ისტორია

როგორ ახასიათებდნენ ბიზანტიაში ქართველ დედოფალს, მარიამ-მართა ბაგრატიონსა და მის გვარს

№9

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 14.03

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

1052 წელს ბაგრატ მეოთხე იძულებული გახდა, ქვეყნის საქმეების მოსაგვარებლად ბიზანტიაში გამგზავრებულიყო კონსტანტინე მონომახთან, რადგან ბიზანტიელები სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებას უწევდნენ მის მოწინააღმდეგე ლიპარიტ ბაღუაშს. მეფეს თან ახლდა დედა-დედოფალი, ნიჭიერი და გამოცდილი დიპლომატი. წასვლის წინ ბაგრატ მეფემ თავისი მცირეწლოვანი ვაჟი, გიორგი მეორე ქუთაისში თანამეფედ გამოაცხადა.

მეფე და დედა-დედოფალი კონსტანტინოპოლში სამი წელი გააჩერეს „საპატიო“ სტუმრად. პრინციპში, არც ბიზანტიის სამეფო კარს ჰქონდა დალაგებული სიტუაცია თავის სახელმწიფოში. იქ კიდევ უარესი მდგომარეობა იყო და იცვლებოდა დინასტიები. იმ წლებში კი კონკურენცია იყო გარდაცვლილი იმპერატორის, კონსტანტინე მერვის ქალიშვილებს შორის, ხდებოდა ხალხის აჯანყებები და სხვა.

ბიზანტიის დედოფალმა თეოდორამ – იმპერატორ კონსტანტინე მერვის ასულმა, შესთავაზა ბაგრატ მეფეს, შვილად გავზრდი თქვენს ასულს, მართასო. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გვამცნობს, ეს სიხარულით მიიღო ჩვენმა ხელმწიფემ. თუმცა, შესაძლოა, მეფის მცირეწლოვანი ასულის, ერთგვარად, მძევლად დატოვება უნდოდათ ბერძნებს.

საბოლოოდ, მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, ბაგრატ მეფეს მიანიჭეს კურაპალატზე მაღალი ნობელისიმუსის, შემდეგ კი სევასტოსის წოდება. ამ წოდებებს იმპერატორის ოჯახის წევრები და დიდი სარდლები ატარებდნენ.

1056 წელს ბაგრატი სამშობლოში დაბრუნდა და დაამარცხა ლიპარიტი, ბერად აღკვეცა და ბიზანტიაში გააგზავნა.

1059 წელს კონსტანტინოპოლის ტახტზე ავიდა კონსტანტინე მეათე დუკა. 1065 წელს იმპერატორმა, თავისი შვილისა და მემკვიდრის, მიხეილისთვის მართა ბატონიშვილის ხელი ითხოვა. დიდი ხანი იყო, ბიზანტიაში უცხო ქვეყნის მეფის ასული არ გამხდარა დედოფალი. ბიზანტიელებს არ უყვარდათ სხვა ერის წარმომადგენლის გადედოფლება, მაგრამ, იმპერატორს ძალიან სჭირდებოდა ბაგრატ მეფესთან მძახლობა.

იმ დროს ბაგრატ მეფე ძალიან საჭირო გახდა ბიზანტიისთვის, რადგან აღმოსავლეთში დიდი მარცხი განიცადეს ბერძნებმა თურქ-სელჩუკებისგან. ამ რეგიონში კი უძლიერესი ქრისტიანი ხელმწიფე ბაგრატ მეოთხე გახლდათ.

ძველად სამეფო ოჯახებს შორის დანათესავება პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო. სხვადასხვა ქვეყნის სამეფოები ასე აგვარებდნენ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას. ეს ერთგვარად, ზავის საშუალებაც იყო და ურთიერთაღიარებისაც.

1067 წელს გარდაიცვალა კონსტანტინე მეათე დუკა, მართას მამამთილი. დაქვრივებულ დედამთილს, ევდოკიას მოეწონა ლამაზი აღნაგობის სახელგანთქმული მეომარი რომან დიოგენი და ქმრად დაისვა და ტახტზე აიყვანა. მას რომან მეოთხე უწოდეს. ის სახელგანთქმული სარდალი იყო და ბიზანტია მასზე ამყარებდა იმედებს თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში. მან რამდენჯერმე მართლაც დაამარცხა სელჩუკები, მაგრამ, 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში დუკებმა უღალატეს და თურქებმა იმპერატორი რომან მეოთხე ტყვედ აიყვანეს. მართალია, დიდი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გამოუშვეს, მაგრამ ვერ შეძლო ტახტის დაბრუნება. იმპერატორი გახდა მიხეილ მეშვიდე დუკა, მართა ბაგრატის ასულის მეუღლე. ასე გახდა მართა ბაგრატიონი ბიზანტიის დედოფალი. ტახტზე ასვლისას მარიამი უწოდეს. შემდეგ, კონსტანტინემ დედამისიც ჩამოაშორა მმართველობას და მთელი ძალაუფლება სამეფო წყვილის ხელში გადავიდა.

ბიზანტიის ახალი დედოფალი განსაკუთრებულად ლამაზი ყოფილა – ძალიან განათლებული და კეთილი ადამიანი, საქართველოს დიდი პატრიოტი. მიქაელ მეშვიდე დუკას აღმზრდელი, ბიზანტიელი სწავლული, მწერალი, პედაგოგი, „ფილოსოფოსთ-უხუცესი“, რიტორი, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი, მიქაელ ფსელოსი (პსელოსი), მარიამ-მართას შესახებ წერდა:

„დედოფლის ქება რომ არ გამომივიდეს მისი გვარიშვილობის გამო, რომელიც სიმდიდრითა და შთამომავლობით ყველა სამეფო გვარს აღემატება, ქებად მხოლოდ ხასიათიც ეყოფა. მისი სახის მშვენიერება საოცარია, ხოლო თუკი ქალებისთვის დუმილი სამკაულია, იგი ყოველგვარ სამკაულზე უფრო უპატივეს იყო, რადგან არავის სხვას, გარდა თავისი ქმრისა, ენას არ გააცნობდა და თავისთავადაც უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც საჭიროება მოითხოვდა, მოკაზმულიყო“.

მიქაელ ფსელოსის ამ სიტყვებში ბაგრატიონების განსაკუთრებული ქებაც საინტერესოა, ჩვენს სამეფო დინასტიას ის სიმდიდრითა და შთამომავლობით ყველა სამეფო გვარზე აღმატებულს უწოდებს.

მარიამ დედოფალი უცხოურ წყაროებში მარიამ ალანელის სახელითაა ცნობილი, ალბათ, იმიტომ, რომ მისი დედა ბორენა დედოფალი ოვსთა (ალანთა) მეფის ასული იყო, უფრო იმიტომ, რომ მაშინ ალანები, იბერები და აფხაზები ერთ ხალხად მიაჩნდა ბევრ ბიზანტიელს ანუ ერთი სამეფოს ხალხად. გარდა ამისა, შეცდომებიც მოსდიოდათ ბიზანტიელ ისტორიკოსებს. დედოფლის სილამაზეზე, ალექსი იმპერატორის ასული და ისტორიკოსი, ანა კომნენოსი წერდა:

„მართლაც, მარიამი იყო მაღალი და ტანადი, როგორც კვიპაროსი, თეთრი, როგორც თოვლი, პირისახე ჰქონდა არცთუ ძალიან მრგვალი, მაგრამ გაზაფხულის ვარდივით ალისფრად გაფურჩქნილი. ახლა თვალების ბრწყინვალებას აღარ იკითხავთ? ნუთუ ვინმე შეძლებს ამის აღწერას? წამწამები – გრძელი, თვალები – ცისფერი.

მხატვრის ხელი ხშირად გადმოგვცემს იმ ყვავილების ნაირფერობას, რომლებითაც გვასაჩუქრებს წლის სხვადასხვა დროს, მაგრამ დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი სანდომიანობა აღემატება ფერწერასა და ხელოვნებას. არც ერთ მოქანდაკეს არ დაუტოვებია ამის მსგავსი ქანდაკება. ამბობენ, გორგონას თავი ქვებად აქცევდა ხოლმე იმ კაცებს, ვინც მას შეხედავდაო, ხოლო ვინც შემთხვევით დაინახავდა ქართველ დედოფალს, როცა სეირნობდა ან უცაბედად შეხვდებოდა სადმე, საზღვარი არ ჰქონდა მნახველის განცვიფრებას, ის გაქვავებული რჩებოდა. ასეთი სინატიფე ასოთა და შეხამება მთელისა ნაწილებთან და ნაწილებისა მთელთან მართლაც რომ არავის უნახავს ადამიანის სხეულში. ეს იყო ცოცხალი ქანდაკება, რომელიც ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულთ. ეს იყო თვით იმეროსი (ეროსი), რომელსაც ხორცი შეუსხამს ამ ჩვენს დედამიწაზე“.

მართა-მარიამ დედოფალს და მიხეილ დუკას 1074 წელს შეეძინათ ვაჟი, კონსტანტინე, რომელსაც პორფიროგენეტი (პორფირში შობილი ანუ უფლისწული) უწოდეს. უფლისწულის აღზრდაზე ზრუნავდა ბერძენი ბერი, ცნობილი ღვთისმეტყველი და მწერალი, წმიდა წერილის კომენტატორი, მომავალი ოხრიდის მთავარეპისკოპოსი, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. მარიამ დედოფლის თხოვნით, ლიტერატურულ-დიდაქტიკური ტრაქტატიც კი დაუწერია მას უფლისწულის აღსაზრდელად – „სამეფო დარიგებანი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა