ისტორია

რატომ შეიწყალა თამარ მეფემ ორბელიანების გადარჩენილი შთამომავლები

№6

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00

ისტორია
დაკოპირებულია

გიორგი მესამე 1177 წელს სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს, ბევრი დახოცა. ვერც ვერავინ დაუშალა, რადგან სახელმწიფო დიდ ხიფათში ჩავარდა და კინაღამ მოირყა.

ორბელების აჯანყების ერთ-ერთი მეთაური, ამირსპასალარ ივანე ორბელის ძმა, ქართლის ერისთავი ლიპარიტი და მისი ორი ძე, ელიკომი (ელიგუმი, ელიკუმი) და ივანე აჯანყების მიმდინარეობისას უცხოეთში გაემგზავრნენ, ჩრდილოეთ ირანისა და ადარბადაგანის დიდ ათაბაგთან, სამხედრო დახმარების მოსაპოვებლად. ეტყობა, ლიპარიტმა შვილები იმიტომაც წაიყვანა, რომ უკვე აჯანყების გამარჯვების იმედი არც ჰქონდა და ასე სცადა შვილებისა და თავის გადარჩენა. როცა ათაბაგის ჯარი შეიკრიბა და საქართველოსკენ უნდა დაძრულიყო, შეიტყვეს, რომ გიორგი მეფეს აჯანყება უკვე ჩაეხშო და ქართულ ჯართან ბრძოლა უაზრობად ჩათვალეს. ამგვარად, ორბელების გვარიდან აჯანყების მონაწილეთაგან ცოცხალი გადაურჩნენ მხოლოდ ლიპარიტ ორბელი და მისი ორი ძე.

გავიდა დრო, ლიპარიტი ადარბადაგანში მოკვდა. შემდეგში მისი ძე, ივანე ორბელი თამარ მეფემ შეიწყალა, დააბრუნა და ორბეთის ციხეც დაუბრუნა. ელიკომი ათაბაგთან დარჩა და მის კარზე დაწინაურდა. შემდეგ მოითხოვა და გადმოიყვანეს ნახჭევანში, საქართველოსთან ახლოს. ის სარწმუნოებრივად გასომხდა, დაქორწინდა სომეხ ქალზე, სივნიეთის ეპისკოპოსის, სტეფანეს დისა და აზნაურ აბაზის ასულზე. შეეძინა ერთი ვაჟი – ლიპარიტი.

დაახლოებით, 1196 წელს ელიკუმ ორბელი ბრძოლაში დაიღუპა. მისი ცოლი ვიღაც მაჰმადიანმა მოიტაცა, ცოლად მოიყვანა და პატარა ლიპარიტთან ერთად ნახჭევანის ერთ-ერთ ციხეში გამოკეტა.

სომხური პროვინცია სივნიეთი თამარ მეფის ჯარმა მაჰმადიანთაგან გაათავისუფლა და საქართველოს შემოუერთა. ქართულ ჯარს სარდლობდნენ ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი და მისი ძმა, მსახურთუხუცესი ივანე.

თამარ მეფის დაზვერვას ჰქონდა ცნობები, რომ პატარა ლიპარიტი ცოცხალი იყო და მაჰმადიანებს სადღაც ჰყავდათ გადამალული. ზაქარიასა და ივანეს ხელმწიფისგან დავალებული ჰქონდათ, მოეძებნათ მცირეწლოვანი ლიპარიტი და საქართველოში დაებრუნებინათ. გულმოწყალე თამარ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა, ეპატიებინა ლიპარიტისთვის წინაპრების დანაშაული, სამშობლოში დაებრუნებინა და აღედგინა მისთვის ქვეყნის დიდებულის პატივი. გულმოწყალე იყო თამარ მეფე.

მხარგრძელებმა გაიკითხეს ლიპარიტის ამბავი და მისი ბებიის ძმისგან, ეპისკოპოს სტეფანესგან გაიგეს, სად ჰყავდათ გამოკეტილი პატარა ორბელიანი. თამარ მეფის ბრძანების შესაბამისად, სთხოვეს სომეხ მღვდელმთავარს, რამენაირად გამოეხსნა ლიპარიტი მაჰმადიანთა ხელიდან.

ამასობაში გარდაიცვალა ზაქარია მხარგრძელი. მეფემ ამირსპასალარად და ათაბაგად ივანე მხარგრძელი დანიშნა. სივნიეთის ეპისკოპოსმა ივანე ათაბაგის ჯარისკაცებთან ერთად მოამზადა სპეცოპერაცია და ლიპარიტის გამოსახსნელად გაემგზავრნენ.

სტეფანოს ორბელიანი წერს: „იყო ეპისკოპოსი იგი ფრიად მცნობი და საყუარელი ათაბაგისა და ჩინებულთა მისთა უმეტეს მათი, რომელნიცა იყუნენ ნახჩევანს. ამისთვის მოვიდა ახლოსა სადმე უდაბნოსა და მეგობართა თვისთა ევედრა და მრავლითა მანქანებითა მოიპარეს და საბლით გარდუშვეს გალავნიდამ ყრმა იგი ლიპარიტ და დედაცა მისი ამას თანა. აიყვანა ეპისკოპოსმან და მიიყუანა დაბასა ერთსა. და დედა მისი სიმაგრეში შეიყუანა, ხოლო ლიპარიტ მოიყუანა ივანესთან“.

გარდა იმისა, რომ ივანე მხარგრძელი გახდა ამირსპასალარი და ათაბაგი და ფაქტობრივად, მეფის მერე პირველი კაცი სახელმწიფოში, ის დიდი ქონების მფლობელიც იყო. მისი, როგორც საქართველოს სამხედრო უწყების მეთაურის, ამირსპასალარის საჯდომი (რეზიდენცია) გახლდათ ისტორიულ ქართულ ტერტორიაზე არსებული ლორეს ციხე-ქალაქი. მასვე ეკუთვნოდა მრავალი ციხე, დაბა და სოფელი. საქართველოსთვის შემოერთებული სომხეთის დიდ ნაწილსაც განაგებდა.

გრიგორიანული დიდებულების წრიდან გამოსულ ივანე მხარგრძელს, მიუხედავად იმისა, რომ მონოფიზიტობა უარყო და მართლმადიდებელი გახდა, უმაღლესი თანამდებობების გამო ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა სომეხთა შორის. სომეხი დიდებულები, რომლებიც საქართველოს მეფის სამსახურში ჩადგნენ, ქართველი დიდებულების მსგავსად, ყველანაირი უფლებებით სარგებლობდნენ ჩვენს სახელმწიფოში. სომხური სარწმუნოების ადამიანები თვით სამხედრო უწყების მეთაურებიც კი ხდებოდნენ.

მეუღლის, დავით სოსლანის, გარდაცვალების შემდეგ, მალე, თამარ მეფემ თავისი მემკვიდრე გიორგი, ლაშად წოდებული, თანამოსაყდრედ, თანამეფედ გამოაცხადა.

სივნიეთის ეპისკოპოსმა მაჰმადიანთაგან გამოხსნილი მცირეწლოვანი ლიპარიტი მიუყვანა ივანე ათაბაგს. ამ ამბავს ასე გადმოგვცემს სტეფანოს ორბელიანი: „რა იხილა ივანემან, უზომოითა სიხარულითა აღივსო და მყისვე აუწყა თამარს და ლაშას. და მათცა ფრიად განიხარეს“.

ძალიან გულკეთილი იყო თამარ მეფე. ეცოდებოდა მაჰმადიანთა ტყვეობისთვის ორბელიანის ბავშვი, თუნდაც, მისი მამის მტრების შთამომავალი. ჩვენი ხელმწიფე რომ ასეთი არ ყოფილიყო, ლიპარიტ ორბელიანის ცხოვრება როგორ წარიმართებოდა, არავინ იცის. თამარის სიკეთით სავსე გულის დამსახურებაა ლიპარიტ ელიკუმის ძე ორბელიანის გამოხსნა მაჰმადიანთაგან, გადარჩენა, საქართველოში დაბრუნება და მასზე ზრუნვა.

ამბის მთხრობელი, თამარ მეფის მიერ ტყვეობიდან გამოხსნილი ლიპარიტ ორბელიანის შთამომავალი, სომეხთა ეპისკოპოსი, სტეფანოს ორბელიანი აჭარბებს თავისი პაპის, ლიპარიტ ელიკუმის ძის მნიშვნელობის შეფასებისას და ისე წარმოგვიდგენს, თითქოს, ივანე მხარგრძელს, სახელმწიფოში ყველაზე გავლენიან დიდებულს, ვითომდაც, ოცნება ჰქონდა, დამძახლებოდა ორბელიანების გვარს. სინამდვილეში, ივანე მხარგრძელი ნებისმიერი, შესაძლო კონკურენტისადმი საკმაოდ ეჭვიანი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ალბათ, ამიტომ სურდა დანათესავებოდა ორბელიანებს და თავისი გავლენის ქვეშ ჰყოლოდა.

თამარ მეფესა და მის ძეს, ლაშას, ლიპარიტ ორბელის შეწყალებისა და კვლავ საქართველოს დიდებულად აღზევების გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული. ეს ინფორმაცია ჰქონდა ივანე ათაბაგს. ლიპარიტი უკვე გასომხებული ორბელების შტოს წარმოადგენდა, საქართველოს სომხური ტერიტორიების დიდ ნაწილს კი ივანე ათაბაგი განაგებდა. შესაძლოა, ამ ვითარებიდან გამომდინარე უნდოდა ივანე მხარგრძელს ლიპარიტ ორბელიანის გაკონტროლება, უნდოდა ახლოს ჰყოლოდა და ამიტომ გარკვეული გეგმები ჰქონდა მასთან მიმართებაში, რასაც გვიამბობს სტეფანოს ორბელიანი.

სტეფანოსის თქმით: „მაშინ დახალათა იგი (ლიპარიტი) ათაბაგმან ივანე და მრავალი დიდება და პატივი მიაპყრა. და ენება, რათა ესიძა იგი და მიეცა მისთვის დაè თვისი თამთა“.

მაშასადამე, ივანეს უნდოდა, თავისი და, თამთა, ლიპარიტისათვის მიეთხოვებინაო, გვეუბნება სტეფანოს ორბელიანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი