ისტორია

როგორ არღვევდა ჯალალედინი მაჰმადიანურ წესებს და რას აკეთებდა იმ ხანებში მეფე რუსუდანი

№46

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 26.11, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

რუსუდანის მეფობის დროს საქართველოს საზღვრებში შემოიჭრა მონღოლების მიერ დევნილი, ხორეზმის ყოფილი შაჰი ჯალალედინი, რომელსაც შაჰი აღარ ეთქმოდა, ვინაიდან საშაჰო წაართვეს და რომელსაც თავისი მძარცველების ჯარით გარკვეული ტერიტორიები დაეპყრო და თავი სულთნად გამოეცხადებინა.

სარდალ მხარგრძელების სიბრიყვის გამო ქართული ჯარი სამჯერ დამარცხდა ჯალალედინის ჯართან და ქვეყანა უმძიმეს ვითარებაში ჩავარდა.

როგორც ჩანს, სამეფოს პოლიტიკური კრიზისი გამოწვეული იყო მორალური კრიზისით, რომელიც გაბატონებულიყო სამეფო კარზე. ჩვენი მემატიანე წერს: „მეფეცა რუსუდან ჩუეულებითა წესსა ძმისა თვისისასა ვიდოდა განცხრომითა და სიმღერით“. აქ განცხრომაში და სიმღერაში იგულისხმება გართობა, დროსტარება, რომელსაც შეეცვალა თამარ მეფის საქართველოსათვის დამახასიათებელი მეფისა და სამეფო კარისთვის აუცილებელი ყურადღება და შრომა-მოღვაწეობა სახელმწიფოს სიძლიერისათვის.

ჯალალედინთან განცდილმა მარცხებმა მოშალა ქვეყნის მართვის ყველა სფერო და ერთიანობაც. რუსუდან მეფე ქუთათისში იჯდა და აღმოსავლეთ საქართველოზე გავლენა აღარც ჰქონდა სამეფო კარს.

1229 წლისთვის ჯალალედინის წინააღმდეგ გაერთიანდნენ რუმის (იკონიის), შამის (დამასკოს) და ხლათის მაჰმადიანი მბრძანებლები და ორჯერ დაამარცხეს ქრისტიანთა და მაჰმადიანთა ჯალათი ჯალალედინი.

ჩვენი სამეფო არ დახმარებია ჯალალადენის მტრებს, რომლებსაც ბოლნისის ბრძოლამდე შეუთანხმდა კიდეც ჯალალედინთან ერთობლივ ომზე.

ამასობაში, 1230 წელს, მონღოლები მოუახლოვდნენ ჩვენს რეგიონს. მათ შეიტყვეს ჯალალედინის სამყოფელი. იმ წელს ზამთარი ჯალალედინს გაუტარებია ძველ ადარბადაგანში, ურმიასა და უშნუში (დღევანდელი ირანის აზერბაიჯანი).

ეტყობა, ჯალალედინი გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას. ისედაც გაუწონასწორებელი ბუნება მთლად აერია და დაერია თავისიანებს. მათ შორის იმ ვაზირს, ადრე რომ სამელნე სთხლიშა თავში. სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინი წერს: „ვაზირ შარაფ ალ-მულქ იულდუზჩის ბრალი დასდეს, ჯალალ ად-დინის არყოფნაში მის ხაზინას და ჰარამხანას დაადგაო თვალი. როცა სულთანი იმ მხარეში მივიდა, ვაზირს შეეშინდა გირანის ციხიდან გამოსვლა და უვნებლობა ითხოვა. ჯალალ ად-დინმა ხელთ იგდო იულდუზჩი და ის იმავე ციხეში ჩასვა, სადაც მალე გარდაიცვალა“. ალბათ, მოაკვლევინა ყოფილი ვაზირი ჯალალედინმა.

ჯუვეინი განაგრძობს: „სულთანი დიარბექრისკენ დაიძრა. როცა მონღოლთა რაზმი ჩორმაღუნთან მივიდა, დიდად დატუქსა უკან მობრუნებისა და სულთნის გულმოდგინე და ზედმიწევნით ძიების მიტოვების გამო: „ასეთი მტერი რომ დასუსტდება და დაბნეულობისა და შიშის ფარდა ჩამოეფარება, ამისთანა დროს როგორ შეიძლება მისთვის ვადის მიცემა და ძებნაში უდარდელობის გამოჩენა“.

მონღოლთა დიდი ნოინი ჩორმაღანი უნიჭიერესი სარდალი იყო. მან მონღოლთა და თურქთა რაზმები დაადევნა ჯალალედინს. ჯალალედინმა მზვერავები გაგზავნა „ბუყუ-ხანი უკან გაგზავნა მსტოვრად, რათა მონღოლთა ლაშქრის წასვლა თუ მოსვლა დაეზვერა. აზერბაიჯანს რომ მივიდა, ამბავი მიუტანეს, ერაყიდან წასვლის დაფდაფსაც დაჰკრეს, ამ მიდამოებში მათი კვალი არ დარჩა და არც ხმა ისმისო“.

მაგრამ მოტყუვდნენ ჯალალედინის მზვერავები: „ბუყუხანმა გადაუხვია სიფრთხილის გზას, რომელიც აუცილებელი და სავალდებულოა სასახლის მოხელეთა, განსაკუთრებით სახელმწიფოს ამირებისათვის, უკან დაბრუნდა და სულთანს მათი წასვლის სასიხარულო ამბავი აუწყა“.

ჯალალედინს ძალიან გაუხარდა მამამისის სახელმწიფოს დამამხობელი და დედამისის მდინარეში დამახრჩობელი მონღოლების წასვლა, შვებით ამოისუნთქა და მაჰმადიანებისთვის აკრძალული ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება გადაწყვიტა, ანუ მოლხენა. დიახ, ჯალალედინი ძალიან ხშირად არღვევდა მაჰმადიანური სარწმუნოების კანონებს.

ჯუვეინი გვამცნობს: „ამ სასიამოვნო ამბების გამო ჯალალ ად-დინი, მისი სარდლები და მეომრები რამდენიმე დღის განმავლობაში დროს ტარებასა და განცხრომაში იყვნენ“.

ჯუვეინის მიხედვით, ჯალალედინი დაღუპა იმან, რამაც გაანადგურა რუსუდანის დროს დიდი საქართველოს სახელმწიფო - განცხრომამ და უყურადღებობამ.

„მოულოდნელად, შუაღამისას, მათ მონღოლთა ლაშქარი წაადგა თავს. მთვრალი ჯალალ ად-დინი დიდი გაჭირვებით გამოაფხიზლეს და გააგებინეს, რაშიც იყო საქმე“.

როგორც ახასიათებს, ალკოჰოლს გამბედაობა არ მოუმატებია ჯალალედინისთვის, პირიქით – გაიქცა. თავისი ჯარი, სარდალ ორხანის მეთაურობით, მტერს შეატოვა. ჯუვეინი წერს: „როდესაც სულთანი მცირერიცხოვანი რაზმით დაიძრა, ორხანს უბრძანა, სანამ თვითონ წინ არ წავიდოდა, ალამი ადგილიდან არ დაეძრა და წინააღმდეგობა გაეწია“.

მაგრამ, მონღოლებთან დიდი გული ვერ ჰქონდათ ხვარაზმელ ბანდიტებს, მათ, მხოლოდ უდისციპლინო ან მცირერიცხოვანი ჯარების წინააღმდეგ ჰქონდათ გამბედაობა.

„ამ ბრძანების შესაბამისად [ორხანმა] ერთ წამს სუსტად გაიბრძოლა. მონღოლთა ლაშქარს ეგონა, სულთანიაო“ და ეკვეთნენ. ორხანი და ხვარაზმელები გაიქცნენ. ორხანმა „ზურგი რომ შეაქცია და გაიქცა, არწივივით კვალდაკვალ მიჰყვნენ“. მაგრამ, ჯალალედინი კარგა ხნის გაქცეული იყო. ვინღა დაეწეოდა „როცა მიხვდნენ, რომ „ფეხი ხელიდან გაუშვეს და ნაფეხურს გამოეკიდნენ“ (ესე იგი, სულთნის ნაცვლად მის ამირს დაედევნენ), უკან დაბრუნდნენ და ბანაკში მოვიდნენ“.

ჯალალედინის უკანასკნელ ბრძოლაში ადვილად გამარჯვებული მონღოლები მიუბრუნდნენ ჯალალედინის ჯარს და „ხმლით აკუწეს სახელმწიფოს დიდებულნი, მოლაშქრენი და წარჩინებულნი და ბუზების ლუკმად და მგლების კერძად აქციეს ისინი“.

სიკვდილისკენ გარბოდა ჯალელედინი გამალებით...

საინტერესოა, რა ხდებოდა ამ დროს საქართველოს სამეფო კარზე?

რუსუდანი გათხოვდა თავისი სურვილის მიხედვით. ტფილისში მძევლად იყო არზრუმის ამირას, მუჰამედ მოღის ად-დინ თუღრილ შაჰის ვაჟი, ღიას ად-დინი. იგი გახლდათ სელჩუკთა დინასტიის წარმომადგენელი, რუმის ყოფილი სულთნის შვილიშვილი. რუსუდანს მოსწონებია სელჩუკიდი მძევალი და იქორწინა მასზე. ქორწინების წინ, ღიას ედ-დინმა უარყო მაჰმადიანობა, ქრისტიანულად მოინათლა და ეწოდა დიმიტრი. ჩვენი მეფის ქმარი დაახლოებით 12 წლით უმცროსი იყო ცოლზე.

რუსუდან მეფეს მასთან შეეძინა ასული, თამარი, ხოლო შემდეგ, დაახლოებით 1225 წელს კი – ვაჟი, დავითი... დაახლოებით იმ დროს, როცა ხვარაზმელები შემოესივნენ ქვეყანას.

რუსუდან მეფის მთავარი საზრუნავი გახდა, როგორც ამას გვამცნობს მონღოთა დროინდელი მატიანე, საკუთარი ვაჟის აყვანა სამეფო ტახტზე და ძმისწულის, დავით გიორგის ძის მოცილება.

დაახლოებით იმ დროს, როცა ჯალალედინი გაურბოდა მონღოლებს, რუსუდან მეფემ ქუთათისში შეკრიბა დასავლეთ საქართველოს დიდებულები და თავისი ვაჟი თანამეფედ გამოაცხადა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი