ისტორია

როგორ გაამარჯვებინეს ქართველებმა მომავალ მტერს

№52

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 06.01, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1501 წლიდან ირანს მართავდა შიიზმის მიმდევარი თურქული ტომების, ყიზილბაშების მეთაური, არდაველიდან, შაჰ-ისმაილ პირველი, შეიხ ჰეიდარის ძე, სეფიური ორდენის ჩამომყალიბებლის, შეიხ სეფი ად-დინ არდაველელის შთამომავალი, გამოცდილი სარდალი და ნიჭიერი პოეტი.

1503 წელს, შარურთან (ნახჭევანში) ბრძოლაში, დედის მხრიდან თავის ბიძაშვილთან, უზუნ-ჰასანის შვილიშვილთან, აყ-ყოინლუს (თეთრბატკნიანთა) მეთაურ, სულთან ალვენდ ხანთან და მის თურქმანებთან გამარჯვებაში ისმაილს დაეხმარნენ ქართლის, კახეთისა და სამცხის სამხედრო ნაწილები, ცხრა ათასი ქართველი, (3 000-3 000 თითოეული სახელმწიფოდან), როდესაც ისმაილს, მხოლოდ შვიდი ათასი მეომარი ჰყავდა. ქართველებმა და ისმაილმა დაამარცხეს ალვენდ ხანის 30 000-იანი ჯარი. სამაგიეროდ, ისმაილი ქართველებს შეჰპირდა, რომ გაათავისუფლებდა ხარკისგან, რომელსაც უხდიდნენ აყ-ყოინლუს (აღ-ყოინლუს) სულთანს. შემდეგში ქართველებმა დაამარცხებინეს ისმაილის სხვა ბიძაშვილი, ასევე დედის მხრიდან, აყ-ყოინლუს მეორე ნაწილის მმართველი მურადიც. ამგვარად, ისმაილმა დაიპყრო მთელი ირანი და თავი შაჰინშაჰად გამოაცხადა. მან დააარსა სეფიანთა სპარსეთის დიდი იმპერია, რომლის დედაქალაქი გახდა თავრიზი. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა შიიზმი.

შაჰ-ისმაილმა ირანის გარდა, დაიმორჩილა შუა აზიის ნაწილი, ერაყი, სომხეთი, ქურთისტანი – მდინარე ამუდარიიდან ევფრატამდე. თავს აცხადებდა მაჰმადიანთა სარწმუნოების ჩამომყალიბებელი მუჰამედის ბიძის, აბუ თალიბის ვაჟის, მეოთხე ხალიფა – ალის შთამომავლად, რომელსაც ცოლად ჰყავდა მუჰამედის ასული. ამ ვითარების გამო განსაკუთრებით დიდ პატივს სცემდნენ მას ქვეშევრდომები. დედამისი იყო ჰალიმა (იგივე მართა), აყ-ყოინლუს, თეთრბატკნიანთა მბრძანებლის, ალვანდისა და მურადის პაპის - უზუნ ჰასანისა და მისი ცოლის, ტრაპიზონის იმპერატორის, იოანე მეოთხის (კალო იოანეს) ასულის, თეოდორას (ეკატერინეს), იგივე დესპინე-ხათუნის ქალიშვილი.

სხვათა შორის, იოანე მეოთხეს პირველ ცოლად ჰყავდა ერთიანი საქართველოს მეფის, ალექსანდრე პირველი დიდის ასული (სახელი უცნობია). ამგვარად შესაძლოა დესპინე მისი ქალიშვილიც იყო. ყოველ შემთხვევაში, იოანეს მამას, ალექსი მეოთხეს დედა ბაგრატიონის ქალი ჰყავდა. ანუ ისმაილ პირველის ძარღვებში ბაგრატიონთა სისხლიც ჩქეფდა. იქნებ ქართველები ფიქრობდნენ, ბაგრატიონთა ნათესავს თუ ავიყვანთ ირანის ტახტზე, ჩვენი საქმე გაკეთდებაო.

ისმაილმა 1508 წელს დაიპყრო ბაღდადი და სუნიტური სარწმუნოების სიწმინდეები შებღალა. ეს ნიშნავდა შიიტების მხრიდან სუნიტების დიდ შეურაცხყოფას.

სუნიტური სარწმუნოების დამცველებად ითვლებოდნენ თურქები და მათი სულთნები. 1512 წელს ოსმალეთის ტახტზე ავიდა სელიმ პირველი, დაუნდობელი მბრძანებელი. უფლისწულობის დროს ცხოვრობდა დაპყრობილ ქართულ მიწაზე, ლაზეთში, ტრაპიზონში. ტახტზე ასვლისას დახოცა ძმები, რათა არ შესცილებოდნენ ხელისუფლებაში. ბრძოლა გამოუცხადა შიიზმს და დაახოცინა აღმოსავლეთ ანატოლიის შიიტი მოსახლეობის დიდი ნაწილი.

შაჰ-ისმაილისა და ოსმალეთის სულთნის, სელიმ პირველის ინტერესები დაეჯახა ერთმანეთს. ისინი ბუნებრივად იყვნენ მტრები, როგორც პოლიტიკურად, ისე სარწმუნოებრივად. სელიმ სულთანმა მიიღო გამოწვევა. მაჰმადიანთა ორ მიმდინარეობას შორის, სუნიტურ და შიიტურ აღმსარებლობას შორის, სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება დაიწყო - ოსმალეთსა და ირანს შორის გაჩაღდა ომი. 1514 წელს, ჩალდირანში, ისმაილი დამარცხდა სელიმთან ბრძოლაში, რადგან ოსმალებმა 300 ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, რაც დიდ უპირატესობას აძლევდა მათ. ისმაილის პირადი ნივთები ხელში ჩაუვარდა სელიმს და ახლაც გამოფენილია სტამბულის თოფქაფის (სათოფე სასახლის) მუზეუმში. ოსმალებმა თავრიზიც კი აიღეს დროებით. ისმაილმა დაკარგა ერაყი, ქურთისტანი, სომხეთი. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავდა სეფიანთა სახელმწიფოს დაცემას. ისმაილის იმპერია მაინც გაძლიერების გზაზე იდგა.

ქართველი პოლიტიკოსების წინა თაობებმა, ორი დიდი იმპერიის აღმავლობას დაქუცმაცებული საქართველო შეაგებეს, დაშლილი და ურთიერთბრძოლაში ჩაბმული. ერთიანი რომ ყოფილიყო ჩვენი სამშობლო, იქნებ ესარგებლა სუნიტთა და შიიტთა დაპირისპირებით ან უკეთ გამკლავებოდა მტრებს.

გამოემგზავრა უმადური ისმაილი ქართლისკენ და მივიდა აღჯაყალას ციხესთან (თეთრციხე, გაგისციხე), ქვემო ქართლში.

იმ დროს ქართლის მეფე იყო დიდი მეომარი ლუარსაბ პირველი. ლუარსაბმა შეკრიბა ჯარი და გამაგრდა ტფილისში. შაჰ-ისმაილმა გამოაგზავნა თავისი სარდალი ყარაფირი მრავალრიცხოვანი ჯარით. მერე მათ საშველად გამოაგზავნა მისკარბაში (მონადირეთა უფროსი) ელიასბეგი, ასევე მრავალრიცხოვანი ლაშქრით. თვითონაც ვერ მოისვენა, იქნებ ქართველებმა ესენი დამიმარცხონო და თავადაც წამოვიდა, უფრო მრავალრიცხოვანი ჯარით.

ლუარსაბი გამოვიდა ტფილისიდან, მივიდა თელეთის ღელესთან და იქ განალაგა ჯარი. მოვიდა ყარაფირი, დაიწყო ბრძოლა. სპარსთა ქრონიკებში აუწერიათ ქართველების გმირული შემართების შესახებ. მრავალი ყიზილბაში მოსრეს ჩვენმა წინაპრებმა. დანარჩენები გააქციეს. გაქცეულ ჯარს წინ შეეგება ელიასბეგი თავის ლაშქრით, გამოაბრუნა გაქცეულები და ახალი ძალით დაიძრნენ ქართველთა ლაშქრისკენ. სასტიკი ბრძოლა გაიმართა კვლავ. დახოცეს უამრავი ყიზილბაში ჩვენმა წინაპრებმა. ამასობაში თელეთის მთაზე, ტაბახმელაში ამოვიდა თავად შაჰ-ისმაილი, გადმოხედა და იხილა თავისი ჯარი დამარცხებული და გაქცეული, რომელსაც მისდევდნენ გალაღებული ქართველები. უბრძანა ყარა-ყოინლუს ნაწილებს და შეუტიეს ზურგიდან ქართველებს. დაღლილები იყვნენ ქართველნი ხანგრძლივი ომისგან, დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. დანაკუწებული ქვეყნის ერთი ნაწილის მეომრები რას გაუძლებდნენ სპარსული იმპერიის მრავალრიცხოვანი ჯარების შემოტევას.

წავიდა ლუარსაბი ზემო ქართლში, უნდოდა ახალი ძალების შეკრება და შაჰ-ისმაილთან შებრძოლება კვლავ. ვერ შეძლო, რადგან დაფანტულნი იყვნენ ქართველები.

შაჰ-ისმაილი ტფილისის ციხეს მოადგა. სიცოცხლის შენარჩუნებას და დიდძალ საჩუქრებს შეჰპირდა ტფილისის ციხისთავს ირანის შაჰი. წავიდა და ტფილისის ციხეში ჩააყენა თავისი ციხიონი. რომ არ მიეცა ციხისთავს ციხე და მცირე ხანს გამაგრებულიყო, მოვიდოდა მეფე ლუარსაბი და თუ ღმერთი ინებებდა, დიდ ჭირს შეამთხვევდა ირანის შაჰსო, წერს მემატიანე.

გავიდა თუ არა ქვეყნიდან ირანის შაჰი, ქართლის მეფემ დაიწყო სამეფოს გათავისუფლება და კვლავ დაიკავა ქართლი. ტფილისიც გამოსტაცა მტერს.

მოკვდა შაჰ-ისმაილი და ირანის შაჰი გახდა მისი ძე - თამაზი. შაჰ თამაზიც ვერაგი დამპყრობელი იყო და მანაც განიზრახა ქართული სამეფოების რბევა-დაპყრობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი