ისტორია

რატომ ვერ ჩაყლაპა ბიზანტიამ ჩვენი ქვეყანა და როგორ გაიზარდა ქართველ მეფეთა ძალაუფლება

№14

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 14.04, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

978 წელს ქუთაისის ტახტზე ავიდა ბაგრატ მესამე გურგენის ძე და იწოდა აფხაზთა მეფედ. შემდეგ იგი გახდა ქართველთა მეფის ტიტულის მფლობელიც. დაიწყო საქართველოს ხელახალი გაერთიანება.

გაერთიანება ხელს უწყობდა ქვეყნის გაძლიერებასაც. ჩვენი მეფეების ძალაუფლება იზრდებოდა. ამას ხელს უშლიდა ბიზანტია, რომელსაც უნდოდა, სომხური და ქართული სამეფოები შეეერთებინა. სომხეთში გამოუვიდა, მაგრამ ბაგრატიონებისა და ქართველი ხალხის გააფთრებული ბრძოლის გამო საქართველო ვერ შეიერთა.

სანამ საქართველო გაძლიერდებოდა, ქართველი მეფეების ნაწილი ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულებს ატარებდნენ (მაგისტროსი, კურაპალატი, ნოველისიმოსი, სევასტოსი), ისევე, როგორც ბიზანტიის იმპერატორის სხვა მოკავშირეები და ახლო ნათესავები. გიორგი მეორე კი თურქების წინააღმდეგ ისე დასჭირდათ ბიზანტიელებს, ისე გაიზარდა ქართველი მეფის ავტორიტეტი, რომ კეისარმა (იმპერატორმა) კესაროსად გამოაცხადა. კესაროსობა იმპერატორის ძმას, მემკვიდრე შვილს, მემკვიდრე შვილობილს, თანამმართველს ენიჭებოდა ხოლმე.

ეს აქტი ერთგვარი წინასწარმეტყველება გახდა გიორგი მეორის შვილისადმი, დავით აღმაშენებლისადმი. იგი კესაროსის შვილი იყო და თვითონ შემდეგში შექმნა საკუთარი საკეისრო (იმპერია). დავით აღმაშენებელმა უარი თქვა ბიზანტიურ ტიტულებზე. მას არ სჭირდებოდა ბიზანტიის იმპერატორის „მოადგილეობა“, თანაკეისრობა და საკუთარი იმპერიული ტიტული ჩამოაყალიბა. თავიდან მხოლოდ აფხაზეთს აკონტროლებდა. შემდეგ დაიკავა ქართლი მთლიანად, კახეთ-ჰერეთი და ლორე-ტაშირ-ქვემო ქართლი და მისი ტიტული უკვე რამდენიმე სამეფოს ფლობას გამოხატავდა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა“. ჩვენმა ხელმწიფემ დაიკავა შირვანიც და თურქთაგან გაათავისუფლა ანისის ძველი სომხური სამეფოც. ამის მერე, მალე, დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეების, ქართველი მეფეების ტიტულს დაემატა შირვანისა და ანისის სახელმწიფოების მფლობელობის აღმნიშვნელი ტიტულები: შარვანშა (შარვან-შაჰი) და შაჰანშა (შაჰან-შაჰი). ჩრდილო-დასავლეთ სომხეთის მაჰმადიან მფლობელებს შაჰანშა ეწოდებოდა.

თამარ მეფის ტიტული იყო: „მეფეთა მეფე და დედოფალთა დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა, თვითმფლობელი აღმოსავლისა და დასავლისა და ჩრდილოეთისა და სამხრეთისა“. ქართველთა მეფეებს უწოდეს „მესიის (მხსნელის, ქრისტეს) მახვილი“. თამარ მეფეს „მესიის თაყვანისმცემელი“ ეწოდებოდა.

ეს იყო დიდი სუზერენის, მეფეთა-მეფის, კეისრის, იმპერატორის ტიტული, ერთი მხრივ, ქრისტიანთა და მეორე მხრივ, მაჰმადიანთა ხელმწიფის: მეფეთ-მეფე და შაჰთა-შაჰი.

ასეა ქართულ დოკუმენტებში.

განსაკუთრებული ტიტულებითა და ზედწოდებებით მოიხსენიებდნენ ქართველთა მეფეთ-მეფეს აღმოსავლეთში. ეს კარგად ჩანს თავრიზში დაცული კრებულიდან – ,,თარასსოლი’’ (,,მიმოწერა’’). ის გადაწერილი ყოფილა 1219 წელს ქალაქ აყსააში (კრებული გამოიკვლია და გამოსცა მ. თოდუამ).

„პასუხი მეფე დავითს, აბხაზის პატრონს (აბხაზი სრულიად საქართველოს ნიშნავს). უზენაესი ბრძანება უდიდესი მეფისა; აღზევებული ხელმწიფისა; უმოწყალესი კეისრისა; სახელგანთქმული დიდგვაროვნისა; ძლევამოსილი მართლმსაჯულისა; ქვეყნიერებისა და სახელმწიფოს სიდიადისა; ქრისტესმოსავთა შემწისა და იესოს მიმდევართა მფარველისა; კეისართა მძლეველისა; გოლიათთა მმუსვრელისა; დიდებული ჯვრის დამცველისა; ქრისტიანთა თავშესაფარი მღვიმისა; ქრისტეს მოწაფეთა გვირგვინისა; ტახტთა და გვირგვინთ მემკვიდრეობით მპყრობელისა; აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტეფანოსისა (გვირგვინოსნისა); ქრისტეს სარწმუნოების მცველისა; აბხაზის, შაქის (ახლანდელი აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთი), ალანის და რუსის მეფეთა-მეფისა; მესიის თანაშემწისა (ალლაჰმაც განაგრძობს მეუფება მისი და მარადჰყოს სამეფო მისი“).

აქ, როგორც ჩანს, დავით აღმაშენებელია მოხსენიებული. დავითი და მისი მემკვიდრეები შემდეგნაირად მოიხსენიებიან უამრავ ამგვარ დოკუმენტებში: „რუმის და რუსის მარზპანი“ (რუმი მცირე აზიაშია, მარზპანი საზღვრის მცველსა და გამგებელს ნიშნავს); „ამირთა თვითმპყრობელი“; „აბხაზისა და შაქის ფალავანი“; „არმანის (არმენია) და რუმის მარზბანი, ალანისა (ჩრდილო კავკასიის) და რუსის სარდალი“; „უდიდესი კეისაროსი“ (აქ კესაროსი კეისრის, იმპერატორის, მნიშვნელობით უნდა იყოს); „ამირთა მეფე“; „არმანისა და შაქის სარდალი“; „აბხაზის წინამძღოლი“; „რუმისა და ფარანგის მარზპანი“ (აქ ფარანგი ან ფრანგებს, ევროპელებს უნდა ნიშნავდეს, ან რუსებს, ვარანგებს); „აბხაზის, შაქის და ალანის მეფეთა მეფე“; „მესიის თანაშემწე ლაშა, ძე მეფე გიორგის ასულისა“; „აბხაზის და ალანის სამეფოს შემწეობა“; „არმანის ფალავანი“; „შაქის, ყევჩაყისა და ხაზარის ამირათა მეფე“.

არა მხოლოდ ჩვენს მეფეებს, საქართველოს ვაზირებსაც აღმატებული ტიტულით მოიხსენიებდნენ აღმოსავლეთში: „აფხაზისა და ხაზართა ვაზირთა მეფეები (ჭყონდიდელი)“; „აბხაზის, რუმის, არმანის, ხაზარის, შაქისა და ალანის ფალავანი, მესიის მახვილი“ (შალვა სარგისის ძე) და სხვა.

აღმოსავლეთში საქართველოს მეფეს განიხილავდნენ, როგორც საქართველოს, ალანიის (ჩრდილო კავკასიის), რუსის (ტამანის ნახევარკუნძულზე და ყუბანში, დონისპირეთსა და ვოლგის ქვემო დინებაზე მდებარე ტმუტარაკანის სამთავროს), არმანის (სომხეთის), რუმის (იკონიისა და საბერძნეთის), ხაზარეთის, ყივჩაღეთის მბრძანებლად.

აქ უმთავრეს შემთხვევაში წარმოდგენილია ჩრდილო კავკასია. ლოვარდ ტუხაშვილის აზრით, ეს არის საქართველო სამხრეთიდან, ისლამური სამყაროდან დანახული თვალით. მაჰმადიანთა თვალსაზრისით, ჩრდილოეთი კავკასია ქართველთა პოლიტიკური გავლენის არეალია. რომ გვქონდეს ასეთივე ჩრდილოური „თარასსოლი“, მაშინ მსგავს სურათს დავინახავდით სამხრეთის მიმართულებით.

თამარის დროს ჩვენი სამხედროების მხრიდან ბიზანტიის დაკავების ცდას, შემდეგ კი ქალდეა-ტრაპიზონში ახალი საკეისროს (იმპერიის) დაარსებასა და კეისრის (იმპერატორის) დასმას საინტერესო იდეოლოგია ჰქონდა: საქართველოს ხელმწიფე გახდა ახალი, საკეისროდ (იმპერიად) წოდებული სახელმწიფოს დამაარსებელი, კეისრის (იმპერატორის), ფაქტობრივად, უფროსი, სუზერენი, მასზე გავლენის მქონე.

იმ დროს, ქართველები ბიზანტიის იმპერატორებს, ძირითადად, მეფეს უწოდებდნენ, ძალიან იშვიათად – კეისარს. სიტყვა იმპერატორი საერთოდ არ გამოიყენებოდა. ჩვენი წინაპრებისთვის კეისრის ტიტული გაიგივებული იყო მეფის ტიტულთან. კეისრობა არაფრით აღმატებულად არ მიაჩნდათ მეფის ტიტულთან შედარებით, ამიტომ არ უწოდეს საკუთარ ხელმწიფეს კეისარი და იმპერატორი, არამედ დაკმაყოფილდნენ ქართული ტიტულით – მეფეთ-მეფე.

შეგვიძლია, დავასკვნათ, ერთიანი საქართველოს ხელმწიფეების ტიტული – მეფეთ-მეფე (მეფეთა მეფე), რეალურად, არ ჩამოუვარდებოდა იმპერატორის ტიტულს.

სწორედ ამიტომ, დავით აღმაშენებელი ორივე შემორჩენილ ფრესკაზე საიმპერატორო გვირგვინითაა გამოსახული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი