ისტორია

რატომ ურჩია თურქთა ამირა აჰმადმა იასი და ბუჟღუშ ამირებს, არ წახვიდეთ ბიზანტიისკენ, წადით საქართველოშიო

№40

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 15.10

ისტორია
დაკოპირებულია

1063 წლიდან თურქ-სელჩუკთა სასულთნოს დიდი ვეზირი გახდა ირანელი ბრძენი ნიზამ ალ-მულქი. ირანულმა ელიტამ, ნიზამ ალ-მულქის ხელმძღვანელობით, იმ დროისათვის თანამედროვე, მოქნილი და მძლავრი სახელმწიფო აპარატი შეუქმნა თურქ-სელჩუკებს. შეიქმნა უდიდესი ძალის იმპერია, რომელიც გადაჭიმული იყო უზარმაზარ ტერიტორიაზე. თურქ-სელჩუკთა სამხედრო რესურსი კიდევ უფრო გაიზარდა და დაიხვეწა.

თუმცა, თურქთა ტომები, ძირითადად, მაინც მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდნენ და გადაადგილდებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე. სელჩუკების საგვარეულოს მიერ კონტროლირებად ტომებს აღმოსავლეთიდან დაემატა სხვა თურქული ტომები. უდიდესი მასა მოძრაობდა და მომთაბარეობდა ირანის, მცირე აზიის, წინა აზიის ტერიტორიებზე, აწიოკებდა მიწათმოქმედ ხალხებს და საძოვრებად აქცევდა სამიწათმოქმედო არეალებს.

ბაგრატ მეოთხემ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ააოხრეს სელჩუკებმა საქართველოს სამხრეთი და აღმოსავლეთი მხარეები, წინააღმდეგობა გაუწია, მოახერხა და ხარკი არ უხადა სელჩუკებს. მეტიც, სულთანმა ალფ-არსლანმა მას დამძახლებაც კი შესთავაზა, მოითხოვა მისი დის ასული ცოლად. ბაგრატ მეოთხემ მიათხოვა პრინცესა მარიამი სულთანს, მიუხედავად მარიამის მამის, ქვემო ქართლში, სომეხთა აგრესიის შედეგად არსებული სამეფოს, ეგრეთ წოდებული, ტაშირ-ძორაგეტის მეფის ძმის პროტესტისა. ქვეყანამ ოდნავ შვება იგრძნო, მაგრამ, მხოლოდ დროებით. თუმცა, იმ ქორწინებამ შემდეგში ცოტათი კიდევ უშველა საქართველოს.

როცა თურქთა ამირა აჰმადი მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, ყველის ციხესთან დაბანაკებულ მეფე გიორგი მეორეს თავს დაესხა და მოულოდნელობის ეფექტის წყალობით გააქცია, დიდი განძი ჩაუვარდათ თურქებს ხელში: „ხოლო საჭურჭლენი დიდნი და სამსახურებელნი სამეფოთა ტაბლათანი, ოქროსა და ვეცხლისანი, ბაგრატეულნი (ბაგრატ მეფის ნაქონი) სასმურნი და სამწდეონი პატიოსანნი, კარავნი სამეფონი და ყოველთა დიდებულთანი აიხუნეს იავარად და წარვიდეს“.

მეფე გიორგი მეორე აჭარის გავლით გადავიდა ქუთათისში. მთავარი და ყველაზე ცუდი ის იყო რომ, ქართველებს გამარჯვებისა და მტრის შეკავების იმედი გადაეწურათ, იმდენად მრავალრიცხოვანი იყო თურქთა ჯარი. იმ დროს ბიზანტიელები კარგა ხნის გაქცეულები იყვნენ თავიანთი აღმოსავლეთის პროვინციებიდან.

ამირა აჰმადის ნადავლით დატვირთული ლაშქარი უკან გაბრუნდა. როცა გასცილდნენ საქართველოს მიწებს, გზაში სხვა ამირების ლაშქარი შეხვდა, რომლებიც სარბევად მდიდარ ტერიტორიებს ეძებდნენ და ბიზანტიისკენ ჰქონდათ გეზი აღებული. „წინა დაემთხვივნეს ამირანი დიდნი, იასი ვინ-მე და ბუჟღუშ, და მათ თანა სიმრავლე ურიცხვი თურქთა, საბერძნეთს მიმავალთა“.

როცა ამირებმა, იასიმ და ბუჟღუშმა იხილეს, რაოდენი ოქრო-ვერცხლი მიჰქონდა აჰმადის ლაშქარს თან, მხოლოდ გიორგი მეფის ჯარის ბანაკიდან წამოღებული, გაუკვირდათ. იქვე მიიღეს რჩევა აჰმად ამირასაგან, რატომ მიდიხართ შორს, აქვეა საქართველო, უმდიდრესი ქვეყანაო.

თურქ-სელჩუკთა კიდევ ორი ამირას ლაშქარი შემოესია საქართველოს. „მათ მყის მოაქცივნეს გზანი მათნი და მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, ვითარცა მკალნი“.

1080 წლის 7 (ახალი სტილით 24) ივლისს იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს ან 29 აგვისტოს (ახალი სტილით 11 სექტემბერს) იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს (უფრო იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს), თურქთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი სამხრეთ-დასავლეთიდან შემოესია საქართველოს და მოედო ჩვენს კუთხეებს. „დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის-პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა. მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკვიდრი ყოველი“.

მტრებმა გადაწვეს ქვეყნის მაშინდელი დედაქალაქი და წმიდა სავანეები: „და მას-ვე ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი, და არტანუჯი და უდაბნონი კლარჯეთისანი“.

დაიწყო დიდი თურქობა. ზამთრის დადგომამდე არბევდნენ ჩვენს სამშობლოს: „დაყვეს ამათ ქუეყანათა შინა თურქთა ვიდრე მოსლვადმდე თოვლისა, მოჭამეს ქუეყანა და მოსწყვიდეს, თუ სად-ღა ვინ დარჩომილ იყო ტყეთა, კლდეთა, ქუაბთა და ხურელთა ქუეყანისათა. და ესე იყო პირველი და დიდი თურქობა; რამეთუ ქრონიკონი იყო სამასი (1080 წელი).“ უამრავი ადამიანი გაწყდა. ამას დაერთო ძლიერი ყინვები, რამაც ასევე ძალიან ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. ბევრიც შიმშილისაგან დაიხოცა: „ხოლო თუ ვინ-მე მთიულეთს ანუ სიმაგრეთა სადა-მე ვინ დაშთა კაცი, ზამთრისა სიფიცხითა, უსახლობითა და შიმშილითა ეგრე-ცა მოისრა“.

ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი. გაზაფხულზე შემოიჭრებოდნენ ჩვენს ქვეყანაში, არბევდნენ, შემოჰყავდათ თავისი საქონელი და ცხვარი, მოსახლეობის ბაღები და ყანები მათი საქონლისა და ცხვრების საძოვრებად იქცეოდა, და სანამ არ აცივდებოდა, არ გადიოდნენ ქვეყნიდან.

ეს იყო ეკონომიკური კატასტროფა: „და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოხრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა“.

მემატიანე წერს, რომ ასეთი აოხრება და ჭირი ჯერ არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაშიო: „და იყო ჭირი მოუთმენელი ყოველთა ზედა მკვიდრთა ქუეყანისათა, შეუსწორებელი და აღმატებული ოდეს-ვე ყოფილთა სმენილთა და გარდასრულთა ოხრებათასა“. წმიდა ეკლესიები ცხენების სადგომებად აქციეს. უამრავი ქართველი ტყვედ წაიყვანეს, ქალწულები შეურაცხყვეს, ჭაბუკები მოკლეს ან გაყიდეს, ბავშვები დაიტაცეს.

ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდა ქვეყანა. ჩვენს ერს გადაშენების საფრთხე დაემუქრა. ასეთ დროს მხოლოდ მეფეს, ერთს, გამორჩეულს, განსაკუთრებულს შეეძლო რაიმე ღონისძიება გაეტარებინა. ქართველ ხალხს არ ჰქონდა ისეთი სამხედრო რესურსი, რომ მარტო, ბიზანტიელების ან ვინმე მოკავშირის გარეშე გამკლავებოდა მრავალრიცხოვან თურქებს. რაღაც იყო მოსაფიქრებელი.

ამიტომ, გადაწყვიტა მეფე გიორგი მეორემ ხლებოდა თურქ-სელჩუკთა სულთან მელიქ-შაჰს, გამოეცხადებინა მორჩილება, ხარკი შეეთავაზებინა და ეთხოვა შეღავათი გაეწია საქართველოსთვის. ეს ძალიან სარისკო საქმე იყო, არავინ იცოდა, რითი დამთავრდებოდა მეფის ვიზიტი ისპაჰანში, მოსთხოვდნენ თუ არა სარწმუნოების დათმობას, და თუ უარს იტყოდა, ცოცხალს დატოვებდნენ, თუ არა...

არავინ იცოდა... მაგრამ, მეფემ „დადვა სული თვისი და სისხლნი ქრისტეანეთა ხსნისათვის. და მინდობითა ღმრთისათა და წარძღუანებითა ძელისა ცხოვრებისათა წარვიდა ასპანს (ისპაჰანს)“. ღვთისა და კიდევ ერთი პატარა იმედი ბჟუტავდა სამეფო დარბაზის წევრთა შორის, ისპაჰანში, სულთან ალფ-არსლანის გარდაცვალების მერე, დიდ ვეზირს ჰყავდა ცოლად მეფის მამიდაშვილი, მარიამი. ნიზამ ალ-მულქს კი უდიდესი ძალაუფლება ჰქონდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...