ისტორია

რისთვის ემზადებოდა ათი წლის ასაკიდან ვახტანგ გორგასალი და როდის დაიწყო მან ოცნების ასრულება

№36

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 16.09, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ძველ დროში მეფე არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური იყო, არამედ ქვეყნის პატრონი და ხალხის მამა.

შვიდი წლის იყო ვახტანგ უფლისწული, რომ დაობლდა, გარდაიცვალა მირდატ მეფე, ქართლის მეომარი ხელმწიფე. ქვეყანას მეფის სრულწლოვანებამდე დედა-დედოფალი მართავდა. ბევრი მტერი ჰყავდა ჩვენს სამშობლოს, სპარსელები მოსახლეობის გამაზდიანებას ცდილობდნენ, ათი წლის თუ იქნებოდა პატარა ხელმწიფე, ისარგებლეს ოვსებმა მეფის არასრულწლოვანებით, გადმოვიდნენ ჩრდილო კავკასიიდან, ააწიოკეს ქართლის სამეფო, გაძარცვეს ჩვენი ქვეყანა, ბევრი დახოცეს და მრავალი ადამიანი ტყვედ გაიტაცეს, მათ შორის მეფის სამი წლის და, მირანდუხტი.

პაწაწინა დაიკოსა და ტყვედ წასხმული ქართველების გათავისუფლების ოცნებით იზრდებოდა თვითონაც პატარა ხელმწიფე. მუდმივად ვარჯიშობდა - არც ხმალი გაუგდია ხელიდან, არც მშვილდისარს იშორებდა, მხედრობასა და შუბის ტყორცნაშიც ხელოვნდებოდა. რაც მთავარია, დღედაღამ გეგმებს აწყობდა, როგორ ელაშქრა ოვსეთში, როგორ მოეხერხებინა მოკავშირეების მოძიება, როგორ გამოეხსნა პატარა დაიკო და ტყვედწაყვანილი ქართველები, როგორ გაეთავისუფლებინა ქართული მიწები დამპყროლებისგან... როცა თხუთმეტი წლის გახდა, მოუწოდა სამეფოს წარჩინებულებს და შეკრიბა მცხეთაში. სამეფო დარბაზში ოქროს ტახტზე დაბრძანდა მეფე. ჯუანშერ სპასპეტი და ეპისკოპოსები მათთვის განკუთვნილ ტახტებზე დასხდნენ, ერისთავები – ოქროჭედილ სავარძლებზე, ათასისთავები და ასისთავნი კი ფეხზე მდგომნი ესწრებოდნენ თათბირს.

ჭაბუკმა მეფემ, დაბრძენებული, გამოცდილი და ფილოსოფოსებთან ერთად აღზრდილი ადამიანივით ხმამაღლა დაიწყო: „მეფეებსა და ხალხზე ერთად მოიწევა ხოლმე განსაცდელი ცოდვათა ჩვენთა გამო, როცა მოაკლებენ ღვთის მსახურებას და მის მცნებებს არ ასრულებენ. ისე, როგორც მამა მკაცრად წვრთნის თავის შვილებს, ასევე გვრწვთნის ახლა უფალი, ცისა და ქვეყნის დამბადებელი. ისმინეთ ჩემი, მართალია ყრმა ვარ და არ გინახავთ ჩემგან კეთილი საქმენი, მაგრამ მამათა ჩემგან მიგიღიათ წყალობა და მათგან ხართ დადგინებული მთავრებად ამ ქვეყანაში. თუ გვაცოცხლებს ღმერთი, მიიღებთ ჩემგანაც წყალობას და დიდებას. ახლა დიდი განსაცდელია მოწევნული ჩემზე და თქვენზეც. მაგრამ ჩათვალეთ, რომ მხოლოდ ჩემზეა ეს განსაცდელი და თქვენ არ გაქვთ შურის საძიებელი. მე კი თქვენს ყოველ სამსახურს დავითვლი და ყველაფრისათვის კეთილს მოგაგებთ. არ მოვითმენ ოსთაგან შეურაცხყოფას, ღვთის მადლითა და ჯვრის წინამძღოლობით ვიძიებ შურს. არ შეიძლება ამის მოთმენა, სირცხვილია. ამას სიკვდილი სჯობს ჩვენთვის“.

ადგა სპასპეტი ჯუანშერი და თქვა: „იცოცხლე, მეფეო, დიდებითა და შენს მტრებზე მუდამ გამარჯვებული ყოფილიყავი. ჭეშმარიტად ბრძანე, ჩვენი ცოდვების გამოა ეს განსაცდელი ჩვენზე. თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ მოგვცა ასეთი მეფე, უმჯობესი ქართლის წინა მეფეებზე, მსგავსი ნებროთ გმირისა. შენ გამოგზავნილი ხარ თვით ღვთისგან ჩვენი უბედურებებისგან დამხსნელად და ჩვენი საზღვრების გამაფართოებლად. იცოცხლე, მეფეო, დიდხანს, რადგან უკვე ხუთი წელია, ოსთაგან ვითმენთ შეურაცხყოფას, რადგან შენ, ჩვენო წინამძღოლო, პატარა იყავი, არ შეგეძლო მხედრობა, სარდლობა და სამეფოს მართვა. ახლა კი ვხედავ, მეფეო, უკვე დაბრძენებული ხარ, ძლიერი და მხნე. ჯერ ისევ ყრმა ხარ, მაგრამ ძალგიძს მეფობა. თუმცა, ჯერ შენ ომისა და სარდლობისათვის პატარა ხარ. შენი სიბრძნითა და დედაშენის რჩევით გამოარჩიე სარდალი ჩვენი ჯარისთვის და ჩაგვიყენე ის სათავეში. ყოვლადწმიდა სამების ძალით წავალთ და შურს ვიძიებთ.

შენ დარჩი დედაქალაქში და განაგე სამეფო საქმეები. თუ ჩვენი ცოდვების გამო დავმარცხდებით ოსებთან, შენი მეფობა უვნებლად გადარჩება. მაგრამ, თუ შენც ბრძოლის ველზე იქნები და ჩვენი ცოდვებისათვის შენთან ერთად დავმარცხდებით, უშენოდ წარწმყდება ჩვენი ქვეყანა, რადგან შენი შემცვლელი არავინ არის სამეფოში.

ჯუანშერ სპასპეტის სიტყვას დაემოწმნენ წარჩინებულნი და ერისთავები.

ბრძანა მეფემ: „შენი სიბრძნისა და ერთგულების გამო ამბობ, ჯუანშერ, მაგრამ მე არ დავემორჩილები შენს რჩევას, რადგან ჩემი ცხოვრების დღეები მწუხარებაში მაქვს გატარებული. ჩემი პატარა დის სიბრალული გულს მიწვავს. ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია. ღვთის მინდობით და წმიდა ჯვრის წინამძღოლობით, წავალ ომში. იმედია, უფალი მომცემს გამარჯვებას.“

მიხვდნენ დიდებულები, რომ ვერ დაუშლიდნენ თხუთმეტი წლის მეფეს და შესძახეს:

– „იცოცხლე, მეფეო! იქმნეს განზრახვა შენი! დამბადებელმა ღმერთმა მოგივლინოს ანგელოზი გამაძლიერებლად და დასცეს შენი მტრები, განამტკიცოს მეფობა შენი!“

გადაწყდა ლაშქრობა ოსეთზე. დიდებულები ჯარის შესაყრელად გაემგზავრნენ. ვახტანგ მეფემ გააგზავნა მოციქული თავის დედის ძმასთან, ვარაზ–ბაკურთან, რანის ერისთავთან, რომელიც სპარსთა მეფეს მორჩილებდა. აუწყა მას, რომ ოსეთზე აპირებდა გალაშქრებას და დამხმარე ჯარი სთხოვა. ვარაზ–ბაკური სიხარულით დათანხმდა, რადგან მისი ქვეყანაც აოხრებული ჰქონდათ ოსებს.

ქართლის ჯარი, ასი ათასი მხედარი და სამოცი ათასი ქვეითი აღლუმზე შეიკრიბა მუხნარსა და ხერკში (საგურამოსთან), არაგვის გაღმა-გამოღმა. ვარაზ-ბაკურმა თორმეტი ათასი მხედარი გამოაგზავნა.

გამოვიდა მეფე მცხეთიდან და დაათვალიერა თავისი არმია. ესიამოვნა მათი სიმრავლე, მოეწონა ცხენკეთილობა და მოკაზმულობა მეომრებისა, რაც მთავარია მათი მხიარული და საბრძოლო განწყობა. სავსენი იყვნენ მეომრები ოვსთა შურით.

შვიდი დღე-ღამე ლოცვასა და მარხვაში გაატარა ხელმწიფემ. დიდძალი საჩუქრები დაურიგა ღარიბებს. სამეფოს გამგებლად დატოვა დედამისი საგდუხტი და თავისი და ხუარანძე. დაწერა ანდერძიც: „თუ ვერ დავბრუნდები ცოცხალი, ჩემი და ხუარანძე ცოლად შეირთოს სეფეწულმა მირიანმა და ის გამოცხადდეს ქვეყნის მეფედო“. ანდერძი დედას გადასცა საიდუმლოდ. მირიანი მცხეთაში დატოვა.

წავიდა ყმაწვილი ხელმწიფე და დაბანაკდა თიანეთში. იქ მას ეახლნენ სხვა კავკასიელი მეფენი ორმოცდაათი ათასი მხედრით. დაიძრა ვახტანგის არმია ჩრდილოეთ კავკასიისკენ. გაიარეს დარიალის კარი და შევიდნენ ოსეთში.

მაშინ თექვსმეტი წლის იყო ქართველთა იმედი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი