როგორ ათავისუფლებდნენ ჩვენი მეფეები სომეხთა დედაქალაქებს დამპყრობთაგან
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00
(იბეჭდება შემოკლებით)
ბიზანტიის იმპერია მტრობდა სომეხ ხალხს, ასევე ქართველებს. ბიზანტიის ბასილევსებს ჰქონდათ სურვილი, გაეუქმებინათ სომხური და ქართული სახელმწიფოები და იმპერიისთვის შეერთებინათ.
1041 წელს გარდაიცვალა შირაკის, ანისის სამეფოს სომეხთა ხელმწიფე, ოვანეს სმბატი, მისი იძულებითი ანდერძით, ქალაქი ანისი და მთელი სამეფო ბიზანტიას უნდა გადასცემოდა. მაგრამ, ოვანეს-სმბატის ძმისშვილმა, 16 წლის უფლისწულმა გაგიკმა, სპარაპეტმა ვაჰრამ ფაჰლავუნმა, სამშობლოს ერთგულმა დიდებულებმა და მეომრებმა არ დაუთმეს ანისი ბიზანტიის ჯარს და გააქციეს დამპყრობლები. ამბობენ, სომხებმა 20 000 ბერძენი მოკლესო. გაგიკი მეფედ ეკურთხა. ბიზანტიელებმა რამდენჯერმე კიდევ სცადეს ანისის აღება, მაგრამ უშედეგოდ.
ბიზანტიელებმა, რადგან სამხედრო ძალებით ანისის აღება ვერ შეძლეს, ვერაგი მეთოდი სცადეს. სომეხი ჭაბუკი მეფე, გაგიკი ბიზანტიის ბასილევსმა, კონსტანტინე მეცხრე მონომახმა, კონსტანტინოპოლში მიიწვია, ვითომდა სტუმრად და მოსალაპარაკებლად. ერთგული ადამიანები სთხოვდნენ ჭაბუკ მეფეს, არ წასულიყო ბიზანტიაში, მოღალატეები კი არწმუნებდნენ, წადიო.
ენდო ჭაბუკი მეფე ბასილევსს და გაემგზავრა კონსტანტინოპოლს. ბიზანტიის დედაქალაქში სომეხთა მეფე დაატყვევეს და აძალებდნენ, ხელი მოეწერა ანისის ბიზანტიისათვის გადაცემას. სომეხთა ჭაბუკი მეფე არ აწერდა ხელს, სანამ არ გაიგო, რომ ქალაქი მოღალატეებს ბიზანტიისათვის გადაეცათ.
გულგატეხილმა გაგიკმა ხელი მოაწერა. მას კომპენსაციის სახით, ერთ-ერთი ბიზანტიური თემის მმართველობა მისცეს.
სომხები არ ურიგდებოდნენ ბიზანტიელების ბატონობას და1045 წელს დამპყრობლების მიერ შეწუხებულმა სომეხთა თავკაცებმა ანისი საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხეს გადმოსცეს. მეფის დედა, დედოფალი მარიამი, ვასპურაკანის სომეხთა მეფის, სენექერიმ არწრუნის ასული იყო და შეიძლება ითქვას, ამგვარად, მემკვიდრეობითაც ეკუთვნოდა. ბაგრატის ჯარმა დაიკავა ანისი, მაგრამ, მალე, ლიპარიტ ბაღუაშის ღალატის გამო ბიზანტიელებმა ქალაქი ისევ ჩაიგდეს ხელში.
როცა თურქ-სელჩუკები წინა აზიასა და კავკასიაში შემოიჭრნენ, ანისი მაჰმადიანებმა დაიკავეს. სელჩუკებმა დაიპყრეს მთელი სომხეთი.
თურქებმა ანისი მიჰყიდეს მაჰმადიან თურქებს, შადადიანებს, ვასალობის პირობით. ქალაქში გაბატონდა მაჰმადიანური წესები. სომეხთა საკათედრო ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს და მის თავზე ჯვრის მაგიერ ნახევარმთვარე დადგეს.
სომხებს თავისუფლება სწყუროდათ. ამიტომ, 1124 წლის ოც აგვისტოს ანისის სომეხი დიდებულები ეწვივნენ ჩვენს მეფეს, დავით აღმაშენებელს. მოახსენეს, რომ უთმობდნენ დედაქალაქ ანისს და მის მიმდგომ ქვეყანას. მაშინ სხვადასხვა სომხური სახელმწიფოები გაუქმებული იყო, სომეხთა მხარეებში სელჩუკები ან გამაჰმადიანებული ქურთები ბატონობდნენ.
დავით აღმაშენებელმა აიღო ქალაქი ანისი. ანისის სომეხთა საკათედრო ტაძრიდან ჩამოახსნევინა ნახევარმთვარე, მოიწვია სომეხთა სასულიეროები და ხელახლა აკურთხებინა დედოფალ კატრონიტეს მიერ აშენებული დიდებული ტაძარი. როგორც ამბობენ, დედოფალ კატრონიტეს საფლავში სამჯერ ჩასძახა სასიხარულოდ: შენ მიერ აშენებული ტაძარი ისევ სომხებს დაუბრუნდაო.
დავით აღმაშენებლის გარდაცვალების მერე მის მემკვიდრეს, დიმიტრი პირველს თურქებმა და გათურქებულმა ქურთებმა, რომლებიც გაბატონებული იყვნენ მთელ სომხეთში, დიდი ბრძოლები გაუმართეს და მიაღწიეს, რომ ანისი კვლავ შადადიანებისთვის გადაეცა, ყმადნაფიცობის პირობით. ჰპირდებოდნენ, რომ სომეხთა და ანისის სხვა ქრისტიანთა უფლებებს დაიცავდნენ. 1153 წელს ანისს შემოესია თურქთა ამირა სალდუხი. დემეტრე მეფემ, ვითარცა ანისის მფარველმა და სუზერენმა, გაილაშქრა, სალდუხი დაამარცხა და ტყვედ აიყვანა.
მაგრამ, შემდგომ ანისში კვლავ გაბატონებული მაჰმადიანები, ალბათ, თანდათანობით ურთულებდნენ ანისელ ქრისტიანებს ცხოვრებას. ამიტომ, გაბრაზებულმა გიორგი პირველმა 1161 წლის ზაფხულში ანისი მაჰმადიანთაგან გაათავისუფლა.
გიორგი მეფემ, ასევე, დაამარცხა ანისის დასაბრუნებლად წამოსული ხლათის მბრძანებლის (შაჰარმენის), სომხეთის სხვა მაჰმადიანი მფლობელების, დიარბექირის, შამის (დამასკოს), არზრუმისა და სხვა, არაბთა და თურქთა ზოგიერთი მთავრის გაერთიანებული ლაშქარი.
ერთი სომეხი ისტორიკოსის ცნობით, ქართველებს დაუმარცხებიათ 80 000 მაჰმადიანი. 7 000 მეომარი მოუკლავთ და 2 000 ტყვედ აუყვანიათ. ასევე, 6 დიდი მთავარი და 150 ამირა ჩავარდნიათ ხელთ ჩვენს მეომრებს. მეფე გიორგიმ ანისი კვლავ პირდაპირ შემოუერთა საქართველოს. ქალაქის მცველად 2 000 მეომარი დატოვა.
მეფე გიორგი დიდი პატივისცემით ეპყრობოდა ანისელებს. დიდძალი საბოძვარი გასცა. სომხურივე ცნობით, ანისის მოქალაქეებს, განურჩევლად ეროვნებისა, ქართველმა მეფემ საჩუქრად დაურიგა 40 000 დრაჰკანი (ოქროს ფული). დრაჰკანი საკმაოდ სერიოზული მსყიდველობითი უნარის ფული იყო. ამ ცნობის მიხედვით, ვფიქრობთ, იმ დროისათვის დიდ ქალაქ ანისში 40 000 ადამიანი ცხოვრობდა. მეფემ ანისიდან ადრე ტყვედ წაყვანილი ქრისტიანები და მაჰმადიანებიც მტრების ტყვეობიდან გამოისყიდა და გაათავისუფლა.
ანისის აღების შემდეგ გიორგი მეფემ გაილაშქრა სომეხთა სხვა დედაქალაქ დვინისკენ. დვინი დიდი და სახელგანთქმული ქალაქი იყო. დვინის მეჩეთზე დამპყრობელ მაჰმადიანებს გამოფენილი ჰქონდათ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ ბრძოლაში ქართველთა ერთი სამხედრო ნაწილის დახოცილ მებრძოლთა თავის ქალები. მეფე გიორგი კარგა ხანი ემზადებოდა შურისძიებისათვის. ქართველებმა გააფთრებული ბრძოლით აიღეს დვინი. მეფემ, პირველ რიგში, მეჩეთს მიაშურა, გაათავისუფლა დვინის მეჩეთზე გამოფენილი დახოცილი ქართველი მეომრების თავის ქალები და პატივით წამოაბრძანა ტფილისში. დვინიდან წამოასხა დამპყრობლები და ტფილისის ბაზარზე გააყიდვინა.
ცოტა ხანში ანისი მეფემ ისევ შედადიანებს გადასცა, თუმცა, 1174 წელს ისევ აიღო. მაგრამ, მაჰმადიანებმა, მოღალატეებისა და მსტოვრების წყალობით, ლორეში, ჯარის გარეშე დარჩენილი მეფე გიორგი დაამარცხეს, მაგრამ, ვერ დაატყვევეს.
ამ მარცხისა და მუდმივი საომარი მდგომარეობიდან გამოსვლის სურვილის გამო, გიორგი მეფე იძულებული გახდა და ანისი ისევ უბოძა ძველ მფლობელს, მაჰმადიან ქურთ შედადიანს (შადადიანს) და ითაყვანა ყმადნაფიცობის პირობით. დვინში ისევ მაჰმადიანები გაბატონდნენ.
საქართველო ისევ ემზადებოდა ანისისა და დვინის სრულიად გასათავისუფლებლად და საქართველოსთვის შემოსაერთებლად. საქართველოს სამეფოს დაგეგმილი ჰქონდა მთელი სომხეთის გათავისუფლება თურქთაგან და საქართველოსთვის შემოერთება.
სომეხთა დედაქალაქები, ანისი და დვინი, თამარ მეფის ჯარმა გაათავისუფლა და საქართველოს შეუერთა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





