ისტორია

რით მოარჩინეს გელათის გალავნიდან გადმოვარდნილი დავით აღმაშენებელი

№7

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00

ისტორია
დაკოპირებულია

დავით აღმაშენებელი რომ განსაკუთრებული პიროვნება იყო, ეს არავისთვის საკამათო არ არის. შეიძლება ითქვას, ის იყო ზებუნებრივი ძალის მქონე, უფრო თუ დავაზუსტებთ, ზებუნებრივი ძალის, ანუ ღვთის რჩეული და მის ცხოვრებაში არის რამდენიმე ფაქტი, რომელიც ამას მოწმობს.

დავითის ისტორიკოსი წერს: „რამეთუ მრავალ-გზის მრავალთა მიზეზთა და განსაცდელთა სიკუდილისათა შთავარდა იგი, რომელთაგან მცირედი მივსცეთ თხრობასა. რამეთუ ნადირთა დევნასა შინა ოდეს-მე მუხნარს წაექცა ცხენი, და ესე-ოდენ შეიმუსრა, რომელ სამ დღე ყოვლად უსულო მდებარე იყო უძრავად, სამშïნველისაგან ოდენ საცნაური ცოცხლად. და შემდგომად სამ დღე ნამტკნარსა სისხლისასა აღმომყრელსა მოექცა სული და სიტყუა, და ძლითღა აღდგა ცოცხალი.“

სამი დღე თითქმის უსულოდ, უძრავად იწვა. მხოლოდ ოდნავი სუნთქვით მიხვდნენ, რომ ცოცხალი იყო. სამი დღის მერე სისხლი ამოანთხია და გამოჯანმრთელდა. იმ დროს წმიდა მეფემ ქრისტიანული ინიციაცია გაიარა (საერო სამყაროდან საღმრთო ცხოვრების წესზე გადავიდა, მადლი მიენიჭა, სულიერად ამაღლდა, ქრისტეს აღდგომის მიმსგავსებული მისტერია განმეორდა), სამი დღის მერე მოუბრუნდა სული და სიტყვა, „მოექცა სული და სიტყუა“ და „აღდგა ცოცხალი“.

თვითონ დავით აღმაშენებელი შიომღვიმისადმი ანდერძში იხსენებს სვიმონ საკვირველმოქმედის ხატს, რომელიც, ეტყობა, მუხრანის სოხასტერში (დაყუდებული ბერების სამყოფში) იყო დაბრძანებული და რომლის წინაშეც, ალბათ, მიიყვანეს მეფე და იმ ხატს შესთხოვდნენ დამტვრეული მეფის გადარჩენას – „მე ხუდაბუნი (მამული) შემიწირავს მუხრანს წმიდისა სვიმონ საკვირველმოქმედისადა, რომელმან სამისა დღისა მკვდარი აღმადგინაო“.

ასეთი ხიფათი კიდევ ბევრჯერ შემთხვევია ჩვენს ხელმწიფეს: „ესე-ვითარი მრავალ-გზის შეემთხïა და ღმერთმან იüსნა სიკუდილისაგან”, წერს მისი ისტორიკოსი.

მეორე ცნობის თანახმად, გელათის მშენებლობის დროს გალავნიდან გადმოვარდნილა მეფე და ძალიან მძიმედ დაზიანებულა.

გონელი არახამიას წიგნში „სასისხლო სიგელთა შესწავლისათვის“ გამოქვეყნებული აქვს „ავჟანდაძეთა სასისხლო წერილი“, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნისაა.

გონელი არახამია გვამცნობს, რომ ივანე ჯავახიშვილს ავჟანდაძეებისა და სხვა ზოგიერთი სასისხლო სიგელი ნატყუარად მიუჩნევია რამდენიმე რამის გამო, მათ შორის, ვინაიდან მასში ზღაპრული ამბავია მოთხრობილი. ზოგი მეცნიერი მიიჩნევდა, რომ მეთხუთმეტე საუკუნის საზოგადოებისათვის შესაძლებელი იყო მსგავსი გადმოცემების შეტანა სიგელში (ს. კაკაბაძე). ამ მიდგომას იზიარებს ზ. ჭუმბურიძე. გონელი არახამია წერს: „ის, რომ საბუთში ეს ლეგენდა შეტანილია, ე. თაყაიშვილის აზრით, „სიყალბეს კი არ ნიშნავს სიგელისა, არამედ იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში ამგვარი ლეგენდა არსებობდა“. სავსებით დასაშვებად მიაჩნია ს.კაკაბაძეს ავჟანდაძეთა გვარში არსებული ლეგენდის შეტანა სიგელში ეპოქისთვის დამახასიათებელი ცრუმორწმუნეობის პირობებში. ჩვენი მხრით დავძენთ, რომ ანალოგიური საგვარეულო გადმოცემები თუ ლეგენდები დასტურდება ეჭვმიუტანელ სიგელშიც, კერძოდ, შალვა ქვენიფნეველის მიერ 1470 წელს ლარგვისის მონასტრისადმი ბოძებულ შეწირულობის წიგნში, სადაც შეტანილია ლეგენდა“.

შემდეგ გონელი არახაია გვიამბობს: „გადამწერს ორივე საბუთის შესავალი გაუერთიანებია, მაგრამ ქრონოლოგიური თანმიმდევრობა არ დაუცავს. ჯერ კონსტანტინე მეფის მიერ გაცემული სიგელის შესავალი გადაუწერია, შემდეგ ბაგრატ მეფის ბოძებულისა, იქვე მოუთავსებია იმავე საბუთის ძირითადი ტექსტი, შემდეგ უკვე კონსტანტინე მეფის სიგელის ძირითადი ნაწილი და ბოლოს ისევ ბაგრატ მეფის საბუთის ბრძანებულება, სათვალავი და ხელრთულობა. ორი საბუთის შერწყმის შედეგად შექმნილ ამ ტექსტობრივ მოზაიკაში კარგად განირჩევა თითოეული საბუთიდან გადმოღებული მონაკვეთების კონტურები“ და წარმოადგენს ორივეს ცალ-ცალკე. საბოლოოდ, ეს სიგელი, როგორც ფიქრობენ, ორი სიგელის: კონსტანტინე (მეორე) დემეტრეს ძისა და ბაგრატ მეორის (მეექვსე) ავჟანდაძეებისადმი გაცემული სიგელების გაერთიანებაა გადამწერის მიერ.

ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ის გადმოცემა, რაც ეხება დავით აღმაშენებელს – გელათის მშენებლობისას დავით აღმაშენებელი გადმოვარდნილა გალავნიდან. ვერ შველიდნენ...

ავჟანდაძეების სასისხლო სიგელში მოთხრობილია: „ოდეს დარუბანდით გამოვიდა ავჟანდაძის გუარის კაცი, დიდად ნამსახური ნეფისა, როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა და გალავნიდაღმა გარდავარდა, სამას და ხუთი აქიმი მოასხეს და ვერა უშველეს, მაშინღა სხუა ერთი აქიმი მოვიდა ყუელას უკანის ბოლოსა. მან ასრე თქუა: „თუ არა ირმის რძეშიგან დავაწუენთო, არა ეშველების რაო“.

ქნეს მოკითხული, შეღონდეს. წამოდგა კაცი, ასრე თქუა: „ავჟანდაძესა უთქსო თორმეტი ფური ირმის მეწველიო“. სხუა ქუეყანასა ზედან არ იშოებოდა. მოიღო ავჟანდაძემან. იპრიანა ღმერთმან, დარჩა აღმშენებელი“.

ამგვარად, ამ მეორე ცნობის თანახმად, გელათის გალავნიდან გადმოვარდნილი და მძიმედ დაზიანებული მეფე თორმეტი ირმის მონაწველ რძეში განბანეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადარჩა – „დარჩა“ ამქვეყნად.

გადმოცემაში დავით აღმაშენებლის გადარჩენა დაკავშირებულია თორმეტი ირმის რძეში განბანვასთან. რძეში განბანვა სხვა გადმოცემებშიც, ლეგენდებშიც არის და მიჩნეულია განსაკუთრებული უნარების შეძენასთან. შემთხვევითი არაა, რომ ირმები იყვნენ 12, რომელთა რძეშიც განბანეს მეფე. ესეც განსაკუთრებულია. დავით აღმაშნებელი 12 მეფის მეფე იყო და სხვა...

საინტერესოა ცნობა, რომ 105 მკურნალს ვერ მოურჩენია ჩვენი გვირგვინოსანი. აქ არაპირდაპირ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წარმოდგენილია ცნობა – საქართველოში ბევრი მკურნალი იყო. დავით აღმაშენებელმა არაერთი სამკურნალო დაწესებულება ააგო, სადაც უფასოდ მკურნალობდნენ სნეულებს. შეიძლება, რიცხვი 306 რაიმე სიმბოლიკაც იყოს.

ავჟანდაძეებზე სიგელში წერია: „ოდეს დარუბანდით გამოვიდა ავჟანდაძის გუარის კაცი“, ანუ, შესაძლოა, ავჟანდაძეები დარუბანდიდან მოსულებად მიიჩნეოდნენ. საინტერესო იქნება აბჟანდაძეების დნმ-ის გარკვევაც. მეფეებმა, კონსტანტინემ და ბაგრატმა, ავჟანდაძეებს განუახლეს ძველი სიგელი: „რათამცა თქვენი ძველი სიგელი გაგიახლეთ. შეგიწყალეთ და გიბოძეთ ახალი სიგელი“, გამოდის, რომ რაღაც დიდი დამსახურება მართლაც ჰქონდათ და წყალობა ჰქონდათ მეფისგან მიღებული, რაღაც დამსახურებისთვის, ეს დამსახურება კი მოთხრობილია სიგელში – დავით აღმაშენებლის გადარჩენა, განკურნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი