ისტორია

რის დამტკიცებას ცდილობდა ჯალალედინი საკუთარი თავისთვის ტფილისის აღებისას

№41

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 17.10

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

მეცამეტე საუკუნიდან საქართველოსა და ხორეზმის შეტაკება გარდაუვალი ხდებოდა. ჯალალედინის მამამ, ხორეზმ-შაჰმა, მუჰამედ მეორემ (1200-1220), ხორეზმის გავლენა ირანზე გაავრცელა და ადარბადაგანსაც მიადგა, რაც მაშინ ქართველების ინტერესების სფერო იყო. მაშინ ადარბადაგანი დღევანდელი აზერბაიჯანის მხოლოდ სამხრეთის ნაწილსა და ირანის აზერბაიჯანს ერქვა. მუჰამედი თავს მაჰმადიანთა ლიდერად აცხადებდა. 1216 წელს გაილაშქრა ბაღდადის დასაკავებლად და ხალიფას ხელში ჩასაგდებად თუ გადასაყენებლად, მაგრამ ცივმა ზამთარმა ხელი შეუშალა და მთებში გზა ვეღარ გააგრძელა.

თამარ მეფის სარდლებმა, ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა, ეს გათვალეს და ადარბადაგანისაა და ირანის ტერიტორიაზე ლაშქრობაც მოაწყვეს ძალის დემონსტრირებისა და ნადავლისთვის. ისე აიღეს ქართველებმა ადარბადაგანისა და ირანის რამდენიმე ქალაქი, მუჰამედ შაჰმა წინააღმდეგობა ვერ გაბედა.

ქართველთა ადარბადაგანსა და ირანში ლაშქრობიდან გავიდა თხუთმეტიოდე წელი. საქართველოს ტახტზე რუსუდანი ავიდა. ქართველებს ისევ ძლიერი ეგონათ თავი. თუმცა, რა ხდებოდა გარშემო, სამეფო კარმა კარგად არც იცოდა.

1218 წელს ჩინგიზ ყაენმა მუჰამედ ხორეზმ-შაჰს ხუთას აქლემზე დატვირთული უამრავი საჩუქარი გაუგზავნა და შეთანხმება შესთავაზა. წერილში ის მუჰამედს საყვარელ შვილს უწოდებდა. იმ დროს სუზერენი ვასალს მოიხსენიებდა ხოლმე ასე, ვასალი კი სუზერენს – მამად. ეს ჩინგიზ ყაენის მხრიდან ნიშნავდა მუჰამედისთვის ყაენის ქვეშევრდომობის შეთავაზებას. მუჰამედმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. შემდეგ ჩინგიზ ყაენმა 450 ვაჭარი და გადაცმული მხედარი გააგზავნა ხორეზმში მოლაპარაკების გასაგრძელებლად და დასაზვერად. მონღოლთა ქარავანი, რომელსაც მუჰამედის ბიძა, დედის ძმა (ან ბიძაშვილი), კაირ ხანი მართავდა, ქალაქ ოტრარში გააჩერეს. მონღოლური მისიის ხელმძღვანელმა მოითხოვა, ისეთი პატივით მიეღოთ, როგორიც მსოფლიო მბრძანებელს, ჩინგიზ ყაენის ელჩს შეეფერებოდა.

მონღოლთა ვაჭრებს შორის იყო ერთი ინდუსი, რომელიც თავისი მბრძანებლის, ჩინგიზ ყაენის ძლიერებით გაამპარტავნებულიყო და კაირ ხანს უხეშად მიმართავდა. ამირა გაბრაზდა, თან თვალი დაადგა მონღოლი ვაჭრების ქონებას. შეაჩერა ელჩიონი, კაცი გაუგზავნა მუჰამედ შაჰს და საქმის ვითარება შეატყობინა.

რაშიდ ად-დინის გადმოცემით, ხორეზმ-შაჰმა არ შეისმინა ჩინგიზ ყაენის სიტყვები შეთანხმებაზე და თავის ნათესავს ნება მისცა, დაეხოცა მონღოლი ვაჭრები. კაირ ხანმა დახოცა ჩინგიზ ყაენის 449 ქვეშევრდომი. ქარავანიდან ერთი კაცი გადარჩენილა, გაქცეულა და ამბავი მიუტანია ჩინგიზ ყაენისთვის. სხვა ვარიანტით, მუჰამედისთვის ბიძას ურჩევია ვაჭრების დახოცვა.

ეს ჩინგიზ ყაენისთვის უდიდესი შეურაცხყოფა იყო. მაგრამ, ჯერ მაინც არ დაძრა ჯარი ხორეზმის წინააღმდეგ, ელჩი გაუგზავნა მუჰამედს და დამნაშავის, კაირ ხანის გადაცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ომით დაემუქრა.

საპასუხოდ, მუჰამედ ხორეზმ-შაჰმა კიდევ ერთი ელჩი მოუკლა ჩინგიზ ყაენს.

ჩინგიზ ყაენს იმ დროს თავისი ჯარის ნაწილი გაგზავნილი ჰყავდა ქალაქ ალმალიკისა (დღევანდელი უზბეკეთი) და მიმდებარე ტერიტორიების დასაკავებლად, რომელიც ჩინგიზ ყაენს ემორჩილებოდა, ცოტა ხნით ადრე კი მისმა მოწინააღმდეგემ, ხუჩლუგმა (კუჩლუკმა) ჩაიგდო ხელთ. ჩინგიზ ყაენის ჯარმა შეუტია ქალაქს. გადმოიბირეს იქაური მაჰმადიანი მებრძოლები, რომლებმაც მოღალატურად დახოცეს სადარაჯოზე მდგარი ხუჩლუგის მეომრები და გაამარჯვებინეს ჩინგიზ ყაენის ჯარს.

ჩინგიზ ყაენმა მრავალრიცხოვანი ჯარი გააგზავნა ოტრარისკენ. ხორეზმ-შაჰი არც კი მიეშველა ბიძას. მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავდა, გენერალური ბრძოლა მაინც ვერ გაბედა მონღოლებთან, მხოლოდ ქალაქები გაამაგრა. ყაენმა ჯარის ნაწილი ოტრარის საალყოდ დატოვა, დანარჩენი კი სხვა ქალაქებისკენ დაძრა. მალე აიღეს სამარყანდი, ბუხარა და სხვა ქალაქები.

ოტრარი კარგად გამაგრებული ქალაქი იყო და შვიდი თვე გაუძლო ალყას. მონღოლებმა გაანადგურეს ქალაქის მოსახლეობა. კაირ ხანი ტყვედ აიყვანეს და ბუხარაში მიჰგვარეს ჩინგიზ ყაენს.

ყაენმა ჰკითხა ამირას: „შენ მოკალი ჩემი ელჩი და გაძარცვე ჩემი ქარავანი?“

ამირამ უპასუხა: „შენი ელჩის გამო დაიწყო ომი. შენ კი უბედურება და ცრემლი მოუტანე ხალხს. ასეთ სულს არ მიიღებს არც ცა და არც მიწა, ძვლებს კი ჭიები შეჭამსო“. ყაენის ბრძანებით, კაირ ამირას გამდნარი ვერცხლი ჩაასხეს პირში.

მუჰამედი გაიქცა, კასპიის ზღვის ერთ კუნძულზე დაიმალა და იქ მალე მოკვდა. ჯალალედინი რამდენჯერმე შეებრძოლა მონღოლებს, მაგრამ დამარცხდა და ინდოეთში გაიქცა. შემდეგ თავისი გაფანტული ჯარი მოაგროვა და ადარბადაგანი დაიპყრო. მერე კი გარნისში საქართველოს ჯარი დაამარცხა.

ჯალალედინმა გამოიყენა მონღოლების ტაქტიკა, რომელსაც ალმალიკში მიმართეს და ტფილისელ მაჰმადიანებს ვერაგულად, მიპარვით დაახოცინა ქართველი მეომრები სადარაჯოებზე, გააღებინა ტფილისის კარი და აიღო ჩვენი დედაქალაქი. მან გადაწყვიტა, მამამისის მიერ ჩაფიქრებული განეხორციელებინა და გამხდარიყო მაჰმადიანთათვის სამაგალითო მბრძანებელი, ისლამის მახვილი, მუსლიმანთათვის ლეგენდარული – ზულფაყარის ხმლის პატრონი (იგულისხმება მაჰმადიანთა წინასწარმეტყველი მუჰამედის ლეგენდარული ხმალი, რომელსაც მიაწერდნენ განსაკუთრებულ თვისებებს და უწოდებდნენ მაჰმადიანთა საზღვრების დამცველს და სხვა).

ჯალალედინს ისლამური სამყაროსთვის და რაც მთავარია, საკუთარი თავისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ისლამის მოწინააღმდეგეების არა მხოლოდ დამამარცხებელი იყო, არამედ, დამამცირებელიც, განსაკუთრებით, მისი აზრით, ისლამის ყველაზე გამორჩეულო მტრების – ქართველი ქრისტიანებისა.

გასცა ბრძანება, დაერბიათ ტფილისის ეკლესიები, სიონის ტაძრის გუმბათი მოენგრიათ და ზედ ტახტი დაედგათ მისთვის, რათა გაპარტახებული ქრისტიანული ტაძრის გუმბათზე დამჯდარიყო და იქიდან გაეცა ბრძანება ქრისტიანული სიწმიდეების შეურაცხყოფისა თავად ქრისტიანების მიერ.

გამოატანინა სიონის ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები, დაალაგებინა ხიდზე. ხიდთან მიაყვანინა ტფილისის გადარჩენილი მოსახლეობა და გასცა ბრძანება, ფეხი დაედგათ ხატებისათვის. შეჰპირდა ტყვეებს, ვინც ხატებს შეურაცხყოფს, სიცოცხლეს ვაჩუქებო.

სწყუროდა, მონღოლების მიერ დაკომპლექსებულ ჯალალედინს, შური ეძია ყველაზე და ყველაფერზე. მაგრამ არ გამოუვიდა, ასი ათასამდე ტყვე ქართველმა უარი თქვა ხატების შეურაცხყოფაზე და ჯალალედინის ბრძანების შესრულებას წამებით სიკვდილი არჩია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა