ისტორია

როდის შეიძლება დაწერილიყო „ცხოვრება ფარნავაზისი“ და რეალურად არსებობდნენ თუ არა თხზულების პერსონაჟები

№11

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

ისტორიის შესწავლისას ლეგენდებს, მითებს, ფოლკლორს ვერ ავუვლით გვერდს და ერთმნიშვნელოვნად ვერ გამოვაცხადებთ ზღაპრად, ვინაიდან, ვიცით, რომ არგონავტების მითში გადმოცემულია სინამდვილე, შელამაზებულად, ზღაპრული პასაჟებით – კოლხეთის სამეფო მართლაც არსებობდა, ქალაქები განვითარებული იყო, გვქონდა სერიოზული სამიწათმოქმედო, საზღვაო, სამედიცინო, სამხედრო, საამშენებლო კულტურა და სხვა.

ყველას მითი და ლეგენდა, ანუ ზღაპრული სიუჟეტი ეგონა ჰომეროსის ილიადაში მოთხრობილი ამბები, ქალაქი ტროა და სხვა. გენიოსმა არქეოლოგმა და ადამიანმა, ჰაინრიხ შლიმანმა დამტკიცა, რომ ქალაქი ტროა მართლა არსებობდა პოემაში მითითებულ ადგილას.

შლიმანის მიერ ლეგენდარული ტროას აღმოჩენამ კარგად გვაჩვენა, რომ ძველ ლეგენდებში, მითებში, ფოლკლორულად ან მხატვრულად შელამაზებულ ამბებში ნამდვილი ფაქტებია გადმოცემული, შელამაზებულად, გამხატვრულებულად, გაზღაპრებულად.

მეცნიერები აღარც დავობენ არგონავტების მითში მოთხრობილი კოლხას სამეფოს რეალურობის შესახებ. მართალია, კოლხაზე გვაქვს წყაროებიც, მაგრამ, აღნიშნულ წყაროებში მხოლოდ ინფორმაციაა კოლხას სახელმწიფოებრივი გაერთიანების შესახებ. ხოლო მისი არქიტექტურის, სამხედრო სიძლიერის, მედიცინაში დაწინაურების, ოქროს წარმოების, უაღრესად განვითარებული არქიტექტურის, მოწინავე მიწათმოქმედების და სხვა საკითხების შესახებ გადმოცემულია არგონავტების მითში ზღაპრული შეფერილობით. არგონავტების მითი, ცხადია, ზღაპრულია – მასში მონაწილეობენ ღმერთების შვილები, ზღაპრული პერსონაჟები და სხვა. თუმცა, მითი რეალური ქვეყნის, კულხას, აიას რეალურად განვითარებულ არსებობას გვიამბობს.

ასევეა „ცხოვრება ფარნავაზისი“, მიუხედავად მისი ზღაპრული პასაჟებისა – ფარნავაზის სიზმარი და განძის პოვნა, მასში მცხეთის ქართლის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ამბებია მოთხრობილი (არსებობდა არიან ქართლიც). ასეთი ხერხი, რეალური ამბის მითის სახით, ლეგენდის სახით გადმოცემისა, დამახასიათებელი იყო ძველი სამყაროსთვის, ზოგადად ადამიანისთვის. ფარნავაზის სიზმრით გადმოცემულია „მტკიცებულება“, რომ გმირი განსაკუთრებულია, მზის, ანუ ღვთაების რჩეულია, როგორც არგონავტების მითის მონაწილეები არიან ღმერთთა შვილები, ანუ რჩეულები.

თხზულება „ცხოვრება ფარნავაზისი“, სტილით, მანერით, რელიგიური მონაცემებითა და სხვა, აშკარად გვიჩვენებს, რომ დაწერილია გაცილებით ადრე ლეონტი მროველამდე და ალბათ, წარმართულ ხანაში. აშკარაა, „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ლეონტი მროველის მიერ რედაქტირებული წარმართული ხანის ნაწარმოები, რომელსაც დამატებული აქვს ფოლკლორულ-ლეგენდური პასაჟებიც, რომელიც, ცხადია, იარსებებდა ფარნავაზ მეფეზე. საუბარია ფარნავაზის სიზმარსა და განძის პოვნაზე. ჩანს, რედაქტორს, ლეონტი მროველს, გადაუმუშავებია ფარნავაზზე არსებული ძველი, სავსებით შესაძლოა, წარმართული ხანის ან შემდეგში, მროველამდე კარგა ხნით ადრე გადამუშავებული ძველი წყარო, ასევე, წარმართული ხანის ფოლკლორული ნაწარმოები და შეუქმნია თავისი რედაქცია (რევაზ ბარამიძე).

შეიძლება, ისიც ვივარაუდოთ, რომ „განძი“ სელევკიდების სახელმწიფოს ფინანსებიც ყოფილიყო, სელევკიდი მეფის მიერ ქართველი ლიდერისთვის გაწეული ფინანსური დახმარება სელევკიდების ერთ-ერთი მოწინააღმდეგეების, მითრიდატიდების (და სხვების) წინააღმდეგ, რათა კავკასია სელევკიდების გავლენის ქვეშ გადასულიყო, რათა გაკონტროლებულიყო ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთში გადმოსასვლელი კარიბჭეები, რაც მართლაც განხორციელდა ფარნავაზის მიერ. ქართლის სამეფო სელევკიდების ვასალი იყო, „მსახურებდა იგი (ფარნავაზ) ანტიოქოსს“, ანუ, ქართლის ჯარი სელევკიდების წინააღმდეგ არ გამოვიდოდა და ალბათ, სელევკიდებს ეხმარებოდა კიდეც ომებში. და ეს ამბავი ზღაპრულად გადმოიცა ფოლკლორში, ძველ წყაროში, მერე კი მროველმა შეიტანა „ქართლის ცხოვრებაში“.

სხვათა შორის, სელევკიდების სამეფოს ერთ-ერთი კონკურენტების, სპარსეთის იმპერიის სატრაპების შთამომავლები და პონტოს მბრძანებლები, მითრიდატიდები, ცნობების თანახმად, ფარნაკიდების, კერძოდ, ფარნაბაზუს პირველის შვილების განაყოფი უნდა ყოფილიყვნენ, ისევე, როგორც ჩვენი ფარნავაზის დედის წინაპრები – გაყოფილი შტოებიდან.

ზღაპრულ სიუჟეტში ფარნავაზის მიერ განძის პოვნა, ფულის შოვნა, სამხედრო კამპანიისთვის, რაიმე დიდი მიზნისათვის, ასევე რჩეულობის ნიშანია. მართლა განსაკუთრებული არ არის სახელმწიფოებრიობის შემქმნელი? ან რომელიმე სხვა ქვეყანას თავისი სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ზღაპრული პასაჟებით არ ჰყავს შებურვილი?

გარდა ამისა, სავსებით შესაძლოა, ნამდვილად ეპოვა განძი გმირს, რომელიც ნადირობდა „ველთა დიღომისათა“. ანუ, სანადირო ტყეები იყო დიღომში. ამ ადგილებში არაერთი გამოქვაბული არსებობს, ვაშლიჯვრის ზემოთ კლდეზე (ბავშვობაში ავდიოდით ხოლმე), ორი გამოქვაბულია. კლდის ქვები ისეა ჩამოშლილი, შესაძლოა, მესამე გამოქვაბული მიწისქვეშაც იმალებოდეს. ადრე შესაძლოა, მაგ მთას ხეები, ტყე ეფარებოდა და შესაძლოა, ფარავდა ბევრ გამოქვაბულს. გარდა ამისა, არქეოლოგების მიერ მიგნებულია სხვა გამოქვაბულებიც. არის ვერსია, სამწუხაროდ, არ მახსოვს ავტორის გვარი, ცნობილი არქეოლოგი იყო, რომ ერთ-ერთში მართლაც შეიძლება, ყოფილიყო კიმირიელების ან სხვა მძარცველი ტომების მიერ შენახული განძი, რომლებმაც ერთ-ერთი ლაშქრობის დროს დროებით გადამალეს და მერე სხვაგან ლაშქრობისას გაწყდნენ ან ამავე ადგილზე, ქართლში მოუწყვეს მათ გენოციდი და განძი დარჩა და შეიძლება, ის იპოვა ვინმე გმირმა.

განძი უამრავ ადამიანს უპოვია მსოფლიოს ისტორიაში, ზოგს ისე გამოუყენებია, ზოგს ასე. ცხადია, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი განძს, ფულს, სამშობლოსთვის გამოიყენებს.

დიახ, რეზო ბარამიძის ძალიან სერიოზული არგუმენტებით, „ცხოვრება ფარნავაზისი“ წარმართულ ხანაში უნდა შექმნილიყო. ასევე, მაგალითად, ქართლსა და რომის იმპერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე (მესამე-მეოთხე საუკუნეების მიჯნა) დაწერილია „კოლაელ ყრმათა წამებაც“, რაც შესანიშნავად დაამტკიცა ჩვენმა მეგობარმა, აწ გარდაცვლილმა ბიძინა ჩოლოყაშვილმა.

ფარნავაზი და აზონი რომ ლეონტი მროველის მიერ გამოგონილი პიროვნებები არ არიან, ამას ამტკიცებს ლეონტი მროველამდე რამდენიმე საუკუნით ადრე შექმნილი „მოქცევაè ქართლისაèც“, სადაც აზო მცხეთის ქართლის პირველ, ფარნავაზი კი მეორე მეფედ არიან მოხსენიებულნი.

თუ ფარნავაზი და აზონი რეალური პიროვნებები იყვნენ, „ფარნავაზის ცხოვრების“ სხვა პერსონაჟიც, ქუჯიც რეალური უნდა ყოფილიყო. ეგრისში, დასავლეთ საქართველოში რომ საერისთავო-სამთავრო იქნებოდა, ცხადია. ისტორიული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომელშიც შედის ეგრისი, ალექსანდრე მაკედონელმა (უფრო მისმა სარდალმა) მეფედ (მბრძანებლად) დასვა აზონი. აზონს ხარკს უხდიდნენ ოსები და ლეკები, ცხადია, ეგრისიც დაემორჩილებოდა ალექსანდრეს სარდლის მიერ დატოვებულ მეფე აზოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი