ისტორია

როდის და სად მიიღო თამარ მეფის საპასუხო წერილი სულთანმა რუქნადინმა

№30

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 02.08

რელიგია
დაკოპირებულია

თამარ მეფის პიროვნება დიდ ინტერესს აღძრავდა მის თანამედროვეთა შორის. საქართველოსადმი დაპირისპირებულ მაჰმადიანი ქვეყნების უბრალო ხალხში ლეგენდები ვრცელდებოდა კეთილშობილი, ჰუმანური დედოფლის შესახებ. ბასილი ეზოსმოძღვარი წერდა: „ერაყს მყოფნი მეებნენი, გინა მეჩანგენი (მუსიკოსები) თამარის შესხმათა მუსიკელობდიან; ფრანგნი და ბერძენნი ზღუასა შინა მენავენი, ნიავ-კეთილობათა შინა (ზურგის ქარის დროს) თამარის ქებათა იტყოდიან. ესრეთ ყოველი სოფელი სავსე იყო მის-მიერითა ქებითა, და ყოველი ენა ადიდებდა, რომელსაცა ოდენ სახელი მისი ასმიოდეს“ - ისტორიკოსის თქმით, კიდით კიდემდე იყო მისი სახელი ცნობილი.

მაგრამ, უბრალო ხალხისგან განსხვავებით, მაჰმადიან მბრძანებელთ ძალიან აღიზიანებდათ ქალის მიერ მათი კონკურენტობა. მათთან ხომ იმ დროს, ქალებს არანაირი უფლება არ ჰქონდათ. ტახტზე ქალს არავინ აუშვებდა. მხოლოდ სასახლეების დერეფნებში შეეძლოთ სულთნების დედებსა და ცოლებს ინტრიგების ხლართვა ან სულთნებზე ზემოქმედება. საქართველოში კი ქალი მართავდა ქვეყანას და ეს ქვეყანა, თანდათანობით, ართმევდა თურქულ სასულთნოებს სომხურ ტერიტორიებს და საქართველოს უერთდებდა.

რუმის სულთანი რუქნადინი – რუქ-ალ-დინ სულეიმან შაჰი, ქართული წყაროებით ნუქრადინ (ნუქარდინ) ჩარასლანის ძე, რომელმაც თავისი ძმა, ყიასედ-დინქეი ხუსრევი, ტახტიდან ჩამოაგდო და ტახტი მიისაკუთრა, კარგა ხანს ემზადებოდა საქართველოს მბრძანებელი ქალის დასამორჩილებლად და მისთვის სამეფოს წასართმევად, ისე როგორც უფროს ძმას წაართვა ტახტი, როგორც დაიმორჩილა თავისი მეორე ძმა, მალათიის გამგებელი მუიზ-ედ-დინ-კაისურ შაჰი, ასევე, სიძე ფაჰრუნ-დინ-ბეჰრამი და მთელი იკონიის იმპერიის ერთპიროვნულ მმართველად იქცა.

უამრავი ოქროს ფული დახარჯა მრავალრიცხოვანი ჯარის შეკრებისათვის. შუამდინარეთში, კილიკიაში, გალათიაში, ანკარაში, კაბადოკიაში, ბითვინიაში, სირიაში, ერზინკაში, არზრუმსა და მთელ სათურქეთ-სამაჰმადიანოში, ქალების გარდა, ყველა დარაზმა ჩვენი დედოფლის წინააღმდეგ.

როცა მოუახლოვდა საქართველოს, ელჩი გამოაგზავნა ჩვენს ქალ ხელმწიფესთან და უხეში და უზრდელური წერილი გამოატანა:

„მე, ნუქარდინ სულთანი, ყოველი ცისქვეშეთის მფლობელი, ანგელოსთა დარად თანამდგომი ღმერთისა, მოვლინებული დიდისა მოჰმედისაგან, გაცნობებ მეფე თამარს:

ყოველი დიაცი რეგვენია. შენ გიბრძანებია ქართველებისთვის ხმლის აღება და მუსლიმანთა ხოცვა და მათი თავისუფლების წართმევა, მათთვის ხარკის დადება.

ახლა მე მოვდივარ, რათა დაგსაჯო შენ და შენი ერი, რომ ქართველობამ აღარასდროს გაბედოს ხმლის ხელში აღება, რომელიც ღმერთმა მხოლოდ ჩვენ გვიბოძა.

ცოცხალს დავტოვებ მხოლოდ მას, ვინც იჩქარებს, მოვა ჩემს კარავთან, თაყვანს მცემს, აღიარებს ისლამს, უარყოფს ქრისტეს და დაამსხვრევს ჯვარს.

ეს იქნება სამაგიერო იმისთვის, რაც დაუშავე შენ ჩვენს მონათესავეებს“.

რუქნადინის ელჩი თამარ მეფის სასახლეში მისულა და წერილი წაუკითხავს. შემდეგ უკადრისი სიტყვებიც დაუმატებია, სულთნის მიერ პირადად დაბარებული: თუ მეფე თქვენი დაუტევებს ქრისტეს სჯულს, სულთანი ცოლად მოიყვანს, თუ არა და ხარჭად დაისვამსო...

ასეთი უზრდელობისთვის სულთნის ელჩს ჩვენმა ამირსპასალარმა, ზაქარია მხარგრძელმა სილა გააწნა და ვითარცა მკვდარი დააგდო.

გულკეთილმა თამარ მეფემ შეიწყალა უზრდელი სულთნის ნაცემი ელჩი. დაასაჩუქრა და უთხრა, საპასუხო წერილს დაგიწერთ სულთნისთვისო.

პარალელურად, ჩვენმა ხელმწიფემ ბრძანა ჯარის შეკრება ჯავახეთში. თვითონ გაჰყვა დავით სოსლანსა და სარდლებს ჯავახეთისკენ. ვარძიის ღვთისმშობლის ხატის წინაშე ცრემლებით შეავედრა უფალს დავით სოსლანი, ქართველთა ჯარი და სეფე დროშა. შემდეგ ფეხშიშველი ავიდა ამაღლებულ ადგილას და დავარდა ლოცვად. ქართველთა ჯარი აღელვებული, გულაჩქარებული და ცრემლმორეული უყურებდა მეფეთა მეფესა და დედოფალთა დედოფალ თამარს და ლოცულობდა თავადაც. თამარმა ცრემლით დაალტო მიწა. მერე უხმო მხედართმთავრებს და ერისთავებს თავისთან, რათა მთხვეოდნენ წმიდა ჯვარს.

მოდიოდნენ ქართველი სარდლები, ტირილით ეთაყვანებოდნენ ჯვარსა და თამარ მეფის ხელს, ანდერძს უტოვებდნენ მეფეს და შესთხოვდნენ ცოლ-შვილის მფარველობასა და ლოცვას მათი გამარჯვებისა ან სულებისთვის.

წმიდა თამარმა აიღო ხელში წმიდა ჯვარი და სამგზის გადასწერა ქართულ ჯარს.

საომრად გაემგზავრა ღმერთსა და წმიდა თამარის წმიდა ცრემლებს მინდობილი ოთხმოცდაათი ათასი ქართველი გმირი. მეფეთ მეფე ფეხშიშველი და თვალცრემლიანი აცილებდა ლაშქარს, შემდეგ ოძრხეს წავიდა სალოცავად და სამარხულოდ.

ქართული ჯარის მოძრაობის შესახებ რომ არ გავცელებულიყო ინფორმაცია და მოულოდნელად დაერტყათ მრავალრიცხოვანი მტრისათვის, ჩვენებმა ქარავანთა მისვლა-მოსვლა შეაყოვნეს. არც სულთნის ელჩი გაუშვეს პატრონთან.

მეფესთან ერთად ლოცულობდნენ ქართლის კათალიკოსი თევდორე მეორე, ეპისკოპოსები, ბერები, მონაზვნები, მათ შორის ცნობილი ფილოსოფოსი, პოეტი იოანე შავთელი და ევლოგი, სალოსად წოდებული, რომელსაც ღვთისგან წინასწარ მცნობელობის მადლი ჰქონდა მინიჭებული.

მთელი საქართველოს ეკლესია-მონასტრებში იყო ღამისთევა, ლოცვა და ლიტანიობა. თავად თამარიც ღამეებს ტეხდა ლოცვაში. გადიოდა დღეები.

თამარ მეფის მიერ დალოცვილი ქართველთა ჯარი ბასიანს მიადგა – ადგილს, რომელსაც ბოლისციხეს უწოდებენ, სადაც იყო დაბანაკებული რუქნადინის ჯარი.

ბასიანის მხარე ოდითგან ქართული ტომებით იყო დასახლებული. სწორედ ქართული ტომის, ფასიანების სახელი შეერქვა ამ კუთხეს. ადგილი, სადაც ბასიანის ბრძოლა მოხდა, დაახლოებით 60 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ არზრუმიდან (კარნუქალაქი).

ქართველთა ჯარზე გამარჯვების შემთხვევაში, რუქნადინს უნდოდა, ბასიანიდან სამი მიმართულებით შემოსეოდა საქართველოს: ბასიანის მიმდებარე ტერიტორიიდან იღებს სათავეს ჭოროხის ხეობა (თორთუმი, ართვინი – აჭარა), მტკვრის ხეობა (ოლთისი, არტაანი, ახალციხე), არაქსის ხეობა (ყარსი, ანისი).

ქართველები რომ რუქნადინის ბანაკს მიუახლოვდნენ, გაუშვეს სულთნის ელჩი. უთენია დილა იყო, როცა ელჩი სულთნის კარავს მიადგა. გააღვიძეს რუქნადინი.

ამ დროს ხმაური ატყდა სულთნის ჯარში.

ჩვენი ხელმწიფე სწერდა თურქთა სულთანს:

„შენ დიდძალ ოქროსა და მრავალრიცხოვან მხედრობას ხარ მინდობილი, მე კი – უფალს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და ჯვრის ძალას. წავიკითხე შენი ღვთის განმარისხებელი წერილი... შენ თაყვანისცემას ითხოვ?

წამოვგზავნე ქრისტეს მხედრობა არა თაყვანისცემად, არამედ შენს დასამხობად და, აი, ისინი შენი კარვის წინ დგანან...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა