ისტორია

როგორ აისახა უნიკალური მოვლენა, ქალის - თამარის სამეფო ტახტზე ასვლა „ვეფხისტყაოსანში“

№3

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 30.01

ისტორია
დაკოპირებულია

გაუცხოების ხერხის მეშვეობით („ესე ამბავი სპარსული“, ანუ ალეგორიული), როგორც არაბეთი, ისე ინდოეთი არის საქართველო. „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტი სრულიად დაფუძნებულია საქართველოს რეალობაზე.

რუსთველი, აღწერს რა არაბეთის სამეფოს მდგომარეობას, წერს:

სხვა ძე არ ესვა მეფესა,

მართ ოდენ მარტოდ ასული.

პოემის მიხედვით, მეფეს არც ძმა ჰყავს, არც ძმისწული და არც მოგვარე. მის დინასტიაში როსტევანი ბოლო მამაკაცია.

როსტევანი ეთათბირება რა ვაზირებს, ამბობს: „ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ“. ამ ფრაზაში „ძე“ ნიშნავს მემკვიდრეს. ვაზირების პასუხი ასეთია,

თუცა ქალია, ხელმწიფედ

მართ ღმრთისა დანაბადია;

არ გათნევთ, იცის მეფობა...

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.

თინათინი მხოლოდ იმიტომ ადის ტახტზე, რადგან სხვა „ძე“, ვაჟი დინასტიას, გვარს არ ჰყავს.

„ვეფხისტყაოსნის“ ინდოეთი არის შვიდი სამეფო. ქართული წყაროებით ვიცით, რომ საქართველო არის „შვიდ სამეფოდ განწესებული“.

ინდოეთის ექვსი ნაწილის მეფეა ფარსადანი. ტარიელი ამბობს: „ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი... მამაჩემი ჯდა მეშვიდე“.

ტარიელის მამამ, სარიდანმა გადაწყვიტა სამშობლოს გაერთიანება და თავისი სამეფო შეუერთა გაერთიანებულ ინდოეთს.

სამაგიეროდ, ფარსადანისგან მას ებოძა ერთი სამეფო „საკარგვად“ ანუ სამართავად, ამირბარობა და ამირსპასალარობა.

სარიდანი ფარსადანმა „დაიჭირად სწორად თავსა“, რადგან მისი მოგვარე იყო. და რადგან „ძე არა ესვა მეფესა“, ამიტომ, ფარსადანმა იშვილა ტარიელი: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“. ტარიელი, როგორც სამეფო გვარის წარმომადგენელი, სამეფოდ იზრდება, რომ მერე მეფე გახდეს. შემდეგ სიუჟეტის განვითარება როგორიცაა, ყველამ იცის.

ერთი უნდა ითქვას, რომ ტარიელისა და ფარსადანის „მოგვარეობა“ ჰგავს საქართველოს მეფის, გიორგი მესამისა და დემნა უფლისწულის ურთიერთობას. თუ არ ტყუიან, სომხური წყაროებით ვიცით, რომ გიორგი მეფეს უნდა აღეზარდა მეფედ დემნა დავითის ძე და დაეთმო მისთვის ტახტი, თავის სიცოცხლეშივე. მაგრამ, მეფე არ აპირებდა ანდერძის შესრულებას. სიცოცხლის ბოლომდე ფიქრობდა მეფობას. რომც ტყუოდეს სომხური წყარო, მაინც, ცხადია, ტახტი დემნას ეკუთვნოდა, ვითარცა გიორგის უფროსი ძმის შვილს, მით უმეტეს, რომ გიორგის მხოლოდ ქალები ჰყავდა.

მანამდე ქალის ტახტზე ასვლის პრეცედენტი საქართველოში არასოდეს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ფარნავაზიანთა ნათესაობა გადადიოდა ქალითაც. მაგრამ ბაგრატიონებში, როგორც იესეან, სოლომონიან, დავითიანებში, მემკვიდრეობა გადადიოდა მხოლოდ მამრობითი ხაზით.

„ვეფხისტყაოსნიდან“ ვიცით, რომ ფარსადანმა დაივიწყა ტარიელის მემკვიდრეობა და გადაწყვიტა თავისი ასულისათვის, ნესტან-დარეჯანისათვის ქმრად მოეყვანა ხვარაზმშას ვაჟი. ამ საკითზე ეთათბირა კიდეც ავთანდილს.

ტარიელის თათბირზე დასწრება არ არის შემთხვევითი. იგი არის ამირბარი, ამირსპასალარი და, რაც მთავარია, დინასტიის წარმომადგენელი. საჭიროა მისი თანხმობა, „მოწმობა დავრთე”, ამბობს ტარიელი. მან ვერ გაბედა შეკამათებოდა მეფესა და დედოფალს, რომელთაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ საქმე.

საინტერესოა წერილი ფარსადანისა ხვარაზმშას წინაშე:

გახდა უმკვიდროდ

სამეფო ჩვენი ყოველი;

არს ერთი ქალი საძეო,

არ კიდე-გასათხოელი.

ამ სიტყვებით ჩანს, რომ ფარსადანს თავისი სამეფო უმკვიდროდ მიაჩნია, ვინაიდან ჰყავს მხოლოდ ქალი. და ამ ქალისთვის მხოლოდ მეფის ძე უნდა და არა ვინმე უგვარო ან თავისი ქვეშევრდომი. ძველ დროში სამეფო ოჯახის წევრებს ქვეშევრდომზე ქორწინება ეკრძალებოდათ (თან, ფარსადანს უნდა, ქალიშვილი გახდეს დედოფალი, კონსორტი).

იმ დროისათვის სარიდანი, ყოფილი მეფე ინდოეთის ერთი ნაწილისა, გარდაცვლილია და ტარიელი უკვე ქვეშევრდომად ითვლება და არა მეფური ღირსების მატარებლად. ამას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

მეფისთვის მიცემული თანხმობისთვის ტარიელს ნესტან-დარეჯანი საყვედურობს. ტარიელი კი პასუხობს, მე როგორ მეკადრა დაშლა მეფისთვის, თვითონ ვერ უნდა ხვდებოდეს? განა მეფემ არ იცის, რომ ინდოეთი უპატრონო არ არის? მე, ტარიელი, ვარ ინდოეთის მემამულე, ანუ ინდოეთი ჩემია, სხვას არ ეკუთვნის ინდოეთი. ტყუილად მოცდება ყველა, ვინც მოინდომებს სხვის გამეფებას.

ტარიელის სიტყვები არ არის მხოლოდ შეყვარებულისთვის ერთგულების მტკიცება. მას კარგად აქვს შეგნებული, რომ სამეფო საგვარეულოს შვილია, ინდოეთის პატრონია, ტახტის მემკვიდრეა, მიუხედავად იმისა, რომ მეფის ძე არ არის და გვერდითი შტოს წარმომადგენელია.

შემდგომი სიუჟეტი ყველასათვის ცნობილია. ნესტან-დარეჯანი და ტარიელი გადაწყვეტენ, მინიმალური მსხვერპლით ააცილონ ინდოეთში სხვა დინასტიის გაბატონება, რაც, მათი აზრით, ქვეყნის დაპყრობის ტოლფასია.

ფარსადანი რომ გაიგებს ხვარაზმშას ძის მოკვლის ამბავს, დიდად განიცდის და საყვედურს შეუთვლის ტარიელს, თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არ მითხარი, ცოდვა რად დამადე კისერზეო.

ძალიან მნიშვნელოვანია ტარიელის პასუხი. იგი ამბობს, ახლა ინდოეთი მთლიანად თქვენს ხელთაა, მაგრამ ერთადერთი მემკვიდრე ვარ მე, ტარიელი. ტახტი ჩემია, ვერავინ შემეცილება, არ იქნება სამართალიანი, ლეგიტიმური. რადგან ღმერთმა არ მოგცა ვაჟი, სხვა დაჯდეს მეფედ ჩემს ქვეყანაში, სანამ ხმალი მარტყია?! შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, როგორც გინდა. ინდოეთი კი ჩემია, ვერავინ შემეცილება, ვინც გაბედავს, გავანადგურებო.

„ვეფხისტყაოსანი“ „ინდოეთის“ საშუალებით გადმოგვცემს იმ დროინდელი საქართველოს ვითარებას – თუ მეფეს მხოლოდ ასული ჰყავს, ხოლო დინასტიას ჰყავს მამრობითი წარმომადგენელი (თუნდაც გვერდითი შტოდან), მაშინ ტახტი ეკუთვნის ვაჟს. აქ შეფარვით იგულისხმება დემნა ბატონიშვილი.

რაც შეეხება „არაბეთის“ ამბავს, როდესაც გარდა ქალისა არ არსებობს სხვა შვილი, „ძე“, მემკვიდრე დინასტიაში, არ არსებობს გვერდითი შტო სამეფო გვარისა, მხოლოდ მაშინ შეიძლება, ტახტზე ავიდეს ქალი.

ეს მეორე ვარიანტი უკვე ის პერიოდია, როდესაც დემნა ბატონიშვილი მოკლულია და სამეფო ოჯახს სხვა მემკვიდრე არ ჰყავს, გარდა თამარისა.

სხვა თემებთან ერთად, სამეფო ლეგიტიმიზმის ეს პრინციპი თუ ვითარებაც აქვს გადმოცემული რუსთველს, შეფარვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი