ისტორია

როგორ დაატყვევა ქართველმა კაცმა ამირათა-ამირა და რატომ თქვა მან უარი ქრთამის აღებაზე

№49

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 15.12, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

სულთან ალფ-არსლანმა დიდი ჯარით ილაშქრა საქართველოში და რამდენიმე კუთხე ააოხრა. ბაგრატ მეოთხემ ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაში გააგზავნა სულთანთან და მშვიდობა ითხოვა. სულთანმა ივანეს დააბარა, ხარაჯა მომცეს მეფემ და მშვიდობა იქნებაო, მაგრამ, ზამთრის სიცივის გამო ვეღარ დაელოდა ჩვენი მეფის პასუხს და გაემგზავრა. გზად აიღო ტფილისი, რუსთავი და გადასცა თავის ვასალს, ფადლონს – განძისა და დვინის ამირას, გვარად შედადიანს, მაჰმადიან ქურთს.

სულთანს თან ახლდა ხუთასი ათასი მეომარიო, – წერს ჩვენი მემატიანე. ეს გადაჭარბებული რიცხვი უნდა იყოს. თუმცა, ქართველთა ჯარზე მრავალრიცხოვანი რომ იყვნენ თურქ-სელჩუკები, ფაქტია.

წავიდა სულთანი თავის ქვეყანაში. გაზაფხულზე კიდევ ერთი უბედურება დაატყდა ჩვენს ქვეყანას თავს – წყალდიდობისას მტკვარმა დაახრჩო მრავალი ადამიანი.

განძის ამირა ფადლონ მეორე ამპარტავნებამ შეიპყრო – სულთნის მოკავშირეს ვინ რას დამაკლებსო. გამოიყვანა ტფილისის მიმდებარე სოფლებიდან ხელოსნები, დაატყვევა, წაიყვანა და თავის სამსახურში ჩააყენა. გაზაფხულზე დადგა ბაგრატ მეოთხე დიდგორში, სადაც საზაფხულო სადგომი ჰქონიათ ჩვენს ხელმწიფეებს. ფადლონმა არაფრად ჩააგდო ჩვენი მეფის დიდგორში ყოფნა, გამოემართა, როგორც ამბობენ, ოცდაცამეტი ათასი კაცით, მოვიდა ტფილისს და დაიბანაკა ისნის ველზე. მერე იქვე დატოვა კარვები, აიარა ღამით მუხნარი და დაარბია ქართლის სოფლები.

შეიტყო ქართლის სოფლების დარბევის შესახებ ჩვენმა მეფემ, გააგზავნა რჩეული ლაშქარი ივანე ლიპარიტის ძის, ნიანია ქუაბულისძისა და მურვან ჯაყელის, ყველის ციხის ერისთავისა და სხვა აზნაურების სარდლობით.

ქართლში ვეღარ ჩაასწრეს ჩვენებმა. შექცეულებმა მიუსწრეს მტერს წილკნის გორასთან, შეებნენ და პირველსავე ხმლის მოკიდებაზე გააქციეს ქურთი ფადლონი. გაქცეული მტერი მოხვდა მდინარე ნარეკვავის ხრამთან და ვეღარ წავიდა წინ. მიადგნენ ჩვენი წინაპრები და ხოცავდნენ, იპყრობდნენ მტერს. ავსებულა ხრამი მოკლული მაჰმადიანებითა და მათი ცხენებით.

ფადლონის ჯარის ნაწილი მიადგა შობოს ტყეს და იქიდან ცდილობდა გაღწევას, მაგრამ ჩვენი წინაპრები „პატარა ჭიებივით“ იჭერდნენ, გამოათრევდნენ ძეძვებსა და ტყეში დამალულ თურქებსა და სპარსებს. დანარჩენებს ღართის იწრობში დახვდნენ და გაჟუჟეს. ფადლონმა მხოლოდ თხუთმეტი მხედრის თანხლებით გაასწრო წილკნის გზით. მიადგა არაგვს, გადავიდა და ერწოსკენ გაემართა. გზაში ხალხი შეხვდა, რომლებმაც ვინაობა ჰკითხეს. ამირამ იცრუა: - „ფადლონის შიკრიკი ვარ. მახარობლად მივდივარ აღსართან მეფესთან, რათა ვამცნო, გავაქციეთ აფხაზთა მეფის ლაშქარი“.

იცნო ერთმა კაცმა ფადლონი და უთხრა:

– „არ ხარ შენ შიკრიკი, არამედ ხარ ამირათა-ამირა ფადლონიო“.

შეშინებულმა ფადლონმა მიუგო: „მოგცემ ოქრო-ვერცხლს და სხვა მრავალ ძვირფასეულობას, ოღონდ ნუ გამამხელ, გამიყვანე მინდვრად და თან წამომყევიო“.

ქართველმა ასე უპასუხა:

– „მაგას ვერ ვიზამ, რადგან ამ ქვეყნის შვილი ვარ, ახლა ისმინე ჩემი და გამომყევი, მიგიყვან აღსართანთან და ის გაგაგზავნის შენს ქვეყანაშიო“.

სხვა რა გზა ჰქონდა ფადლონს, ვერსად წავიდოდა. თან, ბაგრატ მეფის ხელში ჩავარდნას, აღსართანის ტყვეობა ერჩივნა, რადგან ბაგრატისგან განსხვავებით, აღსართანი ემორჩილებოდა სულთანს და მაჰმადიანობაც მიღებული ჰქონდა. გაუძღვა ის კაცი და მიიყვანა ჟალეთში მყოფ მესხ აზნაურთან, ისაკ ტოლობელის ძესთან. ისაკმა რომ გაიგო, ვინც იყვნენ მხედრები, იარაღი ჩამოართვა, ცხენებიდან ჩამოყარა, გაძარცვა და დაატყვევა. დაივიწყა, რომ ბაგრატ მეფის ქვეშევრდომი იყო – ფადლონ იბნ შავური ჯორზე შესვა, და ბაგრატ მეფეს კი არ მიჰგვარა, სწრაფად წაიყვანა და აღსართანს მიუყვანა თელავში. აღსართანს შეეშინდა, ფადლონის გამო ბაგრატ მეფემ არ შემომიტიოსო, თან გამორჩენაც უნდოდა. მიიყვანეს ხორნაბუჯის ციხესთან ქურთი ამირა, დაანახვეს ფადლონის მეციხოვნეებს. იმ დროს ხორნაბუჯს ფადლონი იყო დაპატრონებული, თურქთა სულთნის დახმარებით და მისცა შავურის ძემ ხორნაბუჯი აღსართანს. მერე მიიყვანეს არადეთთან და არადეთიც მისცა აღსართანს.

ბაგრატ მეფეს ევაჭრა აღსართანი. ჩვენს ხელმწიფეს არ უნდოდა ფადლონის გაშვება და დაუბრუნა აღსართანს ბოჭორმა და უჯარმა, რომლებიც ადრე წაერთმია კახთა მეფისთვის და წამოიყვანა ფადლონი.

ტფილისის გალავანთან ძელზე გასვეს ფადლონ შავურის ძე. ტფილისში იმ დროს ფადლონის გარნიზონი იდგა. ქალაქში მყოფ მაჰმადიანთა ერთ-ერთ სარდალს არ უნდოდა ტფილისის ჩაბარება, თვითონ უნდოდა გაამირება და სულ არ ადარდებდა ფადლონის ბედი. ამიტომ, არ გაუღო ჭიშკარი ქართველთა ჯარს. გაჭირვებით, მაგრამ მაინც აიღეს ტფილისი ჩვენმა წინაპრებმა. თუმცა, ქალაქი თვითონ არ დაიჭირა მეფემ, არამედ დმანისში მოაძებნინა სითლარაბი, შეიძლება ტფილისის ამირების შთამომავალი, მოაყვანინა და მას უბოძა ტფილისი. იქნებ, ალფ-არსლანთან დაპირისპირებას მოერიდა. თვითონ მეფემ კი დაიკავა რუსთავის, ფარცხისის, აგარანის, გრიგოლ-წმიდას, ქავაზინის ციხეები და ხარკი აიღო ორმოცდაოთხი ათასი დრაჰკანი. მძევლად დაიტოვა მისი ძმის წული, მანუჩას ძე და სამი განძელი თავადი (ზოგი მიიჩნევს, რომ ბაგრატ მეფემ ორმოცდაოთხიათასიანი კონტრიბუცია დააკისრა სითლარაბს და მისი ხალხი დაიტოვა მძევლად. ზოგის აზრით კი, ფადლონს გადაახდევინა ეს თანხა, მისი ხალხი დაიტოვა მძევლად და მასვე წაართვა ციხეები, რომლებიც დაკავებული ჰქონდა ალფ-არსლანის დახმარებით).

ალფ-არსლანმა ბაგრატ მეფესთან გააგზავნა ელჩი – სარანგი ალხაზი, რომელმაც გადასცა სულთნის თხოვნა, გაეთავისუფლებინა ფადლონი. ბაგრატმა გაათავისუფლა შედადიანი და გააგზავნა განძას, თავის სამკვიდროში, სარანგიც თან გაჰყვა.

სამაგიეროდ, ჩვენს ხელმწიფეს გადმოსცეს გაგის ციხის კლიტენი და დაიკავა ბაგრატმა გაგი. მაგრამ, ფადლონმა გატეხა ფიცი და შუამდგომლობა სულთნისა და „მოიპარა ქავაზინი“, ანუ მოულოდნელად აიღო. მეფე იმ დროს დასავლეთ საქართველოში იყო. მიადგა ფადლონი აგარანის (კოჯრის) ციხეს და ციხისთავმა გადასცა ციხე განძის ამირას.

გაბრაზდა ბაგრატ მეფე, გადმოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში და დაიბრუნა აგარანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული