ისტორია

რატომ შემოესია საქართველოს იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯი და რატომ დატოვეს უჯარმის ციხე მებრძოლებმა

№50

ავტორი: გია მამალაძე 19:44 15.12

ისტორიაში ჩაკარგული
დეტალები
დაკოპირებულია

მეცხრე საუკუნიდან ადარბადაგანში (აზერბაიჯანში), დღევანდელი ირანის ჩრდილოეთში, სახალიფოს მიერ საჯიდების საგვარეულოს დინასტია ამირებად, ხალიფას ნაცვლებად იყო დადგინებული. მაშინ დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილოეთი, დიდი ნაწილი, არ შედიოდა ადარბადაგანში, იქ ჯერ კიდევ ცხოვრობდა კავკასიური წარმოშობის ხალხი. 

ზოგიერთ არაბულ წყაროში საჯიდებს თურქებს უწოდებენ, თუმცა, ეს, თურმე, იმიტომ, რომ მაშინ აღმოსავლეთელებს არაბები ხშირად თურქებად მოიხსენიებდნენ. სინამდვილეში, როგორც ამბობენ, საჯიდები ძველი ირანული, სოგდიური დიდებულების გვარის შთამომავლები ყოფილან, რომლებიც დაწინაურდნენ არაბთა სახალიფოში. სოგდიელები (სოგდიანას ხალხი) ირანული წარმოშობის ხალხი იყო, რომლებიც ცხოვრობდნენ ცენტრალურ აზიაში, დღევანდელი ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ზოგიერთი ოლქის ტერიტორიებზე. ამ სამი ქვეყნის ხალხებს ირანულენოვანი სოგდიელების სისხლიც ურევია. საჯიდები სოგდიელების დიდებულები, მთავრები, აფშინები ყოფილან. არაბების მიერ სოგდიანას დაპყრობის დროიდან, სოგდიანელები გამაჰმადიანდნენ და მათი დიდი ნაწილი ჩადგა სახალიფოს სამსახურში.

საჯიდების ადარბადაგანის ამირათა დინასტიის დამაარსებლად ითვლება აბუ-საჯ დივდადი, რომელსაც სახალიფოს წინაშე დიდი დამსახურებები ჰქონდა. ის ყოფილა ერთ-ერთი სარდალი და თანამებრძოლი ჰაიდარ იბნ ქავუს ალ-აფშინისა, უსრაშანის მთავრისა, რომელმაც, როგორც არაბთა და ადარბადაგანის ამირამ, 837 წელს არაბთა არმიით ჩაახშო ბაბექის აჯანყება ადარბადაგანში. შემდეგში აბუ-საჯ დივდადი ჯერ ჰაიდარ იბნ ქავუს ალ-აფშინის დავალებებს ასრულებდა. მერე მოიძულეს ჰაიდარ არაბებმა იბნ ქავუს ალ-აფშინი. აბუ-საჯ დივდადი ხალიფების სამსახურში იდგა და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ომში. ჰქონდა დიდი თანამდებობები სახალიფოში, მაჰმადიანთა წმიდა ქალაქ მექის გზის გამგებელიც ყოფილა.

მისი შვილები, ადარბადაგანის ამირები, მუჰამედ იბნ აბუ საჯი და იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯი (აბუ ლ-კასიმი), კარგი სარდლები გამოდგნენ.

მუჰამედი დაეხმარა ახალ ხალიფას ტახტზე ასვლაში და მიიღო ადარბადაგანი, არმენია და სხვა ტერიტორიები, ხალიფას ხალათი და ტიტული ალ-აფშინი (მბრძანებელი, მთავარი). 889 წელს ხალიფამ დანიშნა ადარბადაგანისა და დვინის ამირად. ადარბადაგანში მისულმა მუჰამედმა დაამარცხა მოწინააღმდეგეები და განიმტკიცა ხელისუფლება. მუჰამედმა მეცხრე საუკუნის ბოლოს მოჭრა ფულიც თავის სახელზე. დვინში, სომხეთის ერთ ნაწილში თავის ნაცვლად დანიშნა საკუთარი შვილი. მისი ძმა, იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯი (აბუ ლ-კასიმი) იყო ხალიფას ვალი მექაში და მერე სხვა მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა სახალიფოში. 901 წელს მუჰამედი გარდაიცვალა და ამირა და აფშინი გახდა მისი ვაჟი, დივდადი. მაგრამ, ბიძამ, იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯიმ (აბუ ლ-კასიმმა) დაამხო და აფშინის ტახტი ხელში ჩაიგდო.

საჯიდები, მათ შორის აბუ ლ-კასიმი თავს ხალიფას ქვეშევრდომად კი არა, ვასალად მიიჩნევდნენ. თავს სახელმწიფოს მბრძანებლებად თვლიდნენ, რომელიც აღიარებს სულიერ ლიდერს, ხალიფას, თუმცა, თავის სამბრძანებლოში სუზერენია. დიდი ამბიციები ჰქონდათ. იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯის (აბუ ლ-კასიმს) უნდოდა, თავი გამოეცხადებინა სახალიფოსგან სრულიად დამოუკიდებელ ხელმწიფედ, დაეკავებინა კიდევ მეტი ტერიტორიები და ემზადებოდა ამისთვის. მის მეზობლად სომხური და ქართული სამეფო-სამთავროები იყო, რომლებიც ცდილობდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები ყოფილიყვნენ. გარდა სომეხთა და ქართველთა სამეფო-სამთავროებისა, სამხრეთ კავკასიის მაჰმადიანი მმართველებიც ცდილობდნენ ხალიფის გავლენისგან გამოსვლას. აქვე იყო ტფილისის საამიროც, რომლის ამირებსაც აღარ უნდოდათ სახალიფოზე ყოფილიყვნენ დამოკიდებული. განჯისა და დარუბანდის მაჰმადიანი მმართველებიც ცდილობდნენ, აბასიდების ხალიფას აღარ დამორჩილებოდნენ.

როგორც ჩანს, იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯიმ გადაწყვიტა, ჯერ ეს ქვეყნები დაემორჩილებინა არაბული, სახალიფოს ძალებით და შემდეგ სახალიფოსაც განდგომოდა. ამ მიზნით, მან კარგად გამოიყენა ხალიფას სურვილი, აღედგინა ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობა და არაბული და ადარბადაგანის ჯარებით შემოესია სამხრეთ კავკასიას.

სტეფანე მტბევარი წერს: „მიშუებითა ღმრთისაჲთა აღიძრა მეფე სარკინოზი, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბუ ლ-საჯისი ამირისაè და უფალი სპარსეთისაჲ, რომელსა ჰმონებდა სამეოცი ქალაქი დიდ-დიდი და შვიდნი მეფენი ჰმორჩილებდეს ძლიერნი”. იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯიმ (აბუ ლ-კასიმმა) 907 წელს შეუტია სომხეთს. ტბეთის ეპისკოპოსი, სტაფანე წერდა: „ვითარ მოსძლევდა სარკინოზი იგი და არა იპოვა ღონეი წინააღმდგომისა სომეხთა მეფისაè, არცა განრინებისა, რამეთუ ღმერთსა განეხეთქა მეფობაè იგი მისი“.

აბუ ლ-კასიმმა მოახერხა, სომხები დაეპირისპირებინა სომხებისთვის, სომეხთა ერთი მეფე, გაგიკ არწრუნი, ვასპურაკანის მეფე გადაიბირა, გამოაცხადა „არმენთა მეფედ“. დაამარცხა დანარჩენი სომხები 909 წელს. ძალიან მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყოლია დამპყრობელს. სტეფანე მტბევარი წერს, სომხეთში „ოთხმეოცდაშვიდი ხევი მოოხრდაო“.

სომეხთა სხვა მეფე, სმბატ პირველი, ბაგრატუნი გამოიქცა აფხაზთა სამეფოში, რომელსაც ეკუთვნოდა შიდა ქართლი. „მატიანე ქართლისა“ გვამცნობს: „მოვიდა ამირა აგარიანი, სახელით აბუ ლ-კასიმ, ძე აბუ ლ-საჯისი, რომელი გამოეგზავნა ამირმუმნსა სპითა დიდითა და ურიცხვითა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა. რამეთუ მოვიდა პირველად სომხითს, და მოსრა ყოველი სომხითი, სივნეთი, ვაეძორი და ასფურაგანი. და სუმბატ სომეხთა მეფემან ვერ დაიდგნა ზარისა მისისაგან, და წარმოვიდა მუნით მეოტობით და მიმართა მთათა აფხაზეთისათა, და მუნ იყოფოდა“.

იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯი (აბუ ლ-კასიმი) ჯერ ტფილისში შემოვიდა: „და მოვიდა აბუსაჯის ძე ტფილისს, და მას ჟამსა ამირა იყო ჯაფარ, ძე ალისი.“ ტფილისის ამირა ჯაფარ იბნ-ალი და აბუ ლ-კასიმი შეთანხმდნენ და აბუ ლ-კასიმი გადავიდა კახეთში. „მოვიდა და მოადგა უჯარმოს. შიგა დგა სამასი კაცი, და ჰბრძოდეს მრავალთა დღეთა“. მეციხოვნეების მდგომარეობა უიმედო იყო. მეციხოვნეებმა „ვითარ იხილეს, რამეთუ ვერ დაუდგმიდეს, დააგდეს ღამე და გარდაიხუეწნეს: რომელნი-მე წარვიდეს და რომელთა-მე ეწივნეს და დახოცნეს, ვითარცა ცნეს ბოჭორმელთა ციხოვანთა წაღება უჯარმისა, დააგდეს ციხე და გარდაიხუეწნეს. რაჟამს მოვიდეს, პოვეს იგი უკაცური და თქუეს: „რომელი ბაკი იყო, მუნ შინა ფიცხლად შეგუებნეს; და რომელი ციხე არს, იგი უკაცურად დაუგდიათ”.
მაჰმადიანებმა „აღიღეს ბოჭორმა და დაიჭირეს ციხედ-ვე, და უჯარმის ზღუდენი დაარღვივნეს“.

კახეთის ქორეპისკოპოსს არ ჰყავდა იმდენი ჯარი, გამკლავებოდა არაბთა, ადაბადაგანელთა და სხვა ქვეყნების მაჰმადიანთა ჯარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...