ისტორია

რატომ შემოიჭრა განძის ამირა ქართლში და როგორ დაამარცხეს მისი ჯარი ბაგრატ მეოთხის მეომრებმა

№34

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 01.09

ისტორია
დაკოპირებულია

1037 წელს, კახეთ-ჰერეთის გამაერთიანებელი მეფე კვირიკე მესამე დიდის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი დისწული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს სომეხი მეფის, დავით უმიწაწყლოს ერთ-ერთი შვილი, გაგიკი, რომელიც ნაშვილები ჰყავდა უმემკვიდრო დიდ კვირიკეს და ალბათ, ქართულად იყო აღზრდილი, რადგან კახეთ-ჰერეთი ქართველების ერთ-ერთი სახელმწიფო იყო. გაგიკის მერე, 1058 წელს, კახთა და რანთა მეფე გახდა აღსართან პირველი.

აფხაზთა და ქართველთა მეფე ბაგრატ მეოთხე ცდილობდა კახეთ-ჰერეთის ერთიანი საქართველოსთვის შემოერთებას. კახეთსა და ჰერეთში ბევრი მომხრეც ჰყავდა. 1068 წელს ბაგრატ მეფემ თავისი ჯარის ნაწილი კახეთში გაგზავნა და თვითონ უკან მიჰყვებოდა. ზოგიერთი ციხე უკვე დაკავებული ჰქონდათ ბაგრატის მეომრებს. ამ ვითარებაში ჩვენს ხელმწიფეს აცნობეს, თურქ-სელჩუკთა სულთნის, ალფ-არსლანის შემოჭრა ჰერეთში. მართალია, ალფ-არსლანი ბაგრატ მეოთხის სიძე იყო, მისი დის ასული ჰყავდა ცოლად, რომელიც სამიოდე წლით ადრე მშვიდობის საფასურად მიათხოვეს სულთანს, მაგრამ, ჩვენი მეფე მაინც მოერიდა მაჰმადიან დამპყრობელს, დატოვა ჯარიანად კახეთი და ქართლში გადმოვიდა, თავის სამეფოს ტერიტორიაზე.

ალფ-არსლანის შეჭრის გამო, აღსართანმა და მისმა ჯარმა დატოვეს ჰერეთის ციხეები და კავკასიის მთებს მიაშურეს. როგორც გვიამბობს „მატიანე ქართლისა“, სამეფოს შენარჩუნების მიზნით, კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანი ეახლა სულთან ალფ-არსლანს, უარყო ქრისტეს სჯული, წინადაცვეთა, გახდა მაჰმადიანი, აღუთქვა სულთანს ხარკი და ამგვარად, დაიბრუნა ალფ-არსლანის მიერ აღებული ციხესიმაგრეები და მეფობა კახეთ-ჰერეთში. სულთნის ბრძანებით გადასცეს ბაგრატის მიერ აღებული ციხეებიც.

აღსართანის გამაჰმადიანებამ და დამორჩილებამ მადა გაუღვიძა სულთან ალფ-არსლანს და ბაგრატ მეოთხის დამორჩილება და დახარკვა მოისურვა.

სამი კვირის მერე სულთანი, ჯარით, ქართლისკენ გამოემართა, მიიმხრო ტაშირ-ძორაგეტის სომეხი მეფე კვირიკე, ტფილელი ამირა და აღსართან გამაჰმადიანებული. აივსო ქართლი მტრის ჯარით. ეს მოხდა ათ დეკემბერს, სამშაბათს, „ქორონიკონი იყო ორასოთხმოცდარვა“, 1068 წელი.

ქართლში ბევრი იყო საკვები ჯარისთვის, პური და ღვინო, რაც იზიდავდა მტერს. დაჰყო სულთანმა ქართლში ექვსი კვირა, არბევდა ქვეყანას და ხოცავდა ხალხს. მარბიელი ლაშქარი გადავიდა არგვეთში. მიაღწიეს და დაარბიეს სვერის ციხე იმიერ საქართველოში. დაიხოცა უამრავი ადამიანი. ბევრი დაატყვევეს. განადგურდა ქვეყანა და საშინელი სანახავი შეიქმნა. მოაოხრეს ტაძრები. მკვდრები დაუმარხავად ეყარა. ამას დაერთო სასტიკი სიცივეები. ხალხი, ვინც მტრის შემოსევების გამო საცხოვრებლიდან გაიქცა და მთებს შეაფარა თავი, ყინვამ დახოცა. თვითონ სულთანი დადგა კარბში, შიდა ქართლში, პატარა ლიახვის მარცხენა სანაპიროსთან. შემდეგ სოფელ შერთულთან, დიდი და პატარა ლიახვის შესართავთან გადავიდა სულთნის ბანაკი, სულთნის ჯარსაც გაუჭირდა ზამთრის სიცივისა და ძლიერი ქარბუქის გამო.

ჩვენმა ხელმწიფემ სულთანს მოციქულად მიუგზავნა ივანე ლიპარიტის ძე და მშვიდობა ითხოვა. სულთანმა უკან გააბრუნა ივანე ბაღვაში და მეფესთან დააბარა, რომ ითხოვდა ხარკს და ხარკის მიცემის შემთხვევაში, მშვიდობას აღუთქვამდა. მაგრამ, სულთანმა ვერ შეძლო დიდხანს ლოდინი ზამთრის სიცივეების გამო, გავიდა შიდა ქართლიდან, დაიკავა ტფილისი და რუსთავი და განძის პატრონს, ამირა ფადლონს გადასცა სამართავად.

მემატიანე წერს, რომ ჩვენი მეფის მტრობისთვის კი არ ამოწყვიტა სულთანმა ტფილისისა და რუსთავის მოსახლეობა, არამედ ამ ქალაქების ამირები მას ეწინააღმდეგებოდნენ, ორგულობდნენ და „კეთილისა და მსახურებისა ნაცვლად ბოროტსა უყოფდიან ყოველსა კაცსა, რამეთუ მინდობილ იყვნეს იგინი ძალსა უღმრთოებისა მათისასა, და იყვნეს იგინი ყოვლით კერძო მცბიერ“. მემატიანე გვამცნობს, რომ ქართლში სულთან ალფ-არსლანის შემოჭრისას მის ჯარში იყო ხუთასი ათასი მეომარიო. სულთნის ჯარი იგულისხმება განძის ამირას, კახეთ-ჰერეთისა და სხვა დამხმარე მთავრების ლაშქრიანად. ეს ციფრი გადაჭარბებულია, მაგრამ, ჩვენი ხელმწიფის ჯარზე გაცილებით მრავალრიცხოვანი რომ იყო მტერი, ამას მტკიცება არ უნდა, რადგან სულთანს თან ახლდა ჩვენი პატარა სამეფოს მეზობელი, დაახლოებით ჩვენი დემოგრაფიული რესურსის მქონე რამდენიმე სამთავროს ჯარი.

წავიდა სულთანი საქართველოდან თავის ქვეყანაში, თუმცა, ეს თავის ქვეყანა ახალი დაპყრობილი ჰქონდათ ცენტრალური აზიიდან, თურანიდან წინა აზიასა და მცირე აზიაში დაპყრობითა და ნგრევით მოსულ თურქ-სელჩუკებს.

გაზაფხულზე წყალდიდობები დაიწყო. მტკვარი ვერ დაეტია კალაპოტში, გადმოვიდა, მოედო ველებს და დაახრჩო მრავალი ადამიანი, რომლებიც გადაურჩნენ სულთნის შემოსევას.

ამირა ფადლონ (ფადლ) იბნ შავური ამპარტავანი იყო და ურჯულო. სულთნის მფარველობაში მყოფი გამომწვევად იქცეოდა. გამოიყვანა ტფილისის მახლობელი სოფლებიდან ხელოსნები და თავის საამიროში წაიყვანა. გაზაფხულზე ბაგრატ მეფე ქართლში გადმოვიდა და დადგა დიდგორში, სადაც ჩვენს მეფეებს სადგომი ჰქონიათ. ფადლონმა გაიგო მეფის დიდგორში დადგომის შესახებ, გაემართა განძიდან „ოცდაცამეტი ათასითა კაცითა, მოვიდა ტფილისს და დაიბანაკა ველსა ისნისასა“. დატოვა კარვები ისანში, ღამით ავიდა მუხნარს და დაარბია „ქართლისა ნაპირნი“.

შეიტყო მეფე ბაგრატმა ქართლის დარბევის შესახებ, გააგზავნა ივანე ლიპარიტის ძე, ნიანია ქვაბულის ძე, მურვან ჯაყელი და სხვები მცირედი რჩეული ლაშქრით. ბაგრატის ნაწილებმა ქართლში ფადლონის ჯარის რბევას ვერ მიუსწრეს, მაგრამ, უკან მიბრუნებულებს მუხრანის წინ, წილკნის გორთან წამოეწივნენ და განძელთა მიმავალი ჯარის უკანა ნაწილებს შეებნენ, პირველივე შეტაკებაზე გააქციეს ფადლონის ლაშქარი. გაქცეულები მიაწყდნენ მდინარე ნარეკვავის ხრამს და ვეღარ წავიდნენ წინ. მიადგნენ ბაგრატ მეფის მეომრები და ხოცავდნენ და იპყრობდნენ მტერს. მარეკვავის ხრამი მოკლული განძელების გვამებითა და მათი ცხენებით აივსო.

მაჰმადიანთა ლაშქრის ნაწილი მიადგა შობოს ტყეს და იქიდან ცდილობდა გაღწევას, მაგრამ ბაგრატ მეფის მეომრები ადვილად იჭერდნენ, გამოათრევდნენ ტყეში დამალულ თურქებსა და სპარსებს. დანარჩენებს ღართის იწრობში დახვდნენ და დახოცეს.

ამირა ფადლონი დამარცხდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი