა, ნაძალადევად, რა თქმა უნდა. რაღაც „დაუმტკიცა“ თავს თუ მსოფლიოს. მაგრამ, ამით, კიდევ უფრო გადაიკიდა აიუბიდები, საერთოდ მაჰმადიანი სულთნები და სასულიერო პირები, რომლებისთვისაც ასეთი უზნეობა მიუღებელი გახლდათ.

პარალელურად, კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა ხორეზმის ნაშაჰარმა, მისთვის ჩვეული. ჯალალედინს მხოლოდ ცოლის საყვარელზე შურისძიების გამო არ უნდოდა ხლათის აღება. ხლათი ერთ-ერთი უმდიდრესი მაჰმადიანური ქალაქი იყო იმდროინდელ მსოფლიოში, მრავალრიცხოვანი და ვაჭრობით განთქმული. ჯალალედინის ჯარმა გაძარცვა ხლათი, მათ შორის მაჰმადიანები. ჯალალედინმა ხელთ იგდო მელიქ აშრაფის ხაზინა.

ჯალალედინის მაქებელი სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინიც კი ვერ მალავს ამ ამბავს:

„აუარებელი ქონება და სიმდიდრე წამოიღეს მალიქ აშრაფის ხაზინიდან და ორი იმდენი ქალაქის შეძლებულ მოსახლეობაში იშოვეს. სულთნის ხაზინა კვლავ გაიფურჩქნა ფულისა და ძვირფასეულობის სიმრავლით. ლაშქარმაც შემწეობა მიიღო ძარცვითა და გლეჯით“.

მაჰმადიანი სულთნები ჯალალედინის განადგურებაზე შეთანხმდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...