რატომ სთხოვა ყაენმა ქართველ მეფეს თავისი აბჯრის ჩუქება
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 05.06

დიმიტრი მეორეს რთულ პერიოდში უწევდა მეფობა. მონღოლთა სხვადასხვა სახელმწიფო ებრძოდა ერთმანეთს, ხანდახან კავკასიის ტერიტორიაზეც. ერთმანეთს ებრძოდნენ საილხანოს დაჯგუფებებიც ერთმანეთს ებრძოდნენ. საილხანოში გამარჯვებულები ანადგურებდნენ დამარცხებულების მოკავშირეებს და ნათესავებს.
ყაენ აბაღას გარდაცვალების მერე ტახტისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა მისმა ძმამ, აჰმადმა, იგივე თაქუდარმა (იგივე, აჰმედ თოგუდანი). აბაღა ყაენის უფროსი ვაჟი, არღუნი ხორასნის მმართველად დაინიშნა. ხორასანი ერქვა ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილს, თურქმენეთის სამხრეთსა და ავღანეთის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ მხარეებს. მაჰმადიანმა აჰმადმა შეცვალა წინამორბედი ყაენების პოლიტიკა ეგვიპტის მიმართ და ომის მაგიერ, ეგვიპტელებს მშვიდობა და სავაჭრო ურთიერთობები შესთავაზა.
დიმიტრი მეფე ეახლა ახალ ყაენს და მორჩილება გამოუცხადა. აჰმადმა პატივით მიიღო ქართველთა ხელმწიფე. ყაენის ნებით, საილხანოს გავლენიანი პოლიტიკოსის, დიდი ნოინის, ბუღას ვაჟს ცოლად შერთეს დიმიტრი მეფის ასული რუსუდანი. ამის გამო მეფეს განურისხდა კათალიკოსი ნიკოლოზი. მაგრამ, სხვა გზა არ ჰქონდა ყაენის დაპყრობილი ქვეყნის მეფეს. ყაენის ნებას თუ ვინმე უარყოფდა, აოხრება ელოდა მის სამფლობელოს. ბუღა ნოინი ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო.
აჰმად ყაენმა თავისი ძმა, ყონღადარი მოაკვლევინა. ხორასანში მყოფ ნოინებს ძალიან არ მოეწონათ აჰმადის მმართველობა, მისი პოლიტიკა ეგვიპტესთან, საკუთარი ძმის მოკვლა. განუდგნენ მას და ყაენად გამოაცხადეს აბაღას ძე არღუნი. ეს რომ შეიტყო აჰმადმა, შეკრიბა ჯარი და გაემართა არღუნთან საბრძოლველად. ჩვენს მეფესაც უბრძანა ხლებოდა. თუ ქართული ჯარი არ დაეხმარებოდა აჰმადს, ჩვენს ქვეყანას ააოხრებდნენ. მეფეც ეახლა ჯარით.
არღუნმა რომ იხილა აჰმადის ჯარის მრავალრიცხოვნობა უკან დაიხია. შევიდა ციხეში, რომელსაც ქალსას უწოდებდნენ და გამაგრდა.
აჰმადის ჯარმა ალყა შემოარტყა ციხეს. არღუნმა ითხოვა პატიება და უვნებლობის ფიცი ბიძისგან. აჰმად ყაენი დათანხმდა. მონღოლების სიტყვა გაუტეხელი იყო. გამოვიდა ციხიდან არღუნი და ჩაბარდა ბიძას.
ერთგული სამსახურით კმაყოფილმა აჰმად ყაენმა დიდი საჩუქრები უბოძა ჩვენს ხელმწიფეს და ქართულ ჯარს. მთელი აღმოსავლეთ საქართველო დაუმტკიცა ისევ და გამოუშვა.
ყაენმა თავისი შეწყალებული ძმისწული, არღუნი დატოვა რეჰში, ჩააბარა ალიყან ნოინს და სხვა ნოინებს, საიდუმლოდ კი უბრძანა, რამდენიმე ხანში მოეკლათ. მაგრამ, შეითქვნენ ნოინები, ბუღა და იასბუღა, ოირიდთა მთავარი, რათა ყაენად დაესვათ არღუნი და მოეკლათ აჰმადი. ღამით იარეს, მიადგნენ ალიყანის კარავს. შევარდნენ, ლოგინიდან ააგდეს, გამოიყვანეს გარეთ და მოკლეს. გამთენიისას არღუნი ყაენად გამოაცხადეს და გამოეკიდნენ აჰმადს, რომელიც იმ დროს უჟანში იყო. აჰმადი დაამარცხეს, შეიპყრეს და 1284 წლის 10 აგვისტოს საბლით მოახრჩვეს. სხვა ვერსიით, მონღოლური წესით, ხერხემალი გადაუმტვრიეს. მონღოლური კანონებით, უფლისწულის სისხლის დაღვრა არ შეიძლებოდა, ხმლით ან დანით ვერ მოკლავდნენ. აჰმადის მომხრეები გაანადგურეს.
ჩვენს ხელმწიფეს შემოუთვალეს ნოინებმა, განდგომოდა აჰმადს და მორჩილება გამოეცხადებინა არღუნისთვის. დიმიტრი მეფემაც დაუჯერა. რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი იყო ქვეყანა გადაერჩინა მონღოლთა რისხვისაგან. მიბრუნდა, ეახლა ახალ ყაენს და მორჩილება გამოუცხადა.
ყაენმა არღუნმა სიხარულით მიიღო ჩვენი ხელმწიფე, კვლავ დაამტკიცა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ. ახალი ყაენი მთლიანად იყო დამოკიდებული ბუღა ნოინზე, რადგან მან აიყვანა ტახტზე. ბუღა ნოინი კი ჩვენი ხელმწიფის მეგობარი და მძახალი გახლდათ. მაგრამ, ახალი ყაენის თავში ტრიალებდა ფიქრები, როგორ გათავისუფლებულიყო ბუღა ნოინის გავლენისგან. ეს კი სახიფათო იყო ჩვენი ხელმწიფისა და სამეფოსთვის. ყაენი უკვე ბუღას ყველა მეგობარს ეჭვით უყურებდა.
ერთხელაც განუდგნენ ყაენს დარუბანდელნი. დარუბანდი (დერბენტი), სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო და ვერ დაუშვებდა აბაღა მის დაკარგვას. ციხე-ქალაქი დარუბანდი დარუბანდის (კასპიის) ზღვასა და კავკასიის ქედის აღმოსავლეთის დაბოლოებას შორის, ვიწრობშია გაშენებული. მთაგრეხილსა და ზღვას შორის მხოლოდ სამი კილომეტრია ვაკე. დარუბანდი სპარსულ ენაზე ნიშნავს დახშულ კარს. ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დარუბანდის გადმოსასვლელს. სტრატეგიული თვალსაზრისით, ასეთი გზების გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, საილხანოს მონღოლებისთვის კი – განსაკუთრებით. დარუბანდიდან მოსალოდნელი იყო ოქროს ურდოს შემოსევები. გარდა ამისა, ამ გადასასვლელებს სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა – ძველ დროში საქარავნე გზები დიდ შემოსავალს იძლეოდა.
გაემართა ილხანი დარუბანდის ხელში ჩასაგდებლად. თან იახლა დიმიტრი მეორე, ჯართან ერთად. აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო იმ დროს საილხანოს ვასალი იყო და ვალდებულება ჰქონდათ, ებრძოლათ ილხანის ინტერესებისთვის.
ველზე ბრძოლას დარუბანდელები ვერ გაუბედავდნენ ყაენს, ძალები ძალიან არათანაბარი იყო. დარუბანდელებს ქალაქის მაღალი გალავნებისა და კოშკების იმედი ჰქონდათ და გამაგრდნენ ციხე-ქალაქში. გაგრძელდა ბრძოლა.
დარუბანდლებს კარგად ჰქონდათ გამაგრებული ქალაქი. სურსათიც ბლომად მოემარაგებინათ. ჩრდილოეთის მხრიდან გზაც თავისუფალი იყო. ალბათ, ოქროს ურდოს დახმარებასაც ელოდნენ. აბაღა ყაენის ნაწილები უშედეგოდ უტევდნენ ციხე-ქალაქს.
ყაენმა ჩვენს მეფეს უბრძანა ქალაქზე შეტევა.
ჩვენმა წინაპრებმა მოამზადეს კიბეები, თოკები, დამხმარე ნაგებობები და შეუტიეს. პირველად ციხეზე აიჭრა ბექა სურამელის ძე რატი, შემდეგ მისი რაზმელები და დიდი ზიანი მიაყენეს მტერს. ქართულმა ნაწილებმა აიღეს ციხე და გაუღეს ქალაქი ყაენს. ყაენს გულში შური ჩაუდგა. მისმა ნაქებმა მონღოლებმა რამდენიმე დღე ვერ აიღეს ქალაქი, ხოლო ქართველებმა სწრაფად მოახერხეს ქალაქში შეჭრა, ახლა ალაფის მნიშვნელოვანი ნაწილი, წესისამებრ, ჩვენს წინაპრებს შეხვდებოდათ. ციხის აღების პატივიც ქართველების იყო.
ციხის აღების შემდგომ, ჩვენი ხელმწიფე ეახლა ყაენს. მეფეს ემოსა სახელოვანი, განსაკუთრებული აბჯარი, ქართველი ხელოსნების მიერ შექმნილი. შურით აღვსილმა ყაენმა მადლობის მაგიერ სთხოვა შენი აბჯარი მაჩუქეო. უმალ გაიხადა მეფემ აბჯარი და მისცა შურიან მონღოლს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან