ისტორია

რატომ წერდა სპარსელი ისტორიკოსი, ქართველების დამარცხების შემდეგ, ჯალალედინის შიში სხვა ქვეყნებსაც მოედოო და ვინ გაერთიანდა მის წინააღმდეგ

№38

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 01.10, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

სპარსელი ისტორიკოსის, ჯუვეინის მიხედვით, რადგან სულთანმა ჯალალედინმა ქართველებზე გაიმარჯვა, მისდამი შიშით განიმსჭვალნენ გარშემო მყოფი მაჰმადიანური ქვეყნების მბრძანებლები, რადგან, ქართველები ძალიან ძლიერები იყვნენ და მათზე გამარჯვება ბევრს ნიშნავდა. ადრე რამდენიმე მაჰმადიან მბრძანებელს უნდოდა, ჯალალედინს შებრძოლებოდა ქართველებთან ერთად, ახლა კი ქართველებისგან პირი იბრუნესო: „რაკი სულთანმა შესძლო გაემარჯვა ქართველებზე, ისინი კი ისეთი ხალხი იყო, ვინც მათი მხარის მიუვალობისა და სიმაგრეების მიუდგომლობის, დიდი სიმდიდრისა და მეომართა სიძლიერის გამო დაცული იყო ჟამის ცვალებადობისა და ბედის ტრიალისაგან, შამისა და რუმის სახელგანთქმული ბატონები და მამაცნი თანასწორობაზე შეთანხმებოდნენ ბრძოლაში მათი გულოვნების შიშით და პირიც კი იბრუნეს მათგან სუსტად და უღირსად... „ისინი ქედს იხრიდნენ ერთგულებით მის (ჯალალ ად-დინის) წინაშე, ხლათის აღებაც დაემატა ამ გამარჯვებას და საღამოს სმა დილის სმად გადაიქცა. სულთნის შიში იმ ქვეყნებს მოედო. მისი სიმკაცრისა და შეუმთვრობის ამბავი საყოველთაოდ გავრცელდა“.

ჯუვეინი გვამცნობს, რომ ქართველების მიერ მიყენებული ზარალი ანაზღაურდა. კვლავ შემოიკრიბა ჯალალედინის გარშემო მაჰმადიან დიდებულთა ნაწილი. ხლათის აღებამ გამოასწორა ჯალალედინის ფინანსური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ჯალალედინმა უმდიდრესი მაჰმადიანური ქალაქი, ხლათი აიღო და გაძარცვა.

მაგრამ, ხლათისა და სხვა მაჰმადიანური ქალაქების უმოწყალო გაპარტახებამ და მოქალაქეების, მათ შორის მაჰმადიანების, ძარცვამ, ხოცვამ ან მონად გაყიდვამ, მაჰმადიან მმართველებს გადააწყვეტინა, გაერთიანებულიყვნენ ჯალალედინის წინააღმდეგ და მოესპოთ მისგან მომდინარე საფრთხე, თავისი ქვეყნებისა და მოქალაქეებისათვის. ჯუვეინი წერს, ხლათის აღების შემდეგ ჯალალედინმა: „არზრუმის სულთანი (როქნ ად-დინ ჯაჰანშაჰი) სხვადასხვა წყალობითა და გულუხვობით გამოარჩია იმ დახმარების გამო, რაც ხლათის გარემოცვის დროს გაუწია სანოვაგითა და საკლავით. იმან მოახსენა: „სულთანი ალა ადდინი (რუმის, კონიის, იკონიის სასულთნოს სელჩუკიანი გამგებელი ალა ად-დინ ქეიყობად I) და ალეპოსა და შამის მალიქები დაზავდნენ, სულთნის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ჯარების შეკრებით არიან დაკავებული, თან, სულ მსაყვედურობენ: სულთანს რომ ხლათის კართან არზრუმის სანოვაგე არ მისვლოდა, იმას იქ დადგომის შეძლება და საშუალება არ ექნებოდაო“.

ჯალალედინი მიხვდა, რომ მის წინააღმდეგ მაჰმადიანი მმართველების კოალიცია მაინც იქმნებოდა. მაჰმადიანების არა მხოლოდ მმართველებს, რომელთაც ის კონკურენტებად მიიჩნევდა და რომელთა დამორჩილებაც უნდოდა, არამედ მთელი რეგიონის უბრალო მაჰმადიანებს უკვე ძალიან სძულდათ ჯალალედინი, როგორც უბრალო მოსახლეობის მძარცველი, სისხლისმსმელი ტირანი და როგორც მაჰმადიანთა მტერი.

ჯალელედინმა გადაწყვიტა დაესწრო. ჯუვეინი განაგრძობს: „ხლათიდან სულთანი მანასკერტისკენ წავიდა, იქიდან კი ხართაბირთს მივიდა (მანასკერტი ხლათთან ახლოს, მის ჩრდილოეთით მდებარეობს; ხართაბირთი (აწინდელი ჰარფუთი) დიარბექრის ოლქშია. ორივე ახლანდელ თურქეთშია – გ. მ.). თავს სუსტად გრძნობდა“.

ჯუვეინი, მისთვის საძულველ მონღოლთა მსახური და მაქებელ-მადიდებელი, ცდილობდა ჯალალედინის ქებასაც, რათა წარმოეჩინა, თითქოს მონღოლებს ჯალალედინის სახით ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ და, თითქოს, მხოლოდ მაჰმადიანი მმართველების უგუნურობამ, ჯალალედინის ავად ყოფნამ და სხვა მოულოდნელმა პირობებმა გამოიწვიეს ჯალალედინის დამარცხება.

ჯუვეინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯალალედინი ავად იყო, მაინც აღიძრა საომრად და ცდილობდა, დაესწრო მაჰმადიანთა კოალიციისთვის და თვითონ მიეყენებინა პირველი დარტყმა, როგორც ეს მოახერხა და ქართველებს გაუმართა ბრძოლა ბოლნისთან, სანამ მოლაპარაკებისამებრ, ჩვენს დასახმარებლად მოვიდოდნენ მაჰმადიანი მეზობლები, რომლებიც ვერ იტანდნენ ტირან, სისხლისმსმელ, მათ შორის, მაჰმადიანთა მტერ ჯალალედინს. „მიუხედავად სენის ძლიერებისა და ძალთა სისუსტისა [სულთანი ჯალალ ად-დინი] მაშინვე დაიძრა იქიდან. მუშის ველს (მუშის ველი ვანის ტბის დასავლეთით მდებარეობს, დღევანდელ თურქეთში. – გ. მ.) რომ მიატანა ლაშქარმა, ექვსი ათასი კაცი შემოხვდათ, რომლებიც სირიელთა დასახმარებლად მიეშურებოდნენ“.

ეს ექვსი ათასი მეომარი მიეშურებოდა შამის მბრძანებლის დასახმარებლად, ჯალელედინის საწინააღმდეგო მაჰმადიანურ კოალიციასთან შესაერთებლად. ასეთ მცირერიცხოვან მტერზე გამარჯვებასა და თავისი საწინააღმდეგო კოალიციის დასუსტების შანსს ჯალალედინი ხელიდან არ გაუშვებდა. მან ბრძანა, ალყა შემოერტყათ მათთვის და გაეჟლიტათ მთელი სამხედრო ნაწილი იმ მაჰმადიანებისა. „გარს შემოერტყნენ მათ და ერთ წამში ყველა გაჟლიტეს“. 6 000 მაჰმადიანი მთლიანად დახოცეს ჯალალედინის მრავალრიცხოვანი ჯარის მეომრებმა.

ზოგიერთი ჩვენი თანამედროვე ისტორიკოსი ამტკიცებს, შუა საუკუნეებში მრავალრიცხოვანი ჯარები არ არსებობდა. ძნელი იყო მათი გადაადგილება და გამოკვებაო. ჯარს კვებავდნენ ჯერ შეგროვებული, მერე კი ნაძარცვი პროდუქტით. მაშინდელი გზები საკმაოდ გამართული იყო. თუ ვინმეს ჰგონია, მხოლოდ ბილიკები აკავშირებდა ქვეყნებს და ქალაქებს, ძალიან ცდება. გზები საკმაოდ განიერი იყო და ორ განიერ ურემსა თუ ფორანს, თავისუფლად შეეძლო ერთმანეთისთვის გვერდის ავლა. იმ გზებზე მრავალრიცხოვანი ქარავნები დადიოდა, დიდი ტვირთით. გზებიც მრავალი იყო. ჯარი მხოლოდ ერთი გზით არ გადაადგილდებოდა, არამედ სხვადასხვა გზით მიემართებოდა დანიშნულების ადგილამდე (როგორც, მაგალითად, საქართველოსკენ მოიწევდნენ მაჰმადიანები დავით აღმაშენებლის დასამარცხებლად). გარდა ამისა, ჯალალედინის წინააღმდეგ შექმნილი კოალიცია ამტკიცებს: 1. იმდენად მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავდა ჯალალედინს, რომ ქართველებმა ვერ გაუძლეს (კიდევ სხვა მიზეზების გამო) და ორჯერ დამარცხდნენ; 2. საკმაოდ ძლიერი მაჰმადიანი მმართველები, მათ შორის რუმის სულთანი ალა ად-დინ ქეიყობად I და ეგვიტის სულთანი ალ-კამილი, რომელსაც ჯვაროსნები მელედინს უწოდებდნენ და რომელსაც ემორჩლებოდა სირია და ხლათი, ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდნენ ჯალალედინს. სწორედ, ჯალალედინის ჯარის მრავალრიცხოვნობამ გადააწყვეტინა მაჰმადიან მბრძანებლებს, თავისი ჯარები გაეერთიანებინათ.

ჯუვეინი წერს: „რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ჯარები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, რუმის სულთანი, მალიქ აშრაფი (ეგვიპტის სულთნის, ალ-კამილის ძმა, ხლათის მბრძანებელი) და იმ ქვეყნების სულთნები და გამგებლები შეუერთდნენ და იმდენი იარაღი, საომარი მოწყობილობა და საჭურველი დააგროვეს და იმდენი კაცი გაამზადეს, რომ ვერც კი დაითვლებოდა“.

ჯალალედინს ცუდად ჰქონდა საქმე.

რუსუდანის სამეფო კარს კი აღარაფერი შეეძლო, ცუდმა მმართველობამ სახელმწიფო და ჯარი მოშალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი