ისტორია

რატომ წაართვა ლევან მეორე დადიანმა იმერეთის მეფეს სომხების 40 და ებრაელების 10 ოჯახი

№30

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 05.08

ისტორია
დაკოპირებულია

სამწუხაროდ, გვიან შუა საუკუნეებში საქართველო დაშლილი იყო სამეფო-სამთავროებად. აღმოსავლეთში ორი პოლიტიკური ერთეული იყო – ქართლისა და კახეთის სამთავროები. უარესად დაქუცმაცებულ დასავლეთ საქართველოში არსებობდა იმერეთის სამეფო, ოდიშის სამთავრო, გურიის სამთავრო. განცალკევდებოდა აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში თურქ-ოსმალებს საფაშოები ჰქონდათ, ახალციხის, ტრაპიზონის...

ეკონომიკა მოშლილი იყო, ვაჭრობაც ნაკლებად განვითარებული. ვაჭრობა კი ეკონომიკისა და ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმდროინდელ სამეფო-სამთავროებში ვაჭრობა, ძირითადად, სომხებისა და ებრაელების ხელში გახლდათ, ისინი კი მეფეებისა და მთავრების გავლენის ქვეშ იყვნენ. თავისუფალი მოსახლეობა ნაკლები იყო. დაყმევებული გახლდათ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი, რაც ხელს უშლიდა ვაჭრობის, ეკონომიკისა და საერთოდ, ქვეყნის, თუნდაც, სამეფო-სამთავროების განვითარებას. ყველაფერი მაინც მეფე-მთავრების ნიჭზე და მონდომებაზე იყო დამოკიდებული.

1597 წელს ოდიშის მთავრის, მანუჩარ პირველი დადიანისა და მისი მეუღლის, კახეთის მეფე ალექსანდრე მეორე ბაგრატიონის ასულის, ნესტან-დარეჯანის ოჯახში დაიბადა მემკვიდრე, ბატონიშვილი ლევანი. დედოფალი მშობიარობას გადაჰყვა. დედით დაობლებული ბატონიშვილი რამდენიმე წელი კახეთში იზრდებოდა, პაპასთან. ქართული დინასტიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ განათლებას.

1611 წელს მანუჩარ დადიანს ზუგდიდში ნადირობის დროს შეეჯახა ფარუხია გოშაძის ცხენი, რის შედეგადაც სამეგრელოს მთავარი დაშავდა და გარდაიცვალა და სამთავროს ტახტზე ავიდა 14 წლის ლევან მეორე. მას ზრდიდა და სამთავროს მართავდა მამამისის ძმა, გიორგი დადიანი, სალიპარტიანოს მფლობელი. საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბარტის თქმით: „კაცი ფრიად სამართლიანი და სახელმწიფო საქმეებში კარგად გამოცდილი“. როგორც კი მიაღწია სრულწლოვანებას, ლევანმა ხელში აიღო სამთავროს მართვის სადავეები.

ლევან დადიანი იყო ძალიან ნიჭიერი, მოხერხებული და ენერგიული ადამიანი. უცხოელების გადმოცემით, სამ დღეზე მეტი ერთ ადგილას არ ჩერდებოდა, სულ მოძრაობდა და მოქმედებდა. ძალიან ჰყვარებია ბავშვები, მაგრამ ურჩებისა და მეზობელი მთავრების მიმართ დაუნდობელი იყო. მოქმედებდა იმავე პრინციპით, რაც დაახლოებით ასიოდე წლის წინ იტალიელმა პოლიტიკის თეორეტიკოსმა, ნიკოლო მაკიაველიმ დაუსახა პოლიტიკოსებს, მთავრებს, რომ უმთავრესი არის ხელისუფლების შენარჩუნება. ლევან დადიანი ისედაც ეჭვიანი და სასტიკი ადამიანი იყო, ცხოვრებამ, პოლიტიკურმა ინტრიგებმა, შეთქმულებებმა და, ეტყობა, ემოციურობამ, უფრო სასტიკად აქცია. თუმცა, მის ბიოგრაფიაში ზოგი დადებითიც მოიძებნება: მაგალითად, დიდი წვლილი მიუძღვის ლევან დადიანს ქართული კულტურის წინაშე. მის დროს სამეგრელო იყო ქართული კულტურის უმთავრესი ცენტრი. დადიანმა ააშენა და აღადგენა ეკლესიები სამთავროში. ტაძრები გადაახურვინა. ბევრი ხელახლა მოახატვინა და მოაჩუქურთმებინა. ყველა ეკლესიაში აღადგინა წირვა-ლოცვა, გაიღო შესაწირავები და ეკლესია-მონასტრებს გადასცა ბარძიმ-ფეშხუმები, მრავალი ჭედური ხატი და სხვა. აღადგინა და ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. მისი ბრძანებით, მამუკა თავაქარაშვილმა გადაწერა და დაასურათა ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი თარიღიანი ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნისა“. ათი წლის განმავლობაში 20-ზე მეტი ოქრომჭედელი მუშაობდა და ამზადებდა საეკლესიო ჭურჭელს.

ცდილობდა, ოსმალებთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა. ეკონომიკური და მარილის ბლოკადის გასარღვევად სულთანს და მის ვეზირებს უგზავნიდა ხარკს და ქრთამებს. მათგან გამოგზავნილ დიპლომატებს ატყუებდა და სამეგრელოს ძალიან ღარიბ სახელმწიფოდ წარმოუდგენდა. ელჩებს აგზავნიდა რუსეთში და რომის პაპთან. ცდილობდა ოდიშში ევროპელი ვაჭრების მოწვევას.

ირანთანაც დაამყარა კარგი ურთიერთობა. იმ დროს ირანმა ქართლში გაამეფა თავისი ერთგული როსტომ ხანი. ლევან დადიანმა როსტომს მიათხოვა თავისი და – მარიამი. ჩამოყალბდა კოალიცია, ქართლისა და ოდიშის, იმერეთისა და კახეთის მეფეების კოალიციის საწინააღმდეგოდ.

მტრული დამოკიდებულება ჰქონდა იმერეთთან. ოდიშსა და იმერეთს შორის ერთ-ერთი ბრძოლის დროს, 1635 წელს, როცა იმერეთის მეფე გიორგი მესამეს ეხმარებოდა მძახალი, თეიმურაზი, იმ დროს კახეთის მეფე, დადიანმა გაიმარჯვა და დაატყვევა იმერეთის მეფე გიორგი მესამე. იმერეთის მეფის გათავისუფლების სანაცვლოდ ლევან მეორემ მოითხოვა სომეხ და ებრაელ ვაჭართა 50 ოჯახი იმერეთისგან, რომლებიც ეტყობა, ჩხარში ცხოვრობდნენ. ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს:

„მოერევნენ გიორგი მეფესა, შეიპყრეს და მოგვარეს ლევან დადიანსა. წარიყვანა გიორგი მეფე და წარვიდა ოდიშს და პატიმარ-ჰყო მუნ მეფე. ხოლო მან მოითხოვა ვაჭარნი ჩიხორისა და ჩხარის სომეხნი და ურიანი სახსრად მეფისა გიორგისა. მაშინ ალექსანდრე (გიორგის ძე) უღონოქმნილმან მისცა იგინი სრულიად და დაიხსნა მამა თვისიო“. დადიანმა იმერეთისგან, ასევე, მიიღო საჭილაო და სამიქელაო. ლევან მეორემ სამეგრელოში, რუხის ციხესთან გააშენა ქალაქი ვაჭრობის ასაღორძინებლად და დაასახლა იმერეთიდან წამოყვანილი ებრაელები და სომხები. გამართა ზარაფხანა. ფარსადან გორგიჯანიძის თქმით: „რაც ჩხარში ვაჭარნი გაასახლნეს სომხები... დადიანმან რუხის ქალაქი იმაებით ააშენა“. დამარცხების შედეგად დიდი ზარალი მიადგა იმერეთს, ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „არს მთის ძირას ჩხარი. ეს ყოფილა ქალაქი, არამედ აოხრდა ლევან დადიანისაგან. აქ არს დაბა“.

იმერეთის მეფეზე გამარჯვების აღსანიშნავად ლევან დადიანს შეუმკვია ხონის წმიდა გიორგის ხატი ასეთი წარწერით: „ჩვენ ხელმწიფემან: დადიანმან: პატრონმა: ლევან: მას ჟამსა: ოდეს: შევებით: ბაღდადს: მეფეს: გიორგის: და: კახს: ბატონსა: თეიმურაზს: და: გაგვემარჯუა: ძლიერებითა: შენითა: თავად: მეფე: ხელთ: დაგურჩა: და სრულობით: იმერელნი: და: კახნი: დარბაისელნი: ზოგნი: ხელთ დაგურჩა: და ზოგნი: გარდაიხვეწეს: კახი: მეფე: თეიმურაზ: და: მეფის: შვილები: ალექსანდრე: და მამუკა: ამავე: ჟამსა: ავჰყარეთ ქალაქი ჩხარისა: და ჩავასხით: ზუგდიდსა: აღვაშენეთ: და: გადაწყეთ: ქალაქი: რუხისა:“

რუსი ელჩის, თ. ელჩინის ცნობით, რომელიც სხვა დიპლომატებთან ერთად 1640 წელს მიიღო ლევან მეორემ, სამეგრელოში სავაჭრო ადგილი ყოფილა რუხში, სადაც 40 სომხური და 10 ებრაული ოჯახი ცხოვრობდა და მუშაობდა.

ასე ცდილობდა ლევან დადიანი ვაჭრობისთვის ხელის შეწყობას სამეგრელოში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო