ისტორია

რატომ შემოვიდა ოქროს ურდოსგან დევნილი ოსების ქვრივი დედოფალი მცირეწლოვანი ძეებითა და მთელი ტომით საქართველოში და რა სთხოვეს მათ დავით ულუს

№1

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 14.01

ისტორია
დაკოპირებულია

გიორგი მესამემ რომ დაამარცხა დემნასა და ორბელთა აჯანყება, ლიპარიტ ორბელის მაგიერ ქართლის ერისთავთერისთავად დანიშნა თავისი ძველი თანამებრძოლის, ბეგა (პირველი) სურამელის ვაჟი, რატი (პირველი) სურამელი, ასევე თავისი თანამებრძოლი და დამსახურებული ადამიანი.

რატი სურამელის დედა, ბეგა სურამელის ქვრივი, იყო ცნობილი ქალბატონი ხუაშაქ ცოქალი, რომელიც თამარ მეფემ, ცნობილი დიდებულის, სამძივრის, დედასთან, კრავაი ჯაყელთან ერთად მოსალაპარაკებლად მიუგზავნა ყუთლუ-არსლანის თანაშეფიცულებს...

რატის შემდეგ ქართლის ერისთავთ-ერისთავი გახდა მისი ვაჟი – სულა.

შემდეგ სულას ვაჟი, გრიგოლი გახდა ქართლის ერისთავთ-ერისთავი. ასევე მიიღო ვაზირობა, მსახურთუხუცესობა.

გრიგოლ სურამელმა მონღოლთა ლაშქრობაში, ალამუთის კამპანიის დროს, გონივრული ქმედებით გადაარჩინა ქართველი მეომრები დაღუპვისაგან. ერთ ღამეს ალამუთელთა დაოსტატებული მკვლელი, მულიდი, შეეპარა ჩაღატა ნოინის მცველებს ჩაღატას კარავში, ჩუმად მოკლა მძინარე ნოინი და შუმჩნევლად გაიპარა. დილით, როცა ჩაღატა მკვდარი იპოვეს, მონღოლთა ერთმა ნაწილმა იფიქრა, ქართველები ახლოს არიან დაბანაკებული ჩაღატას იურტასთან, ძალიან შეწუხებულები არიან ამდენი ხანი ჩვენთან ერთად ლაშქრობით და ალბათ, მათ მოკლეს ჩაღატაო. გადაწყვიტეს, ქართველების დახოცვა და ალყა შემოარტყეს ჩვენი წინაპრების ბანაკს.

ქართველები ცოტანი იყვნენ, მონღოლები – ბევრი. დაღუპვა ელოდათ ჩვენს წინაპრებს. გრიგოლ სურამელმა ურჩია თანამებრძოლებს, თუ შევებრძოლებით, ყველას მოგვკლავენ, ამიტომ, სჯობს არ შევებრძოლოთ, მხოლოდ წარჩინებულებს დაგვხოცავენ, ხოლო უბრალო მეომრები გადარჩებიანო. მანამდე კი ღვთისმშობლისადმი ვილოცოთო. ასეც მოიქცნენ.

ჩაღატას სიკვდილით გაავებულ მონღოლებს მხოლოდ სახელგანთქმული ნოინი ჩორმაღონი აკავებდა: „დასწყნარდით, კაცნო, რამეთუ არა არს ნათესავი ქართველთა კაცისმკლველი და არცა სჯული უც ესევითარისა საქმისა ქმნად“.

ამასობაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით, თვითონ მკვლელი მულიდი გამოვიდა ლერწმიანიდან, სადაც იმალებოდა, ზე ასწია სისხლიანი ლახვარი და დაიყვირა სპარსულად: „მე მოვკალ ჩაღატაო“. მონღოლები დარწმუნდნენ ქართველების უდანაშაულობაში.

გრიგოლ სურამელს ჰყავდა ვაჟი ბეგა, რუსუდან მეფის ძის, დავით ნარინთან თანაშეზრდილი. 1242 წლიდან, წლების განმავლობაში, ურდოშიც თან ახლდა ჭაბუკ დავით რუსუდანის ძეს. მონღოლები ბეგას დიდად აფასებდნენ და სალინ-ბეგს უწოდებდნენ, რაც კარგ ბეგას ნიშნავს, კარგ ბატონს (ბეგი ბატონს ნიშნავს, დიდებულს).

როგორც მოგვითხრობს ჟამთააღმწერელი, დავით მეშვიდე ულუს მეფობის დროს ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში თავი შემოაფარეს ოსთა ერთ-ერთი სამთავროს დედოფალმა, მისმა ძეებმა და დიდებულებმა. იმ დროს, დაპირისპირება იყო ჩრდილოეთ კავკასიიის ველებზე, რუსეთსა და სხვა ტერიტორიებზე არსებულ მონღოლურ ოქროს ურდოსა და ჩვენს რეგიონში არსებულ მონღოლურ საილხანოს შორის.

„ამას ჟამთა გარდამოვიდეს ბერქას ყაენისაგან ლტოლვილნი ოვსნი, დედაკაცი საკïრველი, სახელით ლიმაჩავ. და მან მოიტანნა შვილნი მცირენი, ნათესავითა ახასარფაკაიანნი, პირმშო ფარეჯან და უმრწამესი ბაყათარ და სხუანი თავადნი მრავალნი. გამოვლეს კარი დარუბანდისა და მოვიდეს მეფეს წინაშე“.

ვახტანგ გამრეკელის მიხედვით, „ფარეჯანისა და ბაყათარის გვარიც – „ახასარფაკაიანნი“ (კითხვა-სხვაობა „აღსარფაკაიანნი“). „ახასარფაკაიანნი“ კომპოზიტია და ოსურად განიმარტება. „ახსარ“ ოსურად ნიშნავს გულადობას, ქველობას, გმირობას და მამაკაცის საკუთარ სახელადაც იხმარება (ანალოგი: ქართული საკუთარი სახელი ქველი), ხოლო „ფაკა“, თუ მივიჩნევთ იგივე „ფაქად“, ოსურად ნიშნავს ფართეს, გაშლილს (იხ. ლექსიკონები ვს. მილლერის ან ა. კესაევის); შესაძლოა, „ახსარაფაკ“ მამაკაცის ოსური სახელის „ახსარბეგის“ ფონეტიკური სახესხვაობაც იყოს, ხოლო „იანნი“ საგვარეულო სახელის მაწარმოებელი ქართული ფორმანტია“ (ბოლოსართია, როგორც მაგალითად, დადი-ანნი, ბედი-ანნი – გ. მ.). ამრიგად, „ახასარფაკაიანნი“ (ც. აღსარფაკაიანნი) მამის სახელისგან ნაწარმოები და ქართულად გაფორმებული ოსური გვარის სახელად წარმოგვიდგება და მის მატარებელ პირთა ოსობას გვანიშნებს“.

ჩვენი აზრით, თუ ახსარი „გმირს“ ნიშნავს და „ფაკა“ ვრცელს, გაშლილს, შეიძლება ეს სიტყვა დიდ, სახელგანთქმულ გმირს ნიშნავდეს და ისევე იყოს ნაწარმოები მამაკაცისა და საგვარეულოს სახელად, როგორც გამრეკელი და მხარგრძელი. აშკარად, ტექსტში ოსურ დინასტიაზე, საგვარეულოზეა საუბარი. როგორც ჩანს, ბერქა ყაენისგან დევნილი ოსური ტომის ბელადის (მეთაურის, მთავრის, მეფის) ქვრივმა დედოფალმა, გამოარიდა დამარცხებული ოსური ტომი, თავისი მცირეწლოვანი შვილები და თავი შემოაფარა ჩვენს სამშობლოს.

აღნიშნული ოსები არა დარიალის, არამედ დარუბანდის მხრიდან შემოსულან საქართველოში, ანუ, დარიალთან ახლოს არ უცხოვრიათ, არამედ უფრო აღმოსავლეთით ან ჩრდილოეთით, ველებზე და იქიდან განდევნეს ოქროს ურდოს მეომრებმა. ოსები დარუბანდის გავლით გადმოვიდნენ სამხრეთ კავკასიაში და მეფე დავით მეშვიდე ულუსთვის დახმარება და ქვეშევრდომად მიღება უთხოვიათ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მონღოლების, კერძოდ, საილხანოს ვასალი იყო, როგორც ჩანს, მონღოლებისთვის და ჩრდილო კავკასიელებისთვის, დარუბანდი და შირვანი მაინც საქართველოს გავლენის სფეროდ ითვლებოდა, საქართველოს მეფე კი – კავკასიის მთავარ ლიდერად.

დავით ლაშას ძეს არ შეეძლო ილხანის თანხმობის გარეშე მიეღო მრავალრიცხოვანი ტომი, მთელი ჯარი, ამიტომ, დედოფალი და მისი ვაჟები გააგზავნა ჰულაგუ (ულო) ილხანთან: „პატივითა ისტუმრნა და წარავლინა ყაენს ულოს წინაშე“. ჰულაგუმ შეივრდომა ისინი ვასალებად, საკვები დაუნიშნა და ისევ ჩვენს მეფესთან გამოაგზავნა: „ყაენმან შეიწყნარნა ფრიად და უბოძა ხარაჯა, მოლაშქრედ და თანამბრძოლელად განაჩინნა და ესრეთ მეფეს თანავე წარმოავლინა“. ანუ ჰულაგუმ ისინი ქართული ჯარის დანამატად აქცია,

ქართულ-სომხური რაზმები ისედაც მის ჯარს ეხმარებოდნენ ლაშქრობებში. სომხეთის დიდი ნაწილი ისევ საქართველოს შემადგენლობაში იყო.

ჩვენმა „მეფემან დასხნა რომელნიმე ქალაქსა, რომელნიმე – დმანისსა და სხუანი – ჟინოვანს“.

„ქალაქში“ ქალაქი გორი უნდა იგულისხმებოდეს. თუმცა, როგორც ჩანს, ჯერ ჟინვალსა და დმანისში დაასახლა, ხოლო გორის ციხეში მერე გადაიყვანა. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებდნენ გრიგოლ და ბეგა სურამელები.

საქართველოში ლტოლვილ ოსთა ჯარისა და მათი სახლეულების გამოკვება საქართველოს მოსახლეობას, კერძოდ ქართლელებს უნდა უზრუნველეყოთ, პირველ ეტაპზე მაინც. თუმცა, ოსებიც ჩვენი მეფის ერთგულები უნდა ყოფილიყვნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი