ისტორია

როგორ გადაარჩინა სუმბათ ორბელიანმა მონღოლთა დიდმოხელე სიკვდილისგან

№13

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 08.04, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

გასომხებული ორბელების შთამომავლის, სომეხთა მიტროპოლიტისა და ისტორიკოსის, სტეფანოს ორბელიანის მიხედვით, ბიძამისმა, სუმბათ ორბელიანმა მოახერხა, შეხვედროდა ყაენ მუნქეს (მანგუს), მოაწონა თავი, მიიღო მისგან ოქროს იარლიყი, დაიმტკიცა მიწები, მათ შორის, რომლებიც სხვების იყო და პირადი ხელუხლებლობა.

საქართველოს დიდებულებს ეს არ მოეწონათ და მოსთხოვეს მონღოლთა დიდმოხელე არღუნ აღას, წაერთმია სუმბათისთვის მამულები. არღუნმა უარი თქვა. თუმცა, დიდებულებმა მაინც შეძლეს სუმბათის შევიწროება. სუმბათმა გადაწყვიტა საჩივლელად კვლავ ყარაყორუმს გამგზავრება, მუნქე ყაენთან, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

როდესაც სუმბათ ორბელიანი ურდოში გასამგზავრებლად ემზადებოდა, ყარაყორუმიდან ბრძანება მოვიდა საქართველოში, ყაენთან გამოიძახეს არღუნ ამირა. ყარაყორუმში ჩასულ სუმბათს არღუნ აღა დაპატიმრებული დახვდა.

მონღოლთა იმპერიაში, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფოებში, ძალიან ხშირი იყო ინტრიგების ხლართვა, ერთმანეთის დაბეზღება. კარიერიზმით შეპყრობილი ადამიანები ცდილობდნენ, სხვისი თანამდებობები, ქონება და მდგომარეობა მიეთვისებინათ. არღუნ ნოინი ძალიან გავლენიანი დიდებული იყო მონღოლთა იმპერიაში, ერთ-ერთ ცოლად ჩინგიზ ყაენის შვილიშვილიც ჰყავდა, დიდი ქონება ჰქონდა და ყაენიც ძალიან ენდობოდა.

რაღაც მაინც გამოუძებნეს და მოახერხეს ყაენის დარწმუნება მის უპატიოსნებაში, ალბათ, კორუფციაში, გადასახადების მითვისებაში, ყაენის ხაზინის საზიანოდ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. ერთ-ერთი უმთავრესი ბრალდება ყოფილა ადგილობრივების ჩაგვრა, საქართველოს ეკონომიკური გაპარტახება და მღვდლის მკვლელობა. ძალიან დიდი ფული ტრიალებდა მონღოლთა იმპერიაში. ბასკაკები, გადასახადების ამკრეფნი, თვითნებობდნენ, გადასახადებს ზედმეტს იღებდნენ, მალავდნენ, ითვისებდნენ. ყვაოდა კორუფცია... ყაენები ამას ებრძოდნენ. ისინი ცდილობდნენ, ყმადნაფიცი ქვეყნებიდან აეღოთ მხოლოდ ის ხარკი, რაც დაწესებული იყო. მოსახლეობისათვის ზედმეტის წართმევა ისჯებოდა. გადასახადი ისედაც არ გახლდათ ცოტა. გარდა ამისა, სასულიერო პირებს პატივს სცემდნენ, გადასახადებისგან გათავისუფლებული ჰყავდათ და სარწმუნოებრივი საქმიანობისთვის სრული თავისუფლება ჰქონდათ მათთვის მიცემული. ამგვარად, ასეთი მძიმე ბრალდებები ჰქონდა წაყენებული არღუნს. თუმცა, ძირითადად, მონღოლი ყაენები გამოძიების გარეშე ადამიანებს არ სჯიდდნენ, საკითხის შესწავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ იღებდნენ.

ამ ყველაფრის მოთავე ყოფილან სევინჯბეგ დიდებული და შარაფედინ მდივანი.

სტეფანოს ორბელიანი წერს, სევინჯბეგს სუმბათის დაღუპვაც უნდოდაო.

სუმბათ ორბელიანს ისევ გაუმართლა და ყარაყორუმში მუნქე ყაენის ნახვის შესაძლებლობა მიეცა, მას ხომ ოქროს იარლიყი ჰქონდა. ყარაყორუმის სასახლის კარისკაცებიც იცნობდნენ.

სტეფანოს ორბელიანი წერს, სუმბათი ჩავიდა თუ არა ყარაყორუმში, ყაენმა უმალ მიიღოო: „ხოლო იგი ოდეს მივიდა პალატსა შინა, მყისვე გამოცხადდა მანგუ ყაენთან“.

სტეფანოსი ხაზს უსვამს, ყაენს უყვარდა სუმბათი და ენდობოდაო. ჰკითხა, რა ხდებოდა საქართველოში და ვინ როგორ იქცეოდა: „ხოლო მან (ყაენმა) რა იხილა, ჰსცნა იგი და ვინათგან

უყვარდა იგი და ერწმუნებოდა ფრიად, თïსდა მოუწოდა და ჰრქვა: „სამეფოსა მოვედ და მაუწყე მე ყოველი ვითარება იმა ქუეყანისა და სამâედროთა ჩემთა“.

ზუსტად ეს უნდოდა სუმბათ ორბელიანს. ალბათ, თავისი ვერსიები წარუდგინა ყაენს საქართველოს დიდებულების ქმედებების შესახებ: „და მან იწყო რიგით მოთხრობა“.

ალბათ, უამბო, სუმბათმა, როგორი ერთგული იყო თვითონ ყაენისა და როგორ არ ინდობდნენ დიდებულები, მას, ყაენისგან ოქროს იარლიყით დაჯილდოებულს, რაც ყაენის დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა. რა თქმა უნდა, ყაენი გაბრაზდებოდა და მის თვალში კიდევ უფრო ამაღლდებოდა სუმბათ ორბელიანი.

ვინაიდან სუმბათი საქართველოდან იყო, ყაენმა მუნქემ არღუნ აღას შესახებაც ჰკითხა, რას შვრებოდა, როგორ იქცეოდა, მართლა გაძარცვა თუ არა საქართველო არღუნმა და მოკლა თუ არა მღვდელი: „შემდგომად ჰკითხა უკეთუ ვითარ იავარჰყო არღუნმან ქუეყანა იგი და ვითარ დამოჰკიდა მღუდელნი და მოკლა ერთი ამათგანი“.

ალბათ, ეს ბრალდება არ იყო ნამდვილი. შემდეგში არღუნ აღა დაახლოებული იყო დავით მეშვიდე ულუსთან და დიმიტრი თავდადებულთან. ეს ბრალდება რომ ნამდვილი ყოფილიყო, ემოციური დავით ულუ არ მოითმენდა და არც შეჰპირდებოდა განსაკუთრებულ პატივს არღუნს (რასაც მერე გიამბობთ). არც დიმიტრი თავდადებულს ექნებოდა მასთან კარგი ურთიერთობა, არღუნ ამირა ქრისტიანების მტერი რომ ყოფილიყო. თვითონ არღუნიც ვერ გაბედავდა, ალბათ, მღვდლების წამებას მონღოლთა იმპერიაში, ვინაიდან აკრძალული იყო და დასჯადი. სუმბათმაც გაამართლა არღუნი.

სტეფანოს ორბელიანი გვამცნობს: „მიუგო სუმბატ და განამართლა არღუნი და ყოვლითურთ გააცრუვა შემასმენელნი.

ყაენი გაბრაზდა: „ამისთვის გაუწყრა მეფე დიდებულთა თïსთა და ჰრქვა: „რასათïს არა სიმართლით გამოეძიებთ?”

დანიშნა სასამართლო სხდომა: „და ბრძანა ყოფა სამსჯავროსა სამართლისა. რომელიცა მოჰâდა დღესა მეორესა“.

სუმბათ ორბელიანი მოწმედ დააყენეს სასამართლოზე: „ბრძანა მეფემან (ყაენმა) და სუმბათ წარმოადგინეს და შექმნეს თქმობა.

სუმბათმა უარყო არღუნისათვის წაყენებული ბრალდებები: „ხოლო განაცრუვნა იგინი სუმბატმან“.

სუმბათ ორბელიანის მოწმობამ გადაარჩინა არღუნ აღა. მას მოეხსნა ყველა ბრალდება, გაათავისუფლეს და თანამდებობაზე აღადგინეს. სამაგიეროდ, გამტყუნდნენ სევინჯბეგი და შარაფედინი. მათ ყაენმა არღუნ აღას წინააღმდეგ ცილისწამებისა და ყაენის მოტყუების გამო სიკვდილი მიუსაჯა: „და მსწრაფლად მოაკუდინეს სევინჯბეგ და შარაფედინ მდივანი და არღუნი გამოიყუანეს საპყრობილისაგან და მიიყუანეს წინაშე მეფისა (ყაენისა) და პატივით მიიღო იგი მეფემან მიცემითა პირველისა საჴელოჲსა თჳსისა“.

მონღოლი ყაენები ძალიან აფასებდნენ ერთგულ ხალხს. ხელი ხელზე მოჰკიდა ყაენმა სუმბათს, ჩააბარა არღუნ აღას და წყალობის წიგნი უბოძა: „იპყრა ჴელი სუმბატისა, შთააბარა მას და ჰრქვა: „წიგნი წყალობისა, რათამცა უმტკიცეს შეიქმნას მამული მაგისი სამკჳდრებელად მაგისა და ნათესავთა მაგისთა”.

დაბრუნდა სუმბათი საქართველოს სამეფოში, არღუნთან ერთად: „და ეგრეთ დიდ-დიდითა გამარჯვებით გამოემართა მუნით არღუნითურთ და მოვიდნენ ქუეყანასა ამას“.

არღუნ აღა სიკვდილისგან იხსნა სუმბათმა და იგი სუმბათის მოვალე გახდა, თან დავალებაც ჰქონდა ყაენისგან, მფარველობა გაეწია სუმბათისთვის: „გარნა დიდისა ღუაწლისათïს, რომელი დასდვა მას სუმბატ. არა უწყოდა არღუნმან, უკეთუ ვითარითა სიყუარულითა შეიყუაროს იგი და ანუ ვითარითა პატივითა პატივ-ჰსცეს სუმბატსა“.

ასე წარმატებული გამოდგა სუმბათ ორბელიანის მეორე ვიზიტიც ყარაყორუმში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი