ისტორია

რის გამო დაარღვია დავით ულუმ ყაენის ბრძანება და რატომ აპატია მას ყაენმა

№51

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 30.12, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

მონღოლ მბრძანებელთა შორის მიმდინარე ომში, სამწუხაროდ, მონაწილეობის მიღება უწევდათ ჩვენს წინაპრებსაც, ვინაიდან, საქართველო დაპყრობილი იყო და ერთ-ერთი ულუსის, ჰულაგუიანთა საილხანოს ქვეშევრდომ-საკუთრებად მიიჩნეოდა.

ილხან აბაღას მოუვიდა ცნობა ხორასნიდან, გზის მცველთაგან, რომ მისი მეზობლისა და ნათესავის, ყაენ ბარახას დიდი ჯარი დაიძრა მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბარახა გამოსული იყო ძმასთან, თეგუდართან შეთანხმების შესაბამისად, რომელიც შეფარებული ჰყავდა დავით ნარინს აფხაზეთში, ქუთათისთან, მაგრამ, მთვარის კალენდრით ორი კვირით შეცდომა დაუშვეს შეთქმულებმა, ბარახამ დააგვიანა და მას თეგუდარის გარდახვეწა აუწყეს.

აბაღამ ბრძანა ჯარის შეკრება და თავისი ვასალებიც მოიწვია, მათ შორის, ჩვენი მეფე დავით ულუც. დავით ლაშას ძე გარდაცვლილ შვილს, უფლისწულ გიორგის გლოვობდა, მაგრამ მონღოლებთან დადებული ხელშეკრულებით ვალდებული იყო, წასულიყო აბაღას დასახმარებლად.

გაემგზავრნენ ხორასნისკენ (ისტორიული ოლქი შუა აღმოსავლეთში, თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი, თურქმენეთის სამხრეთი, ავღანეთის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთი) და მივიდნენ ჰერს (ქალაქი ჰერათი, ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთში). „ამოსის მინდორში“ მიუახლოვდა ერთმანეთს თათარ-მონღოლთა ორი სახელმწიფოს ჯარი. მეფე დავითი, ქართველი მეომრები და კიდევ რამდენიმე ნოინი თავისი ნაწილებით აბაღამ წინ გააგზავნა, რათა მისი ძირითადი ჯარი ბარახას უეცარი თავდასხმისგან დაეცვა და უბრძანა, ბარახას ჯარს რომ დაინახავდნენ, უკან დაეხიათ და ეცნობებინათ აბაღასთვის. ასეთ წინაგაწყობილ ჯარს მონღოლები „ყარაულს” უწოდებდნენ, თურმე.

ქართული ჯარი და აბაღას თათარი ყარაულები ორი დღის განმავლობაში მიდიოდნენ წინ. 1270 წლის 22 ივლისის დილასაც დაინახეს, ამოსის დიდ მინდორზე დიდი მტვერი ასულიყო ცაში, ვითარცა ღრუბელი და მიხვდნენ, ბარახა მოდიოდა.

შეიკაზმნენ მეფე და აბაღას ნოინი სიქადური. სიქადურს, ბარახას მრავალრიცხოვანი ჯარის შიშითა და ყაენ აბაღას ბრძანების შესაბამისად, უკან დახევა და მთავარ ბანაკში დაბრუნება უნდოდა: „ჩვენ ყარაულები ვართ, ცოტანი. წავიდეთ ყაენთან და ვაცნობოთ მტრის მოსვლა“. ქართველთა მეფემ უპასუხა: „არ არის ქართველთა წესი, დავინახოთ მტერი ჩვენ წინ მომავალი და შეუბმელად ზურგი შევაქციოთ, თუნდაც სიკვდილი გველოდეს!“

გაუკვირდათ თათრებს, თან გაბრაზდნენ, შემოეხვივნენ ჩვენს მეფეს და უთხრეს: „არ იცი, რას აკეთებ; არ გაქვს ბრძანება აბაღასი. თქვენ, ქართველები, უცნობონი ხართ და არ იცით საქმე“. ბევრი ევედრნენ მეფეს, უკან დავიხიოთო, აფრთხილებდნენ, დაგსჯის ამის გამო ყაენიო, მაგრამ ვერ დაარწმუნეს. საბოლოოდ, ვეღარ მიატოვეს ქართველები ვაჟკაცმა მონღოლმა ყარაულებმა, გაგზავნეს მაცნე აბაღა ყაენთან და შეუთვალეს: „მოვიდა ბარახა ყაენი დიდი ლაშქრით, ჩვენ ვხედავთ მტვერს დიდი ამოსის ველზე, რომელიც სრულიად დააბნელა. შენი ბრძანების შესაბამისად, გვინდა უკან დავიხიოთ და შემოგიერთდეთ, მაგრამ უგუნური ქართველები, გონება დაკარგულები, არ იხევენ უკან ჩვენთან ერთად. გვეუბნებიან, არ გვაქვს წესად, როცა მტერს ვხედავთ, უკან დავიხიოთო. ახლა შენ, ყაენო, თუ მოხვალ და განაგებ საქმეს, ჩვენ გავწირავთ თავს სასიკვდილოდ. ისწრაფე ჩვენ დასახმარებლად“.

ბარახას ჯარი ნელა მოიწევდა წინ. ამასობაში აბაღამ მიიღო ცნობა და სწრაფად წამოეწია საომრად გაწყობილ ქართულ ნაწილებსა და მის მიერ ყარაულად გაგზავნილ დანაყოფებს. გამოიძახა ჩვენი მეფე და უთხრა: „ვიცი თქვენი სიმხნე ბრძოლაში. თქვენ ქართველები, ურჩები ხართ და შმაგნი. ეს რომ რომელიმე ნოინს ექნა, მოვკლავდი. მაგრამ, ბრალს არ წაგიყენებ, რადგან არ იცით ჩვენი წესები. ახლა დადექი წინა ხაზზე შენი ჯარით.“

დავით მეფე ჩამოხტა ცხენიდან, თაყვანი სცა ყაენს და უთხრა: „დიდი ყაენო, არა გვაქვს წესად ქართველებს, მტერი დავინახოთ და ზურგი შევაქციოთ. ახლა იხილოს ყაენის ბედნიერმა თვალებმა, როგორ დავდებთ თავს სასიკვდილოდ!“

ქართული ნაწილები დაეწყვნენ წინა ხაზზე, ცენტრში. აბათა ნოინი, მონღოლთა მხედართმთავარი, მარცხენა ფლანგზე დადგა. დიდი სირმონ ნოინიც მარცხენა ფლანგზე განეწყო. სიქადური, ტონღა ბუღა, ჯინილისი, არღუნ აღა და იას ბუღა მარჯვენა ფლანგზე განლაგდნენ. სხვა ნოინები დააყენეს მარჯვნივ და მარცხნივ.

ასევე რაზმ-წყობილი მოადგა ბარახას არმიაც.

მონღოლთა ჯარში გამოჩნდა საოცარი კაცი, სახელით ალიყან ასისთავი, უბრალო გვარის წარმომადგენელი, ტანით დიდი და ახოვანი, ძალიან ძლიერი და უშიში. მან სთხოვა აბათა ნოინს, წინამბრძოლად გამიშვიო. აბაღა დათანხმდა.

ალიყანმა შეუტია ბარახას მოწინავეებს, გააპო რაზმი და „ალა-ალას” ძახილით გაიარა შუაში, მერე უკან წამოვიდა იმგვარადვე. ასე მოიქცა მეორედაც. ქართველებიც ძლიერად იბრძოდნენ. არ შეირცხვინა თავი გიორგის ძემ, არც მისმა ჯარმა. აბაღა ყაენი ხედავდა, თათართა ჯარების წინამბრძოლებზე ადრე ქართველებმა შეუტიეს ბარახას ჯარს და უკან დაახევინეს, გააქციეს. აბათა ნოინიც გმირულად იბრძოდა. ბრძოლის დროს სრულად შეჭურვილი კაცი აიყვანა უნაგირიდან, დაიწვინა ტახტზე და შეტაკების დასასრულამდე ასე ჰყავდა, როგორც არწივს კაკაბი. სირმონ ნოინიც ძლიერად იბრძოდა.

ბარახა ყაენმა შეუტია მარჯვნიდან აბაღას ჯარს, სიქადურს, ტონღა ბუღას, ჯინილისა და არღუნ აღას და უკან დაახევინა. აბაღა მის სხვა რაზმებს დევნიდა ორი დღე. რაზმთა სიგრძის გამო, არ იცოდნენ დაპირისპირებულმა ჩინგიზიდმა ყაენებმა, რა მოხდა მთავარ ბანაკებში. ამასობაში ბარახამ გაიგო მისი სხვა რაზმების დამარცხება და დაბრუნდა უკან. უკან დაბრუნდა აბაღაც თავისი ნაწილებით. გადაჯგუფდნენ და ისევ დაეწყვნენ ერთმანეთის პირისპირ.

აბათა ნოინი გადავიდა შეტევაზე და მიმართა პირდაპირ ბარახა ყაენისაკენ, მარტომ. აბათა ნოინი ყოფილა ახოვანი, მხარბეჭიანი, განიერმკერდიანი, ლომის მსგავსი, ძლიერი შემმართებელი და კეთილი. მისმა ნაწილებმა გააქციეს და ამოწყვიტეს ურიცხვი მტერი.

იმ ბრძოლაში ცხენიდან გადმოვარდა ბარახა ყაენი, დაიმტვრა და დაკოჭლდა. მას შემდეგ საკაცით დაჰყავდათ.

გამარჯვებული აბაღა დაბრუნდა თავის დედაქალაქში. სხვის ბრძოლაში სახელმოხვეჭილი ჩვენი წინაპრებიც სამშობლოში დაბრუნდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი