ისტორია

როგორ დალეწა ბაგრატ მესამემ ქალაქ შამქორის გალავანი და ვინ აღიარა თავი მის ყმადნაფიცად ამის შედეგად

№48

ავტორი: გია მამალაძე 17:06 30.11

ბაგრატ მესამე
დაკოპირებულია

კახეთისა და ჰერეთის შემოერთების შემდეგ ბაგრატ მესამემ თავისი მოხელეები ჩააყენა ერთიანი საქართველოსთვის ახლად შემოერთებულ  ქართულ მიწებზე. ზოგი ადგილობრივი ფეოდალიც შეიწყალა და სამსახურში მიიღო. 
იმ პერიოდში კახეთ-ჰერეთის მეზობლად, არანსა და სომხეთის ნაწილში, გაბატონებული იყო მაჰმადიანი ქურთების შადადიანების (შედადიანების) საგვარეულო. იმ დროს შედადიანი ფადლ-იბნ მუჰამადი მართავდა არანს (მტკვრისა და არაქსის შუამდინარეთის აღმოსავლეთი) და სომხეთის ნაწილს. მისი მმართველობის დროს შედადიანების სახელმწიფო გაფართოვდა და გაძლიერდა. 
ამირა ფადლონ პირველი არბევდა ჰერეთს და კახეთს და ძალიან აწუხებდა მოსახლეობას. „მატიანე ქართლისა“ მოგვითხრობს: „მას ჟამსა განდიდნა ფადლონ, ამირა განძისა, იწყო კირთებად ერის-თავთა ჰერეთისა და კახეთისათა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად და ტყუენვად ადგილითი-ადგილად“. 
ბაგრატ მეფე ვერ მოითმენდა ერთიან საქართველოში ახლადშემოყვანილი ქართველების (ჰერებისა და კახელების) რბევას. სწორედ, იმიტომაც აერთიანებდა სხვადასხვა ქართულ კუთხეს, სხვადასხვა ქართულ სამეფო-სამთავროებს ერთიან სახელმწიფოში, რომ ქართველების ინტერესები ყოფილიყო დაცული და უპირატესი. მხოლოდ ერთიან სახელმწიფოში ჰქონდათ ქართველთა სხვადასხვა თემებს საშუალება, ქართველებად და ქრისტიანებად დარჩენილიყვნენ. მხოლოდ ერთიან სამეფოს შეეძლო მტრულად განწყობილი მეზობლების მოგერიება.

ბაგრატ მესამეს კარგად ესმოდა, რომ სომხებსაც არ აწყობდათ შედადიანების გაძლიერება და ამიტომ გადაწყვიტა, მოკავშირედ მოეწვია სომეხთა ერთ-ერთი სამეფოს, ანისის მეფე გაგიკ პირველი ბაგრატუნი. ამგვარად უფრო ადვილი იქნებოდა გაძლიერებული მაჰმადიანების, შედადიანების დამარცხება სამხრეთ კავკასიაში. „ხოლო იხილა რა დიდმან მეფემან ბაგრატ კადნიერება მისი, დიდად შეძრწუნდა და აღივსო შურითა. განემზადა ყოვლითა სპითა მისითა, წარგზავნა მოციქული წინაშე გაგიკ შაჰანშა სომეხთა მეფისა; აწვია, რათა იძიოს შური ფადლონისგან“.
მეფე გაგიკს ძალიან გაუხარდა ქართველთა მეფის წინადადება და სიამოვნებით დათანხმდა ფადლონ ამირას წინააღმდეგ ლაშქრობის წინადადებას: „ხოლო მან განიხარა სიხარულითა დიდითა, მოსწრაფედ მოუწოდა ყოველთა სპათა თვისთა, წარმოემართა და მოვიდა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა“.
ქართველებისა და სომხების ჯარი ქვემო ქართლში შეხვდა ერთმანეთს და გაემართნენ გათავხედებული ფადლონის დასასჯელად, რომელიც აგრესიულად იყო განწყობილი ქრისტეს მოსავთა მიმართ. „შეკრბეს ორნი-ვე ძორაკერტს; მიმართეს ფადლონს, დიდად განლაღებულსა, მოძულესა ქრისტიანეთასა, რომელი-იგი ყოვლითურთ ეძიებდა წარწყმედასა ყოველთა ჯუარის-მსახურთასა“.
ბაგრატ მესამის გადაწყვეტილებამ, მოკავშირე მოეწვია, გაამართლა. საერთოდ, ნიჭიერმა პოლიტიკოსმა ყოველთვის უნდა გამოიყენოს მოცემულ ეტაპზე მოწინააღმდეგის მოწინააღმდეგე. ბრძოლაც უფრო ადვილად მოიგება და დანაკარგებიც ნაკლები იქნება. ფადლონმა რომ დაინახა, ასეთი ძლიერი სამხედრო ძალა მიემართებოდა მის წინააღმდეგ, პირდაპირ შებრძოლება ვერ გაბედა, ციხე-ქალაქების გამაგრება სცადა და თავის ასე გადარჩენა: „ვითარ იხილა ძალი მათი უძლეველი, შეუშინდა, წარვიდა და მიმართა სიმაგრეთა შესლვად“.
1010 წელი იდგა. ქართველთა და სომეხთა გაერთიანებულმა ჯარმა დაიწყო ფადლონის სამბრძანებლოს რბევა. რბევაში იგულისხმება გაბატონებული დინასტიის მოხელეთა დასჯა, მათი ციხეების აღება. „ამან დიდმან და ყოვლითურთ ძლევა-შემოსილმან მეფემან ბაგრატ წარმოტყუენა ქუეყანა რანისა, მოადგა ქალაქსა შანქორსა“.
შამქორი დიდი და სახელგანთქმული ქალაქი იყო, როგორც ერთი მაჰმადიანი ისტორიკოსი მოიხსენიებდა: „ლამაზი, ნაყოფიერი უზარმაზარი მიწებით“, სავაჭრო გზაზე მდებარეობდა და კარგად იყო გამაგრებული. არის საინტერესო გადმოცემები შამქორზე და მის მიდამოებში მცხოვრებლებზე. სპარსელების, ალბანელთა შთამომავლების, სომხებისა და სხვადასხვა ეროვნებების გარდა, რომლებიც შამქორსა და მის შემოგარენში ცხოვრობდნენ მერვე საუკუნეში, შამქორის დასავლეთით დასახლებულა ერთი უნგრული ტომი, რომლებიც მერე გასომხებულან და დაუბევიათ ქალაქი შამქორი. შემდეგ, მეცხრე საუკუნის შუა წლებში, შამქორში ჩაუსახლებიათ გამაჰმადიანებული ხაზარებიც.
ერთიანი საქართველოს ხელმწიფე კარგად იყო მომზადებული ომისთვის. ბაგრატ მეფის ბრძანებით, შამქორ ქალაქი ალყაში მოაქცია ქართულმა და სომხურმა ჯარმა, ლოდსატყორცნები დააყენეს გალავანთან და დაიწყეს იერიში. მიფრინავდა ფილაკავანებიდან გატყორცნილი ლოდები შამქორის კედლებისაკენ და ანგრევდა: „დაუდგნა ფილაკავანნი, და მცირედთა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შანქორისანი“.
ყველა ხვდებოდა; ქალაქი შამქორი მალე დაეცემოდა. ფადლონისთვის ეს უმძიმესი დამარცხება იქნებოდა, შეიძლება, ქალაქი საქართველოს მეფის ხელში გადასულიყო. ხოლო შემდეგ ბაგრატი განჯას მიადგებოდა. ფადლონმა საკუთარი ხელისუფლების გადარჩენა სცადა: „ხვალისა დღე ეგულებოდა შემუსრვად და წარტყუენვად ქალაქისა მის. მას ღამესა მოუვლინა მოციქული ფადლონ, ითხოვა შენდობა“.
ამირა ფადლონმა აღიარა დამარცხება და პატიება ითხოვა. მან მიმართა საქართველოს ხელმწიფეს და შესთავაზა მისი ყმადნაფიცი გამხდარიყო. ამირა ფადლონი წერილში ჰპირდებოდა ჩვენს ხელმწიფეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე მისი მსახური იქნებოდა, გადაუხდიდა ხარკს და ჯარით მიეხმარებოდა მტრებთან ბრძოლებში: „აღუთქუა დღეთა შინა სიცოცხლისა მისისათა მსახურება, გაუკუეთა ხარაჯა და დაუწერა თავის-თავითა ლაშქრობა მტერთა მისთა ზედა“.
ბაგრატ ბაგრატიონმა თავის სარდლებთან და სომხებთან ითათბირა და მოითხოვა შამქორის დაკავება. მათ დაზავება ურჩიეს, რადგან, შამქორის აღება დროს მოითხოვდა და სისხლიც ბევრი დაიღვრებოდა, გაჭირდებოდა ქალაქის შენარჩუნებაც, რადგან, სხვა საომარიც ბევრი ჰქონდათ: „მაშინ უბრძანა და შემოკრიბნა ყოველნი დიდებულნი წინაშე მისსა; უბრძანა პირველად, რათა დაიჭირონ ქალაქი იგი ძალითა მათითა. იხილეს და განიცადეს, და მოახსენეს, რომელ ვერ-ვის ძალ-ედვა. და უფროს ამისთვის, რომელ სხუათა ყოველთა სალაშქროთა საქმეთაგან უცალო იქმნებოდეს“.
მეფემ გადაწყვიტა, დათანხმებოდა ამირა ფადლონის წინადადებას, დაზავებოდა მას და მიეღო ფადლონი ვასალად. ასეც შეუთვალეს ფადლონს: „კუალად უბრძანა და განიზრახა დაზავება ფადლონისი. და მათ ყოველთა, სიბრძნითა მათითა, გამოარჩიეს და უმჯობესად აწვიეს ზავი. უბრძანა და გაგზავნა მოციქული, და მისგან აუწყა ზავი დასტური“.
დამარცხებულ ამირას ძალიან გაუხარდა ბაგრატ მეფის დასტური მის თხოვნაზე და შეპირებისამებრ, უამრავი საჩუქარი მიუძღვნა ჩვენს ხელმწიფეს: „მაშინ ფადლონ განიხარა სიხარულითა დიდითა, აღასრულა ყოველი იგი, სიტყვით აღთქმული, საქმით: უძღუნა ძღუენი დიდი და მიუწდომელი, აღავსნა ყოველნი დიდებულნი ნიჭითა მიუწდომელითა“
ქართველთა ხელმწიფე: „წარმოვიდა შინა გამარჯუებული“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...