ისტორია

რატომ შეიცვალა ბაგრატ მესამისეული ფორმულის - „ჯიქეთიდან გურგანამდე“, დასაწყისი - „ნიკოფსიით“

№3

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 27.01, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

დავით აღმაშენებელი ანდერძში ამბობს, ჩემს შვილს, დემეტრეს გადაეცემა სამეფო: „ნიკოფსითგან დარუბანდისა ზღვადმდე (დარუბანდისა საზღვრადმდე, დარუბანდამდე) და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდეო“.

მაშასადამე, დავით მეფის სიტყვებით, დიმიტრი მეფე ხდება ხელმწიფე სამეფოსი, რომლის სამფლობელოები გადმოცემულია ზემოთ მოყვანილი სასაზღვრო-მფლობელობითი ფორმულით. ეს ფორმულა დავით აღმაშენებლის პაპის პაპის, ბაგრატ მესამის შესახებ ნათქვამის: ბაგრატ მეფემან „დაიპყრა ყოველი კავკასია თვითმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმეო (ესე იგი კასპიის (დარუბანდის) ზღვამდე)“ - ახალი რედაქციაა, უფრო დაზუსტებული, დაკონკრეტებული საფორტიპიკაციო, ციხე-ქალაქების სახელწოდებებით, ყოველ შემთხვევაში, მისი პირველი ნაწილი.

აღნიშნული ფორმულა დავით აღმაშენებლის მერე იქცა საქართველოს მფლობელობის გამოხატულებად და გამოითქმოდა ხოლმე შემოკლებით: „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“.

ფრაზა, ფორმულა იწყება დასავლეთის გეოგრაფიული წერტილით, მიდის აღმოსავლეთის გეოგრაფიულ წერტილამდე, შემდეგ ამ ორ, დასავლეთისა და აღმოსავლეთის წერტილებს შორის, შუაში მოქცეული ჩრდილოეთის გეოგრაფიული წერტილიდან, ოვსეთიდან, სამხრეთით მიდის, ჯერ აღმოსავლეთის (სოერის) და მერე დასავლეთის (არეგაწის) მიმართულებით.

რომაული წყაროების მიხედვით, მეორე საუკუნეში (და მანამდე, რა თქმა უნდა), შავი ზღვის სანაპიროზე, დღევანდელი ქალაქ ტუაფსეს (ახლანდელი კრასნოდარის მხარე, რუსეთი) ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სოჭიდან დაახლოებით 80 კილომეტრში, დასტურდება უძველესი ქართული ქალაქი - ძველი ლაზიკე (ლაზოსი).

მეხუთე საუკუნიდან იმ ადგილას არსებული ქალაქი მოიხსენიება, როგორც ნიკოფსია, ნიკოფსისი. ნიკოფსი იყო ისტორიული ციხე-ქალაქი. ქალაქი შედიოდა ჯერ ეგრისის შემადგენლობაში, იყო ბიზანტიის გავლენის ქვეშაც, მერე აფხაზეთის სამეფოში, შემდეგ ერთიან ქართულ სახელმწიფოში. ეს ტერიტორია ოდითგან ქართველი ტომებით გახლდათ დასახლებული. მთიელების მოწოლის შედეგად, ქართული მოსახლეობა ლაზიკე/ნიკოფსში და მის გარშემო შეიცვალა ჩრდილოკავკასიელი მთიელებით, ჯიქებით (ქაშაგური, ადიღეური (ჩერქეზული) წარმოშობის ტომით). „ქართლის ცხოვრება“ („ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“) გვამცნობს, რომ ვახტანგ გორგასლის დროს ჯიქები ცხოვრობდნენ ოვსების მეზობლად, ჩრდილო კავკასიის დაახლოებით შუაში, მდინარე თერგის აუზში. იქ იყო ჯიქეთი, მერე გადმოსახლდნენ კავკასიის ქედის დასავლეთ მხარეს, ყოფილი ქალაქ ლაზიკეს ოლქის ტერიტორიაზე: „მაშინ მუნ იყო პაჭანიკეთი მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსეთისავე წიაღ, და ჯიქეთი მუნვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან; და წარვიდეს პაჭანიკნი დასავლით კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკჳდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა“.

ამიტომ, შემდგომში, აღნიშნულ ტერიტორიას ჯიქეთი ეწოდა (ჩვენ ასე გვახასიათებს, მოსული ხალხის სახელს ვუწოდებთ ხოლმე ჩვენს საკუთარ ტერიტორიას. მაგალითად, შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილს, ჩრდილოეთ ქართლს - სამხრეთ ოსეთი ვუწოდეთ (დამპყრობლების ზეწოლით). ქვემო ქართლის ნაწილს კი - სომხითი და სომეხთა მეფის საჯდომი, ტრაპიზონს - ბერძენთა მეფის საჯდომი). თუმცა, ჩვენი აზრით, ნიკოფსიის ოლქში სვანური და მეგრულ-ლაზური მოსახლეობა, ჯიქურთან ერთად, ისევ იყო, საუკუნეების განმავლობაში (სვანური ტომები ლაზეთის/ეგრისის შემადგენლობაში შედიოდა, სხვა ქართულ ტომებთან ერთად, რა თქმა უნდა).

ციხე-ქალაქი ძველი ლაზიკა/ნიკოფსი (საფორტიფიკაციო ნაგებობების მთელი სისტემა) გაშენებული იყო ადგილზე, სადაც კავკასიონის ქედი ძალიან ახლოსაა მისული ზღვასთან, თითქმის ზღვას უერთდება. ციხე-ქალაქი აკონტროლებდა ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროებთან გადმოსასვლელ გზას. თუ ვინმე დაიმორჩილებდა აღნიშნულ ქალაქს, გააკონტროლებდა ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთ კავკასიაში გადმოსასვლელ გზას შავი ზღვის სანაპიროზე. მასზე იქნებოდა დამოკიდებული ვინ გავიდოდა ჩრდილოეთიდან სამხრეთში, ან პირიქით. აღნიშნულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ჰქონდა როგორც ეკონომიკური, საშემოსავლო ფუნქცია, ისე სტრატეგიულიც - სამხედრო რაზმების გავლა-გამოვლაც ლაზიკეს/ნიკოფსიის მფლობელის ხელში იყო.

ჩვენი აზრით, მფლობელობის ფორმულაში, დავით აღმაშენებლის მიერ, ნიკოფსი (ძველი ლაზიკა) შემთხვევით არ არის დასახელებული ჯიქეთის მაგიერ, კიდევ სხვა მიზეზითაც.

კერძოდ, ნიკოფსია საკრალურ, წმიდა ადგილად მიაჩნდათ ქართველებს, ვინაიდან იქ აღესრულა და იქ დაკრძალულად ეგულვებოდათ ქართველთა ერთ-ერთი განმანათლებელი, მოციქული სვიმონ კანანელი. საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი მნათობი, გიორგი მთაწმინდელი საქართველოს ეკლესიის უპირატესობაზე საუბრისას, ანტიოქიის პატრიარქს ეუბნება: „ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყჳ კანანელსა - ქვეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების.“

ჩვენი აზრით, კიდევ იყო სხვა მიზეზიც: ლაზიკა ლაზეთის, ეგრისის სახელმწიფოს ქალაქი იყო. ხოლო ლაზეთის სახელმწიფოში ლაზეთის სახელწოდება სასაზღვრო ქალაქს არ მიეცემოდა. აღნიშნული ქალაქი, თუ მთლად შუაგულში არა, საზღვარს მაინც მოცილებული უნდა ყოფილიყო. ეს ქალაქი კი კავკასიონის ქედის წვერთან და ზღვასთან მდებარეობდა, მაშასადამე, ლაზიკე/ნიკოფსიის ჩრდილო-დასავლეთით, კავკასიის ქედის გადაღმაც, ჩრდილოეთ კავკასიაში, ტერიტორიაზე, სადაც მინიმუმ, ეგრისის/ლაზეთის სახელმწიფოს მიწები იყო. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ლაზიკა/ნიკოფსია ქართველთა ერთ-ერთი წინაპრის, ეგროსის წილის ტერიტორია გახლდათ. ეგროსი ლაზთა მამამთავარიცაა, როგორც მეგრელ/ეგრისელ/ეგრელთა/მარგალთა. საქართველოში ხანდახან ლაზური ტერიტორიების აღმნიშვნელად გამოიყენებოდა სიტყვა მეგრული, ვინაიდან, ლაზეთის ქართული დასახელება იყო ეგრისი, საიდანაც მომდინარეობს სიტყვა მეგრელი, მარგალი. მაგალითად, ლაზეთის ქალაქ ტრაპიზონს ქართულ ტექსტებში მეგრელთა სოფელს უწოდებენ. ლაზური და მეგრული, ერთი ენის, ზანურის განაყოფებია. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, კავკასიელთა მამამთავარმა თარგამოსმა თავის შვილებს რომ გაუყო მიწები, „ეგროს მისცა ქუეყანა ზღვის ყურისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი; დასავლით ზღუა; ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა“.

მაშასადამე, ლიხის ქედის დასავლეთით, კავკასიის ქედის გადაღმაც, მდინარე ყუბანამდე, რომელიც „ხაზარეთის მცირე მდინარეა“, მიედინება ჩრდილოეთ კავკასიაში და უერთდება შავ ზღვას, არის ეგროსის წილი, ანუ, აფხაზეთი და ჯიქეთი (ძველი ლაზიკეს/ნიკოფსის ოლქი) მდინარე ყუბანამდე, ეგროსის წილია. ანუ, ქართველთა ერთი ნაწილის, მეგრელების (ლაზ-მეგრელების) მიწაა, რომელთა ჩრდილო დასავლეთ ნაწილსაც, მაშინ, დავით აღმაშენებლის დროს, აფხაზებს უწოდებდნენ, მათი ლეგიტიმური ტერიტორიაა, სამეგრელოა, საქართველოა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი