როგორ ჩამოყალიბდა ძველი ღვთის რჩეული ხალხის ანალოგიით ახალი ღვთის რჩეული ქვეყანა – საქართველო
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 13.02
ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველებს ჩვენი წიგნიდან („საკრალური ინფორმაციები, მისტიური ანალოგიები ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობისა და ახალი ღვთის რჩეული ქვეყნის – საქართველის დადგინების შესახებ“) წინა წერილებში ვუამბეთ, რომ სუმბატ დავითის ძის თხზულების, „ცხორებაè და უწყებაè ბაგრატონიანთას“ (და სხვა წყაროების) მიხედვით, თუ ძველი ღვთის რჩეული ხალხის დედა-დედობილი და დედობის სიმბოლო არის იაკობ-ისრაელის ერთ-ერთი ცოლი, რაქელი, ისრაელის ჩამომყალიბებელი 12 მამამთავრის დედა-დედობილი, ახალი ღვთის რჩეული ხალხის, ქართველი ერის დედა-დედობილად, მფარველად და დედის სიმბოლოდ წარმოდგენილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომლის სახელიც დაშიფრულია ეკლეცის (ეკლესიის) დედოფალ რაქაელად, რომელმაც, თხზულების მიხედვით, იშვილა, გააქრისტიანა და საქართველო-კავკასიის სამთავროების მმართველად დაადგინა ქალდური (ქალდეველთა ურიდან) წარმოშობის სამეფო დინასტიის, დავითიანთა შთამომავლები, სოლომონ დანის შვიდი ძე.
ახლა მოკლედ შემოგთავაზებთ ჩვენი წიგნის დასკვნით ნაწილს:
იაკობისა და მისი თორმეტი ძის მიერ ძველი ისრაელის დაფუძნების მსგავსად – საქართველო სახელმწიფოებრივად გაქრისტიანებულია მოციქულთასწორი წმიდა ნინოს მიერ, თავის თორმეტ მოწაფე დედაკაცთან ერთად.
წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, კათალიკოსის ტახტის შემოღებისას, პეტრე კათალიკოსთან ერთად, ქართლში 12 ეპისკოპოსი ჩამოვიდა.
ქრისტიანული, მართლმადიდებლური ქართლი განამტკიცეს (ახალი ისრაელი დააფუძნეს) იოანე ზედაზნელმა და მისმა თორმეტმა მოწაფემ.
საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი არის თორმეტი სამეფოს მეფე: „ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს“.
საქართველო არის (იდეურად, სიმბოლურად და რეალურად) როგორც 7 ისე 12 სამეფოსგან შემდგარი სამეფო (ქვეყანა, შვიდი და თორმეტი მეფის ხელმწიფის სახელმწიფო). ჰერმონიის „შვიდობა“ (და სხვა) და ისრაელის (ღვთის რჩეული ერის) 12 ტომის (მამამთავრის) მისტიკური ანალოგია.
ახალი აღთქმის მიმდევარი ხალხი, ქრისტიანები, არიან ღვთის რჩეული ხალხი, ანუ, ახალი ისრაელი. თუმცა, მათ შორის შეიძლება, გამოიყოს გარკვეული ცენტრი – ახალი ისრაელის ცენტრი, ახალი იერუსალიმი.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, ახალი ქალდეა, ქართლი, საქართველო (ახალი ისრაელი, სხვა ქრისტიანებთან ერთად) და ახალი ისრაელის ცენტრი – როგორც ახალი იერუსალიმი, აღმატებულიცაა ამ მისტიკური ანალოგიების გამო ძველ ისრაელზე. და არა მარტო ანალოგიის, არამედ განკაცებული მაცხოვრის ცნობისა და ახალი აღთქმის რწმენის მიღების შედეგად.
დასკვნითი ნაწილი:
დიდი მსოფლიო მოვლენიდან, ქალდეველი აბრაამის ურიდან (ქართველების პირველსაცხოვრისი ქალდეადან ან სხვა, ძველი ქალდეადან) წასვლის მერე, გავიდა 14 თაობა და მოხდა მეორე დიდი მოვლენა – დავითი გამოირჩა ისრაელის, ღვთის რჩეული ხალხის, მეფედ, იგი აკურთხა სამუელ მღვდელმთავარმა;
შემდეგ გავიდა 14 თაობა და მოხდა დიდი მოვლენა – ებრაელთა ტყვევნა;
ებრაელთა ტყვევნიდან 14 თაობის მერე მოხდა დიდი მოვლენა – ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობა – ელინიზმის დასაწყისი და ქართლის სამეფოს დაარსება აზოსა და ფარნავაზის მიერ;
შემდეგ, 14 თაობის მერე, განკაცდა მაცხოვარი, სამყაროს მხსნელი. კაცობრიობის ისტორიაში დაიწყო ახალი ხანა – ახალი აღთქმის ხანა.
მაცხოვრის განკაცებიდან 14 თაობაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა – რომის იმპერიაში გამოიცა მილანის ედიქტი (ქრისტიანობა გახდა ოფიციალური რელიგია), ქართლის სამეფომ კი ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. დაიწყო ქრისტიანული გეოპოლიტიკის ხანა;
მილანის ედიქტიდან და ქართლში ქრისტანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 14 თაობაში დავით მეფის შთამომავალი – 7 ძმა მოვიდა კავკასიაში (დაბრუნდა ქალდეაში) და ერთ-ერთმა მათგანმა, გვარამმა, დაიკავა ქართლის ტახტი (ანუ შეიქმნა ახალი ისრაელის ცენტრი (ახალი იერუსალიმი) საერისმთავრო – საკურაპალატო – სახელმწიფო – სამეფო ტახტი.
მაშასადამე, განახლდა, აღდგა, შეიქმნა, დაიდგა, დავით და სოლომონ ისრაელის მეფეების გაუქმებული ტახტი მცხეთაში. გვარამი ხელმწიფედ აკურთხა სამუელ მესამე კათალიკოსმა, როგორც დავით ისრაელის მეფე – სამოელ წინასწარმეტყველმა. ერთგვარად, ამის გამოც, საქართველო – აღმოსავლეთ კავკასია, სიმბოლურად, 7 ძმის სამფლობელოდ, „შვიდ სამეფოდ განწესებულად“ ყალიბდება;
მაშასადამე, ქალდეადან, ქალდეველთა ურიდან, ევფრატის სანაპიროებიდან (ქართველთა პირველსაცხოვრისის ტერიტორიაზე არსებული ქალაქ ურიდან ან სხვა, ძველი ქალდეას ურიდან) ქანაანში, პალესტინაში (შემდგომ იუდეაში, ჰურიასტანში, ევფრათაში) წასული აბრაამის 70-ე შთამომავლები, იესიან, დავითიან, სოლომონიანები – სოლომონ დანის ძის შვიდი ძე, ძველი აღთქმის ისრაელის მამამთავრის იაკობ-ისრაელის პირდაპირი (და იაკობის ცოლის, ისრაელის დედამთავარ რაქელის შვილობილის) შთამომავლები, დაბრუნდნენ ევფრატის ნაპირებზე (ქართველების პირველსაცხოვრისის ტერიტორიაზე) ქალდეას (ხალდიის) მიწაზე, ეკლეცში.
ქალდეაში დაბრუნებული დავითიანები (აბრაამიანები, ქალდები) გააქრისტიანა (ახალი აღთქმა არწმუნა) ახალმა რაქაელ დედოფალმა (ან ღვთისმშობელმა რაქაელის ხელით ან სიმბოლურად რაქაელმა, ანუ ღვთისმშობელმა) „ეკლეცში“ (ეკლესიაში) და ამის მერე გვარამი (და მისი სამი ძმა) გამოემართა ქალდეის სხვა ნაწილში, ჩრდილოეთ ქალდეაში – ქართლში და გახდა ახალი ქართლის (ახალი ქალდეის, საქართველოს) – ახალი ისრაელის მამამთავარი. იგი ხელმწიფედ აკურთხა სამოელ კათალიკოსმა, როგორც მისი წინაპარი დავითი – სამოელ მღვდელმთავარმა.
ძველი ისრაელის (ძველი ღვთის რჩეული ხალხის) ანალოგიით ჩამოყალიბდა, გამოირჩა ახალი ისრაელი (ახალი ღვთის რჩეული ხალხი), ქართლი, საქართველო და გამოირჩა ახალი იერუსალიმი – ახალი ისრაელის სატახტო, მცხეთა-ტფილისი.
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სამეფო ტახტზე (რომელიც იქცა ძველი ისრაელის მეფეთა, დავითისა და სოლომონის ტახტის ანალოგად) დამკვიდრდნენ ძველი ისრაელის მეფეების, დავითისა და სოლომონის შთამომავლები – ახალი ისრაელის (ახალი ღვთის რჩეული ხალხის) სამეფო დინასტია – ღვთისმშობლის ნათესავები და მის მიერ ნაკურთხნი.
ამ მოვლენიდან 14 თაობის მერე, 888 წელს, ისრაელის დიდი მეფის, დავითის 70-ე შთამომავალმა (სუმბატ დავითის ძის მიხედვით, რომელიც მათეს სახარების მონაცემებს აგრძელებს), ადარნასე მეორემ მიიღო წოდება – ქართველთა მეფე.
ასე ჩამოყალიბდა ახალი ღვთის რჩეული ხალხი და სახელმწიფო, რომელსაც მალე საქართველო უწოდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




