ისტორია

რატომ წავიდა გიორგი მეორე სულთანთან, რა მოიმოქმედა მან გამგზავრებამდე და რა შედეგს მიაღწია

№27

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 12.07

ისტორია
დაკოპირებულია

ჩვენი ხელმწიფე გიორგი მეორე და სელჩუკთა სულთანი მელიქ-შაჰი, თითქმის, ტოლები იყვნენ, გიორგი მეფე ცოტა უფროსი გახლდათ. ორივეს ადრე მოუწია ტახტზე ასვლა – 1072 წელს.

1079 წელს სულთან მელიქ-შაჰის ჯარი სამხრეთ კავკასიას შემოესია. გიორგი მეორე ცდილობდა, გამკლავებოდა ურიცხვ მტერს. ერთხელ დაამარცხა კიდეც ფარცხისში სელჩუკთა სარდლის, სარანგისა და განძელთა, დმანისისა და დვინის ამირათა გაერთიანებული ჯარი. მაგრამ, მერე, მტრის მრავალრიცხოვნობამ თავისი გაიტანა. საქართველოს კუთხეებს მოედვნენ უკონტროლო სელჩუკი ამირების ბანდები და დაიწყო „დიდი თურქობა“, რომელმაც უამრავი ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩვენი საომარი, ეკონომიკური, პოლიტიკური და რაც მთავარია, ეთნიკური რესურსი ვერ გასწვდებოდა უზარმაზარი სელჩუკური იმპერიის წინააღმდეგ მარტო ბრძოლას.

„დიდი თურქობის“ დროს მიმდინარეობდა ქართველი ხალხის გენოციდი, მოიშალა ეკონომიკა, განადგურდა და ტყედ იქცა უამრავი სოფელი და ქალაქი. მოლაპარაკების გარდა, სხვა გზა ჩვენს წინაპრებს არ დარჩენოდათ. მოკავშირე არ გვყავდა. ბიზანტიამ მიატოვა თავისი აღმოსავლური პროვინციები და დაუთმო სელჩუკებს. სომხური სამეფოები აღარ არსებობდა. კახეთ-ჰერეთის სამეფო სუსტი იყო და კარგა ხნის შემოერთებული ექნებოდა საქართველოს სამეფოს, რომ არა სელჩუკთა შემოსევები. ამიტომ, რაღაც უნდა ეღონა მეფეს...

1083 წელს ჩვენს მეფეს „დიდი თურქობის“ შესაჩერებლად სულთანთან მოსალაპარაკებლად ისპაჰანში წასვლა მოუწია. გამგზავრების წინ მეფემ თავისი არასრულწლოვანი ვაჟი, დავითი, თანამეფედ აკურთხა, ყოველი შემთხვევისათვის, შორეული მოგზაურობიდან და სულთანთან მოლაპარაკებიდან რომ ვერ დაბრუნებულიყო, ქვეყანას მეფე უნდა ჰყოლოდა.

საშიშროება კი არაერთი იყო: გზაც შორი იყო. არც ვინმე იყო დარწმუნებული, რომ მეფეს გამაჰმადიანებას არ მოსთხოვდნენ, რაზეც უარი ძალიან სახიფათო იქნებოდა...

ჩვენს სამეფო კარს რამდენიმე რამის იმედი ჰქონდა:

სულთანზე ამბობდნენ, ვაჟკაცურ საქციელებს აფასებს, გონიერია და საინტერესო წინადადებებს იწონებსო.

გარდა ამისა, ახალგაზრდა სულთანი მელიქ-შაჰი დიდ პატივს სცემდა თავის გამზრდელს, დიდ ვეზირ ნიზამ ალ-მულქს, რომელსაც სიკვდილის წინ მამამისმა, სულთან ალფ-არსლანმა მისი თავი ჩააბარა. სულთან ალფ-არსლანს ერთ-ერთ ცოლად ჰყავდა ჩვენი ხელმწიფის მამიდაშვილი, მარიამი. თავის დროს, სულთანთან ჩვენი მეფის, ბაგრატ მეოთხის დამძახლებამ მცირედი შვება მოუტანა ქვეყანას, დროებით, მაგრამ, მაინც – ბაგრატ მეფემ არ იკისრა ხარკი და მოიგო ცოტა დრო. სულთნის გარდაცვალების შემდეგ, 1072 წელს, მარიამი ცოლად შეირთო ნიზამ ალ-მულქმა. ამგვარად, საქართველოს სამეფო კარი იმედს ამყარებდა სიძეზე, სასულთნოში ყველაზე გავლენიან ვაზირზე. მარიამი დიდი ვაზირის საყვარელი ცოლი ყოფილა.

ჩვენს სამეფო კარს საინტერესო წინადადებაც მიჰქონდა ისპაჰანში. ჩვენი მეფე კავკასიაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მეთაური გახლდათ. თუ საქართველოს სამეფო გახდებოდა სელჩუკთა მოხარკე, ეს რეგიონში სელჩუკთა სულთნის ავტორიტეტს ასწევდა და ჩვენი მეფე იქნებოდა ხარკის მიცემის ორგანიზატორი მთლიან საქართველოში და მაგალითი სხვებისთვის რეგიონში.

გიორგი მეორე კარგი მოსაუბრე იყო, სიმპათიური ადამიანი. დიდი ავტორიტეტიც ჰქონდა იმდროინდელ მსოფლიოში. ბიზანტიელებმა უბრძოლველად დაუთმეს მიტაცებული ტერიტორიები. მისი და, მართა-მარიამი, ბიზანტიის ჯერ ერთი, მერე მეორე ბასილევსის ცოლი გახდა.

მთავარი მოლაპარაკებები მეფისა, ცხადია, ვაზირთან მიმდინარეობდა. სულთანი ბოლოს იწონებდა ხოლმე ან არ იწონებდა გადაწყვეტილებებს, შეიძლება, კორექტივიც შეეტანა და მერე ამტკიცებდა. ცხადია, დიდი ვაზირის სასახლესაც ეწვეოდა ჩვენი ხელმწიფე. სავსებით შესაძლებელია, ნიზამ ალ-მულქის სასახლეში გიორგი მეფე და მისი მამიდაშვილი, მარიამი, შეახვედრეს კიდეც ერთმანეთს მაჰმადიანური წესით – როცა ქალი პირდაფარულია (ჰიჯაბით), ტიხრის (თეჯირის ან შირმის) უკან დგას ან ზის, რომელიც მას მთლიანად ფარავს. საუბარი შეუძლიათ, ერთმანეთს ვერ ხედავენ. ალბათ, ბევრი ცრემლი დაღვარა მეფის მამიდაშვილმა, ნიზამ ალ-მულქის მეუღლემ, ბიძაშვილთან შეხვედრის სიხარულით, მონატრებული ქართული ენის გაგონებითა და სამშობლოს გახსენებით, რომელსაც ვეღარასოდეს იხილავდა და რომელიც, ალბათ, ძალიან ენატრებოდა ქვემო ქართლის ციხე-ქალაქის, სამშვილდის ულამაზეს სანახებში გაზრდილ მარიამს.

მოკლედ, ამჯერადაც დიდი სამსახური გაუწია გიორგი მეორის მამიდაშვილმა, მარიამმა სამშობლოს.

ჩვენი სამეფო კარის პოლიტიკური გათვლა და გიორგი მეფის თავგანწირული გამგზავრება სულთანთან მოსალაპარაკებლად წარმატებული აღმოჩნდა. სულთანს, მართლაც, მოეწონა ჩვენი ვაჟკაცი ხელმწიფე და მისი წინადადებები. გამაჰმადიანება არც მოუთხოვიათ მეფისთვის. მელიქ-შაჰმა გადაწყვიტა, კახეთ-ჰერეთი დაეპყრო და გიორგი მეორისთვის ეჩუქებინა, გიორგი მეფე გამხდარიყო მისი მოკავშირე კავკასიაში და ერთიან საქართველოს ერთიანი ხარკი ეხადა სულთნისთვის. საქართველოში უნდა შეწყვეტილიყო თურქული ბრბოების თარეში – სულთანმა „ყოველი სათხოვნელი აღუსრულა მეფესა გიორგის, უმეტეს-ცა სასოებისა და სამეფო მისი განათავისუფლა ზედა-მარბეველთაგან და მოსცა კახეთი და ჰერეთი, გარნა ხარაჯა ითხოვა სამეფოსა მისისა, რომელსა აიღებდეს ჟამთა მრავალთა“.

დიდი პატივით გამოამგზავრეს მეფე გიორგი ისპაჰანიდან: „და ესრე განდიდებითა და მრავლითა დიდებითა გამოგზავნა თვისად სამეფოდ“

გამოატანეს ჯარი, რომელსაც უნდა დაეპყრო კახეთ-ჰერეთი და გადაეცა მეფე გიორგისათვის: „და წარმოაყოლნა სპანი დიდნი, რათა წარვლონ გზა მშვიდობისა და რათა აართვან კახეთი“.

მიმდინარე გენოციდისა და ქვეყნის რბევის ფონზე, ასეთი შედეგი ძალიან დადებითი იყო.

თუმცა, იმპერიებთან დადებულ ხელშეკრულებებს ხშირად ხარვეზები მოსდევს და მთლად კარგი და მოგებიანი არ აღმოჩნდება ხოლმე დაპყრობილი ხალხისთვის.

იმპერიებს აქვთ თავიანთი ინტერესები. იმპერიებს არ აინტერესებთ ეთნიკური ვითარება და ემოციური განწყობები ვასალებისა. იმპერიები საკუთარი ინტერესების გატარებას საკუთარი მეთოდებით ცდილობენ. ეს კი, ხშირად, არ შეიძლება მისაღები იყოს ვასალებისთვის, რომლებსაც, თითქოსდა, დიდი პატივი სცეს.

მაგრამ, ჩვენს სამეფოს სხვა გზა არ ჰქონდა...

„და ჟამსა სთულისასა მოვიდეს კახეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა და, ვიდრე ბრძოდეს-ღა, მოვიდა თოვლი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული