ისტორია

რატომ უნდოდა აფხაზთა მეფე დიმიტრი მეორეს კიდევ ერთი ქართული მონასტრის აშენება და რას ემსახურებოდა სამონასტრო ცხოვრება და ქართული ჰაგიოგრაფია

№9

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 15.03

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

მამა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებსა და მეგობრებს, თევდორესა და ქრისტეფორეს, აღეძრათ „საღვთო შური“ მონასტრების აშენებისა.

საღვთო შური არის ბაძვა საღვთო საქმეებისა, რწმენისა, წადილი საღვთო საქმის კეთებისა.

იმდენად დიდი იყო მამა გრიგოლის მოწაფეების გულებში საქართველოს სხვადასხვა სამეფოებში მონასტრების გამრავლების სურვილი, რომ დაარღვიეს სამონასტრო შინაგანაწესი, არ უთხრეს მოძღვარს, არ აიღეს მისგან კურთხევა, ფარულად მიატოვეს მონასტერი და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან, ბაგრატიონთა სახელმწიფოდან დასავლეთ საქართველოში, აფხაზთა სამეფოში, „ლეონიდების“ სახელმწიფოში წავიდნენ და რამდენიმე ბერიც წაიყვანეს, მათ შორის იყო ილარიონი, იერუსალიმიდან დაბრუნებული მოხუცებული.

გზად გაიარეს სამცხის ერთი დიდებულის, მირიანის მამულში, სადაც დაიმოწაფეს მისი 6 წლის ვაჟი, არსენი, რომელიც მამას უნდოდა ღვთისთვის შეეწირა. შვილის ღვთისთვის შეწირვა იყო ძველი ტრადიცია და სულაც არ ნიშნავდა შვილზე უარის თქმას. პირიქით, ნიშნავდა შვილის სულზე ზრუნვას, მის მონასტერში გაგზავნას სამონაზვნო ცხოვრებისათვის, რომელიც სულის გადარჩენის საუკეთესო გზა იყო. ასეთი ყმაწვილები ღვთისადმი შეწირულებად მიიჩნეოდნენ. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებულ ადამიანებად იზრდებოდნენ და განსაკუთრებულ საქმეებს აკეთებდნენ. შვილის ღვთისადმი შემწირველები, ქვეყნის წინაშე საერო სამსახურის გავლის შემდეგ, თვითონაც ბერად შედგებოდნენ ხოლმე. პატარა არსენ მირიანის ძე შემდეგში (820-იანი წლებიდან), მართლაც, დიდი პიროვნება აღმოჩნდა, გახდა ქართლის კათალიკოსი (არსენ პირველი დიდი), საქართველოს ეკლესიას დიდი სამსახური გაუწია და ჩვენი დედაეკლესიის მიერ წმიდანადაა შერაცხული.

თევდორეს და ქრისტეფორეს, ასევე, მათ თანამგზავრებს, რა თქმა უნდა, მამა გრიგოლის მოწაფეობაზე უარი არ უთქვამთ. მათ მოწესედ, მორჩილად მიიღეს პატარა არსენი და უთხრეს არსენის მამას, აზნაურ მირიანს, თუ უფალს უნდა, თქვენი ვაჟიც მამა გრიგოლის მოწაფე გახდება და ჩვენთან ერთად იქნებაო.

შემდეგ გაემგზავრნენ აფხაზეთს, სადაც აფხაზთა მეფე დიმიტრი მეორემ, დიდი ლეონ მეორის ვაჟმა და მამამისივით დიდმა ქართველმა, ისინი განსაკუთრებული პატივით მიიღო.

აფხაზთა სამეფო დიდი ხნის გათავისუფლებული არ იყო ბიზანტიის პოლიტიკური და საეკლესიო გავლენისაგან და ამიტომ, დიმიტრი მეფეს ძალიან უნდოდა ქართული სამონასტრო ცხოვრების აღორძინება-გაფართოვება სამეფოში და დიდ იმედს ამყარებდა ცნობილი არქიმანდრიტისა და სამონასტრო ცხოვრების ამღორძინებლის, მამა გრიგოლის მოწაფეებზე.

რომ გაიგო მამა გრიგოლმა თავისი მოწაფეების წასვლა, ოთხ ბერთან ერთად გაემგზავრა მათ საძებნად. ქართლში მან ნახა ღირსეული ჭაბუკი ეფრემი (აწყურის მომავალი წმინდა ეპისკოპოსი), დაიმოწაფა, შეჰპირდა, აფხაზეთიდან რომ დავბრუნდები, თან წაგიყვან ხანძთის მონასტერშიო.

ჩავიდა აფხაზეთში მამა გრიგოლი და დიდი პატივითა და მოწიწებით მიიღო აფხაზთა მეფე დემეტრემ იგი, ალბათ, ქუთაისში, აფხაზთა სამეფოს დედაქალაქში.

მოიკითხეს ერთმანეთი დიდმა ქართველებმა, დიმიტრი აფხაზმა და გრიგოლ ხანძთელმა. მამა გრიგოლმა დალოცა ხელმწიფე. აფხაზთა მეფემ ჰკითხა არქიმანდრიტ გრიგოლს, რის გამო მობრძანდიო ჩვენთან. ნეტარმა გრიგოლმა უპასუხა:

- „მეფეო, ღმრთისმსახურო და დიდებულო! მოწევნულ არიან წმინდანი მამანი, ძმანი ჩემნი, წინაშე შენსა და აწ არიან სამეუფოსა ამას და“ უბრძანე მეფეო, რომ მოვიდნენ ისინი ჩვენთანო.

მაგრამ, იმდენად დიდი იყო დიმიტრი აფხაზის სურვილი ქართული მონასტრების გამრავლებისა აფხაზთა სამეფოში, იმდენად იყო აღძრული თვითონაც საღმთო შურით – სამონასტრო მშენებლობისა და ეკლესიის განმტკიცების საღმრთო სურვილით, რომ დაუმალა მამა გრიგოლს ბერების აფხაზეთში, მასთან ყოფნა.

გაბრაზდა წმინდა არქიმანდრიტი მეფის ტყუილის გამო და უთხრა ხელმწიფეს: „მეფეო, ნუ შრომასა შემამთხვევ, მომცენ ძმანი ჩემნი, რომელნიცა მოიწინეს შენდა!“

სხვა რა ძალა ჰქონდა მეფეს წმინდა კაცის წინაშე, ბრძანა ბერების მოყვანა. ბერებმა იხილეს თუ არა საკუთარი მოძღვარი, პატიება სთხოვეს.

მამა გრიგოლს ძალიან გაუხარდა მათი ნახვა, მათ წაყვანას აპირებდა კლარჯეთში, ჯერ არ დამდგარიყო დრო, რომ მის მოწაფეებს მონასტერების მშენებლობა დაეწყოთ. ბერებსაც ძალიან გაუხარდათ, „რამეთუ იყვნეს ბუნებით მომლოდებელ წმიდისა მის ძმანი იგი, მათცა უხაროდა ურთიერთასი იგი შეკრებაè თვისი“.

აფხაზთა მეფემ სთხოვა ნეტარ გრიგოლს, აფხაზეთშიც ავაშენოთ მონასტერიო. „წმინდაო მამაო, აჰა, იქმნა წადიერება? ნებისა შენისაè. არამედ უფალმან ყავნ ნებაèცა გულისაè ჩემისაè. რამეთუ მაქვს სულსა ჩემსა მონასტრისა ახლად შენებაè. აწ ბრძანე და მოვიხილნეთ მრავალნი ადგილნი აფხაზეთისანი და სადაცა სიწმიდემან შენმან ინებოს, მონასტრად აღვაშენოთ ადგილი იგი“.

მეფის თხოვნისამებრ მოიარეს აფხაზთა სამეფოს ზოგი ადგილი, მაგრამ სამონასტროდ არ მოეწონა მამა გრიგოლს – სამონაზვნო, განცალკევებული ცხოვრებისათვის არ გამოდგებაო. ეწყინა აფხაზთა მეფე დიმიტრის და საყვედური უთხრა გრიგოლ ხანძთელს: „არა სამართალ არს კეთილთა თქვენთაგან უნაწილობაè ამის ქვეყანისაè“.

მაშინ, პატივი სცა გრიგოლ ხანძთელმა აფხაზთა მეფის სარწმუნოებას და წამოიწყეს მონასტრის მშენებლობა უბისაში, „სახელი მისი უბეè“ და მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს „სარწმუნოè მოხუცებული“, ილარიონი, რომელიც თან ახლდა თევდორესა და ქრისტეფორეს.

აფხაზთა ხელმწიფემ ძალიან გაიხარა და ბლომად შესაწირავი გასცა მონასტრის მშენებლობისათვის. ასევე, მამა გრიგოლსა და მის მოწაფეებს ათი ათასი დრამა (ფული) გადასცა.

შემდგომში არაერთი მონასტერი ააშენეს გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა, მამა თევდორემ – ნეძვის, მამა ქრისტეფორემ – კვირიკეთის და სხვა.

ქართველ ხელმწიფეთა და მამულიშვილთა შესაწირავებით შენდებოდა მონასტრები საქართველოს სამეფოებში, სადაც წირვა-ლოცვა ქართულად მიმდინარეობდა და ქვეყნის გაერთიანება მზადდებოდა, სასულიერო ცხოვრებასთან ერთად ამასაც ემსახურებოდა სამონასტრო ცხოვრება და მონასტრებში შექმნილი ჰაგიოგრაფია – „ქართლად ფრიადი ქვეყანაè აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაè ყოველი აღესრულების“, ანუ, საქართველოა, სადაც წირვა ქართულ ენაზეაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი