ისტორია

როგორ გადაარჩინეს ქართველი ტყვეებით მოვაჭრე თურქებმა დიდი ქართველი, ქართლის მეფის სახელგანთქმული ელჩი შემთხვევით

№39

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 08.10, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ევროპიდან სამშობლოსკენ მომავალი სულხან-საბა ორბელიანს გზაში ორმოცდათვრამეტი წელი შეუსრულდა. კონსტანტინოპოლში (სტამბულში) წელიწადზე მეტი გააჩერეს. საფრანგეთის ელჩმა ოთხასი მარჩილი (ვერცხლის ფული) გადაუხადა ერთი ხომალდის მფლობელს, ლაზეთის ქალაქ ათინიდან, ჩვენი ელჩის გურიაში, ქობულეთში გამომგზავრებისთვის დაიქირავა და დაავალა, მგზავრი გურიელისთვის ჩაებარებინა.

ჩვენს დესპანს თან გამოაყოლეს ოთხი კათოლიკე ბერი კაპუცინელთა ორდენიდან, რომლებიც უნდა გაჩერებულიყვნენ ტფილისში, სადაც, ქართლის მეფისა და ევროპელების შეთანხმებით, კათოლიკური მისია არსებობდა. მათგან სამი უნდა დარჩენილიყო ჩვენს დედაქალაქში, შეესრულებინათ მისიონერისა და ქართველი მეფის ევროპასთან დაკავშირების ფუნქცია, მეოთხე კი შირვანში უნდა გამგზავრებულიყო. მეოთხე პატრს საფრანგეთის ელჩმა გამოატანა დიდი ზანდუკი სპარსეთში გასაგზავნად. ჩვენს ელჩს, მის მსახურებსა და ევროპელ პატრებს თან მოჰყვებოდნენ ბურსელი ვაჭარი, ხოჯა აივაზ ჩალაბი და მისი შვილი თავისი ხალხით, რომელთაც განჯაში აბრეშუმი უნდა ეყიდათ. ფრანგთა ელჩმა გემის მფლობელს პირობა ჩამოართვა, საკუთარი ოცი მეზღვაურის გარდა არავინ აეყვანა ხომალდზე.

სამშობლოსკენ 1716 წლის 13 მაისს გამოემგზავრნენ. როცა ბოსფორის სრუტეს გამოსცდნენ და შავ ზღვაში შემოცურეს, ხომალდის პატრონმა ბორტზე აიყვანა ოცი თათარი იანიჩარი და მათი მეთაური აღა. ხომალდი ხალხით გადაიჭედა. ადგილები აღარ იყო, ჩვენს ელჩს მოუწია ხომალდის ფსკერზე დაბინავება, აუტანელ სიცხეში. ქართველებმა და ფრანგებმა ვერაფერი უთხრეს ხომალდის მფლობელს, ფული უკვე გადახდილი ჰქონდათ. შეიძლება, სულაც, ჩამოესვა ისინი ხომალდიდან და შუა გზაში დარჩებოდნენ. ზურგის ქარი უბერავდა და მესამე დღეს ათინას მოაღწიეს. გემის მფლობელმა ორბელიანს უთხრა: თათრებს გავუშვებ, სახლში ორი დღე დავისვენებ, მერე ქობულეთში წაგიყვანთო. ათინელმა მართლაც გაუშვა იანიჩარები, მაგრამ, შემდეგ, ტრაპიზონის ფაშასა და გონიოს სანჯაყ ბეგს შეატყობინა – დიდი კაცი მიმყავს, მრავალი საქონელი მიაქვს, ფრანგები მიჰყავს, ელჩები არიან, დაიჭირეთო. ქართველებმა და ფრანგებმა იქირავეს ორი ნავი, ერთში ხოჯა აივაზი განთავსდა თავისი ხალხით, მეორეში – ჩვენი დესპანი, ელჩის მხლებლები და ფრანგები ჩასხდნენ. ზღვის პირს გამოუყვნენ ქობულეთისკენ. მოულოდნელად ზღვა აღელდა და ერთი ნავი ხოფის მხარეს გაიტაცა, მეორე – საპირისპირო მიმართულებით.

ბედის ირონიით, ტყვეებით მოვაჭრე თათრებმა, რომელთაც იმერეთიდან ტყვეები მიჰყავდათ გასაყიდად, გადაარჩინეს სულხან-საბა და მისი მხლებლები.

ოთხი დღის მერე მივიდნენ ლაზები, ვითომ მებაჟეები. დაიჭირეს სულხან-საბა და მისი მხლებლები და კარგა ხანს ტყვედ ჰყავდათ, მერე ოცი მარჩილი წაართვეს და ზანდუკები დაუმტვრიეს. სულხან-საბას უფრო იტალიელი სასულიერო პირების ბედი ადარდებდა, რადგან, ენა არ იცოდნენ და, თან, მას ჰყავდა ჩაბარებული. იმ დროს სულთანის მიერ აკრძალული იყო ევროპელთა გასვლა შავ ზღვაზე. მეხუთე დღეს წამოვიდნენ ნავებითა და მოადგნენ ხოფას. იქ გონიოს სანჯაყ ბეგი დახვდათ, რომელმაც ყველა დააპატიმრა. ხოჯა აივაზის საქმე არც იცოდნენ.

იმ დროს ახალციხის ფაშას დისწული, ალიბეგი სტუმრობდა გონიოში. იგი იცნობდა სულხან-საბა ორბელიანს. როცა შეიტყო მისი დაპატიმრება, აღშფოთდა, დატყვევებულნი წაართვა სანჯაყ ბეგს და თავის სადგომში მიიყვანა დიდი პატივით. ღამით აივაზ ჩალაბმა ჩუმად უთხრა ორბელიანს: ალიბეგს ხომალდი გამზადებული აქვს, ხვალ კონსტანტინოპოლს მიემგზავრება. ეგ რომ წავა, ესენი კვლავ დაგვაპატიმრებენ და უარესს დაგვმართებენ. ამიტომ, რამე ქრთამი მივართვათ ბეგს, იქნებ, თავი დაგვანებონო. ჩვენს დესპანს მოეწონა აზრი და ოთხმოცი მარჩილი მიართვეს გონიოს სანჯაყ ბეგს. დილით ალიბეგმა ცხენები უქირავა ღვსწლმოსილ ქართველსა და მის მხლებლებს, ახალციხის ფაშას კაცი გამოაყოლა თან და გამოისტუმრა თბილისისკენ. ქართველები და ევროპელები კი არტანუჯისკენ გამოემართნენ, აივაზ ჩალაბი დარჩა. ერთი დღე იარეს და საღამოს სოფელ ჩხალას მიადგნენ. გაემგზავრა თუ არა ალიბეგი კონსტანტინოპოლში, გონიოს ბეგი მართლაც გამოეკიდა მგზავრებს, დაეწია და განუცხადა ქართლის ელჩს: შენი ბარგი გადაალაგე, ფრანგები კი მომეცი, სულთანს აკრალული აქვს მათი გატარებაო. ქართველმა მასპინძელმა უარი უთხრა. მაშინ იანიჩარებმა აიკლეს მათი ბარგი, ყველა დააპატიმრეს და ქვეითად წამოიყვანეს გონიოსკენ.

დიდ ქართველ მწერალს სიცხე მისცა. უჭირდა აღმართზე სიარული. გზაში ის კვლავ გაჩხრიკეს, სამი ოქროს ფული, ფლური (დრაჰკანი) ჰქონდა. წაართვეს. ივაჟკაცა აივაზ ჩალაბმა, არ მიატოვა მგზავრები, სანჯაყ ბეგს მიეჭრა და უყვირა: ეს კაცი რომ მოკლა, ძალიან მაგრად დაგსჯიან, მე ქრთამს მოგცემო. აივაზ ჩალაბი ოთხას მარჩილს შეპირდა ბეგს, თუ ტყვეებს გაუშვებდა. ბეგმა აიღო ქრთამი, მაგრამ, მძევალი ითხოვა. აივაზ ჩალაბი წავიდა ფულის მოსატანად, ორბელიანმა მსახურები გააყოლა და თვითონ კი მძევლად დარჩა. ჩალაბს შეაგვიანდა. ბეგმა და მისმა მხლებლებმა იფიქრეს, გვატყუებდნენო, გაკოჭეს მძევლები და გონიოსკენ წაიყვანეს. წვიმდა. სიცხიან ელჩს ძალიან უჭირდა სიარული. შუაღამით ერთ სახლში შეიყვანეს ტყვეები ღამის გასათევად. ცოტა ხანში ორი საპალნიანი ცხენით იანიჩარები მივიდნენ, მძევლები გააღვიძეს, ცხენებზე შესვეს და გონიოსკენ წაიყვანეს. ერთი იანიჩარი უბელო ცხენზე იჯდა. ჩვენს დესპანს საწვიმარი წაართვა და თავის ცხენს გადააფინა. დიდი ქართველი მწერალი საშინლად იტანჯებოდა სიცივის, წვიმისა და არაადამიანური მოპყრობისგან. ტყვეები მიიყვანეს აივაზ ჩალაბთან, რომელსაც ფული უკვე გადაეხადა. სულხან-საბამ შეიტყო, ორი პატრი სხვა თათრებს დაეჭირათ. თავზარი დაეცა ამის გამო. აივაზ ჩალაბი ახლა მათ გადასარჩენად წავიდა, სამოცი მარჩილი პატრების გამოსახსნელად გადაიხადა და გამოაშვებინა. შემდეგაც არაერთგან გააჩერეს ნიგალის ხევში მოგზაურები და ქრთამი წაართვეს. ფულს აივაზ ჩალაბი იხდიდა. ასე წვალებით მიადგნენ არტანუჯს. იქაურმა ისაყ-ფაშას (ჯაყელი) ცოლმა კარგი მასპინძლობა გაუწია მგზავრებს, ვახშამი გაუგზავნა, ღამეც გაათევინა და არტაანისკენ თავისი მსახური აღაც გაატანა.

არტაანში ახალციხის მაშინდელი გამგებელი ასლან-ფაშა (ჯაყელი) დახვდა, ისაყ ფაშას ბიძაშვილი. მანაც ექვსასი მარჩილი წაართვა მგზავრებს და კიდევ სხვა რაღაცები (ძაღლებიც კი).

ასე წვალებით მოადნენ ქართლის მაშინდელ საზღვარს, აბოცს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი