ისტორია

რატომ უნდოდა მელიქ-შაჰ სულთანს, გიორგი მეფე დაპატრონებოდა კახეთს და რატომ ჩაიშალა ეს საქმე

№49

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 17.12, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1083 წელს, როცა გიორგი მეორე გაემგზავრა ისპაჰანს, სულთანი მელიქ-შაჰი 24 წლის გახლდათ და ყველაფერში უჯერებდა თავის გამზრდელს – დიდ ვეზირ ნიზამ ალ-მულქს, რომელსაც სიკვდილის წინ მამამისმა, სულთანმა ალფ-არსლანმა ჩააბარა მისი თავი. ნიზამ ალ-მულქი მეფე გიორგის სიძე იყო, მისი საყვარელი ცოლი გახლდათ ჩვენი მეფის მამიდაშვილი, მარიამი.

ჩვენს სამეფო კარს წინადადებაც მიჰქონდა ისპაჰანში. მეფე გიორგი კავკასიაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მეთაური იყო. თუ საქართველოს სამეფო გახდებოდა სელჩუკთა მოხარკე, ეს რეგიონში სელჩუკთა სულთნის ავტორიტეტს ასწევდა და ჩვენი მეფე იქნებოდა ხარკის მიცემის ორგანიზატორი მთლიან საქართველოში და მაგალითი სხვებისთვის რეგიონში.

საქართველოში მიმდინარეობდა ქართველი ხალხის გენოციდი და სხვა გზა ჩვენს წინაპრებს არ დარჩენოდათ. მოკავშირე არ გვყავდა. ბიზანტიამ მიატოვა თავისი აღმოსავლური პროვინციები და დაუთმო სელჩუკებს. სომხური სამეფოები აღარ არსებობდა. კახეთ-ჰერეთის სამეფო სუსტი იყო და კარგა ხნის შემოერთებული ექნებოდა საქართველოს სამეფოს, რომ არა სელჩუკთა შემოსევები.

გიორგი მეორე კარგი მოსაუბრე იყო, სიმპათიური ადამიანი. დიდი ავტორიტეტიც ჰქონდა იმდროინდელ მსოფლიოში. ბიზანტიელებმა უბრძოლველად დაუთმეს მიტაცებული ტერიტორიები. მისი და, მართა-მარიამი, ბიზანტიის ორი კეისრის ცოლი გახდა. თვით ნიზამ ალ-მულქის ცოლი, მარიამიც, მელიქ შაჰის მამის ცოლი იყო ადრე.

წარმატებით ჩაიარა ჩვენი ხელმწიფის დიპლომატიურმა მისიამ ისპაჰანში. იმდენად წარმატებით, რომ სულთანმა გადაწყვიტა, კახეთ-ჰერეთი დაეპყრო და გიორგი მეორისთვის ეჩუქებინა. გიორგი მეფე გამხდარიყო მისი მოკავშირე კავკასიაში და ერთიან საქართველოს ერთიანი ხარკი ეხადა სულთნისთვის.

გამაჰმადიანება არც მოუთხოვიათ მეფისთვის.

საქართველოში უნდა შეწყვეტილიყო თურქული ბრბოების თარეში.

მიმდინარე გენოციდისა და ქვეყნის რბევის ფონზე, ასეთი შედეგი ძალიან დადებითი იქნებოდა. თუმცა, როგორც ახასიათებს იმპერიებს, იმპერიებთან დადებულ ხელშეკრულებებს ხშირად ხარვეზები ახლავს და მთლად კარგი და მოგებიანი არ აღმოჩნდება ხოლმე დაპყრობილი ხალხისთვის.

დიახ, სულთანმა „ყოველი სათხოვნელი აღუსრულა მეფესა გიორგის, უმეტეს-ცა სასოებისა და სამეფო მისი განათავისუფლა ზედა-მარბეველთაგან და მოსცა კახეთი და ჰერეთი, გარნა ხარაჯა ითხოვა სამეფოსა მისისა, რომელსა აიღებდეს ჟამთა მრავალთა“.

სავსებით შესაძლებელია, შეახვედრეს მეფე და მისი მამიდაშვილი ერთმანეთს ნიზამ ალ-მულქის სასახლეში, მაჰმადიანური წესებით – როცა ქალი პირაფარებულია და რაიმე ჯებირის უკან დგას, რომელიც ფარავს მას მთლიანად, მხოლოდ საუბარი შეუძლიათ. ალბათ, ბევრი ცრემლი დაღვარა მეფის მამიდაშვილმა, ნიზამ ალ-მულქის მეუღლემ, მარიამმა ბიძაშვილთან შეხვედრის სიხარულით, ქართული ენის გაგონებისა და სამშობლოს გახსენების გამო, რომელსაც ვერასოდეს ვერ იხილავდა და რომელიც, ალბათ, ძალიან ენატრებოდა, ქვემო ქართლის ულამაზეს ციხე-ქალაქში, სამშვილდეში იყო გაზრდილი, ულამაზეს სანახებში.

დიდი პატივით გამოამგზავრეს მეფე გიორგი ისპაჰანიდან: „და ესრე განდიდებითა და მრავლითა დიდებითა გამოგზავნა თვისად სამეფოდ“.

გამოატანეს ჯარი, რომელსაც უნდა დაეპყრო კახეთ-ჰერეთი და გადაეცა მეფე გიორგისათვის: „და წარმოაყოლნა სპანი დიდნი, რათა წარვლონ გზა მშვიდობისა და რათა აართვან კახეთი“.

შემოდგომა იყო, როცა კახეთის სამეფოს მოადგნენ. „და ჟამსა სთულისასა მოვიდეს კახეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა და, ვიდრე ბრძოდეს-ღა, მოვიდა თოვლი“.

ვეჯინის აღება გაიწელა. ციხეში გამაგრებული კახელები გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ თურქებს. მალე თოვლიც მოვიდა. მეფე გიორგი, ალბათ, ძალიან განიცდიდა, რომ უმსხვერპლოდ, თურქების ჯარის შიშით ვერ მოახერხა კახეთის შემოერთება. მეფეს, ეტყობა, ეგონა ადვილად დაიკავებდა კახეთ-ჰერეთს და ხარკით გამოვიდოდა პრობლემიდან, არ იქნებოდა დიდი მსხვერპლი. მაგრამ არ მოხდა მასე – მსხვერპლი ქართველები, კახელები იქნებოდნენ, რადგან არ ნებდებოდნენ კახელნი.

ალბათ, მიხვდა გიორგი მეორე, რომ კახეთ-ჰერეთის სამეფო სისხლისღვრის გარეშე არ შეუერთდებოდა ერთიან საქართველოს, არ დანებდებოდნენ ადვილად თურქებს და ამიტომ, რაღაც საბაბი მოძებნა, უარი რომ ეთქვა და გასცლოდა იქაურობას. არ მიეღო მონაწილეობა სისხლისღვრაში ან შეეწყვიტა, შეემცირებინა მაინც.

ამ ეპიზოდზე საუბრისას ჩვენი მემატიანე უარყოფითად მოიხსენიებს მეფეს. თითქოს, სხვა არაფერი აღარ აინტერესებდა გიორგი მეორეს, გარდა აჯამეთის ტყეში ნადირობისა.

„ხოლო მეფესა გიორგის მოეხსენა ნადირობა აჯამეთისა, არ-ღა-რას ზრუნვიდეს სხუასა“

დამპყრობლის კეთილგანწყობა მაინც დამპყრობლის საქმის კეთებაა და არ არის კარგი მთლიანად. მემატიანე წერს, რომ აღარ დაელოდა ვეჟინის აღებას მეფეო. მოახსნევინა, ალბათ, ალყა, თურქებს, ციხისთვის. შეიძლება, მეფე თვლიდა, რომ ასე ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა. ამ ფიქრისკენ გვიბიძგებს მეფე გიორგის ბიოგრაფიიდან რამდენიმე ეპიზოდი, როცა აჯანყებულ დიდებულებს საჩუქრები მისცა, ისე შემოირიგა და ბრძოლა არ გაუმართა, რათა, ალბათ, დიდი სისხლისღვრა არ ყოფილიყო.

ახლაც, მშვიდობიანი, ნაკლები მსხვერლით სცადა გამოსვლა მეფე გიორგიმ პრობლემიდან. გადაწყვიტა გასცლოდა ვეჟინის ბრძოლას. თავისთავად ცხადია, თურქულ ჯარს, რომელიც მას ახლდა, საკვები და საძარცვი სჭირდებოდა. ისინი არაფრად დაგიდევდნენ ქართველების სისხლს. მეფემ, როგორც ჩანს, გამოუცხადა მის მხლებელ თურქთა ჯარს, რომ გადაიფიქრა კახეთ-ჰერეთის შემოერთება და ეს ახსნა ნადირობის სურვილით. მეფე ეცადა ნაკლები მსხვეპლით გაეშვა თურქები კახეთიდან. ის ვერც აუკრძალავდა მათ რბევას, ამის ძალა არ ჰქონდა, მაგრამ, მთლიანი კახეთის რბევა ასე აიცილა თავიდან.

მემატიანე წერს: მეფე „არ-ცა ელოდა აღებასა ვეჟინისასა და კახეთისა, არამედ ლაშქართა თურქთასა, რომელ ჰყვა, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქუეყანა იორის პირი კუხეთი, რომელი მოოხრდა მუნ დღეინდელად დღედმდე. ხოლო თვით გარდავლო მთა ლიხთა და შთავიდა აფხაზეთად“.

კუხეთი კახეთს, ჰერეთსა და ქართლს შორის ტერიტორიას ერქვა ადრე, ერთ-ერთი ქართული ეთნარქის, ქართლოსის ძის, კუხოსის, სახელის მიხედვით. სუჯეთი მდებარეობდა ივრისპირეთის შუაში. სახელწოდება წარმოქმნილია ძველი ქართული ტომის, სუჯების, სოჯების სახელიდან.

სუჯეთი, შუა ივრისპირეთი, კახეთის სამეფოში აოხრდა. ასეთი შედეგი გამოიღო მელიქ შაჰის დახმარებამ მეფე გიორგისადმი. დამპყრობელი ვერ იქნება იდეალური და კარგიც.

თუმცა, დანარჩენი საქართველოს რბევა დროებით შეწყდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...