ისტორია

როგორ გამოიყენა ვახტანგ გორგასალმა ერთი მოწინააღმდეგის სამხედრო ძალა მეორესთან საომრად

№41

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 21.10, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ძალიან საინტერესოა ჯუანშერის (თუ ჯუანშერის სახელით ცნობილი მემატიანის) თხზულება: „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“, სადაც გამოყენებულია ქართული და უცხოური ცნობები, ფოლკლორული გადმოცემები და მხატვრული ხერხები. ნაწარმოები ბევრ რამეს გვასწავლის, მათ შორის, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ უცხოური სამხედრო ძალა და ინტერესი სხვა მტრების წინააღმდეგ.

თექვსმეტი წლის ვახტანგ პირველმა ჯარი შეაგროვა ჩრდილო კავკასიაში, ოვსეთში სალაშქროდ, რათა ტყვეობიდან გამოეხსნა თავისი უმცროსი დაიკო და ათასობით ქართველი, რომლებიც ოვსებს ჰყავდათ მოტაცებული. მის ჯარში იყვნენ სპარსეთის შაჰის ვასალებიც, თავისი ჯარისკაცებით, მათ შორის, ვახტანგ მეფის ბიძა, დედის ძმა, ვარაზ-ბაკური, არანის ირანული ადმინისტრაციის მარზპანის შვილი. სპარსეთისთვის ხელსაყრელი იყო ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელების ჩაკეტვა.

ოვსებს არ გამოჰპარვიათ ქართველთა სამზადისი. მათაც შეკრიბეს დიდძალი ჯარი, მოირთვეს მომთაბარე ტომებიც, მათ შორის, ნაწარმოების მიხედვით, ხაზარებიც. ოვსთა ჯარი მდინარე თერგის ნაპირას დაუხვდა ქართველთა ჯარს. მდინარე თერგს ოსეთის არაგვსაც უწოდებდნენ ძველად.

მდინარის გაღმა-გამოღმა მხარეს დაიბანაკეს მოწინააღმდეგეებმა. შვიდი დღე იდგა ორივე ჯარი მტრის პირისპირ და ბუმბერაზ ფალავანთა ორთაბრძოლები იმართებოდა. ერთ დღეს გამოვიდა თარხან ხაზარი და დაიყვირა: „ვინ-ცა არს თქუენ შორის უძლიერესი, გამოვიდეს ბრძოლად ჩემდა“. გამოვიდა ფარსმან-ფარუხი, სპარსი, ვარაზ ბაკურის სამხედრო ნაწილებიდან. უძლეველი კაცი იყო, ლომებს შიშველი ხელით იჭერდა, თურმე. გაიმართა ორთაბრძოლა. პირველსავე შეტაკებაზე ოსთა მოკავშირე ხაზარმა გაუპო თავი მკერდამდე ქართველთა მოკავშირე სპარსელს. შეწუხდნენ ვახტანგის ჯარისკაცები, რადგან არავინ ჰყავდათ მისნაირი ძლიერი მეომარი.

მთელი ღამე ვახტანგ მეფემ ლოცვაში გაატარა. შეწევნას ითხოვდა ღვთისგან – თარხანთან ბრძოლა გადაწყვიტა. უშიშარი იყო ქართველთა მეფე. ღვთისა და თავისი ძალის იმედი ჰქონდა.

გათენდა თუ არა, გამოიჭრა ხაზარი ბუმბერაზი და დასცინოდა ქართველებს, მის მოკავშირეებს და იმუქრებოდა. ვერავინ გაბედა მის წინააღმდეგ გასვლა.

მიუბრუნდა ჭაბუკი ქართველი ხელმწიფე თავისიანებს და უთხრა: „არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისად და სიმჴნისა ჩემისად, არამედ მინდობითა ღმრთისა დაუსაბამოსათა, სამებისა ერთარსებისა ყოვლისა დამბადებელისათა განვალ თჳთ-ბრძოლად თარჴანისა“. გაუკვირდათ დიდებულებს, არ უშვებდნენ, რადგან პატარა იყო ჯერ ასაკით იბერიის მეფე, არც საომარი გამოცდილება ჰქონდა. არ დაუჯერა თავის სარდლებს მამაცმა გორგასალმა, ჩამოხდა ცხენიდან, დაიჩოქა, თაყვანი სცა ღმერთს და შემწეობა სთხოვა. შემდეგ კვლავ ამხედრდა თავის ტაიჭზე, მიუბრუნდა თავის ჯარს და უთხრა: „ევედრეთ ღმერთს და ნუ შეძრწუნდებითო“.

ვახტანგის ჯარისკაცები საკუთარი რჯულის მიხედვით ევედრებოდნენ ღმერთს იბერიის მეფის გამარჯვებას.

შუბით შეიარაღებული ჭაბუკი მეფე შევიდა მდინარეში. ბუმბერაზმა თარხანმა დასცინა: „მე გოლიათებსა და ბუმბერაზებს ვებრძვი და არა ყმაწვილებს, შენზე უნდა შევირცხვინო თავი?“. თუმცა, პირველივე შეტაკებაზე გორგასალმა შუბით განგმირა ხაზართა უძლეველი ბუმბერაზი.

სიხარულის ყიჟინა აღმოხდათ ქართველებს. გადმოხტა ვახტანგ მეფე ცხენიდან, მიწაზე დაემხო და მადლობა აღავლინა უფლისადმი.

იბერიის მეფემ მოჰკვეთა თავი თარხან ხაზარს, შეახტა ცხენს და მობრუნდა თავის ლაშქართან. ყიჟინითა და ღვთის დიდებით შეხვდნენ ჯარისკაცები გამარჯვებულ მეფეს.

მეორე დღეს სხვა ბუმბერაზი გამოვიდა ოსთაგან საბრძოლად, სახელით ბაყათარ, დაუმარცხებელ გოლიათად ცნობილი. თორმეტი მტკაველის სიგრძის მშვილდი ჰქონდა და ექვსი მტკაველის სიგრძის ისრები. მოადგა მდინარეს და ყვიროდა: „ვახტანგ მეფეო, ნუ განლაღნები შენ მოკლვისათïს თარჴანისა: არა ერთო იგი გოლიათთა და ამისთჳს მოიკლა იგი ყმა-წურილისა მიერ. აწ უკეთუ შენ-ვე გამოხვიდე მბრძოლად ჩემდა, მოგხუდენ ჩემგან ბრძოლანი ფიცხელნი, რომელთაგან ვერ-ღა-რა განერე. თუ არა ვინ-ცა სპათა შენთაგანი გამოვიდეს, მისთჳს-ცა მზა ვარ“.

ჭაბუკმა მეფემ საპასუხოდ უყვირა ბაყათარს: „არა ჩემი ძალით ვძლიე თარხანს, არამედ ძალით ღმრთისა. არ მეშინია შენი, რადგან მაქვს ჯვარი მისი საჭურველად!“

გაემზადნენ ვახტანგის სპანი. მეფე შეახტა შეჭურვილ ტაიჭს, აიღო ფარი ნიანგის ტყავისა, რომელსაც ვერ ხვრეტდა მახვილი და გაეშურა მდინარისაკენ. დაუყვირა ბაყათარს: „არ გამოვალ მე მდინარეს, რადგან მეფე ვარ, არ მოგიახლოვდებით ოსების ჯარს, რადგან გინდათ ჩემზე თავდასხმა, ჩემი სიკვდილით დამარცხდება ჩემი ჯარი. შენ მონა ხარ და შენი სიკვდილით არაფერი ევნება ოსთა ჯარს, როგორც ერთი ძაღლის სიკვდილით. გამოდი ჩემს ნაპირას“.

ბაყათურ ოსმა დაუყვირა: „მე, შენი მკვლელი, გამოვალ მდინარეს, უკან დაიხიე მდინარიდან“.

ვახტანგ მეფე გაშორდა მდინარის ნაპირს. წამოვიდა ბაყათარი, გამოსცდა მდინარეს, თან ისრებს ესროდა ქართველთა მეფეს და ასე უახლოვდებოდა. ცხენზე ამხედრებული ჭაბუკი მეფე ოსტატურად იცილებდა ისრებს.

მდინარის გაღმა-გამოღმით მდგარი ჯარები ბუკს აყვირებდნენ და დაფდაფებს სცემდნენ, ყვირილით ამხნევებდნენ თავიანთ ფალავნებს. ხმაურისგან მთები და ბორცვები ირყეოდა.

მხოლოდ ორი ისარი გაარტყა ბაყათარმა ვახტანგ მეფის ფარს, თუმცა, ვერ გაჰკვეთა. ბოლოს ერთი ისარი მეფის ცხენს ესროლა და დაჭრა. ვიდრე დაეცემოდა ცხენი, ჩამოხტა მეფე, ისკუპა და ხმალი დაასცხო ოსს მხარზე და გულამდე გაჰკვეთა. იმ დროს დაეცა კიდეც ვახტანგის ცხენი.

ქართლის ხელმწიფემ დაიჭირა ბაყათარის ცხენი. მერე დავარდა მიწაზე და ღმერთს თაყვანი სცა და მადლობა შესწირა. მოახტა მოკლული ოსი გოლიათის ცხენს და შესძახა ჯარს:

– „მხნედ იყავით და გაძლიერდით, ღმერთი ჩვენთან არს!“

დაიძრა ვახტანგ მეფის ჯარი, წინ – ცხენოსანნი, უკან – ქვეითნი და შეუტიეს ოსებს და ხაზარებს. ოსები გადმოდგნენ კლდის თავზე და ისრის წვიმა დააყარეს შეტევაზე გადასულებს.

ვახტანგ მეფე შეუძახებდა და ამხნევებდა თავის გულად მეომრებს. ქართველმა ცხენოსნებმა დაძლიეს აღმართი, გავიდნენ გავაკებაზე და გაიმართა ხელჩართული ბრძოლა.

დამარცხებული ოვსები გაიქცნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი