ისტორია

რატომ შეაჩერეს თამარ მეფის დროს არზრუმისა და ერზინკის მიმართულებით მიმავალი ქარავნები

№38

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 30.09, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

თამარ მეფის დროს კარი (ყარსი) უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი იყო, სოლივით შემოჭრილი დიდი საქართველოს სამეფოს ტერიტორიებში. კარი და მისი მიმდგომი ქვეყანა უძველეს დროში ქართული ტომებით ყოფილა დასახლებული, შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში, იმ ტერიტორიებზე სომხები მომრავლდნენ და დაიკავეს. ერთი პერიოდი იქ არსებობდა ანისის სომხური სამეფოდან გამოყოფილი ყარსის, ასევე, სომხური სამეფო. მცირე აზიაში სელჩუკთა შემოჭრის მერე ბიზანტიამ მიიერთა. შემდეგ მაჰმადიანებმა დაიკავეს. თამარის ხანაში ქალაქ კარში და მის გარშემო მოსახლეობის დიდი ნაწილი სომხური იყო, ცხოვრობდნენ თურქებიც, ქურთებიც, ქართველებიც, ბერძნებიც... ყარსი განთქმული იყო თავისი ხელოსნებით, სავაჭრო თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

თამარ მეფის ჯარმა დაიკავა ყარსი. ქალაქი და მისი მიმდგომი ტერიტორია ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. ყარსის შემოერთებით ჩრდილო სომხეთის ტერიტორიები უკვე მთლიანად მოექცა საქართველოს სახელმწიფოში. ყარსი ივანე ახალციხელს ჩააბარა მეფემ. ივანე ახალციხელმაც კარგად გაართვა თავი დავალებას და მთელი პროვინცია გაწმინდა თურქული შენაერთებისგან. წინ არზრუმი და ერზინკა იყო. საქართველო იმ ტერიტორიების შემოერთებას გეგმავდა. შიშის ზარი დაუდგათ არზრუმელ და ერზინკელ მმართველებს, რომლებიც აღიარებდნენ რუმის სულთნის სუზერენობას. იმ დროს ყველაზე დიდ თურქულ სახელმწიფოს, რუმის სასულთნოს მართავდა სულთანი რუქნადინი – რუქ-ალ-დინ სულეიმან შაჰი (სულეიმან მეორე). ქართული წყაროები მას უწოდებენ ნუქრადინს და ნუქარდინს, ჩარასლანის ძეს, „რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობდა დიდსა საბერძნეთსს, ასიასა და კაბადუკიასა. ვიდრე პონტოდ ზღუადმდე“.

არ დაიშურა სულთანმა ოქრო-ვერცხლი დიდი კოალიციის შესაკრებად: „განახუნა პაპა-მამურნი საუნჯენი და გამოყარნა ოქრო აურაცხელნი და წარგზავნიდა ოქროთა“. მთელს მესოპოტამიაში, კილიკიაში, გალატიაში, ანკარაში, კაბადოკიაში, ბითვინიაში, სირიაში, ერზინკაში, არზრუმსა და მცირე აზიის თურქულ ტომებში შეიკრიბა დიდი ლაშქარი საქართველოზე გამოსალაშქრებლად. მარტო უჯის ტომებიდან ასი ათასი მეომარი გამოიყვანაო, გვიამბობს ბასილი ეზოსმოძღვარი. თავისი ნების საწინააღმდეგოდ არზრუმელები და ერზინკელები ჩაურთია დიდ სულთანს ლაშქრობაში. კარნუ-ქალაქის (არზრუმის) მმართველი სალდუხის ძე გადააყენა იკონიის სულთანმა, რადგან წინააღმდეგი იყო საქართველოზე გალაშქრებისა და მის ნაცვლად, თავის ძმას ჩააბარა არზრუმი.

1203 წელი იდგა.

როგორც გვამცნობს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი, რუქნადინს საქართველოსთან საომრად შეუკრებია ოთხასი ათასი მაჰმადიანი. ბასილი ეზოსმოძღვარი კი რვაასი ათასს ასახელებს: „შეკრბა კაცი ოთხმოცი ბევრი, რომელ არს რვაასი ათასი“. ალბათ, ორივე ცნობა გადაჭარბებულია. თუმცა, სამხედრო რესურსი მაჰმადიანებს გაცილებით მეტი ჰქონდათ და ქართველთა ჯარზე გაცილებით მრავალრიცხოვანი.

თურქ-სელჩუკთა ჯარი შეიკრიბა ერზინკის სასულთნოში. გაამზადეს საბრძოლო მანქანები. იხილა რა მრავალრიცხოვნება და მომზადებულობა თავისი არმიისა, „აღზვავდა გულით“, დაივიწყა ქართველთა მეფისთვის მიცემული მშვიდობის აღთქმა და თავხედური წერილი გამოუგზავნა ქართველთა მეფეს.

ქართველთა დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია რუმის სასულთნოში მიმდინარე საომარი სამზადისის შესახებ. მანამდეც იყო ვარაუდები, რომ რუქნადინის არმია საქართველოს დასალაშქრავად წამოვიდოდა. თურქ-სელჩუკები ვერ ურიგდებოდნენ საქართველოს გაძლიერებას და ტერიტორიების დაკარგვას. მაინც დიდი პატივით მიიღეს სელჩუკიანთა ელჩი ტფილისის სასახლეში.

სულთნის ამპარტავანი ელჩი ამპარტავნულად გაჯგიმული წარდგა აფხაზთა, ქართველთა, სომეხთა და რანთა მეფის, შირვანშასა და შაჰანშას, სრულიად კავკასიის მპყრობელის წინაშე და დაიწყო თავხედური წერილის კითხვა:

„მე, სულთანი რუქნადინი, ყოველი ცისქვეშეთის მფლობელი, ანგელოზებივით ღმერთის თანამდგომი, მოვლინებული დიდი მუჰამედისგან, გაცნობებ მეფე თამარს: ყოველი დიაცი რეგვენია. შენ გიბრძანებია ქართველებისთვის ხმლის აღება და მაჰმადის მიმდევართა ხოცვა და მათი თავისუფლების წართმევა, მათთვის ხარკის დადება.

ახლა მე მოვდივარ, რათა დაგსაჯო შენ და შენი ერი, რათა ქართველობამ აღარასდროს გაბედოს ხმლის ხელში აღება, რომელიც ღმერთმა მხოლოდ ჩვენ გვიბოძა. ცოცხალს დავტოვებ მხოლოდ მას, ვინც იჩქარებს, მოვა ჩემს კარავთან, თაყვანს მცემს, აღიარებს ისლამს, უარყოფს ქრისტეს და დაამსხვრევს ჯვარს. ეს იქნება სამაგიერო იმისთვის, რაც დაუშავე შენ ჩვენს მონათესავეებს“.

როცა უკადრებელი წერილის კითხვა დაასრულა რუქნადინის დესპანმა თამარ მეფისა და ქართველი დიდებულების წინაშე, დაამატა სულთნის მიერ პირადად დაბარებული სიტყვები:

„თუ თქვენი მეფე დაუტევებს ქრისტეს სარწმუნოებას და მიიღებს ისლამს, სულთანი მას ცოლად მოიყვანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარჭად დაისვამსო“...

კულტურულ ქვეყნებში, საერთოდ, ელჩი ხელუხლებელია, მისი შეურაცხყოფა, ცემა, მოკვლა არ შეიძლება. მხოლოდ ძალიან ველურები ექცეოდნენ ელჩებს ცუდად. მაგრამ, ასეთი თავხედობა, უზრდელობა და ამპარტავნობა არ ენახათ და არც გაეგონათ საქართველოს სამეფო კარზე. ვერც მოითმინეს. წამოდგა ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი და სთხლიშა ხელი თავხედ თურქს. უზრდელი სულთნის უზრდელი დესპანი უგონოდ დაეცა და როგორც მკვდარი „იდვა“. ასეთ საქციელს თამარის წინაშე ვერ გაბედავდა ზაქარია მხარგრძელი, მაგრამ იმდენად უტიფრად და უზრდელად მოიქცა სულთნის წარმოგზავნილი, რომ ცერემონიების წესები დაარღვია.

მხარგრძელის მუშტისგან გულწასული ელჩი რომ მოასულიერეს და წამოაყენეს, მხარგრძელმა მკაცრად უთხრა: „ელჩი რომ არ იყო, ენას ამოგაცლიდით, მერე კი თავს წაგაგდებინებდით ასეთი კადნიერებისათვის.“

ღვთისნიერმა თამარმა შეიწყალა უზრდელი ელჩი. პირიქით, აჩვენა მას ქართველთა ხასიათი და უხვად დაასაჩუქრა, თუმცა საპასუხო წერილის მოცდა უბრძანა.

სასწრაფოდ მიმდინარეობდა ქართული სამხედრო ნაწილების მობილიზაცია, მცირე ვადებში: „და ბრძანება და წიგნები ქროდა მალე-მსრბოლთა. და ცოტათა შინა დღეთა შემოარბეს ვითარცა ვეფხნი სიკისკასითა და ვითარცა ლომნი გულითა“. ჯარი შეიკრიბა ჯავახეთში. ყარსიდან და სხვა ქალაქებიდან არზრუმისა და ერზინკის მიმართულებით მიმავალი ქარავნები შეაჩერეს, რათა არ გაეჟონა ინფორმაციას ქართული ჯარის მობილიზაციის შესახებ.

დაიძრა ქართული ჯარი რუქნადინის ლაშქრის შესახვედრად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №6

6- 12 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი