ისტორია

რის გამო გაუჩნდათ საქართველოსგან განკერძოების გრძნობა ორბელიანებს და როგორი მფარველები გაიჩინეს მათ

№26

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 09.07

ისტორია
დაკოპირებულია

დემნასა და ორბელების აჯანყების მეთაურობისთვის ორბელთა თითქმის მთელი საგვარეულო გაანადგურა გიორგი მესამემ. უცხოეთში ყოფნის გამო გადარჩენილი ორბელები ზიზღით იყვნენ აღვსილნი გიორგი მეფისადმი. გაუჩნდათ საქართველოსგან განკერძოების გრძნობაც და სომხურ გარემოში მოხვედრილები, გასომხდნენ სარწმუნოებრივად ანუ ეროვნულად. მიუხედავად იმისა, რომ თამარ მეფემ ისინი დააბრუნა და ერთ-ერთი სომხური ოლქის გამგებლებად დანიშნა, ორბელები მაინც გულში ატარებდნენ წყენას. ამას დაერთო მათი ყოფილი ვასალების, საქართველოში ყველაზე მეტად გაძლიერებული საგვარეულოს – მხარგრძელების მხრიდან მათდამი მტრობა. გასომხებული ორბელიანების საგვარეულოს მეთაურმა გადაწყვიტა მონღოლების ძალაუფლების გამოყენება თავისი ინტერესებისთვის. 1251 წელს ორბელთა სუმბატ ორბელიანმა მოახერხა და ყარაყორუმში ახალ დიდ ყაენ მუნქესთან (მანგუ) გაემგზავრა.

მანგუ ყაენი იყო ჩინგიზ ყაენის უმცროსი ვაჟის, ტოლუის უფროსი ძე. ჩინგიზ ყაენის მამას, იესუგეის, ჰყავდა ძმადნაფიცი – კერეიტების ტომის ვან ყაენი, თოორილი (თოღრული). თემუჩინი (მომავალი ჩინგიზ ყაენი) დიდ პატივს სცემდა ვან ყაენს და მისი მოკავშირე იყო. მერე მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და ომი დაიწყო. ვან ყაენის ძმა, ქერეიდაი (ჰერეიდაი), რომელიც ატარებდა ტიტულს – ჯახა, თემუჩინს მიემხრო. თემუჩინმა დაამარცხა ვან ყაენი, რომელიც გაიქცა ნაიმანების ტომთან, სადაც შემთხვევით მოკლეს. ჩინგიზ ყაენმა ჯახას ერთი ასული, სორგაქთანი, თავის უმცროს შვილს, ტოლუის შერთო, მეორე ასული, ბიქთუმიშ-ფუჯინი, უფროს ვაჟს, ჯუჩის მოაყვანინა, უფროსი ქალიშვილი, იბახა ბექი კი ჯერ თვითონ მოიყვანა ცოლად, მერე, კი უცნაური სიზმრის შემდეგ, რომელშიც მონღოლთა უმთავრესმა ღმერთმა, თენგრიმ უბრძანა, იბახა ბექი სხვისთვის მიეთხოვებინა, თავის ერთ-ერთ სარდალს, ჯურჩადაის უწყალობა, რომლის დამსახურებაც დიდი იყო კერეიტების ტომის დამარცხებაში.

უფლისწულმა ტოლუიმ დიდი როლი შეასრულა მონღოლთა მიერ ხორეზმის განადგურების საქმეში. მან შეუტია ირანს და შემდეგ ხორასანი დაიპყრო. ქალაქები, ნიშაბური და მერვი არ დანებდა ტოლუის და ამიტომ, აღების მერე ქალაქების მოსახლეობა გაჟლიტა.

1227 წელს გარდაიცვალა ჩინგიზ ყაენი და ტრადიციისამებრ, მამის იურტის, კერიის (მონღოლურად ოჯახის), მცველად უმცროსი ვაჟი, ტოლუი გამოცხადდა. ის ორი წელი მართავდა იმპერიას. შემდეგ უფლისწულებმა, ჩინგიზ ყაენის ანდერძისამებრ, ყურულთაიზე დიდ ყაენად აირჩიეს ჩინგიზ ყაენისა და ბორტეს მესამე ვაჟი – უგედეი. უგედეის ყაენობისას ტოლუი დიდი ნოინის ტიტულს ატარებდა და ეხმარებოდა ძმას იმპერიის მართვასა და დაპყრობებში. 1232 წელს, 40 წლის ასაკში, ტოლუი გარდაიცვალა. მას ჰყავდა რამდენიმე ცოლი და ათი ან თერთმეტი ვაჟი. თუმცა, მის მემკვიდრეებად მიიჩნეოდა მხოლოდ საყვარელ ცოლთან, სორგაქთანისთან შეძენილი ოთხი ვაჟი: მუნქე, ყუბილაი, ჰულაგუ და აღრი ბუღა.

სორგაქთანი ბექი (ბექი მონღოლი დედოფლებისა და პრინცესების ტიტული იყო) ნესტორიანელი ქრისტიანი გახლდათ, თუმცა, მაჰმადიანებსაც მფარველობდა. ტოლუის გარდაცვალების შემდეგ სორგაქთანი ბექი შვილების ბედზე ფიქრობდა მხოლოდ. უგედეი ყაენს ძალიან უყვარდა თავისი ძმის, ტოლუის შვილები და ამიტომ ბრძანა, ტოლუის ულუსი (სამემკვიდრო სამბრძანებლო) და მისი ჯარის ნაწილები სორგაქთანი ბექისთვის, „მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ქალისთვის“ გადაეცა და კარგადაც დაასაჩუქრა. შემდეგ კი გადაწყვიტა, სორგაქთანი ბექი თავის ვაჟისთვის, გუიუქისთვის მიეთხოვებინა, მაგრამ, ქალი არ დაემორჩილა.

ებრაული წარმოშობის მაჰმადიანი სწავლული, მონღოლების მემატიანე, მსოფლიო ისტორიის, „ჯამი ათ-თავარიხის“ უმთავრესი ავტორი – რაშიდ ად დინი სორგაქთანი ბექს ჩინგიზ ყაენის დედას, ოელუნს ადარებდა. თუმცა, ოელუნზე უფრო მტკიცე ხასიათისად მიიჩნევდა, ვინაიდან არ დაემორჩილა ყაენის განკარგულებას და მეორედ არ გათხოვდა.

როცა უგედეის ვაჟი, გუიუქი ავიდა ყაენის ტახტზე, მან სახალხოდ შეაქო სორგაქთანი ბექი და მისი ვაჟები, რადგან, უყაენობის პერიოდში (1242-1246) წლებში არ თავნებობდნენ და არ არღვევდნენ ჩინგის ყაენის მიერ დატოვებულ კანონებს – იასას და დაავალა, მისი სახელით გაეცა საჩუქრები სტუმრებისთვის.

1248 წელს სორგაქთანი ბექმა გამოიცნო, რომ გუიქი გეგმავდა ჩინგიზ ყაენის უფროსი ვაჟის, ჯუჩის საკუთრების, ულუსის დალაშქვრას, რომელსაც ჯუჩის ვაჟი, ბათო ყაენი მართავდა (ოქროს ურდო) და ამის შესახებ საიდუმლოდ აცნობა ბათოს. თუმცა, მალე, გუიუქი გარდაიცვალა.

სორგაქთანი ბექმა თავისი უფროსი ვაჟი, მუნქე ბათოსთან გააგზავნა, რათა დახმარებოდა ბათოს დიდი ყაენის ტახტზე ასვლაში. მაგრამ, ბათომ უარი თქვა დიდ ყაენობაზე, საგვარეულოს უხუცესის წოდებას დასჯერდა და დიდ ყაენად მუნქეს კანდიდატურა წამოაყენა.

ყურულთაიზე მუნქე დიდ ყაენად აირჩიეს, რასაც ბათოს ავტორიტეტი და მის მიერ გაგზავნილი ჯარი განამტკიცებდა. მუნქეს მოწინააღმდეგეები დახოცეს. სასამართლო გუიუქ ყაენის ქვრივის, ოღულ-გაიმაშის, რომელიც ქმრის სიკვდილის მერე, ცოტა ხანს იმპერიის რეგენტად ითვლებოდა და რომლის შვილებიც არ დაემორჩილნენ ყურულთაის გადაწყვეტილებას და მუნქეს მოკვლა სცადეს – სორგაქთანი ბექის რეზიდენციაში გაიმართა. ყაენის ქვრივს ბრალად წაუყენეს ჯადოქრობა, ჩაკერეს წყალგაუმტარ ტომარაში და მდინარეში ჩააგდეს.

სუმბატ ორბელიანის ძმისწულის, სომეხთა მიტროპოლიტისა და ისტორიკოსის, სტეფანოს ორბელიანის სიტყვით, სუმბატმა მოახერხა ყაენთან აუდიენცია და გადასცა ძვირფასი საჩუქარი, რითიც მოიგო მისი გული. სუმბატმა ყაენი დაარწმუნა, ორბელიანთა სამმართველო, რომელიც მათ საკარგავად, ანუ თანამდებობრივად და არა მემკვიდრეობით ჰქონდათ ჩაბარებული ჩვენი მეფეებისგან, საქართველოს სამეფოსგან გამოეყო და ყაენის საკუთარებად – ენჩუდ, ხასად გამოეცხადებინა, სუმბატის მეთაურობით. საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად და დასამტკიცებლად სუმბატი საკუთარ დედას – სორგაქთანი ბექს ჩააბარა.

ასეთი მფარველი იშოვა იმპერიაში გასომხებულმა ორბელიანმა.

სუმბატს „უბრძანეს ყოფნა კარსა რამდენსამე დღესა და მიაბარეს იგი მოხელეთა და მისცემდეს მას საზრდოსა დღითი-დღე“. მაგრამ, სულ მალე, 1252 წლის თებერვალში ყაენის დედა მოულოდნელად გარდაიცვალა. სუმბატ ორბელიანი უპატრონოდ დარჩა.

სტეფანოს ორბელიანის თქმით, სუმბატმა „დაჰყო მუნ წელსა სამსა და არცა დღე და არცა ღამე ლოცვისა და ცრემლისაგან არა დაჰსცხრებოდა“.

ყაენს კი არც ახსოვდა. მაგრამ, სუმბატი არ სცხრებოდა, ლოცულობდა და მოქმედებდა. ცოტა ხანში სუმბატ ორბელიანს გაუმართლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...