ისტორია

რატომ წაიყარა თავზე ნაცარი ტფილისიდან, განძიდან და დმანისიდან სულთანთან წასულმა ელჩიონმა

№42

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 25.10

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

მემატიანის თქმით, არც წესიერად ეძინა დიდ ხელმწიფეს, დავით აღმაშენებელს, არც დასვენება ჰქონია ნორმალური მის სხეულს (იქნებ ამიტომაც გარდაიცვალა საკმაოდ ადრე, 53 წლისა, ასკეტური ცხოვრებისგან გადაღლილი). არც ხორციელ ვნებებს იყო აყოლილი ჩვენი მეფე, არც გართობა და სიმღერები იზიდავდა, არც ქეიფი და დროსტარება. მისი მოწოდება იყო დაუღალავი მსახურება უფლისა და სახელმწიფოსი.

ერთი ჩვეულება ჰქონია ჩვენს დიდ ხელმწიფეს, გადავიდოდა ხოლმე აფხაზეთში, დასავლეთ საქართველოში, საგანგებოდ, რათა მტრებისთვის სიფხიზლე მოედუნებინა და ამგვარად შემოიტყუებდა აღმოსავლეთ საქართველოში, მტკვრის პირას და მოსაზღვრე მხარეებში თურქმანთა ძალებს. ვაჭრებად გადაცმული თურქთა მსტოვრები თან დასდევდნენ მეფეს და ინფორმაციას აწვდიდნენ თავიანთ მთავრებს. ისინიც შესაბამისად მოქმედებდნენ.

დავით აღმაშენებელმა, თანამედროვე ტერმინებით რომ ვილაპარაკოთ, შექმნა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურები. ყველა ინფორმაციას ფლობდა და მოვლენებს აკონტროლებდა.

ერთხელ, გადავიდა ჩვენი მეფე გეგუთში, იქიდან ხუფათში და ამით თურქების სიფხიზლე მოადუნა. ქორონიკონი იყო სამას ორმოციო, ანუ 1120 წელი. თურქებს რომ შორს გაუგულებიათ ჩვენი ხელმწიფე, ჩამომდგარან დასაზამთრებლად ბოტორას. მემატიანე წერს: „არა ჰრულოდა მეფესა, არამედ გარდამოიფრინვა თებერვალსა ათოთხმეტსა“ და მოულოდნელად თავს დაესხა თურქებს. ვინც მოასწრო და ცხენს მოახტა, გაიქცა და გადარჩა... დიდი ალაფი აიღეს ჩვენმა წინაპრებმა და მრავალი თურქი ტყვედ აიყვანეს.

სააღდგომო მარხვის დროს, დავით მეფემ აიღო შირვანის ქალაქი ყაბალა (ქაბალა) და საქართველოს შემოუერთა. აივსო სამეფო ოქროთი და ვერცხლით და ყოველი სიმდიდრით. დაბრუნდა ქართლში, ცოტა დაასვენა ჯარი და შვიდ მაისს ისევ შირვანს შეუტია და დაარბია. შირვანში დავით აღმაშენებელს გათხოვილი ჰყავდა თავისი ასული, თამარი. მაგრამ, მეფემ შირვანის საშაჰოს არ აპატია ოდნავ „გვერდით გახედვა“, პროთურქული ორიენტაცია, შირვანში ილაშქრა და პირდაპირ საქართველოს შემოუერთა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესები უპირველესია.

იმავე ხანებში მომხდარა ბრძოლა შარვანელთა და დარუბანდელთა შორის და მოკლეს შირვანშაჰი აფრიდუნი, ჩვენი მეფის მძახალი და დახოცეს შარვანელნიო, წერს დავითის ისტორიკოსი.

ნოემბერში ჩვენმა ხელმწიფემ გაილაშქრა კაღზევანში. კაღზევანი არმენების ქალაქი იყო ოდესღაც, აშორნიის მხარეში. თავს დაესხა თურქმანებს, „მოსრნა და იავარ-ყვნა“. ქართულმა ჯარმა წამოიღო დიდი ალაფი. იქ დაბანაკებულ თურქებს დაესხნენ თავს. დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი ისტორიკოსი წერს – „არ დაუტევა მოტირალი კარავთა მათთაო“.

იმავე ზამთარში აფხაზეთში ჩავიდა მეფეთა-მეფე, ბიჭვინთაში დაიბარა აფხაზეთისა და ჩრდილო-დასავლეთ მხარეების დიდებულები და განაგო იქაური საქმეები. წყალობის ღირსნი შეიწყალა და დაასაჩუქრა, შემცოდენი კი დააპატიმრა და დასაჯა.

იმ წელს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა და მკაცრი ზამთარი დადგა. იფიქრეს თურქმანებმა, შორს არის ქართველთა ხელმწიფეო და გულმოცემულები ჩამოდგნენ მტკვრის პირს. მაგრამ, ქართველთა მეფეს რა გამოეპარებოდა. რა დააკავებდა სწორუპოვარ სარდალს და მეფეს, რას შეეძლო მისი შეჩერება? წამოვიდა აფხაზეთიდან აღმოსავლეთისკენ იმ დიდთოვლობაში. მემატიანე ამბობს, ლიხის მთაზე თოვლის სიმაღლე სამი მხარი იყოო. მხარი, დაახლოებით, 2 მეტრზე ცოტა ნაკლებს უდრის. ანუ რამდენიმე მეტრის სიმაღლის თოვლი ყოფილა ლიხზე. ჩვენს დროში, ოცდამეერთე საუკუნეში, თოვლი რომ მოდის, რიკოთის უღელტეხილზე ზოგჯერ ავტომობილებს უჭირთ მოძრაობა, იკეტება გზები, და იმ დროს, იმხელა თოვლში მთებში გადმოსვლა ხომ წარმოუდგენელი ეგონებოდათ თურქ მომთაბარეებს.

ჩვენმა ხელმწიფემ თოვლისგან გააწმენდინა ლიხის მთა, „გარდაათხრევინა მთა ლიხისა” და გადმოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთში მზად დახვდა სამხედრო ნაწილები და სანამ ქართლში ხმა გავრცელდებოდა, მეფე დაბრუნდაო, თავს დაესხა ხუნანს. აღავსო ქართულმა და ყივჩაღურმა ნაწილებმა ტერიტორია მტკვრიდან ბერდუჯამდეო. დავითის მემატიანე მტრის რიცხოვნობას კი არ წარმოადგენს გაზვიადებულად, არამედ ქართული ჯარის მრავალრიცხოვნობას გადმოგვცემს ობიექტურად. მახვილით მოსრეს ყველა, არავინ დარჩა ამბის მთხრობელიო. ქორონიკონი ყოფილა სამას ორმოცდაერთი, ანუ 1121 წელი, მარტი.

გაზაფხულზე ძალიან ადიდდა მტკვარი, ვეღარ ეტეოდა კალაპოტში. იმის იმედით, მეფე ვერ გადმოლახავსო მდინარეს, თურქმანები ჩადგნენ ბარდავში. მაგრამ, ჩვენს ჯარს საომარი ტექნოლოგიები გამართული ჰქონდა. შეაკვრევინა ტივები და ერთ დილას, მეფემ, ყივჩაღებთან და ქართველ მონა-სპასთან ერთად, გადაცურა მტკვარი, თავს დაესხა თურქებს და მოსრა. ორი დღე დაჰყვეს ბარდავში და არბევდნენ. ალაფით სავსე დაბრუნდა ჯარი შინ. დარბევაში არ იგულისხმება მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი ჯარი არბევდა ოკუპანტებს, მომხვდურებს. ეს მოხდა ივნისის თვეში.

დავით აღმაშენებელი თურქ-სელჩუკებს სიცოცხლეს უმწარებდა საქართველოსა და მთელ კავკასიაში, არსებობის საშუალებას არ აძლევდა ჩვენს მიწა-წყალზე და მუდმივი შიშის ქვეშ ჰყავდა. გენერალური ბრძოლისათვის ემზადებოდა უშიშარი ხელმწიფე.

შევიწროებული თურქმანი მომთაბარეები და მაჰმადიანი ვაჭრები ტფილისიდან, განძიდან და დმანისიდან, წავიდნენ სულთან მაჰმუდ მეორესთან (მაჰმუდ ბ. მუჰამადი (1118-1131), მელიქ-შაჰის შვილიშვილთან და მაჰმადიანთა უმაღლეს სასულიერო პირთან – ხალიფასთან, სხვა სულთნებთან და მთავრებთან. შავად შეიღებეს ხელები და სახეები, თავზე ნაცარი წაიყარეს, ქართველთა მეფე დავითის მიერ შევიწროებულებმა, ვითარცა მგლოვიარეებმა და დახმარება სთხოვეს მაჰმადიანთა ლიდერებს. ასეთი დიდი ხიფათი ჯერ არ დამუქრებიაო სამაჰმადიანოს, ჯვაროსნების შემოტევის მერე.

სულთანმა საკუთარ თავზე აიღო დავით აღმაშენებლის განადგურების ინიციატივა, მოუწოდა თუ ვინმე სადმე იყო მხედრობის შემძლე – ჩალმაზე კაცს და საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოუშვა.

აგრესორები – მაჰმადიანთა დიდი კოალიცია, თურქნი, სპარსნი და არაბნი, გენერალური, გადამწყვეტი ბრძოლისათვის მოემართებოდნენ საქართველოსკენ – უნდოდათ, გაენადგურებინათ ქართული სახელმწიფოებრიობა და გენოციდი მოეწყოთ ქართველებისთვის (ასევე, სომხებისთვის). რა იცოდნენ უბედურმა დამპყრობლებმა, რომ დავით აღმაშენებელი და ქართული ჯარი შავ დღეს გაუთენებდა მათ დიდგორში, 1121 წლის 12 აგვისტოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა