ისტორია

როდის დამთავრდა ბიზანტიური, თუნდაც სიმბოლური, გავლენა საქართველოს მეფეებზე

№38

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 03.10

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

ბიზანტიის იმპერიაში ყველაზე აღმატებული ტიტული იყო ბასილევსი, ავგუსტუსი, ანუ იმპერატორი. ის იყო სრული სუვერენი (თავისუფალი) და სრული სუზერენი (ანუ ავტოკრატი, ქართულად თვითმპყრობელი, ხელმწიფე). შემდეგ იერარქიაში, ზემოდან ქვემოთ, მოდიოდა კეისარი, სევასტოსი, ნოველისიმოსი, კურაპალატი, მაგისტროსი... დიდი ტიტულების მატარებლებს ბასილევსები დიდ თანხასაც უხდიდნენ, ხოლმე. ეს ტიტულები არ იყო მხოლოდ საპატიო, არამედ ფინანსურადაც ძალიან ხელსაყრელი გახლდათ.

ტიტული კეისარი – ცეზარი, რომის იმპერიის დამაარსებლის, გაიუს იულიუს კეისრისგან მომდინარეობს. კეისარი რომის იმპერიაში იმპერატორს ნიშნავდა, შემდეგ, მესამე-მეოთხე საუკუნეებიდან, იმპერატორის, ავგუსტუსის თანამმართველს, მემკვიდრეს. უფრო მოგვიანებით კეისრობა იმპერატორის, ავგუსტუსის, ბასილევსის, ავტოკრატის (თვითმპყრობელის) ძმას, მემკვიდრე შვილს, მემკვიდრე შვილობილს, თანამმართველს ენიჭებოდა.

ტიტულ კეისარს ქართველები იშვიათად, მაგრამ მბრძანებლის მნიშვნელობით იყენებდნენ. მაგალითად, არსენ ბერი წერს დავით აღმაშენებელზე: ხარ, „განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღïსტოს კეისართა შორისო“ (იგულისხმება გაიუს იულიუს ცეზარ ოქტავიანე ავგუსტუსი, ცეზარის (კეისრის) დის შვილიშვილი და მემკვიდრე (საიდანაც მოდის ცეზარის, კეისრის, როგორც იმპერატორის, წოდების შემოღება), განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მბრძანებელი. იგულისხმება – შენ გამორჩეული ხარ კეისართა შორის, როგორც ავგუსტუსი გამორჩეულია კეისართა, ანუ მბრძანებელთა შორისო).

„ვეფხისტყაოსანში“ ტარიელი ამბობს, რომ, მამამისი, სარიდანი – მას შემდეგ, რაც ინდოეთის შვიდი სამეფოდან ექვსის მფლობელ ფარსადანს ინდოეთის მეშვიდე სამეფო, რომელსაც იგი განაგებდა, დაუქვემდებარა და მეფე ფარსადანის, გაერთიანებული ინდოეთის სამეფოს ამირბარი და ამირსპასალარი ანუ სარდალი გახდა – მაინც პატრონი იყო (პატრონი მბრძანებელს ნიშნავს), ოღონდ არ ჰქონდა კეისრის ტიტულიო: „სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა“. აღმოსავლეთშიც კეისარი გამოიყენებოდა ქრისტიანი ხელმწიფის სინონიმად.

ბიზანტიური კეისრის ტიტულს, ანუ მბრძანებლის, თვითმპყრობელი ბასილევსის მომდევნოს – ჩვენთან ხანდახან კესაროსს უწოდებდნენ.

წყაროებში, ძირითადად, ბიზანტიის იმპერატორებს, ბასილევსებს ქართველები „ბერძენთა მეფეებს“ უწოდებდნენ, როგორც ჩვენს ხელმწიფეებს. ანუ, ბიზანტიის ბასილევსებს და ჩვენს მეფეებს თანაბარი რანგის ხელმწიფეებად მიიჩნევდნენ. ბიზანტიური ტიტულები კი ბიზანტიის იმპერიის გარეთ, ბიზანტიურ-ქრისტიანული თანამეგობრობის დამსახურებული და მნიშვნელოვანი წევრების აღმნიშვნელად გამოიყენებოდა.

ტიტულების მინიჭებაში ბიზანტიის იმპერატორები, გარკვეულწილად, ვასალიტეტის შინაარსს დებდნენ, თუმცა, მერე შინაარსი შეიცვალა და ეს უფრო იყო მოკავშირეობა, პატივისცემა გახდა.

ბიზანტიის იმპერატორები ცდილობდნენ ერთიანი გეოპოლიტიკურ-კულტურული სივრცის შენარჩუნებას.

ქართველებისთვის კურაპალატის ტიტულის მინიჭების ტრადიცია გუარამ ერისმთავრის დროს (მეექვსე საუკუნე) დაიწყო.

შემდეგში ქართველ ხელმწიფეებს ბიზანტიელნი ჯერ მაგისტროსის, მერე კურაპალატის, ტიტულებს ანიჭებდნენ. ეს ტიტულები მისი მფლობელის საერთაშორისო ავტორიტეტსაც წარმოაჩენდა და ხშირად კურაპალატი მეფის სინონიმიც კი იყო. „მატიანე ქართლისაში“ წერია: „მეორმოცდაექუსე კურაპალატი ქართლისა. აშოტ. ძე ადარნასესი, ბაგრატოანი“, რაც, ფაქტობრივად, მეფეს ნიშნავს.

მხოლოდ გიორგი პირველმა თქვა უარი ბიზანტიურ ტიტულზე და შეებრძოლა ბიზანტიას.

ბაგრატ მეოთხის დროიდან ბიზანტიის იმპერატორებმა უფრო მაღალი – ნოველისიმოსის, სევასტოსის, პანიპერსევასტოსის, ტიტულები უბოძეს ჩვენს მეფეებს, ვინაიდან ბაგრატ მეფის ასული ბიზანტიის დედოფალი იყო და ბაგრატ მეფე და მისი ვაჟი, გიორგი მეორე სჭირდებოდათ თურქებთან ბრძოლაში.

გიორგი მეორე 1072 წლამდე, ტახტის მემკვიდრეობისას, კურაპალატი იყო. 1073 წლიდან უკვე ნოვილისიმოსია ან სევასტოსი, რადგან ამ დროს მისი მცირეწლოვანი, მემკვიდრე ვაჟი, დავითი უკვე კურაპალატად მოიხსენიება.

გიორგი მეორე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ბიზანტიისთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის, რადგან ებრძოდა სელჩუკებს და დაამარცხა კიდეც ფარცხისში. ჯერ თვითონ ჩამოართვა ბიზანტიას რამდენიმე ციხესიმაგრე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და ჩააყენა თავისი გარნიზონები, შემდეგ ბიზანტიამ ჩვენს ხელმწიფეს გადმოსცა კარი (ყარსი). ეს იყო იურიდიულად, სომხური ვანანდის სამეფოს მფლობელობის გადაცემა საქართველოს მეფისთვის.

გიორგი მეორის დროს კეისრის ტიტულს ბიზანტიაში, ფაქტობრივად, მორიგეობით, თანმიმდევრობით ატარებდა ორი-სამი პიროვნება: ჩვენი მეფის დის, ბიზანტიის დედოფლის, მართა-მარიამის პირველი ქმრის, იმპერატორ მიხეილ მეშვიდე დუკას (1071-1078) ბიძა, იოანე დუკა. 1078 წელს, გადატრიალების შედეგად, მიხეილ მეშვიდე დუკა გადააყენეს და იმპერატორი გახდა ნიკიფორე მესამე ბოტინიატე, რომელმაც ცოლად მოიყვანა გიორგი მეფის და, მართა-მარიამი, ყოფილი ცოლი წინა იმპერატორისა. იოანე დუკას კეისრის ტიტული შეუნარჩუნეს ბერობაშიც. 1081 წელს, ახალი იმპერატორი გახდა ალექსი კომნენი, იოანე დუკას შვილიშვილის, ირინას ქმარი. მერე, კეისრის ტიტული მიენიჭა ნიკიფორე მელისენეს, კომნენოსების სიძეს, იმპერატორ ალექსი კომნენის დის, ევდოკიას ქმარს, რომელიც ჯერ ებრძოდა იმპერატორ ნიკიფორე მესამეს და მცირე აზიაში თავი იმპერატორად გამოაცხადა. 1081 წელს კი, გავიყოთ იმპერიაო, შესთავაზა ცოლისძმას, ალექსი კომნენს. მან უარი უთხრა და კეისრის ტიტული შესთავაზა. ნიკიფორე მელისენე დათანხმდა ცოლისძმას. მერე კეისრის ტიტული მიიღო იმპერატორ ალექსის სიძემ, ქალიშვილის, ანას ქმარმა, ნიკიფორე ვრიენოსმა.

ჩვენს ხელმწიფეს, გიორგი მეორეს, იმპერატორ მიხეილ მეშვიდე დუკას ცოლისძმას და იოანე დუკას, იმპერატორის ბიძას, დაახლოებით, ერთ დროს, 1070 წლებში, უნდა მინიჭებოდათ კეისრის ტიტული, როგორც ბასილევსის, იმპერატორის ცოლის ძმას, გიორგი მეფეს, ბიზანტიის აღმოსავლეთით ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს და ბიზანტიის მოკავშირეს და იმპერატორის ბიძას, როგორც ბიზანტიის სამეფო კარზე ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს და იმპერატორის თანამმართველს. ნიკიფორე მელისენე კეისრის ტიტულის მფლობელი გახდა 1080-იან წლებში, იოანე დუკას ბერად აღკვეცის მერე.

გიორგი მეორის ტიტულში კესაროსი (კეისარი) ასახულია მისი პოლიტიკური წონა კავკასიასა და წინა აზიაში და განსაკუთრებით, ბიზანტიისთვის.

1204 წელს, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დოკუმენტებში, ტრადიციისამებრ, გიორგი მეორე კვლავ კეისრისა (კესაროსის) და მეფეთ მეფის ტიტულითაა მოხსენიებული.

მისი შვილი კი, დავით მეოთხე, საქართველოს საეკლესიო კრებამ უმაღლესი წოდების მატარებლად, თვითმპყრობელ მეფედ (ბერძნული ბასილევის მსგავსად), ფაქტობრივად, იმპერატორად გამოაცხადა.

ასე დამთავრდა ბიზანტიური, თუნდაც, სიმბოლური გავლენა საქართველოში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა